რა საიდუმლოს ინახავს კეხიჯვრის სალოცავი, სადაც მომლოცველთა ნაკადი არ წყდება? - შვება უმძიმესი სენითა და მძიმე დიაგნოზით ჩამოსული ადამიანებისთვის - კვირის პალიტრა

რა საიდუმლოს ინახავს კეხიჯვრის სალოცავი, სადაც მომლოცველთა ნაკადი არ წყდება? - შვება უმძიმესი სენითა და მძიმე დიაგნოზით ჩამოსული ადამიანებისთვის

„შეგეწიოს კეხიჯვრის წმინდა გიორგის მადლიო!“ - უკვე საუკუნეებია, ასე ილოცებიან ადგილობრივები. სწორედ ამიტომ, კეხიჯვრის წმინდა გიორგის მონასტერში არასოდეს წყდება მომლოცველთა ნაკადი.

მონასტრის ეზოში მდგარ პატარა სალოცავს ყველა საკუთარი სათხოვარით აკითხავს, უკან კი იმედითა და მადლიერების განცდით ბრუნდება. აქ ამოდიან არა მხოლოდ თხოვნისთვის, არამედ სამადლობლადაც იმ სასწაულებისთვის, რომლებიც მათ ცხოვრებაში აღესრულება, რადგან კეხიჯვრის წმინდა გიორგისგან ყველა ადამიანის გულწრფელი ლოცვა შესმენილია.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმ ადამიანთა ისტორიები, რომლებიც აქ მძიმე სულიერი სენით შეპყრობილნი მოდიან. ტაძარში სისტემატურად ტარდება კვეთებულის ლოცვები. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ლოცვებს 2014 წლიდან აღავლენს მონასტრის მწირველი მღვდელი, სქემმღვდელმონაზონი ანგია გუნია. სწორედ წმინდა გიორგის მეოხებითა და კვეთებულის ლოცვების ერთობლივი ძალით, კეხიჯვრის სალოცავში მისული უამრავი ადამიანი განკურნებულა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც უმძიმესი სენითა და მძიმე დიაგნოზით ჩამოსული ადამიანები სრულიად ჯანმრთელნი და სულიერად გათავისუფლებულნი დაბრუნებულან შინ.

ამ მადლით სავსე სავანეში მოხვედრილი ადამიანი პირველივე ნაბიჯებიდან გრძნობს იმ განსაკუთრებულ სიმშვიდეს, რომელიც ამ წმინდა სივრცეში წლების მანძილზე აღვლენილი ლოცვით დაგროვილა.

fb-img-1788413937888-1788516229.jpg

ტაძრის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და არქიტექტურა

კეხიჯვრის სალოცავის უდიდესი სულიერი მნიშვნელობის მიღმა მრავალსაუკუნოვანი ისტორია დგას. ისტორიული წყაროებისა და არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ეკლესია გვიანდელი ფეოდალური ხანით - XVII საუკუნის დასასრულითა და XVIII საუკუნის დასაწყისით თარიღდება.

მცირე ბაზილიკის ტიპის სალოცავი ადგილობრივი რიყის ქვითაა აგებული. როგორც მონაზონი თეკლა გვიამბობს, ტაძარი რამდენჯერმე დაუზიანებია მიწისძვრას, თუმცა მას ყოველჯერზე ხელახლა აღადგენდნენ და მშენებლობას ისევ რიყის ქვით ასრულებდნენ. დღესაც მკაფიოდ შეამჩნევთ სამი სხვადასხვა ფორმისა და ეპოქის ქვას, რომლებიც ტაძრის ისტორიას ცოცხლად ინახავენ და საუკუნეების მანძილზე დაზიანებულ ტაძარს პირვანდელ სისადავეს უნარჩუნებენ.

fb-img-1788266376581-1788516270.jpg

ადგილი, სადაც დღეს ტაძარი დგას, თავდაპირველად ორბელიანების საკუთრებას წარმოადგენდა და, ძამის ხეობის მსგავსად, წიწვოვანი ტყეებით ყოფილა დაფარული. მოგვიანებით ეს ტერიტორია ზაზა ფანასკერტელს გადაეცა და საუკუნეების მანძილზე ციციშვილების საგვარეულო კუთვნილება იყო.

სულიერი კავშირი სარკის წმინდა გიორგის ტაძართან

ადგილობრივი გადმოცემა გვიამბობს, რომ კეხიჯვრის წმინდა გიორგის ტაძარი სარკის წმინდა გიორგის ეკლესიის ასლია. ლეგენდის თანახმად, გაუხედნავი ხარები, რომლებსაც „დედოფლის მინდვრებში“ ნაპოვნი წმინდა გიორგის ბარელიეფი დაუდეს ურემზე (რათა უფლის ნებას მინდობილებს სამონასტრე ადგილი შეერჩიათ), პირველად სწორედ კეხიჯვარში, იმ ადგილზე გაჩერებულან, სადაც ახლა წმინდა გიორგის სალოცავი დგას. სწორედ ამ სულიერი კავშირის გამო ითვლება კეხიჯვრის ტაძარი სარკის წმინდა გიორგის ტაძრის ასლად, ხოლო მისი მთავარი ხატიც სარკის წმინდა გიორგის კიოტში ჩაბრძანებული ხატის ასლია.

წლების განვლობაში მიტოვებულ სალოცავს სულიერი ცხოვრება 1998 წელს, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით დაუბრუნდა. მას შემდეგ ამ კედლებში წირვა-ლოცვა აღარ შეწყვეტილა. თავდაპირველად ტაძარში ფრესკები არ ყოფილა, მოგვიანებით კი იგი უნიკალური ფრესკებით შეიმოსა - წმინდა გიორგის წამების, სახარებისეული სცენებისა და საუფლო დღესასწაულების გამოსახულებები გარემოს სულიერ დიდებულებას მატებს. ეს გარემო თითქოს თავადვე შეგეწევა, რომ წამით დაივიწყო გარესამყარო და მთელი გულისყური ლოცვისა და უფლის დიდებისკენ მიმართო.

videocapture-20260903-093050-1788516335.jpg

სავანის სიწმინდეები

ტაძარში რამდენიმე განსაკუთრებული სიწმინდეა დაბრძანებული: სარკის წმინდა გიორგის ხატის ასლი, დირბის ღვთისმშობლის ხატი და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მინაზეა შესრულებული. ამ უკანასკნელის ისტორია განსაკუთრებულია: ხატი თავდაპირველად სანაგვეზე უპოვიათ და გულმოდგინედ გაუსუფთავებიათ. ერთხანს იგი ერთ-ერთ ოჯახში ინახებოდა, ხოლო ამერიკაში გამგზავრების წინ ოჯახის დიასახლისმა იგი მონასტერს ჩააბარა.

20260817-182737-1788516432.jpg

ერთ დღეს, მოძღვართან ლოცვაზე მივიდა ახალგაზრდა გოგონა - საქართველოში კარატეში რამდენიმეგზის ჩემპიონი. სწორედ მან მოაბრძანა ეს უნიკალური სიწმინდე და მონასტერს შეწირა: „აქ უკეთ დაიცავთ და მოუფრთხილდებითო“. ეს ისტორია ცოცხალი მოწმობაა იმისა, თუ როგორ პოულობს სიწმინდე თავის ნამდვილ სამყოფელს - უგულებელყოფიდან უფლის სახლამდე.

მონასტრის კრებული, ტიპიკონი და დღევანდელობა

დღეს კეხიჯვრის წმინდა გიორგის მონასტერში სამი მონაზონი მოღვაწეობს. მონასტრის ყოველდღიურ ცხოვრებას მონაზონი თეკლა ზაკუტაშვილი უძღვება, რომლის თვალებშიც ღვთისა და საქმისადმი სიყვარული იგრძნობა და უხუცესი დედები - სქემმონაზონი ნეონილა მესხი და სქემმონაზონი მარიამ კობაიძე, რომლებიც საკუთარი სულიერი სიბრძნითა და მრავალწლიანი გამოცდილებით ამ წმინდა სივრცეს განსაკუთრებული მადლით ავსებენ. „ჯერ ახლები ვართ და მორჩილების დიდ ნაწილს მონასტრის გამშვენიერებაზე ზრუნვას ვუთმობთ, თუმცა ტიპიკონი სრულად გვაქვს ჩამოყალიბებული,“ - გვიამბობს მონაზონი თეკლა.

facebook-creation-b5feba96-4834-4450-8d64-fd59c42ef2bb-1788516478.jpeg

მონასტრის ყოველდღიურობა განუწყვეტელ ლოცვასა და შრომაში გადის. ტიპიკონი მკაცრად და სრულყოფილად არის შედგენილი: გამთენიის 3 საათზე, როდესაც გარეთ ჯერ კიდევ სრული სიბნელე და სიჩუმეა, დედები შუაღამიანის ლოცვას აღავლენენ. დილის 6 საათზე ცისკრის მსახურება იწყება, რომელსაც წმინდა გიორგის დაუჯდომელი მოსდევს, შემდეგ კი პარაკლისებს იხდიან მშენებარე ტაძრისა და ერის გადასარჩენად. ნაშუადღევის 4 საათზე მწუხრი აღესრულება, ყოველდღიურ მსახურებებს კი სერობა აგვირგვინებს.

სწორედ განუწყვეტელი და უშრეტი ლოცვის ძალას უკავშირდება კომპლექსის მშენებარე მკვდრეთით აღდგენილი მართალი ლაზარესა და მისი დების - მართასა და მარიამის სახელობის ტაძრის მშენებლობის დროს მომხდარი სასწაული. ფინანსური პრობლემების გამო შეჩერებული მშენებლობა მას შემდეგ განახლდა, რაც დედების მიერ აღვლენილ რეგულარულ პარაკლისებთან ერთად, მამა ანგიამაც სამჯერ მოიხსენია ლოცვებში - მოულოდნელად გამოჩნდა სპონსორი და ტაძრის ნახევარი კედლები ერთ დღეში აღიმართა.

fb-img-1788414542227-1788516566.jpg

ტაძარში კანდელები ჩაუქრობლად ანთია, როგორც უწყვეტი ლოცვისა და რწმენის სიმბოლო. კეხიჯვრის წმინდა გიორგის მონასტერი დღესაც იმ მძლავრ სულიერ კერად რჩება, სადაც მოსული ადამიანი სიმშვიდეს, ნუგეშსა და უფალთან სიახლოვეს პოულობს.

შორენა მერკვილაძე

(სპეციალურად საიტისთვის)