თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომას თამაზ ელიზბარაშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზეა ბრალდებული.
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ასევე სასამართლოს ალტერნატივის სახით 20 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
პროკურატურა პატიმრობის მოტივად, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებს ასახელებდა.
თავის მხრივ, დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდების მიერ დასახელებული საფრთხეები თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელიზბარაშვილი შეიარაღებული დაბრუნდა მომხდარი კონფლიქტის ადგილზე, დაცვის მხარე აღნიშნულს არ იზიარებს. ადვოკატის მტკიცებით, თამაზ ელიზბარაშვილს იარაღი არ ჰქონია, „ხოლო ხელი გულის მხარეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წაიღო".
"ინტერპრესნიუსი"