„სამთავრობო კულუარებში დიდი ბრძოლა მიმდინარეობს“ - მამუკა არეშიძის ანალიზი: რა ხდება სინამდვილეში "ოცნებაში"?! - კვირის პალიტრა

„სამთავრობო კულუარებში დიდი ბრძოლა მიმდინარეობს“ - მამუკა არეშიძის ანალიზი: რა ხდება სინამდვილეში "ოცნებაში"?!

სკანდალური გამოდგა გასულ კვირას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილი მორიგი წერილი. ეს პირველი წერილია, რომელშიც ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც ახსენებს. ტექსტში ის უფლებადამცველად მოხსენიებული ლაზარე ჯორბენაძის საეჭვო თვითმკვლელობის ფაქტს ეხება, მაგრამ ამბობს ასევე, რომ "საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით "კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს". ლაზარე ჯორბენაძე, რომლის საერო სახელიც, როგორც ირკვევა, ზურაბი იყო, გაზეთ "ასავალ-დასავლის" ხშირი რესპონდენტი გახლდათ და სხვადასხვა დროს მედიაში სასულიერო პირის, ყოფილი პოლიტიკოსისა და უშიშროების ვეტერანის სტატუსით ჩნდებოდა. მიმდინარე წლის დამდეგს სწორედ ამ გამოცემაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჯორბენაძე ამტკიცებდა, რომ ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო დოკუმენტს, რომლითაც დავითგარეჯის ტერიტორიის ნაწილი დათმო. მას ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, თუმცა ამბობდა, რომ დოკუმენტი თავად ჰქონდა ნანახი. ღარიბაშვილი თავის წერილში ახსენებს სწორედ ამ ინტერვიუს... როგორც ექსპრემიერი წერს, მას ინტერვიუს შეკვეთას აბრალებდნენ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე, მოგვიანებით კი გაიგო, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა. ეს 2026 წლის აპრილში მოხდა და ოფიციალურად თავიდანვე თვითმკვლელობის ვერსია განიხილებოდა. თუმცა ახლობლებს, მეგობრებსა და თანამოაზრეებს ამ ვერსიაში ეჭვი თავიდანვე ეპარებოდათ.

"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებით და მიმდინარე პროცესებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტსა და კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძესთან:

areshidze.jpg

- გარეჯის თემასთან დაკავშირებულ პროცესებში ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან ვარ ჩართული. ა.წ. თებერვალში, როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა ლაზარე ჯორბენაძის გავრცელებული ეს ინფორმაცია, შევეცადე გამეგო, რაზე დაყრდნობით ამბობდა ამას და რა ტიპის დოკუმენტი ჰქონდა ნანახი. სხვათა შორის, თავად ინტერვიუშიც არის ასეთი მომენტი, როდესაც ჟურნალისტი ეკითხება, თუ რატომ არ გადაიღო დოკუმენტი, ის ამბობს, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ეს თავისთავად გასაგები და ლოგიკურიცაა - ალბათ, მართლაც არ შეიძლებოდა გადაღება, მაგრამ, იმის თქმა ხომ შეეძლო, თუ რა ტიპის დოკუმენტზე ლაპარაკობდა - ეს შეთანხმების ტექსტი იყო, დოკუმენტის პროექტი, ხელშეკრულება თუ სხვა რამ. მოკლედ, ამის თაობაზე მას არაფერი უთქვამს, აქედან გამომდინარე, მე მაშინ მივიჩნიე, რომ ეს არ იყო ისეთი სერიოზული დოკუმენტი, რომელზეც ყურადღების გამახვილება ღირდა.

ამასობაში ეს ადამიანი გარდაიცვალა კიდეც. მე კი, მცდელობის მიუხედავად, ვერ მოვიძიე ამ დოკუმენტის ასლი და ვერც ის გავარკვიე, კონკრეტულად რაზე იყო საუბარი. ჩემი ინფორმაციით, რაც კი გადასაცემი იყო, სააკაშვილმა 2007 წლის მაისში გადასცა. თავად სააკაშვილმაც თქვა მსგავსი რამ, თუმცა, ობიექტური სიმართლე რომ ვთქვათ, არც სააკაშვილის ამ ნათქვამთან დაკავშირებული დოკუმენტი მინახავს.

უბრალოდ, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იყო აზერბაიჯანის ინტერესი გარკვეული სტრატეგიული სიმაღლეების მიღებასთან დაკავშირებით და რომ თითქოს ეს ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ფურცელზე, დოკუმენტურად ეს არსად გვინახავს. ამის ერთ დამადასტურებლად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ჩიჩხიტურის მონასტრის სიახლოვეს და ქედზე განლაგებულ სხვა სალოცავებში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ და ქართველ მომლოცველებს იქ არ უშვებდნენ; ხოლო ის, რომ კობახიძემ და დღევანდელმა ხელისუფლებამ აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს კიდევ რაღაც (განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ სიტყვას "კიდევ"), ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მე ვერ მოვიპოვე და ვერც რეალური ქმედებები ვნახე. უშუალოდ ველაპარაკე გარეჯაში მოღვაწე სასულიერო პირებს და მათაც არაფერი იცოდნენ და რომ არც აზერბაიჯანული მხრიდან გადადგმულა კონკრეტული ახალი ნაბიჯი იქ რაიმე ტერიტორიის დასაკავებლად.

ასე რომ, გამიჭირდება შევაფასო, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ხელჩასაჭიდი არაფერი მაქვს. რამდენად შეიძლება ეს ნათქვამი მართალი ყოფილიყო, ამაზეც ვერაფერს ვიტყვი, რადგან საგნობრივად მტკიცებულება არ გამოჩენილა.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოჰყვა ღარიბაშვილის წერილს, პირადად მე მიკვირს თავად ირაკლი კობახიძის პოზიცია, რომელიც არ არის ისეთი კონკრეტული, რომ ეს ეჭვები გააქარწყლოს. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მთავრობამ ბევრად უფრო მკაფიოდ და გასაგებად თქვას, რა მოხდა სინამდვილეში ან საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, მკაფიო პასუხი არ ჩანს. მიმაჩნია, რომ ისეთ სენსიტიურ საკითხზე, როგორიც გარეჯის თემაა, ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო აქტიურები უნდა ყოფილიყვნენ.

- მინდა ამ პროცესს პოლიტიკური შეფასება მივცეთ - დავიწყოთ იმით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით და გავიხსენოთ, რომ მასზე ლაპარაკი თავის ცნობილ წერილებში სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა დაიწყო... ბოლო გზავნილში კი მდინარაძისგან პროცესი ნელ-ნელა გადავიდა კობახიძეზე. დღეს კი ვხედავთ, რომ ამ თემაზე პროკურატურაში სრულიად უცნაურ პირებს იბარებენ მხოლოდ იმის გამო, რომ სადღაც საჯარო განცხადებები გააკეთეს და რეალურად ამ საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვთ, რაც ასევე ძალიან უცნაურია. კონკრეტული ფიგურანტები, ვინც ღარიბაშვილმა დაასახელა, ჯერ არ გამოუკითხავთ. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე, რას ცდილობს ღარიბაშვილი, რეალურად რა შეიძლება ელოდებოდეს კობახიძის გუნდს და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან, თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილს?

- ეს რთული კითხვაა. ფაქტია, სამთავრობო კულუარებში შიდა ბრძოლაა. ისიც ფაქტია, რომ ყოფილი თანამებრძოლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც უაღრესად არასასიამოვნო სანახავია. ღარიბაშვილი კორუფციულ ქმედებებში იყო დადანაშაულებული და მისი პოზიციაც გასაგებია - ის შეეცადა ეს ბრძოლა სხვა სიბრტყეზე გადაეტანა. ეს გააკეთა იმისთვის, რომ მარტო თვითონ არ აღმოჩენილიყო დარტყმის ქვეშ და მთავრობის შეცდომებსა თუ გადაცდომებში მხოლოდ ის არ იყოს დადანაშაულებული. ღარიბაშვილი ახლა თავდაცვის რეჟიმშია.

თუმცა ღარიბაშვილის წერილშიც კი არ ჩანს კონკრეტიკა იმისა, თუ ვისი ლიკვიდირებული და ჩამოცილებულია ჯორბენაძე. ეს მხოლოდ ვერსიაა.

თავისთავად ის ბრძოლა, რაც ამ ჯგუფებს შორის მიმდინარეობს, რეალური ფაქტია. ამ დაპირისპირებაში ორივე მხარემ - იქნება ეს ღარიბაშვილი თუ მეორე მხარე - უკვე გადადგა ძალზე სახიფათო ნაბიჯები. ეს არის საზოგადოებისთვისაც არასასიამოვნო და თავად მათთვისაც სახიფათო ქმედებები. ერთ-ერთმა ასეთმა ნაბიჯმა კონკრეტული ადამიანი ციხის კარამდე მიიყვანა, ხოლო მეორე მხარის ქმედებებმა გამოიწვია ისეთი ვნებათაღელვა და კითხვები, რომლებზეც ჯერ პასუხები არ არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, გამორიცხული არ არის, მდგომარეობა უფრო გართულდეს.

რაც შეეხება ივანიშვილს, ის ამ ყველაფრის შუაში კი არა, თავშია. საქმე ის არის, რომ სწორედ ის ქმნის შიდა პოლიტიკის სტრუქტურულ ჩარჩოს და მასში აქტიურად მონაწილეობს. ჯერ ერთი, ის არის ამ პარტიის დამფუძნებელი და, მეორე, დღეს უკვე საპატიო თავმჯდომარეა. მიუხედავად ამისა, ყველასთვის ცნობილია, რომ ამ სტრუქტურის მუშაობაში მისი სიტყვა ყოველთვის გადამწყვეტია. შეიძლება ცალკეული დარგების მიხედვით ყველაფერს დეტალურად არ აკონტროლებს, მაგრამ თავად სტრუქტურის მუშაობაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და ეს არც არასდროს დაუმალავს. ამიტომ რთული სათქმელია, ხვალ რა ნაბიჯები გადაიდგმება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ორივე მხარემ სახიფათო ნაბიჯები უკვე გადადგა.

- რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ პროცესის გაგრძელებას შეიძლება მთავრობის მნიშვნელოვნად შეცვლა მოჰყვეს?

- არაფერს გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ ჩვენს პრაქტიკაში ეს არაერთხელ მომხდარა. ბოლო 14 წლის ამბებს ვგულისხმობ, თუმცა არც მანამდე ხდებოდა ისე, რომ მთავრობები არ შეცვლილიყო; ახლაც იმავე ვითარების წინაშე ვდგავართ.

- ბატონო მამუკა, ღარიბაშვილთან დაკავშირებით ერთ კითხვასაც დავსვამ, უფრო სწორად, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების, მთელი ამ ტროლების თუ ბოტების სისტემის განცხადებებზე - ადამიანს ლამის საფრანგეთის აგენტობაში რომ ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ რაღაც რევოლუციურ სცენარში მონაწილეობს. ამას ამბობენ ადამიანზე, რომელიც, "გლობალური ომის პარტიის" წინააღმდეგ ყველაზე ხმალამოღებულად მებრძოლი პრემიერი იყო.

- ჩემი შეფასებით, ამით ხელისუფლება თვითონ იღებს დარტყმას. ეს ძალზე დამაზიანებელია, რადგან ხალხს უჩნდება ლეგიტიმური კითხვა: "თქვენ სად იყავით, ბატონებო, აქამდე, თუკი ეს ყველაფერი ასე იყო?" ერთი რამ მინდა გითხრათ: მე ვცდილობ სიტყვები ფრთხილად შევარჩიო და ამას არც ვმალავ, რადგან საქმე მაინც შეეხება ადამიანებს, რომლებთან ერთადაც თავის დროზე ეს პარტია შევქმენით. მიუხედავად იმისა, რომ იქიდან ჯერ კიდევ 2014 წელს წამოვედი, მაინც მაქვს გარკვეული სენსიტიური მიდგომა ამ თემის მიმართ. ბევრისგან განსხვავებით, არ შემიძლია ვაგინო და ლაფი დავასხა იმას, რასაც თავად ვემსახურებოდი.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, მე ვიცი ზოგადი სიტუაცია, მაგრამ ვუფრთხილდები რა ძველ განწყობებს, შემიძლია გითხრათ:

ღარიბაშვილი დაღუპა საკუთარმა გარემოცვამ და უნებისყოფობამ. მე არასოდეს მჯეროდა იმის, რომ ღარიბაშვილი თავად დადიოდა და კარდაკარ ფულს იპარავდა. თუმცა მას ჰქონდა უზარმაზარი პასუხისმგებლობა და მან ამას ვერ გაუძლო; ხოლო ის, თუ რას აკეთებდა მისი გარემოცვა, ყველასთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია.

მისი პირველი პრემიერობის შემდეგ, როდესაც ის ნაწილობრივ თუ მთლიანად სწორედ თავისი გარემოცვის გავლენებსა და მადიანობას შეეწირა, ეს მისთვის სერიოზული გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან ვერც მერე გაუძლო ამ ცდუნებებს. მე ძალიან კარგად ვიცი ის გარემოებები, რომლებიც მის გარემოცვასა და სანათესავოს უკავშირდებოდა. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი სრულიად სხვა სიბრტყეზე გადავიდა - ლაპარაკი იმაზე აღარც არის, ვინ რამდენი ფული მოიპარა, არამედ ახლა მთავარი პრობლემაა ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა და რაზეც სრულად პასუხისმგებელია მოქმედი ხელისუფლება, ხოლო ლაპარაკი, რომ ის თითქოს ვიღაცის აგენტია ან "ნაცია" და მსგავსი აბსურდი, მე არ ვიცი, საიდან გაჩნდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ იარლიყებით უფრო დაამძიმებენ ვინმეს დანაშაულს ან გადაფარავენ ვიღაცის არასწორ ქმედებებს, ძალიან ცდებიან.

- ყოველივე ეს, რასაც ჩვენ ახლა შიდა პოლიტიკაში ვადევნებთ თვალს, კინკლაობა და დაპირისპირებები განსაკუთრებით უადგილოდ და არასწორად ჩანს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში, რეგიონში და რა მძიმე ვითარებაში ვართ დღეს, ამდენი სერიოზული გამოწვევით გარშემორტყმული.

- მართალი ხართ. მაგალითად, სიამოვნებით ავარიდებდი თავს თქვენს პირველ კითხვაზე პასუხს და საერთოდ არ დავიწყებდი გარეჯის თემაზე კომენტარის გაკეთებას, რომ არა ის ურთულესი მდგომარეობა და გამოწვევები, რომელშიც დღეს ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყანა იმყოფება. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ახლა ნამდვილად არა აქვს შიდა საქმეების გარჩევისა და ამაზე უსასრულო ლაპარაკის დრო, მე დავთანხმდი ამ თემაზე საუბარს.

გამოწვევები მართლაც ძალიან სერიოზული და მასშტაბურია იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, რომელიც მსოფლიოში არსებობს - მით უფრო მაშინ, როდესაც მსოფლიო წესრიგი, პრაქტიკულად, აღარ მუშაობს და როდესაც შეთანხმებული თამაშის წესებიც აღარ არსებობს.

ის, რომ საქართველო აღმოჩნდა სავაჭრო-ეკონომიკური გზების გზაჯვარედინზე, თავისთავად სასიამოვნოა და ეს აისახება კიდეც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, მაგრამ ის, რომ ეს უდიდესი გამოწვევაცაა, აი, ამის გაცნობიერებაა უმნიშვნელოვანესი როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. ისტორიულად ყოველთვის ასე იყო - რეგიონი, რომელიც სავაჭრო თვალსაზრისით ხდებოდა საინტერესო და აღიარებული, ავტომატურად იქცეოდა გარეშე ძალებისა და მეტოქეების დარტყმის სივრცედ. საქართველოს თავს ესხმოდნენ ნადავლის მოპოვებისა თუ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, მაგრამ გარკვეულწილად ეს ლაშქრობები იმის გამოც ხდებოდა, რომ ჩვენზე გადიოდა სავაჭრო და სამხედრო გზები. ახლაც ზუსტად ამგვარი პრობლემები ჩნდება - ვიღაცისთვის მიუღებელია ის, რაც დღეს ჩვენს რეგიონში ხდება (და აქ მხოლოდ საქართველოზე ლაპარაკი არ იქნება სწორი). სხვადასხვა ძალისთვის ინტერესის სფეროა, რომ ეს სავაჭრო გზები გადიოდეს არა სამხრეთ კავკასიის სივრცეში, არამედ უფრო ჩრდილოეთით ან სხვა მიმართულებით. ხომ ხედავთ, როგორი გააფთრებული ბრძოლა მიდის ამ სავაჭრო გზებისთვის როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.

ერთი მხრივ, არ სურთ ჩინეთის დომინირება; მეორე მხრივ, არ სურთ რუსეთის დომინირება. აზერბაიჯანი ცდილობს გააკონტროლოს ყველაფერი როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით, რაც იწვევს მისი უახლოესი მოკავშირის, თურქეთის გაღიზიანებასაც კი. ვიღაცას ასევე არ მოსწონს თურქეთის დომინირება ენერგოჰაბის თუ სხვა მიმართულებებით. მოკლედ, ეს ჭიდაობა გაუთავებელია.

ერთი შეხედვით, გააფთრებული ბრძოლა მიდის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მაგრამ წარმოიდგინეთ, ასევე უკიდურესად დაძაბული ბრძოლაა ცენტრალურ აზიაში კონტროლისთვის ჩინეთსა და რუსეთს შორის, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მოკავშირეები არიან. ჩვენც ამ გლობალური ბრძოლების ეპიცენტრში ვართ. ასეთ დროს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსის პოლიტიკაა, მაგრამ დღეს ქვეყანაში განვითარებული პროცესები ბუნებრივად აჩენს ეჭვებს.

ამასთანავე, სამწუხაროდ, ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეც არ არის დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, როცა ვამბობ "ჩვენ", მარტო საქართველოს არ ვგულისხმობ - მთელ რეგიონს ვგულისხმობ.

ამ ფონზე ჩვენი ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი მაშინვე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა და რეზონანსული ხდება.

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება არ ვიყოთ მონოლითურები ამ უდიდესი გამოწვევების წინაშე. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ - საჭიროა ერისა და ბერის ერთიანობა, საზოგადოებრივი კონსოლიდაცია. გამოწვევები იმდენად დიდი და აქტუალურია, რომ არა გვაქვს უფლება დრო შიდა საქმეების გარჩევასა და კინკლაობაზე დავკარგოთ.