"სიმონი თუშეთში მუშაობდა, ჰესს აშენებდნენ... ის იყო ადამიანი სიკეთე, რომელიც სიყვარულს უანგაროდ გასცემდა" - თუშეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

"სიმონი თუშეთში მუშაობდა, ჰესს აშენებდნენ... ის იყო ადამიანი სიკეთე, რომელიც სიყვარულს უანგაროდ გასცემდა" - თუშეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

თუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის სიმონ ხეჩასშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო მანქანაში მყოფი სხვა პირები სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ. სიმონ ხეჩასშვილი წარმოშობით ადიგენის მუნიციპალიტეტიდან, სოფელი უდედან იყო და თუშეთში, ჰესზე იყო დასაქმებული. როგორც ცნობილი ხდება, ავარია სოფელ ქვემო ომალოში, ვიზიტორთა ცენტრსა და პოლიციას შორის ტერიტორიაზე მოხდა.

“ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომელსაც სიმონი მართავდა და რომელშიც სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა. სამწუხაროდ სიმონ ხეჩასშვილი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის არიან ლაგოდეხიდან დები მოდებაძეები, რომლებიც ამჟამად თელავის რეფერალურ კლინიკაში მკურნალობენ.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები და ქვედა კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ.

ჩვენ გავესაუბრეთ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ნათესავს. ის მომხდარით შეძრულია და წარსულში მამიდაშვილზე საუბარი ძალიან უჭირს.

“სიმონი ძალიან კეთილი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო. იმის გააზრება მიჭირს, რომ ის აღარ გვყავს ცოცხალი. გაგვანადგურა ამ ამბავმა. ადიგენში ცხოვრობს მისი ოჯახი. დაოჯახებული იყო, დარჩა ერთი შვილი. ძნელია ასეთ დროს რაიმე თქვა. მომხდარის დეტალები არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ის, რომ სიმონი ცოცხალი აღარ გვყავს. თუშეთში მუშაობდა, სამი წელი იქნება რაც თუშეთის ჰესზეა დასაქმებული.. აშენებდნენ ჰესს, თვითონ ბრიგადირი იყო, ჯგუფი ჰყავდა და როგორც ვიცი, უნდა გაეხსნათ ჰესი, ამისთვის ემზადებოდნენ. ამბობდა 15 რიცხვში ჰესი უნდა გავხსნაო და ეს უბედურება დატრიალდა. ორი კვირის წინ ვნახე, მოვესიყვარულეთ ერთმანეთს, ჩემთან იყო სტუმრად ჩამოსული, ბევრი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. ნეტა იმ დროს, რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნებოდა, თავზარდამცემია ეს ამბავი”, - ამბობს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილი ბიჭის ნათესავი.

“ეს მონაკვეთი, სადაც ავარია მოხდა, ჩვეულებრივი ვაკე ადგილია, არ არის რთული გზა იქ, რამ გამოიწვია ავარია, ვერ გეტყვით. ალბათ გამოიძიებენ. მართალია გარდაცვლილს არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან განვიცდი მომხდარს. ვუსამძიმრებ ოჯახს” - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ელენე და ტასო მოდებაძეების მეგობარს მარიამ ქებაძეს. მისი თქმით, გოგონების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:

“მე მხოლოდ ის შემიძლიათ გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩემი ორი მეგობარი, ტასო და ელენე მრავლობითი მოტეხილობებით და დაჟეჟილობებით წვანან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში. კიდევ ორი დაშავებული ჩემი ინფორმაციით, რაიონულ საავადმყოფოში უნდა იყვნენ. როგორც ვიცი, იმ ორს შედარებით მსუბუქი დაზიანება აქვთ. გოგონებთან ერთად არ ვყოფილვარ, დეტალებზე სასაუბროდ არ შევხვედრილვარ, ამიტომ ვერ მოგაწვდით სწორ ინფორმაციას".

ელენე და ტასო მოდებაძეების მეგობარმა მარიამ ქებაძემ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა თავის ფეისბუქ გვერდზეც:

”გადარჩნენ ჩემი მეგობრები. მჯერა რომ ღმერთმა სასწაული მოახდინა მათთვის პირადად. თქვენც დაიჯერებდით რომ გენახათ რა ვითარებაში გადარჩნენ. მაგრამ ვერ გადარჩა მძღოლი. არ შემიძლია ვთქვა როგორი ტკივილია ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანის გარდაცვალება...

მადლობა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მძღოლს რომელმაც ღამით, იმ ჯოჯოხეთურად რთულ გზაზე უვნებლები ჩამოიყვანა ჩემი გოგოები. ერთი შეხედვითაც კი მოფამფალებული მანქანით. ვერტმფრენი ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის არ ყოფილა. მადლობა ექიმებს, ვინც ჩვენს პანიკას და ალიაქოთს გაუძლო მშვიდად”..

„სიმონზე იმდენი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ახლა სიტყვები უბრალოდ არ მყოფნის. ის ისეთი ადამიანი იყო, მის გვერდით ყოფნისას რომ გრძნობდი მის სითბოს. ყველას სიყვარულით და პატივისცემით ექცეოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, იცნობდა თუ არა ადამიანს. არასდროს იყო გულგრილი სხვისი გასაჭირის მიმართ. ძალიან უყვარდა ადამიანები და განსაკუთრებით უყვარდა სიცოცხლე. ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასე უანგაროდ კეთილი ყოფილიყო. ხშირად უფალს ახსენებდა და მისი რწმენაც ძალიან იგრძნობოდა. ყველაზე მეტად კი ის მტკივა, რომ ასეთი სიცოცხლით სავსე ადამიანი ახლა მხოლოდ წარსულში უნდა მოვიხსენიო. მასზე მართლა ძალიან მიჭირს წარსულში ლაპარაკი. ის იყო ადამიანი სიკეთე, რომელიც სიყვარულს უანგაროდ გასცემდა. კეთილი იყო ყველას მიმართ იცნობდა თუ არ იცნობდა, სიცოცხლეზე უაზროდ შეყვარებული იყო. არ დავიღლები მასზე, მის სიკეთეზე, მის ადამიანობაზე. ჩემი გულშემატკივარი იყო, ჩემი ნამუშევრებით აღფრთოვანებული. ერთი ნახატი გავუგზავნე და მადლობისთვის დამირეკა, ვაჩუქე შევპირდი, შენ და ნინა (მისი მეუღლე) უნდა მოგქარგოთ ბისერებით თქო და ძალიან გაუხარდა. ამ დანაპირებს აუცილებლად შევუსრულებ. ძალიან მტკივა გული, რომ მასზე წარსულში მიწევს ლაპარაკი და ფიქრი. ალბათ მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებ მის არ ყოფნას,”- ამბობს ჩვენთან საუბარში ლელა ჭიჭიაშვილი და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ახალგაზრდისოჯახს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.