ომი თუ მშვიდობა?! - კვირის პალიტრა

ომი თუ მშვიდობა?!

"რვა ომი დავასრულე. მივიღე ნობელის პრემია? არა!" - ტრამპის ეს ფრაზა, ალბათ, საუკეთესო გასაღებია იმის გასაგებად, თუ რა მიზანი აქვს ირანთან ომში ჩაფლულ ტრამპს, როდესაც ბოლო რამდენიმე დღეში მოსკოვში ჯერ რეტკლიფი ჩავიდა და მერე უკვე უიტკოფი და კუშნერი ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების სტატუსით. მათი ვიზიტის მიზანი ნათელია - როგორც ტრამპმა განაცხადა: "ჩვენ გვაქვს იდეა, როგორ მივაღწიოთ მშვიდობას. ისინი გავგზავნეთ იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა რაიმეს მიღწევა და სავსებით შესაძლებელია, რომ ეს გამოგვივიდეს".

თუკი გავიხსენებთ, რომ რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკების ბოლო რაუნდი 2026 წლის 17-18 თებერვალს გაიმართა ჟენევაში, ხოლო მომდევნო შეხვედრა 5 მარტს აბუ-დაბიში სწორედ ირანთან ომის დაწყების გამო ჩაიშალა, განსაკუთრებულ ინტერესს იძენს ტრამპის გააქტიურება. ცხადია, დღეს, როდესაც აშშ-ის სამხედრო, ლოჯისტიკური და ფინანსური რესურსები ირანთან ომშია გადასროლილი, თეთრ სახლს აღარ შესწევს უნარი პარალელურ რეჟიმში დააფინანსოს უკრაინა, მით უმეტეს, ტრამპს ეს არაერთხელ უთქვამს და რამდენიმე დღის წინაც გაიმეორა, რომ უკრაინისთვის იარაღის ფული ევროპამ უნდა გადაიხადოს. ევროპას კი, ცხადია, დღეს ამის რესურსი არა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ევროპა და განსაკუთრებით გერმანია საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის მუშაობენ. ამას ემატება ბოლო დღეების ინციდენტი, როდესაც გერმანიაში ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე რუსული დრონები აღმოჩნდა, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უშუალოდ ნატოს, რაც უკვე ტრამპსაც შეეხება, რაც არ უნდა სცადოს ამის არიდება. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რეტკლიფის ვიზიტი იყო სადაზვერვო ზონდაჟი და წითელი ხაზების მონიშვნა, რომ ირანით დაკავებული ვაშინგტონი სისუსტეს არ ავლენს, ხოლო ევროპაში ჰიბრიდული ესკალაცია, რისი მკაფიო ნიშანიც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი დრონების გამოჩენა და დიპლომატების გაძევების ტალღა გახდა, ნატოსთან პირდაპირი შეჯახების ზღვარზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი საჯაროდ უარყოფს ნატოზე პუტინის შესაძლო თავდასხმის საფრთხეს და აცხადებს, რომ მას მსგავსი გეგმების არსებობის არ სჯერა, ფაქტია, ევროპაში უკვე ჩართულია განგაშის სიგნალი. ტრამპის ეს განცხადება კი, ალბათ, უფრო დიპლომატიური მანევრია, ვიდრე რეალური საფრთხის იგნორირება. ცხადია, თეთრ სახლს სურს ცეცხლის შეწყვეტა მანამ, სანამ რომელიმე ევროპელი მოკავშირე კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლის ამოქმედებას მოითხოვს. ამიტომაც დღეს ტრამპს სჭირდება ევროპული ფრონტის სასწრაფო შეჩერება, რათა ხელი გაითავისუფლოს თეირანზე გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად და იმავდროულად, აქტივში ჩაიწეროს "დიდი მშვიდობისმყოფლის" ტრიუმფი. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ჩაერთნენ საქმეში უიტკოფი და კუშნერი, რომლებიც არა კლასიკური დიპლომატები, არამედ ტრამპის პირადი გარიგებების დიდოსტატები არიან. მეორე და, ალბათ, მთავარი კი ის არის, რას ითვალისწინებს მათი გეგმა, რადგან სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მოლაპარაკების ბედიც - თუ მოლაპარაკების მაგიდაზე დევს არა ყოვლისმომცველი სამართლიანი სამშვიდობო შეთანხმება, არამედ ომის ფორსირებული გაყინვა, სადაც ერთ-ერთ რეალისტურ სამუშაო ვერსიად "კორეული სცენარი" განიხილება - ცეცხლის შეწყვეტა არსებულ ფრონტის ხაზზე, ტერიტორიული დათმობების დე იურე აღიარების გარეშე - მხარეებისგან მისი მიღების რა შანსები რჩება, რადგან ცხადია, ასეთ გარიგებაში ყველა მხარეს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრებით.

- ანკორიჯში შეთანხმდნენ, რომ დონბასის დათმობით ომი დამთავრდებოდა და ეს იყო მაქსიმუმი, მაგრამ ამერიკა მერე განზე გადგა, მათ შორის იმიტომაც, რომ ამაზე ევროპა არ იყო თანახმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია - ევროპა ანკორიჯის შეთანხმებას არ დათანხმდა. აქედან გამომდინარე, ამერიკამაც ხელი ჩაიქნია და პრაქტიკულად, ხელები დაიბანა. ამის შემდეგ უკრაინის მომარაგებაში უფრო აქტიურად ევროპა ერთვება, მაგრამ აქ ჩნდება ერთი პრობლემა - იწყება ომი ირანში, უკრაინის საჰაერო თავდაცვა კი "პეტრიოტებზეა" აგებული, "პეტრიოტები" ამერიკის ხელშია. უკრაინას "პეტრიოტები" აღარ აქვს, რუსეთს კი სერიოზული უპირატესობა გაუჩნდა. ამიტომ რუსეთი მოლაპარაკებაში აზრს დიდად ვეღარ ხედავს და ფიქრობს, მე ვბომბავ, ჩემს რაკეტებს ვერ აგდებენ და მოლაპარაკება რაში მაწყობს, თუ ბევრს არ დამითმობე­ნო. ბევრს კი არ უთმობენ, იმიტომ, რომ ევროპელები ამხნევებენ უკრაინას.

- გერმანია რუსეთს ნატოს უსაფრთხოების დარღვევაში ადანაშაუ­ლებს... ანუ ევროპა ცდილობს რუსეთი წარმოაჩინოს როგორც უკვე საფრთხე ნატოსთვის. ტრამპის წარმომადგენლების მეორე ვიზიტი მოსკოვში შეიძლება ამ საკითხს მოიცავდეს?

- არ ვიცი, შეიძლება. მაგრამ რამდენად რეალურია ეს მცდელობა, ძნელი სათქმელია... ტრამპი პირდაპირ ამბობს, რომ ეს საკითხი არ აინტერესებს, რადგან ევროპელები მას არაფერში დაეხმარნენ.

- რუსეთი უარყოფს, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ შუა გერმანიაში იპოვეს ასაფეთქ­ებ­ელი ნივთიერებებით სავსე რუსული დრონები?

- თუ მართლაც ასეა, მაშინ საქმე უბრალოდ დაშინებასთან გვაქვს. რამდენად შესწევს ევროპას ამერიკის გარეშე საპასუხო რეაგირების ძალა, ჯერ არ ვიცით. აქვს კი, მაგალითად, გერმანიას ამის უნარი? მას საკუთარი ბირთვული იარაღი - შემაკავებელი ფაქტორი არ გააჩნია. ტრამპი კი ხშირად იმეორებს, რომ ეს აღარ აინტერესებს და ევროპას არ დაიცავს, მით უმეტეს, ირანის გამოც განაწყენებულია და მათ შორის განხეთქილება აშკარაა. რაც შეეხება პირველ, რეტკლიფის ვიზიტს მოსკოვში, ის ჯერ ეფ-ეს-ბესა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელებს შეხვდა, რის შემდეგაც პუტინთან აუდიენცია უნდა გამართულიყო. თუმცა პუტინი აღარ შეხვდა. როგორც ჩანს, ბორტნიკოვმა და ნარიშკინმა ჩათვალეს, რომ მის წინადადებებში პუტინისთვის საინტერესო არაფერი იყო და უფროსთან აღარ შეუშვეს. ეს, ჩემი აზრით, ორმა ფაქტორმა განაპირობა: პირველი - ამერიკა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში ნაკლებადაა ჩართული, ვიდრე ევროპა. ვაშინგტონს სიტყვა აღარ ეთქმის, რადგან უკრაინას ვეღარ ეხმარება საკმარისი რაოდენობის "პეტრიოტების" უქონლობის გამო; მეორე - რუსეთი ხედავს, რომ უკრაინას "პეტრიოტები" აღარ აქვს და ფრონტზე წინ მიიწევს. სანამ მოწინააღმდეგეს საჰაერო თავდაცვა არ გააჩნია, რუსეთს ომის გაგრძელება აწყობს და მოლაპარაკების დაწყების მიზეზს ვერ ხედავს. შესაბამისად, რეტკლიფმა მოსკოვში საინტერესო ვერაფერი ჩაიტანა. თუ მისი მიზანი იმის თქმა იყო, რომ ნატოს თავს არ დასხმოდნენ, ალბათ, უპასუხეს: "კეთილი, თავს არ დავესხმებით" და ამით ყველაფერი ამოიწურა.

- მაგრამ მისი ვიზიტიდან რამდენიმე დღეში მოსკოვში ჩადიან უიტკოფი და კუშნერი. რაიმე ხელშესახები რომ არ იყოს, ასე მალე მეორე ვიზიტს რა აზრი ექნებოდა?

- უიტკოფსა და კუშნერს პუტინი რატომღაც უფრო ენდობა - ეტყობა, მათთან ურთიერთობა უკეთ ააწყო და შესაძლოა მათზე გავლენაც მოიპოვა. ერთი რამ არის - ამერიკას განა რა ბერკეტი დარჩა? სინამდვილეში, ამერიკას ბერკეტი კი აქვს, ოღონდ არა იმდენად რუსეთზე, რამდენადაც თავად უკრაინაზე. ამის თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც "სტარლინკი", რომელსაც უკრაინა დღეს სერიოზულად იყენებს. მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, თუ ამერიკას ომის დამთავრება სურს, მან შესაძლოა ზეწოლა სწორედ უკრაინაზე მოახდინოს და არა რუსეთზე, რადგან მასზე ზემოქმედების ბერკეტები ვაშინგტონს პრაქტიკულად ამოეწურა. კიდევ რამდენი სანქცია უნდა დაუწესონ? დასაწესებელი აღარაფერი დარჩა - სხვა რამ რომ ყოფილიყო, ჯერ კიდევ ბაიდენი დააწესებდა, რომელიც ტრამპზე მოწადინებული იყო, რუსეთი დაემარცხებინა.

- რეტკლიფის ვიზიტის მერე ირანის უკრაინის საკითხში გაცვლის ვერსიამ წამოიწია...

- თუ ვინმეს იმის იმედი ჰქონდა, რომ უკრაინას ირანში გაცვლიდნენ, შეცდნენ. გაცვლა რას ჰქვია? რუსეთს მიაჩნია, რომ ომს იგებს და რატომ უნდა გაცვალოს ირანი მაშინ, როცა ირანი ამერიკას ფიტავს? ახლა რუსეთს უპირატესობა სწორედ ირანის წყალობით აქვს, ისევ და ისევ "პეტრიოტების" გამო - ამერიკამ "პეტრიოტები" ირანში გახარჯა და რუსეთი ფრონტზე უპირატესობას სწორედ ამის ხარჯზე ინარჩუნებს. რუსეთს ეს სტატუს-კვო აშკარად აწყობს. მართალია, მის ეკონომიკას სირთულეები აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ უძლებს.

რუსეთს აწყობს არსებული ვითარების შენარჩუნება და ისიც, რომ ამერიკა ამ ომში იყოს გაჩხერილი. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მოსკოვი ირანს ასე მარტივად არ მიატოვებს. ფაქტია, ირანის ომმა რუსეთს ფასდაუდებელი სამსახური გაუწია.

- ერდოღანმაც შესთავაზა პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებაში შუამავლობა...

- ერდოღანს ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია, რომ შავ ზღვაში ანგარიშგასაწევი მოთამაშე ყოფილიყო. ამიტომაც უნდა რაიმე ფუნქციის აღება. თუმცა, ჩემი აზრით, რუსეთს თურქეთისგან ბოლო პერიოდის ნაბიჯები კარგად არ ახსოვს: ზოგიერთ საკითხში თურქეთმა აშკარად უკრაინის მხარე დაიჭირა და რამდენად გაუხარდება ახლა პუტინს მისი ჩართვა, ძნელი სათქმელია.

- რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ რუსეთი იძულებული გახდეს, დათმობაზე წავიდეს?

- ძალიან უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ჯერ ამდენად არ უჭირს. ეკონომიკა და სამხედრო სფერო ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ომი ხომ ეკონომიკის ხარჯზე მიმდინარეობს. როგორც ჩანს, რუსეთის ეკონომიკას იმდენად არ უჭირს, რომ ეს ფრონტზე პირდაპირ აისახოს. საქმე იმ დონემდე არ მისულა, რომ ეკონომიკა ჩამოინგრეს.

ერთი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებთან შედარებით, ომის დაწყებისას რუსეთს თითქმის არ ჰქონდა დიდი სახელმწიფო ვალი. ამიტომ არ აღმოჩნდა ეს ომი მისთვის ფინანსურად დამანგრეველი. ახლა ბევრი ფული ისესხა, გამოუშვა ობლიგაციები და, ვინაიდან საწყისი ვალი მცირე ჰქონდა, ჯერ აშკარად აქვს ომის გაგრძელების რესურსი.

- ცოტა ხნის წინ დასავლურ მედიაში წერდნენ, რომ გაზაფხულისთვის ომის დასრულება იყო მოსალოდნელი. ეს ვადა გადაიწევს თუ გადმოიწევს?

- მეც მაქვს იმედი, რომ გაზაფხულზე მაინც დამთავრდება ეს დაუსრულებელი კოშმარი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ გამოსავალი არ ჩანს - რუსეთისთვის გამოსავალი არ არსებობს, თუ მინიმუმ დონბასი არ აიღო, უკრაინის ხელისუფლებისთვის კი რა არის გამოსავალი? ამ სიტუაციაში ომი რომ დამთავრდეს, მოსახლეობაში მაშინვე გაჩნდება კითხვა: "რისთვის ვომობდით?"

რუსა მაჩაიძე