“ლაზარე ჯორბენაძის შესახებ ღარიბაშვილის პოსტიდან გავიგე და შემიძლია გამოძიებას ეს ინფორმაცია მოვაწოდო - ადამიანები, ვინც ახლა უნდა იკითხებოდნენ, ირაკლი ღარიბაშვილი, კობახიძე და მდინარაძე არიან“ - თაზო დათუნაშვილი - კვირის პალიტრა

“ლაზარე ჯორბენაძის შესახებ ღარიბაშვილის პოსტიდან გავიგე და შემიძლია გამოძიებას ეს ინფორმაცია მოვაწოდო - ადამიანები, ვინც ახლა უნდა იკითხებოდნენ, ირაკლი ღარიბაშვილი, კობახიძე და მდინარაძე არიან“ - თაზო დათუნაშვილი

„ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი, რომელიც უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.

როგორც მან გამოკითხვამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ვინც ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე უნდა იკითხებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და უკვე პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძე არიან.

„ვუსამძიმრებ ლაზარე ჯორბენაძის ოჯახს ამ ამბავს, მაგრამ მე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებისა და მისი მოღვაწეობის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გავიგე. შემიძლია გამოძიებას ის ინფორმაცია მოვაწოდო, რაც ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გავიგე. ირაკლი ღარიბაშვილის, კობახიძის, „ქართული ოცნების" შიდა კრიმინალური "კლანების" დაპირისპირებას ყოველთვის პასუხს გავცემ და ყოველთვის გავაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას, საკმაოდ მწვავედ. ქართული საზოგადოება ღირსია იცოდეს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში აბსოლუტურად ყველაფრის ფასი იმატებს, მაშინ, როდესაც მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ყოველდღიურად ღარიბდება, ხელისუფლებას არ აინტერესებს მათი ბედი, არ აინტერესებს ის, თუ როგორ ცხოვრობენ, აინტერესებს მხოლოდ ეს შიდა „კლანური" დაპირისპირება და ბინძური „კანიბალიზმი", რომლითაც დაკავებული არიან",- განაცხადა დათუნაშვილმა.

მან განმარტა, თუ რას გულისხმობდა კომენტარში. თაზო დათუნაშვილის თქმით, როდესაც საქართველოს ერთი პრემიერ-მინისტრი მეორე პრემიერ-მინისტრს ხელს ადებს და ამბობს, რომ აქვს საფუძვლიანი ეჭვი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, ეს კითხვებს აჩენს.

„ეს არ არის მორიგი წერილი, რომელიც ბატონმა ღარიბაშვილმა ბევრი დაწერა, რაც უინტერესო და ძირითადად კომიკური შინაარსის იყო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ქართული საზოგადოებისთვის საყურადღებოა, რადგან სიმართლე უნდა იცოდეს. ის ადამიანები, ვინც ახლა უნდა იკითხებოდნენ, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დაიკითხა და თურმე არაფერი ხდება, ასევე, ესენი არიან კობახიძე და მდინარაძე, რომლებიც ამ განცხადებაში არიან. მე გავაკეთე ამ განცხადებაზე პოლიტიკური კომენტირება, ეს ახლაც გავაკეთე და მომავალშიც გავაკეთებ",-განაცხადა დათუნაშვილმა.

განაგრძეთ კითხვა