საბჭოთა „ტიტანიკის“ ტრაგედია
1986 წლის 31 აგვისტოს რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკთან მომხდარი კატასტროფა საბჭოთა კავშირის სამოქალაქო ფლოტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და მძიმე საზღვაო ავარიის სახელით შევიდა. ბათუმის მიმართულებით მცურავ პრესტიჟულ საკრუიზო თბომავალ "ადმირალ ნახიმოვს" უზარმაზარი სატვირთო გემი "პიოტრ ვასიოვი" შეეჯახა. სამგზავრო ლაინერი სულ რაღაც 7-8 წუთში ჩაიძირა. ავარიას 1 234 ადამიანიდან 423 ემსხვერპლა, მათ შორის - 23 ბავშვი.
ლეგენდარული გემი
გემი საბჭოთა კავშირში არ აუგიათ, 1925 წელს გერმანიაში, ქალაქ ბრემენში აიგო და სახელად SS Berlin დაერქვა. თავდაპირველად ის ემსახურებოდა პრესტიჟულ ტრანსატლანტიკურ სამგზავრო მარშრუტს ევროპასა და ამერიკას შორის, 1939 წელს კი, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ხომალდი ჰოსპიტალ-გემად გადააკეთეს. 1945 წელს გემი პოლონეთის სანაპიროსთან ნაღმზე აფეთქდა და ჩაიძირა... ომის დასრულების შემდეგ, 1947 წელს, საბჭოთა კავშირმა გემი ზღვის ფსკერიდან ამოიღო, კაპიტალურად აღადგინა და შავი ზღვის სანაოსნოს პრესტიჟულ სამგზავრო ლაინერად გადააკეთა. ბილეთის შოვნა ამ გემზე ნამდვილ პრივილეგიას წარმოადგენდა.
საბედისწერო რეისი
1986 წლის 29 აგვისტოს "ადმირალმა ნახიმოვმა" ოდესიდან ბათუმის მიმართულებით ტრადიციული კრუიზი დაიწყო. 31 აგვისტოს გემი იალტიდან ნოვოროსიისკში ჩავიდა და 34-ე ნავმისადგომს მიადგა. იმავე საღამოს, ზუსტად 22:00 საათზე, ნავმისადგომი დატოვა. ოფიციალური მონაცემებით, ამ მომენტისთვის გემზე იმყოფებოდა 1 234 ადამიანი (897 მგზავრი და 347 ეკიპაჟის წევრი - მათ შორის, ერთი საქართველოს მოქალაქე). მგზავრების უმრავლესობა საბჭოთა მოქალაქე იყო.
გასვლის წინ კაპიტანმა ვადიმ მარკოვმა გემების მოძრაობის რეგულირების პოსტს მიმართა და სარეიდო ვითარება იკითხა. უპასუხეს, რომ გზაზე პორტს ბოსფორის მხრიდან მხოლოდ ერთი, კანადური ხორბლით დატვირთული სატვირთო გემი "პიოტრ ვასიოვი" უახლოვდებოდა და ისიც გაფრთხილებული იყო, რომ ლაინერს გასასვლელში გზას დაუთმობდა...
"პიოტრ ვასიოვი" პორტს 12,5 კვანძის სიჩქარით უახლოვდებოდა. 21:30 საათზე მართვა კაპიტანმა ტკაჩენკომ ჩაიბარა, რომელსაც თანაშემწე ზუბიუკი ეხმარებოდა. ტკაჩენკომ პორტის სამსახურებს დაუდასტურა, რომ გამვლელ სამგზავრო გემს გვერდს მარჯვენა მხრიდან აუვლიდა, თუმცა დაკვირვება დაიწყო ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის (САРП) მონიტორზე, რომელიც აჩვენებდა, თითქოს გემები ერთმანეთს გვერდს უსაფრთხოდ აუვლიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თანაშემწე ზუბიუკი კაპიტანს აფრთხილებდა, რომ გემის მიმართულება არ შეცვლილა და შეჯახების საფრთხე იქმნებოდა, ტკაჩენკომ ეს გაფრთხილება უგულებელყო, რადგან კაპიტანი ბრმად ენდობოდა ტექნიკას.
"ადმირალ ნახიმოვის" კაპიტანმა მარკოვმა კურსი 160 გრადუსზე გაასწორა და პასუხისმგებლობა თანაშემწე ჩუდნოვსკის გადააბარა. ჩუდნოვსკიმ სატვირთო გემის საშიში მიახლოება მალევე შენიშნა და რადიოთი კიდევ ერთხელ გადაამოწმა, რაზეც კვლავ მიიღო დაპირება, რომ სატვირთო გემი სამგზავრო ლაინერს გაატარებდა.
მხოლოდ ბოლო წუთებში, როდესაც შეჯახება უკვე გარდაუვალი იყო, ტკაჩენკომ ძრავები გადართო რეჟიმზე: "სრული სვლით უკან!", თუმცა გემის უზარმაზარი ინერციით სვლა ვეღარ შეაჩერა. თავის მხრივ ჩუდნოვსკიმაც გასცა ბრძანება: "მარცხნივ ბორტზე!", მაგრამ უკვე გვიანი იყო... "პიოტრ ვასიოვმა" 110-გრადუსიანი კუთხით ძლიერად შეანგრია„"ადმირალ ნახიმოვის" მარჯვენა მხარე ზუსტად სამანქანე-საქვაბე განყოფილებაში. ძლიერი შეჯახების შედეგად ლაინერის ბორტზე წყალი მთელი ძალით შევარდა, ხოლო გამანადგურებელმა დარტყმამ მთავარი ელექტროგენერატორი მწყობრიდან გამოიყვანა და... გემი სრულ სიბნელეში ჩაიძირა. ავარიულმა ავტომატურმა დიზელ-გენერატორმა მხოლოდ 2 წუთი იმუშავა და შემდეგ ისიც ჩაქრა...
გემმა წამებში დაიწყო მარჯვენა მხარეს გადახრა. ნამდვილი "ტიტანიკისგან" განსხვავებით, რომელმაც საათები გაძლო, "ადმირალი ნახიმოვი" შეჯახებიდან სულ რაღაც 7-8 წუთში (23:20 საათზე) ცემესის ყურის ფსკერზე, 47 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა. კორპუსში შეჭრილმა წყალმა მრავალი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი ჩაკეტილ კაიუტებსა და დერეფნების ლაბირინთში მოიმწყვდია და...
საინტერესო დეტალია, რომ გემის თანაშემწე ჩუდნოვსკი, რომელიც შეჯახების მომენტში ხიდურაზე შტურვალს მართავდა, დარტყმისთანავე თავის კაიუტაში ჩავიდა, კარი ჩაკეტა და გემთან ერთად ჩაიძირა...
მისი ცხედარი ქვედა სართულებზე იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ ეკიპაჟს ბრალი დასდო ტრაგედიაში, გადარჩენილები აღნიშნავდნენ, რომ ჩუდნოვსკი ბოლო წუთამდე ცდილობდა შეჯახების თავიდან აცილებას. მისი კოლეგები კი წლების განმავლობაში იბრძოდნენ ჩუდნოვსკის სახელის რეაბილიტაციისთვის, ამტკიცებდნენ, რომ ის ბოლომდე თავისი მოვალეობის ერთგული დარჩა.
ადგილზევე დაიღუპნენ სამანქანე-საქვაბე განყოფილების მეზღვაურები... ბევრი რიგითი მეზღვაური, ბარმენი, სტიუარდი და ტექნიკური პერსონალი კაიუტებიდან მგზავრების გამოყვანას, მაშველი ჟილეტების დარიგებასა და ნავების გაშვებას ცდილობდნენ (რამდენადაც ამის საშუალებას დრო და პირობები იძლეოდა). ეკიპაჟის ბევრი წევრი საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხმარებოდა ძალაგამოცლილ მგზავრებს სამაშველო ნავებსა და ტივტივებზე ასვლაში.

სამაშველო ოპერაცია
სამაშველო ოპერაცია ძალიან მალე დაიწყო. მაშველებმა ზღვიდან 811 ადამიანი ამოიყვანეს. თავად "პიოტრ ვასიოვის" ეკიპაჟმაც სცადა ხალხის გადარჩენა და წყლიდან 37 ადამიანი აიყვანა. მიუხედავად სწრაფი რეაგირებისა, მსხვერპლი კოლოსალური იყო: ოფიციალური მონაცემებით, კატასტროფას 423 ადამიანი (359 მგზავრი, მათ შორის ბავშვები და ეკიპაჟის 64 წევრი) ემსხვერპლა. ლაინერის ლუქს-კაიუტებში მყოფი მაღალი რანგის სტუმრებიდან (მათ შორის იყვნენ საბჭოთა პარტიული ნომენკლატურისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები) ბევრმა ვერც მოასწრო გამოსვლა, რადგან წყლის მყისიერმა ნაკადმა და გემის ციცაბო დახრამ კარებები ჩაკეტა.
ჯოჯოხეთი წყალში
გემის ჩაძირვის მომენტში სამანქანე განყოფილებიდან ზღვაში უზარმაზარი რაოდენობის მაზუთი და საწვავი ჩაიღვარა. შედეგად, წყალში აღმოჩენილი ხალხი არა მხოლოდ ტალღებსა და პანიკას ებრძოდა, არამედ სქელ, ბლანტ მაზუთში იყო ამოთხვრილი. ეს მდგომარეობა ცურვას შეუძლებელს ხდიდა და ძალიან ართულებდა სამაშველო სამუშაოებს. რთულ წყალქვეშა და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ პროფესიონალი მყვინთავებიც. ცხედრების ამოსაყვანად გემის მარცხენა ბორტზე სპეციალური ხვრელების გაჭრა გახდა საჭირო. სამუშაოები ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა და წყალქვეშა ოპერაციისას დაიღუპა ორი პროფესიონალი მყვინთავი. ორივე მათგანი სიცოცხლის ფასად ცდილობდა ჩაკეტილი კაიუტებიდან ბავშვების გამოყვანას... სიკვდილის შემდეგ ისინი წითელი ვარსკვლავის ორდენებით დაჯილდოვდნენ...
სიყვარული, რომელიც ზღვის ფსკერზე დასრულდა
ტრაგედიის ამსახველი არქივები და გადარჩენილთა მოგონებები სავსეა გულისამაჩუყებელი და დრამატული ისტორიებით.
ახალგაზრდა წყვილი ოდესიდან შვებულებით მიემგზავრებოდა. შეჯახების მომენტში ისინი კაიუტაში ისვენებდნენ. როდესაც წყალი შევარდა, მამაკაცმა საცოლეს სამაშველო ჟილეტი ჩააცვა, თავისთვის კი აღარ ჰქონდა. წყალქვეშა დინებამ ისინი ერთმანეთს დააშორა. ქალი სასწაულებრივად გადარჩა და მაშველებმა ამოიყვანეს, მისი საქმრო კი გემთან ერთად ჩაიძირა.
წლების განმავლობაში ქალი ყოველ 31 აგვისტოს ნოვოროსიისკში ჩადიოდა, ზღვაში ყვავილებს უშვებდა და ამით დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებდა.
მამის გმირობა
კაცი, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად მოგზაურობდა, შეჯახებისთანავე მიხვდა, რომ გემი იძირებოდა. მან მოასწრო ბავშვისთვის მაშველი ჟილეტის შეკვრა და დედასთან ერთად გემბანზე გაგზავნა, თავად კი საბუთებისა და ბარგის გამოსატანად კაიუტაში დაბრუნდა. ზუსტად იმ წამებში გემმა კრიტიკული გადახრა დაიწყო, კაიუტა წყლით აივსო, კარი ჩაიკეტა და ვერ გამოაღწია... მამა ბოლო წუთამდე ცდილობდა სავენტილაციო ხვრელიდან შვილისთვის ხმა მიეწვდინა და გაემხნევებინა...
მუსიკოსები
გემზე მუშაობდნენ მუსიკოსები, რომლებიც მგზავრებს ართობდნენ. შეჯახებისას ერთ-ერთი მუსიკოსი გემის ღია გემბანზე იმყოფებოდა და ინსტინქტურად წყალში გადახტა. ხელი სტაცა უცნობ მგზავრს და ერთად შეძლეს ცურვით მიეღწიათ ნავამდე. მისმა კოლეგებმა კი ვეღარ გამოაღწიეს...
სასამართლო პროცესი
საქვეყნოდ გახმაურებული სასამართლო პროცესი 1987 წლის მარტში ოდესაში გაიმართა. ორივე კაპიტანი: ვადიმ მარკოვი ("ადმირალი ნახიმოვი") და ვიქტორ ტკაჩენკო ("პიოტრ ვასიოვი") დამნაშავეებად ცნეს და 15-15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ვიქტორ ტკაჩენკომ პატიმრობის შემდეგ გვარი შეიცვალა, ემიგრაციაში წავიდა და 2003 წელს კანადის სანაპიროსთან საკუთარი იახტით ბობოქარ ზღვაში დაიღუპა.
ვადიმ მარკოვი ოდესაში დაბრუნდა და 2007 წელს ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
საბჭოთა ცენზურა
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მასშტაბის კატასტროფა შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა, ცენტრალურმა მედიამ ინფორმაცია დაგვიანებით და მკაცრად გაფილტრული მიაწოდა მოსახლეობას. ოფიციალური პრესა ცდილობდა მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ორი კაპიტნის: მარკოვისა და ტკაჩენკოს დაუდევრობისთვის მიეწერა. ათწლეულების განმავლობაში მკაცრად იყო გრიფირებული საარქივო მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა საზოგადოებას არ ენახა სისტემური ხარვეზები პორტის სამსახურების მუშაობაში: დისპეტჩერების უპასუხისმგებლობა და საბჭოთა საზღვაო ინფრასტრუქტურის ზოგადი გაუმართაობა.
საბჭოთა "ტიტანიკი“
ხალხმა ამ ტრაგედიას "საბჭოთა ტიტანიკი" უწოდა არა მხოლოდ გემების ზომის, ტრაგედიის განვითარების იდენტური სცენარის გამოც: ორივე შემთხვევაში კაპიტნები დარწმუნებული იყვნენ უსაფრთხოებაში და არ გაითვალისწინეს გამაფრთხილებელი ნიშნები (ტიტანიკის შემთხვევაში აისბერგების შესახებ რადიოგაფრთხილება, "ადმირალ ნახიმოვის" შემთხვევაში კი კაპიტანმა უგულებელყო თანაშემწის გაფრთხილება).
ცხადია, მათ შორის არის განსხვავებაც - მაგალითად, დრო! "ტიტანიკმა" კატასტროფიდან სრულ ჩაძირვამდე 2 საათი და 40 წუთი გაძლო, "ადმირალი ნახიმოვი" კი სულ რაღაც 7-8 წუთში ჩაიძირა, რამაც მგზავრებს თითქმის არ დაუტოვა დრო ევაკუაციისთვის, მაშველი ჟილეტების ჩასაცმელად ან გემბანზე ასასვლელად...
დღეს თბომავალი "ადმირალი ნახიმოვი" უძრავად დევს ცემესის ყურის ფსკერზე, 47 მეტრის სიღრმეზე. ტერიტორია ოფიციალურად გამოცხადებულია საერთო საძმო სამარხად. მის ირგვლივ 500-მეტრიანი რადიუსით მკაცრი აკრძალვა მოქმედებს: აკრძალულია ღუზის ჩაშვება, წყალქვეშა ცურვა და ყოველგვარი ქმედება, რომელიც ამ ტრაგიკული ადგილის სიმშვიდეს დაარღვევს...
შორენა ბიწაძე