„მეკითხებოდნენ, ვიცნობდი თუ არა ლაზარე ჯორბენაძეს..“
"მართლმსაჯულება პოლიტიკური დიქტატის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა მას შემდეგ, რაც უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურაში პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებსა და სხვა საჯარო პირებთან ისიც დაიბარეს.
ირაკლი ღარიბაშვილის საპატიმროდან გამოქვეყნებულმა წერილმა ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე არაერთი კითხვა გააჩინა, თუმცა გამოკითხვაზე სწორედ ისინი დაიბარეს, ვინც ამ თემებზე მხოლოდ კითხვები დასვა.
- ჩემი და იმ პირების გამოკითხვაზე დაბარება, რომლებსაც ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან არანაირი შემხებლობა არ გვქონია, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ გამოძიების მიზანი სიმართლის დადგენა კი არა, პოლიტიკური ამოცანის შესრულება იყო. პროკურატურაში მისვლამდეც საჯაროდ მქონდა ნათქვამი, რომ ღარიბაშვილის წერილამდე ამ ადამიანის არსებობის შესახებაც კი არაფერი ვიცოდი. ამის შემდეგ ჩემი დაბარება და კითხვების დასმა, ვიცნობდი თუ არა მას, აბსურდი იყო, მით უფრო, პასუხები წინასწარ იცოდნენ. მე ჯორბენაძის საქმეზე არც მისაუბრია. მხოლოდ ღარიბაშვილის წერილს იმ პოლიტიკურ პროცესს შევეხე, რომელიც ამ განცხადებებს მოჰყვა. თუ გამოძიებას მართლაც აინტერესებდა წერილში ნახსენები კონკრეტული გარემოებები, მაშინ გამოკითხვაზე ჩვენ კი არა, ის პირები უნდა დაებარებინა, რომლებზეც ყოფილმა პრემიერმა პირდაპირ მიუთითა - ანუ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ღარიბაშვილის პრემიერობის მიმართ, მის სიტყვას ამ შემთხვევაში მაინც აქვს პოლიტიკური და ინფორმაციული წონა. ის პრემიერ-მინისტრი იყო და სიღრმისეულ ინფორმაციას ფლობდა.
- პროკურატურაში რეალურად რა აინტერესებდათ და რამდენად შეესაბამებოდა დასმული კითხვები იმ განცხადებებს, რომლებიც საჯაროდ გაქვთ გაკეთებული?
- მე ტელეეთერებში ძირითადად სხვა გახმაურებულ საქმეებზე ვსაუბრობდი, მათ შორის თორნიკე რიჟვაძის საქმეზეც. თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება მხოლოდ იმის დადგენით არ უნდა დასრულდეს, რომ ადამიანმა სიცოცხლე თვითონ მოისწრაფა. მთავარია, დადგინდეს, რამ მიიყვანა ის ამ გადაწყვეტილებამდე. რიჟვაძის შემთხვევაში მან თავად განაცხადა, რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რადგან ვიღაც მისგან რაღაცას მოითხოვდა. ამის შემდეგ კი საჯარო სივრციდან გაქრა. იგივე შეიძლება ითქვას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზეც. არ ვამტკიცებ, რა მოხდა სინამდვილეში, თუმცა თვითმკვლელობაც რომ ყოფილიყო, მთავარ კითხვას მაინც პასუხი სჭირდება, რამ მიიყვანა ახალგაზრდა ქალი ამ გადაწყვეტილებამდე. პროკურატურაში არც რიჟვაძის საქმეზე უკითხავთ რამე და არც ბაჩალიაშვილის. მთელი გამოკითხვა იმაზე იყო აგებული, ვიცნობდი თუ არა ჯორბენაძესა და მასთან დაკავშირებულ პირებს. საჭირო იყო ფორმალური საფუძვლის შექმნა იმისთვის, რომ შემდეგ პროპაგანდისტულ სივრცეში ეთქვათ, ადამიანები საუბრობდნენ თემაზე, რომლის შესახებაც არაფერი იცოდნენო. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ასეთ პროცესში მთელი საგამოძიებო სისტემაა ჩართული. გამომძიებლების პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ იძულებული არიან შეასრულონ პოლიტიკური დავალებები. მათ ჰყავთ ოჯახები, აქვთ პასუხისმგებლობები და კარგად იციან, რა შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკური დავალების შეუსრულებლობას. ამიტომ იძულებული არიან დაემორჩილონ სისტემას.
- როგორ გგონიათ, ამ საქმეზე ირაკლი კობახიძეს თუ არა, მამუკა მდინარაძეს მაინც თუ დაიბარებენ?
- წესით, უნდა დაიბარონ. ირაკლი ღარიბაშვილი როდესაც პოლიტიკურ დევნისა და განუკითხაობის სისტემაზე საუბრობდა, თავადაც ამ სისტემის მნიშვნელოვანი მონაწილე იყო. ეს არის სისტემის ბუნება. ის გარკვეულწილად მაფიოზურ მოდელზეა აწყობილი, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას ბოსი იღებს და მისი ხელისბიჭების ბედიც მთლიანად მის ნებაზეა დამოკიდებული - ვინ დასაჯოს და ვინ დაიცვას. ჩემი აზრით, მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს კარგი არაფერი ელით, იმის მიუხედავად, ხელისუფლება შეიცვლება თუ არა. მგონია, მათი ჯერიც ძალიან მალე დადგება.
ჩვენ ახლა ვხედავთ ორი ჯგუფის დაპირისპირებას "მეფის კარზე". ამ ისტორიის დასაწყისში, როგორც ჩანს, ღარიბაშვილს განსაზღვრული თანხის გადახდა მოსთხოვეს, მანამდე კი ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ მაშინ, როდესაც მას სანქციების გამო ფინანსური პრობლემები ექმნებოდა, მისი გარემოცვა მდიდრდებოდა. ამ განწყობას თანდათან უმძაფრებდნენ და ბოლოს შესთავაზეს დახმარება ანუ თანხების ამოღება გარემოცვიდან. სავარაუდოდ, სწორედ ამ დაპირებას უკავშირდებოდა ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დაწინაურებაც. თუმცა დაპირებული თანხების ამოღება ვერ მოხერხდა. ამ კონტექსტში შეგვიძლია გავიხსენოთ თორნიკე რიჟვაძის საქმეც, სადაც ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის სახელები ფიგურირებდა. როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა ივანიშვილთან აღიარა, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავდა, თუმცა ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ამისთვის საერთო სალაროდან თანხას არ იღებდა. ამასთან, ის მზად იყო პასუხი ეგო იმისთვის, რომ ივანიშვილი საკუთარი საქმიანობის შესახებ სრულად არ ჩააყენა საქმის კურსში. სავარაუდოდ, სწორედ ამის საფუძველზე შედგა შეთანხმება: ღარიბაშვილი რამდენიმე წლით ნებაყოფლობით წავიდოდა ციხეში, სანაცვლოდ კი მისი ოჯახის წევრებს ხელს არ ახლებდნენ, მაგრამ ეს შეთანხმება ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა. იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილს დიდი თანხების ამოღებას დაჰპირდნენ, პასუხი უნდა გაეცათ, რატომ ვერ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები. ამიტომ მათთვის საჭირო გახდა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების ხელახლა გაღვივება. ერთი მხრივ, ივანიშვილს აწვდიდნენ ინფორმაციას, თითქოს ღარიბაშვილი შეთანხმების პირობებს არღვევდა, მეორე მხრივ, თავად ღარიბაშვილსაც აწვდიდნენ ინფორმაციას მის გარემოცვაზე შესაძლო ზეწოლის შესახებ, საუბრობდნენ მისი ოჯახის წევრების შესაძლო დაკავებაზე და ამ გზით დაპირისპირებას უფრო აღრმავებდნენ. და აი აქ დაუშვა ღარიბაშვილმა ფატალური შეცდომა - პასუხისმგებლობა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს დააკისრა. ამან ივანიშვილის გაღიზიანება კიდევ უფრო გააძლიერა. სწორედ ეს იყო, ჩემი აზრით, კობახიძე-მდინარაძის პოლიტიკური თამაში, მათ კიდევ ერთხელ მოახერხეს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ერთმანეთთან დაპირისპირება. თუმცა, ვფიქრობ, ივანიშვილი საბოლოოდ მიხვდა, რა პროცესთან ჰქონდა საქმე. მას ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს - სტრატეგიული მოთმინება. მოქმედებს თანამიმდევრულად, საკუთარი სტრატეგიის შესაბამისად. მდინარაძე ჩამოაშორა პოლიტიკას, კობახიძე კი იზოლაციაში დატოვა. ახლა ივანიშვილი მომენტს ელოდება, რათა კობახიძის პოლიტიკური კარიერაც საბოლოოდ დაასრულოს.
- თქვენს ვერსიაში მდინარაძე პოლიტიკიდან წასვლით შეძლებს თავი დააღწიოს ივანიშვილის უკმაყოფილებას?
- ივანიშვილისთვის ვინმეს დაჭერა თვითმიზანი არ არის. არც ღარიბაშვილის დაპატიმრება იქნებოდა მისი თვითმიზანი, მას რომ შეესრულებინა ის პირობები, რასაც მისგან ითხოვდნენ. იგივე შეიძლება ითქვას ლილუაშვილზეც. ამ ეტაპზე ივანიშვილი პროცესს აკვირდება. ის სწავლობს, ვინ რა განცხადებას აკეთებს, ვინ რომელ პოზიციაზე დგას, როგორ იქცევა მთავარი პროკურორი და, რაც მთავარია, რა პოლიტიკური რესურსი დარჩა კობახიძის გარშემო. ივანიშვილი ცდილობს განსაზღვროს, როდესაც შესაბამისი მომენტი დადგება, ვისგან შეიძლება ელოდოს სიურპრიზს და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი სწორედ იმას აკვირდება, თუ ვინ იქნება მზად კობახიძეს ბოლომდე გაჰყვეს და მასთან ერთად პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაიზიაროს. როდესაც ეს სურათი მისთვის სრულად გამოიკვეთება, გადადგამს შემდგომ ნაბიჯს.
- ამ ლოგიკით ივანიშვილიც მარტო რჩება, მისი გარემოცვის მნიშვნელოვანი ნაწილი ან ციხეშია, ან ოპოზიციაში.
- კი, მაგრამ ეს მისთვის პრობლემას არ ქმნის, პრობლემა შეექმნებოდა, ძლიერი ოპოზიცია რომ გვყავდეს. ივანიშვილს როცა დასჭირდება, ქუჩიდან მოიყვანს ხალხს. ფაქტობრივად, მან პოლიტიკა მოკლა, შესაბამისად პოლიტიკოსებიც აღარ სჭირდება. ხელისუფლება იმდენად უსახური გახდა, მაგალითად, მე უკვე მინისტრების გვარებიც აღარ ვიცი. მან ტექნიკური მთავრობა ჩამოაყალიბა, რომელსაც მისთვის საფრთხის შექმნა არ შეუძლია. ხვალ რომ ყველა სახლში გაუშვას და ახალი მთავრობა ქუჩიდან შეავსოს, ამის წინააღმდეგიც არავინ ეყოლება.
ხათუნა ბახტურიძე