"უკრაინაში მხოლოდ ოკუპანტებს უნდა ესროლოთ" - სკანდალი უკრაინელი „სპეცების“ დაპირისპირებით და რუსეთის გასახარად - კვირის პალიტრა

"უკრაინაში მხოლოდ ოკუპანტებს უნდა ესროლოთ" - სკანდალი უკრაინელი „სპეცების“ დაპირისპირებით და რუსეთის გასახარად

„უკრაინაში მხოლოდ ოკუპანტებს უნდა ესროლოთ“-ასეთი განცხადების გაკეთება მოუწია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მას შემდეგ, რაც აგორდა სკანდალი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცდანიშნეულების რაზმების მებრძოლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, როდესაც სროლის შედეგად სამი უკრაინელი სამხედრო სპეცრაზმელი დაიჭრა...

ყველაფერი კი მოჰყვა „რუს მოხალისეთა კორპუსის“ მეთაურის მოადგილის დაკავებას, რომელიც ღამით თავის საცხოვრებელ კორპუსში აიყვანა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა.

ინფორმაციისთვის- „რუს მოხალისეთა კორპუსი“ შექმნილია უკრაინის სამხედრო დაზვერვის ყოფილი შეფის, გენერალ ბუდანოვის ინიციატივით და მასში უკრაინელებთან ერთად მსახურობენ რუსეთის ის მოქალაქეებიც, რომლებიც პუტინის რეჟიმს გამოექცნენ.

მართალია, ბუდანოვი პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსად გადავიდა, მაგრამ კურირებას ისევ უწევს „მშობლიურ“ სამხედრო დაზვერვას და მისი აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა-„ეს-ბე-უ“-მ მისგან უკითხავად და ფარულად დააკავა „რუს მოხალისეთა კორპუსის“ მეთაურის მოადგილე.

მეორე დილით, როდესაც დაკავებული, „ეს-ბე-უ“-მ მის სახლში მიიყვანა ჩხრეკვის ჩასატარებლად,საცხოვრებელი კორპუსის წინ, ათობით მშვიდობიანი მოსახლის თვალწინ, უკრაინის ამ ორი ძირითადი სპეცსამსახურის მებრძოლები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ეს სროლაში გადაიზარდა-ისროდა მხოლოდ „ეს-ბე-უ“ -ს სპეცდანიშნულების რაზმის „ალფას“ მებრძოლები, რასაც უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამი სპეცრაზმელის დაჭრა მოჰყვა...

საერთოდ, უწყებრივი ქიშპობა არც სხვა ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურებისთვისაა უცხო, გავიხსენოთ თუნდაც ჩვენი საქართველოს უახლესი წარსული, მაგრამ როდესაც ომში მყოფ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და სამხედრო დაზვერვა ასე „წაეკიდება“ ერთმანეთს, ეს მხოლოდ მტერს-ოკუპანტ რუსეთს თუ ახარებს...

უკრაინის მთავარი საგამოძიებო სამსახური კი ჩაატარებს კვლევას ამ დაპირისპირების დეტალების გამოსაკვლევად ,მაგრამ ის უკრაინელი „სპეცები“, რომლებსაც საერთო მოწინააღმდეგე ჰყავთ და ხვალ შეიძლება გვერდიგვერდ მოუწიოთ ბრძოლაში ჩართვა, როგორ ენდობიან ერთმანეთს ბრძოლის ველზე?