დაურ ბუავას საქმე: ეჭვები, რომელიც არსებობს - როგორ ნიღბავდნენ რუსეთის სპეცსამსახურები პოლიტიკურ მკვლელობებს ნარკოტიკების ზედოზირებად და გულის შეტევად - კვირის პალიტრა

დაურ ბუავას საქმე: ეჭვები, რომელიც არსებობს - როგორ ნიღბავდნენ რუსეთის სპეცსამსახურები პოლიტიკურ მკვლელობებს ნარკოტიკების ზედოზირებად და გულის შეტევად

მიილია ცხელი ზაფხული და „ცხელი“ პრობლემა/თავსატეხები დაგვიტოვა. გლობალური მასშტაბით, პირველ რიგში, ეს პრეზიდენტ ტრამპის „უცნაური ომია“, რომელსაც დასასრული არ უჩანს. აქეთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სენსაციურ/სკანდალური „რებუს-წერილები ციხიდან“ აფორიაქებს ქართველ საზოგადოებას.

ერთმა ტრაგედიამ კი, ვფიქრობ, სრულიად საქართველო დაამწუხრა: აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი და ტკივილიანი იყო.....

ეს ახალგაზრდა კაცი, სულ რამდენიმე წელში აფხაზებისა და ქართველების შერიგების სიმბოლოდ იქცა. ის ხმამაღლა აცხადებდა, რომ აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობა უნდა დაფუძნებულიყო დიალოგზე და მომავალში აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური სტატუსით დაბრუნების პერსპექტივა ნამდვილად იარსებებდა.

მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ორი კითხვა აწუხებს საზოგადოებას:

კონკრეტულად რა გახდა დაურ ბუავას სიკვდილის უშუალო მიზეზი? და მეორე: შეიძლება თუ არა მის გარდაცვალებას რაიმე კავშირი ჰქონოდეს მის საჯარო საქმიანობასთან, იმ მუქარებთან, რომელსაც დაურ ბუავა, მისი ახალი გარემოცვის განცხადებით იღებდა?

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მისი საქმიანობა საქართველოს სასარგებლოდ მიმართულ პოლიტიკურ აქტივობად შეაფასა და 2022 წელს მის წინააღმდეგ „სახელმწიფო ღალატის“ კვალიფიკაციით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. აფხაზი „ჩეკისტების“ აზრით, ბუავას საჯარო განცხადებები აფხაზეთის „სუვერენიტეტისა“ და „ტერიტორიული მთლიანობის“ წინააღმდეგ იყო მიმართული.

დაურ ბუავა არც ქართულ შიდაპოლიტიკურ ბრძოლებში იყო ჩართული და არც „ბიზნესკრიმინალურ“ გარჩევებში მონაწილეობდა. ამიტომ მისი ტრაგიკული გარდაცვალების ორად ორი ვერსიაღა რჩება.

პირველი, ოფიციალური ვერსია, ამგვარია: დაურ ბუავასთან მის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად მივიდა უკრაინის მოქალაქე ქალი — ვალერია კირილიუკი. გამოძიების ინფორმაციით, მას თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. გამოძიების ვერსიის თანახმად, ბუავამ და კირილიუკმა ეს ნივთიერება ერთად მოიხმარეს. შემდგომ ორივე შეუძლოდ გახდა.

დაურ ბუავა სიცოცხლისათვის კრიტიკულად საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვერ ახერხებდა საკუთარი თავის გადასარჩენად მოქმედებას. ამ პირობებში, პროკურატურის ვერსიით, ვალერია კირილიუკმა ის მიატოვა, ბინიდან გავიდა, კარი გარედან მეორე გასაღებით ჩაკეტა და არც სასწრაფო დახმარება გამოიძახა და არც სხვა პირებს შეატყობინა, რომ ბინაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბუავა რჩებოდა.

ძალიან, ძალიან ნაცნობი და ცხოვრებისეული სურათია, ხომ? ალბათ, ბევრი ტრაგედია დატრიალებულა ამგვარი თანმიმდევრობით.

თუმცა დაურ ბუავას დაკრძალვაზე ჩამოსული მისი დედის განცხადებით, ის ჯანმრთელ ცხოვრების წესს მისდევდა. ბუნებრივია, აქ იგულისხმება, რომ დაური ნარკოტიკებს არ მოიხმარდაო.

მისი გარდაცვალების მეორე ვერსია აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას უკავშირდება. დაურ ბუავას სიკვდილი და სამუდამო გაჩუმება მხოლოდ „კრემლს“, აფხაზ სეპარატისტებსა და მათ თანამზრახველებს აძლევდათ ხელს.

დაურ ბუავას ტრაგიკული გარდაცვალების ვერსიების ანალიზი საჭიროებს განსაკუთრებით ფრთხილ და ფაქიზ მიდგომას: ამ დროს უმნიშვნელოვანესია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ დადასტურებული ფაქტები, ოფიციალური ვერსიები და საზოგადოების ლეგიტიმური ეჭვ/ვარაუდები.

ამიტომ, ამ საქმის დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა ძალზე ობიექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, უპირველესად კი ისეთი სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, რომ მათი ობიექტურობა ეჭვებს არ ბადებდეს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა უპასუხოს შემდეგ კითხვებს: კონკრეტულად რისგან გარდაიცვალა დაურ ბუავა? იყო თუ არა ნარკოტიკების მომხმარებელი? რა რაოდენობით მეტადონი ან სხვა ნივთიერებები იყო ორგანიზმში? როდის დადგა სიკვდილი? შეიძლებოდა თუ არა დროული სამედიცინო დახმარებით მისი გადარჩენა? ჰქონდა თუ არა სხეულს დაზიანებები ან ძალადობის კვალი და სხვა.

ხოლო კრიმინალისტიკურმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს: ვინ იმყოფებოდა ბინაში? ვის ეკუთვნის აღმოჩენილი კვალი ან ბიოლოგიური მასალა? როგორ და როდის შევიდა ან გამოვიდა კონკრეტული ადამიანი? რა კავშირი არსებობს ტელეფონებს, მიმოწერას, კამერების ჩანაწერებსა და საქმის მონაწილეებს შორის?

შეესაბამება თუ არა ვიდეომასალა გამოძიების მიერ აღდგენილ ქრონოლოგიას და სხვ. მხოლოდ ორივე ექსპერტიზის ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში მივიღებთ პასუხს ამ ტრაგიკული ფაქტის შესახებ. მანამდე კი დაუშვებელია მკვლელობის ვერსიის ავტომატურად უარყოფა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოძიებამ ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი აღმოაჩინა და ასევე ნაადრევია პოლიტიკური მკვლელობის ვერსიის გამოცხადება ფაქტად. სანამ გამოძიების შედეგებს ველოდებით, მინდა დაშვების დონეზე მეორე ვერსია განვიხილოთ.

პოლიტიკური მკვლელობის ვერსიის შემოწმება ყოველთვის უნდა დაიწყოს კითხვებით: არსებობდა თუ არა მკვლელობის მოტივი და მკვლელობის შესაძლებლობა? ფაქტობრივად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთიც არსებობდა და მეორეც. მოტივზე ზემოთ უკვე ვისაუბრე, ახლა შესაძლო მკვლელობის ვერსია განვიხილოთ.

ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ საბჭოთა კავშირის/რუსეთის სპეცსამსახურები პოლიტიკურ მკვლელობებს ნიღბავდნენ როგორც: ბუნებრივ სიკვდილს; ინტოქსიკაციას; ნარკოტიკების ზედოზირებას; უბედური შემთხვევას (აქ დიდი არჩევანი ჰქონდათ: ავიაკატასტროფით დაწყებული და აგურის დაცემით დასრულებული); თვითმკვლელობას; გულის შეტევას ან სხვა სამედიცინო მიზეზით გარდაცვალებას.

„სპეციალური აქციები“ - ასე ნიღბავდნენ საბჭოთა სპეცსამსახურები პოლიტიკური ოპონენტების, მოღალატეების ან, თუნდაც, უკვე ძალზე ბევრისმცოდნე კოლეგების ლიკვიდაციას. ეს პროცესი მათთვის ისეთივე ჩვეულებრივი და ყოველდღიური მოვლენა იყო, როგორიც მზის ამოსვლაა დილით. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ომი იყო თუ მშვიდობა (ან როდის ყოფილა საბჭოთა კავშირში მშვიდობა, ის ხომ შინ და გარეთ ყოველთვის მტრებს ეძებდა, პოულობდა, ებრძოდა და განადგურებას ცდილობდა - ეს ყველა ტოტალიტარული რეჟიმის თვითგადარჩენის პარადიგმაა), ლიკვიდაციის სპეცოპერაციები ყოველთვის იგეგმებოდა და სრულდებოდა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ საბჭოთა სპეცსამსახურები ისე "დაოსტატდნენ" ადამიანების ლიკვიდაციის საქმეში, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (მათ შორის, უცხოელი ექიმების) თითქმის ყოველთვის "თვითმკვლელობას", "გულის შეტევით გარდაცვალებას" ან უბედურ შემთხვევას აფიქსირებდა.

პოლიტიკური მკვლელობისა და ტერაქტების ორგანიზების მხრივ საბჭოთა სპეცსამსახურები ყოველთვის ლიდერები იყვნენ და "ნოვატორული" იდეებით გამოირჩეოდნენ. რუსეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს მისტირის და "წითელი ტერორის" დამაარსებლის - ფელიქს ძერჟინსკის აჩრდილზე ლოცულობს, "წარმატებით" აღადგინა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების მიერ 1920-1990-იანი წლებში ფართოდ გამოყენებული პოლიტიკური მკვლელობების პრაქტიკა. მაშინ დახურულ რეჟიმში იღებდნენ რომელიმე პოლიტიკური ოპონენტის და გაქცეული კა-გე-ბეს ან გე-ერ-უს თანამშრომლის ლიკვიდაციის საიდუმლო გადაწყვეტილებას. ასეთი იყო: კონოვალეცის, ტროცკის, კრივიცკის, მიხოელსის, ბანდერას, რებეტის, მარკოვის და სხვა გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობები. ეს, რაც ცნობილია, ხოლო რამდენი ლიკვიდაცია "უბედური შემთხვევით" ან "თვითმკვლელობითაა" შენიღბული, ამას რა მოთვლის!

საბჭოთა ხელისუფლება (ისევე, როგორც დღეს პუტინი) უკრაინელების თავისუფლებისკენ სწრაფვას ვერ ეგუებოდა და ტერორისტული მეთოდებით ცდილობდა უკრაინელი პატრიოტების ლიკვიდაციას. დასავლეთ გერმანიაში მოქმედი უკრაინის ეროვნული ორგანიზაციის ლიდერების ლიკვიდაციისათვის სპეციალურად შეარჩიეს კილერი - ასევე უკრაინელი, ოცდახუთი წლის ბოგდან სტაშინსკი, რომელიც იმ დროისათვის კა-გე-ბეს ლვოვის განყოფილების ფარული თანამშრომელი იყო. სათანადო შემოწმებისა და სპეციალური მომზადების შემდეგ მისი კანდიდატურა სკკპ ცკ-ში განიხილეს და დაამტკიცეს. 1957 წლის 13 ოქტომბერს მიუნხენის გაზეთები იუწყებოდნენ ცნობილი უკრაინელი ანტისაბჭოთა მოღვაწის, პროფესორის და გაზეთის რედაქტორის, ლევ რებეტის მოულოდნელ გარდაცვალებას, დიაგნოზი: “გულის მწვავე უკმარისობა”.

picture1-1788513912.png

ფოტო: ლევ რებეტი

ზუსტად ორი წლის შემდეგ, იმავე ქალაქში, ასევე მოულოდნელად გარდაიცვალა უკრაინის ეროვნული მოძრაობის ლიდერი სტეფან ბანდერა. დიაგნოზი ანალოგიური იყო.

picture2-1788513973.jpg

ფოტო: სტეფან ბანდერა

ორივე შემთხვევაში არავინ დაეჭვებულა, რომ ეს პოლიტიკური ტერაქტები იყო. ორივე მკვლელობის ავტორი ბოგდან სტაშინსკი 1962 წლის შემოდგომაზე კა-გე-ბესგან ფარულად გადავიდა დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე და პოლიციაში აღიარა ჩადენილი დანაშაული. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის იარაღი, რომელიც კა-გე-ბეში იყო სპეციალურად ამ “სპეცღონისძიებისათვის” დამზადებული.

ეს იყო მცირე პარამეტრების მსუბუქი ლითონისაგან დამზადებული ცილინდრის ფორმის მილი (წონა-200გ; დიამეტრი-0,75 სმ, სიგრძე-7სმ), რომლის ვაზნას წარმოადგენდა ჰერმეტულად დახუფული პლასტიკური ამპულა, შიგნით მოთავსებული უფერო და უსუნო ციანიდის შხამით.

picture3-1788514023.jpg

ხელის დაჭერით მილში სკდებოდა ციანიდის ამპულა და გამოიფრქვეოდა თხევადი შხამის ჭავლი. მსხვერპლისგან დაშორება არ უნდა ყოფილიყო 45 სმ-ზე მეტი. სახეში მისხურების შემდეგ, შხამი ხვდებოდა რა სასუნთქ გზებში, მსხვერპლს ეწყებოდა სისხლძარღვების მკვეთრი და ძლიერი შევიწროება, რაც სპაზმებს და რამდენიმე წუთის შემდეგ - სიკვდილს იწვევდა. შხამიანი აირი ორთქლდებოდა და არანაირ კვალს არ ტოვებდა. ტერაქტის შემსრულებელი თავდასხმის წინ იღებდა სპეციალურ აბებს, რათა შხამისგან დაცული ყოფილიყო. ამ აირის მფრქვეველი იარაღის მნიშვნელოვანი თავისებურება ის იყო, რომ მალევე სისხლძარღვები პირვანდელ ფორმას უბრუნდებოდნენ და გამოცდილ პათოლოგანატომსაც კი გაუჭირდებოდა სიკვდილის ნამდვილი მიზეზის დადგენა.

საყოველთაოდაა ცნობილი ორი ბულგარელი დისიდენტის - გიორგი მარკოვის მკვლელობის და ვლადიმერ კოსტოვის მძიმედ დაჭრის ფაქტები. ცნობილი ბულგარელი მწერალი და შემდგომ - დისიდენტი, ბულგარეთის კომუნისტი ლიდერის - ტოდორ ჟივკოვის რეჟიმის მთავარი კრიტიკოსი გიორგი მარკოვი ინგლისში, ემიგრაციაში ცხოვრობდა და “ბი-ბი-სის" რედაქციაში მუშაობდა. მის ლიკვიდაციაში დახმარება ბულგარელებმა ''კა-გე-ბეს" სთხოვეს. მთავარი ამოცანა იყო, თავიდან აეცილებინათ საერთაშორისო სკანდალი და სიკვდილი მაქსიმალურად ბუნებრივი ყოფილიყო.

picture4-1788514002.png

ფოტო: საბედისწერო ქოლგა

ოპერაცია სწრაფად დაიგეგმა და შესრულდა. მოვლენები კი ასე ვითარდებოდა. საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტმა ვაშინგტონში დიმიტრი იაკუშკინმა რამდენიმე ჩვეულებრივი ქოლგა შეიძინა და მოსკოვში გაგზავნა. იქ სპეცლაბორატორიის “ჯადოქრებმა” ქოლგის თავზე ქინძისთავის ზომის საჩხვლეტი დაამონტაჟეს. ქოლგით ჩხვლეტის შემდეგ შხამშემცველი მინიკაფსულა სხეულში აღწევდა და ორ-სამ დღეში მსხვერპლი “გულის შეტევის და ინფარქტის მიზეზით” იღუპებოდა.

ამ იარაღით 1978 წელს მარკოვი ლონდონში მოკლეს, ხოლო რადიოსადგურ “თავისუფალი ევროპის” კორესპონდენტი ვლადიმერ კოსტოვი პარიზში დაჭრეს. მისი გადარჩენა ფრანგმა ექიმებმა მოახერხეს.

დღესაც პუტინის შეფასებების მთავარი კრიტერიუმი კვლავ „ჩეკისტურია“, ის ყოველთვის სპეცსამსახურების თვალით უყურებს რუსეთის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. პუტინის აზროვნების შეზღუდული არეალი მხოლოდ სპეცსამსახურების მეთოდებით შემოიფარგლება, ის განსაკუთრებით გასული საუკუნის 20-70 იანი წლების სისხლიანი რეპრესიების თაყვანისმცემელია.

ლიბერალური შეხედულების პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მკვლელობები რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სამწუხაროდ, უკვე კარგა ხანია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში კი, "პოლიტიკურმა გენოციდმა" განსაკუთრებით დაუნდობელი სახე მიიღო და თითო-ოროლა, შემორჩენილი საღად მოაზროვნე, ლიბერალური შეხედულების პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, რომელიც თავის შეხედულებებს ღიად აფიქსირებდა, ძალზე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის საშიში ტენდენცია, რაც 2000 წლიდან რუსეთში შეიმჩნევა. კერძოდ კი, პუტინის პოლიტიკური ფიგურის გაძლიერების პარალელურად, განსაკუთრებით იმატა "ტრაგიკულმა შემთხვევებმა" და პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ან ყველაზე რეალური კონკურენტები, საიდუმლო და ძალზე უცნაურ ვითარებში იღუპებიან. "პოლიტიკური გენოციდის" მცირე ქრონიკა ამგვარია.

2000 წლის 9 მარტს საეჭვო ავიაკატასროფაში დაიღუპა ცნობილი რუსი ჟურნალისტი, გაზეთ "სოვერშენო სეკრეტნოს" მთავარი რედაქტორი არტიომ ბოროვიკი. ერთ-ერთი ვერსიით იგი იკვლევდა ახლად "დანიშნულ-არჩეული" რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბიოგრაფიის დეტალებს, კერძოდ კი, მისი ბავშვობის ისტორიას.

picture5-1788514057.jpg

ფოტო: არტიომ ბოროვიკი

თვითმფრინავ "იაკ-40"-მა მოსკოვში, აეროდრომ "შერემეტიევო-1"-დან აფრენისას განიცადა კატასტროფა და ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა. ა. ბოროვიკი კიევში მიფრინავდა, სადაც, სავარაუდოდ, მისთვის საქართველოში გადაღებული პუტინის ბავშვობის ფოტოები უნდა გადაეცათ;

2002 წლის 28 აპრილს ვერტმფრენის საეჭვო კატასტროფის შედეგად დაიღუპა კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი, გენერალი ალექსანდრე ლებედი. იგი რუსეთში პუტინის ყველაზე რეალური პოლიტიკური კონკურენტი იყო.

picture6-1788514086.jpg

ფოტო: ალექსანდრე ლებედი

2003 წლის 3 ივლისს, მოსკოვში ძალზე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა კიდევ ერთი საღად მოაზროვნე რუსი პოლიტიკოსი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი ჟურნალისტი იური შჩეკოჩიხინი. მისი გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად ინსულტი დასახელდა. იგი იყო რუსეთის იმპერიული საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და უშიშარი კრიტიკოსი, რომელიც პუტინის პრეზიდენტობის პერიოდშიც აგრძელებდა სადეპუტატო და ჟურნალისტურ გამოძიებებს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში არსებული კორუფციის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, 2003 წლის 19 ივლისს იური შჩეკოჩიხინი ნიუ-იორკში უნდა გამგზავრებულიყო, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებთან შესახვედრად, რომელთაც მისთვის საიდუმლო დოკუმენტები უნდა გადაეცათ. რუსი ლიბერალი პოლიტიკოსის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად რადიოაქტიური ნივთიერება დიოქსინით ან მძიმე ლითონებით (ტალიით) მოწამვლა დასახელდა. 2003 წლის 23 ივნისს ის მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, შჩეკოჩიხინს თანდათან გაუჩერდა ფილტვები, გაეთიშა თირკმელები და ათ დღეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სიმპტომები ძალზე წააგავდა რამდენიმე წლით ადრე ბანკირ ივანე კიველიდის "ნოვიჩოკით" მოწამვლის სიმპტომებს.

picture7-1788514112.png

ფოტო: ალექსანდრე ლიტვინენკო

2006 წლის 1 ნოემბერს პუტინის რეჟიმს ბრიტანეთში გაქცეული ეფ-ეს-ბეს ყოფილი პოლკოვნიკი ალექსანდრე ლიტვინენკო, ლონდონში შეხვდა მოსკოვიდან ჩამოსულ ორ სტუმარს: ანდრეი ლუგოვოისა და დმიტრი კოვტუნს. შეხვედრა გაიმართა ლონდონის Millennium Hotel-ში, Pine Bar-ში. ისინი ერთად სვამდნენ ჩაის და საუბრობდნენ. მოგვიანებით დადგინდა, რომ სწორედ ამ შეხვედრის დროს მიიღო ლიტვინენკომ პოლონიუმ-210. ბრიტანეთის ოფიციალური გამოძიების დასკვნით, პოლონიუმი ჩაიში იყო მოთავსებული და ლიტვინენკომ სწორედ მისი დალევისას მიიღო მომაკვდინებელი დოზა. ლიტვინენკო თავდაპირველად უბრალოდ მძიმედ გახდა ავად. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა.

მაგრამ ექიმებისთვის თავიდან არ იყო ცხადი, რომ მიზეზი რადიოაქტიური მოწამვლა იყო.

2018 წლის 4 მარტს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, 67 წლის სერგეი სკრიპალი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში 2010 წლიდან ცხოვრობდა და მისი 33 წლის ქალიშვილი იულია სკრიპალი მოწამლეს სამხედრო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, რომელის ე.წ. ნოვიჩოკის ჯგუფს განეკუთვნება.

picture8-1788514146.jpg

ფოტო: იულია და სერგეი სკრიპალები

დაურ ბუავას საქმესთან შედარებისას ლიტვინენკოს ისტორია გვიჩვენებს, რომ მძიმე ნარკოტიკული ინტოქსიკაციის სურათი თავისთავად არაფერს ამტკიცებს. დაურ ბუავას საქმეში მხოლოდ ორგანიზმში მეტადონის აღმოჩენა არ არის საკმარისი.

საჭიროა პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს: სრულად შეესაბამება თუ არა აღმოჩენილი ტოქსიკოლოგიური სურათი იმ ვერსიას, რომ სიკვდილი ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ბუნებრივი შედეგი იყო? ასევე: რა მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ნივთიერება ბუავამ ნებაყოფლობით მიიღო? ამ კითხვებზე ობიექტურმა გამოძიებამ უნდა მოგვცეს ამომწურავი პასუხი.

ნათქვამია: „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო“, თუმცა დაურ ბუავას ნამდვილად შეეძლო აფხაზებსა და ქართველებს შორის გაზაფხულის მოსვლის დაჩქარება.