ყველაზე „დაწყევლილი“ თანამდებობა საქართველოში ანუ პრემიერების დილემა - კვირის პალიტრა

ყველაზე „დაწყევლილი“ თანამდებობა საქართველოში ანუ პრემიერების დილემა

თქვენს მონა-მორჩილს თუ ჰკითხავთ, შესალოცია პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რადგან ყველაზე "დაწყევლილი" პოსტია. იმიტომ, რომ პრემიერები საქართველოში ან ქვეყანას მართებდნენ ცუდ ამბავს, ან თავის თავს, ხან იმ ბანაკში იყვნენ, ხან ამ ბანაკში - მოკლედ, კარგი ტრილერის გადაღება შეიძლება.

ზოგიერთმა მოახერხა და კვალიც დატოვა ჩვენს მეხსიერებაში. მაგალითად, ახალგაზრდებმა არ იციან, რა არის "სიგუას ნამცხვარი", სამაგიეროდ, 90-იანელ ბავშვებს კარგად გვახსოვს... პოპულარული იმიტომ იყო, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი, ცოტა და იაფი ინგრენდიენტებისგან მზადდებოდა - რა თქმა უნდა, არა კარგი ცხოვრებისგან. ცხოვრება კი კარგი რომ არ იყო, ამაში თავად თენგიზ სიგუას მიუძღვის დიდი წვლილი - დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრემიერ-მინისტრს. ის თანამდებობაზე 1991 წლის 9 აპრილს დაინიშნა და პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მის მიმართ თბილ სიტყვებს არ იშურებდა, თუმცა... სიამტკბილობამ სულ რამდენიმე თვეს გასტანა. 1991 წლის 18 აგვისტოს მოსკოვში დაიწყო "გეკაჩეპეს" მიერ ორგანიზებული გადატრიალება, რომელსაც სსრკ-ის მაღალი თანამდებობის პირები ხელმ­ძღვანელობდნენ. მათი მიზანი იყო სსრკ-ის პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის გადაყენება და "მოკავშირე" რესპუბლიკებთან ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება. მეთოდები ტრადიციულ-საბჭოური ჰქონდათ - ტანკები და სადესანტო პოლკები. მოსკოვში ჯარი შევიდა... საქართველოში ასეთი ვითარება იყო - დამოუკიდებლობა კი გამოაცხადა ქვეყანამ 1991 წლის 9 აპრილს, მაგრამ ოფიციალურად არც ერთ სახელმწიფოს ჯერ არ ჰქონდა აღიარებული და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველო ჯერ კიდევ სსრკ-ის შემადგენლობაში ითვლებოდა. იყო საფრთხე, თუ მოსკოვში "გეკაჩეპე" გაიმარჯვებდა, ტრადიციულ-საბჭოური მეთოდებით გაენადგურებინათ ახალშექმნილი ქართული ეროვნული გვარდია. სწორედ ამ საფრთხის გამო, პრეზიდენტმა გამსახურდიამ გვარდია ოფიციალური ბრძანებით დაუქვემდებარა შსს-ს ანუ გამორიცხა, რომ "გეკაჩეპეს" გვარდია არაკანონიერ შეიარაღებულ ფორმირებად გამოეცხადებინა. ამას მოჰყვა ის, რომ გვარდიის სარდალი თენგიზ კიტოვანი ამბოხდა და რამდენიმე შენაერთთან ერთად რკონის ტყეში გამაგრდა - მან გამსახურდია მოსკოვთან ალიანსში დაადანაშაულა. კიტოვანს მხარდაჭერა გამოუცხადა თენგიზ სიგუამაც, რომელიც პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა და ოპოზიციაში გადავიდა. ამის შემდეგ ის გამსახურდიას ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი იყო, რბილად რომ ვთქვათ...

1991 წლის 26 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი ხდება ბესარიონ გუგუშვილი. მან თანამდებობა გამსახურდიას ხელისუფლების დამხობამდე (1992 წლის 6 იანვარი) შეინარჩუნა. ამ დამხობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო ყოფილი პრემიერი სიგუა. გუგუშვილმა ბოლომდე შეინარჩუნა გამსახურდიას ერთგულება. პირველი პრეზიდენტის ზოგიერთ მომხრეს მის მიმართ გარკვეული პრეტენზიები აქვს, მაგრამ ეს ამ სტატიის თემა არ არის.

1992 წლის 6 იანვარს არაკანონიერი ხელისუფლების არაკანონიერი პრემიერ-მინისტრი ისევ თენგიზ სიგუა ხდება. ხელისუფლება კანონიერად იქცა 1992 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ქვეყანაში ჰიპერკრიზისი იყო. შევარდნაძემ ჯოხი მთავრობაზე გადატეხა და 1993 წლის 5 აგვისტოს სიგუამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. სხვათა შორის, ის ცხოვრების ბოლომდე შევარდნაძეს მძაფრად აკრიტიკებდა და ათას დასაბუთებულ თუ დაუსაბუთებელ ცოდვას აბრალებდა.

1993 წლის 20 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხდება ოთარ ფაცაცია. სხვათა შორის, ძალიან პატრიოტი და მეურნე კაცი, რომელიც ცდილობდა კორუფციასთან ბრძოლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თუმცა მის პრემიერად დანიშვნას სხვა მიზეზიც ჰქონდა. იმ პერიოდში სამეგრელოში, განსაკუთრებით ზუგდიდში, მძლავრობდნენ გამსახურდიას მომხრეები და ქვეყანაში სამოქალაქო ომი იწყებოდა. ზუგდიდელი ოთარ ფაცაციას დანიშვნა პრემიერად შევარდნაძის მხრიდან ერთგვარი პოლიტიკური მანევრი იყო სამეგრელოს მოსახლეობის გულის მოსაგებად.

ოთარ ფაცაციაზე პრემიერის ინსტიტუტის პირველი ეპოქა დასრულდა (მისი ბოლო სამუშაო დღე იყო 1995 წლის 5 ოქტომბერი). 1995 წლის აგვისტოში ქვეყანამ მიიღო ახალი კონსტიტუცია. ჩაითვალა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის ინსტიტუტი აღარ სჭირდებოდა. მთავრობის ხელმძღვანელი გახდა პრეზიდენტი. "ნახევრადპრემიერი" კი იყო სახელმწიფო მინისტრი (ნიკო ლეკიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე, გია არსენიშვილი), მაგრამ უფრო პრეზიდენტის თანაშემწის ფუნქცია ჰქონდა.

თუმცა იყო ერთი ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდოდა პრემიერობა (და თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, მისი გავლენებიდან და პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე, ეკუთვნოდა კიდეც) - ზურაბ ჟვანია. განსაკუთრებით მისი ამბიციები გაძლიერდა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მეორე პრეზიდენტი შევარდნაძე თავის თამაშს თამაშობდა - ერთი მხრივ, თითქოსდა თანახმა იყო პრემიერის ინსტიტუტის აღდგენაზე და ჟვანიას დანიშვნაზე, მეორე მხრივ კი ყველანაირად წელავდა ამ საკითხის ოფიციალურად განხილვას. საბოლოოდ, 2001 წელს, ჟვანია სააკაშვილთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა, რაც დასრულდა 2003 წლის ნოემბრის "ვარდების რევოლუციით". გამარჯვებულებმა თანამდებობები გადაინაწილეს - მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი, ზურაბ ჟვანია პრემიერ-მინისტრი (ოღონდ, კონსტიტუციის შეცვლა ისევ გახდა საჭირო), პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

pageprem2-1788718843.jpg

ზურაბ ჟვანიას პრემიერ-მინისტრობის დროს (2004 წლის 17 თებერვლიდან) ქვეყანა გახდა სუპერსაპრეზიდენტო სახელმწიფო და მთავრობის ხელმძღვანელს დიდი მანევრების საშუალება არ ჰქონდა. საბოლოოდ, სააკაშვილმა დაიწყო მისი შევიწროება და პრემიერის ახლობლები ხვდებოდნენ, რომ ეს დუეტი დიდხანს ვერ გააგრძელებდა თანაარსებობას, თუმცა... 2005 წლის 3 თებერვალს ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს. საზოგადოების დიდი ნაწილი დღესაც დარწმუნებულია, რომ პრემიერი მოკლეს!

2005 წლის 17 თებერვლიდან პრემი­ერ-მინისტრი ხდება ზურაბ ნოღაიდელი. რატომ შეჩერდა ნოღაიდელზე არჩევანი? კარგი მენეჯერია და პოლიტიკური ამბიციები არ აქვს! არადა, თურმე ჰქონდა ნოღაიდელს პოლიტიკური ამბიციები, უბრალოდ, პრემიერობის დროს "მალავდა". 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ სააკაშვილმა ხელისუფლების "რესტარტი" დაიწყო და 16 ნოემბერს ნოღაიდელიც გამოემშვიდობა პრემიერის სავარძელს. აი, მერე კი ამოხეთქა პოლიტიკურმა ამბიციებმა. ნოღაიდელი თავისი ყოფილი შეფის ოპოზიციაში გადავიდა, აქეთ პუტინს შეხვდა, იქით ოპოზიციური პარტია დააფუძნა, რომელმაც სკანდალურად დაასრულა თავისი არსებობა. ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერის გაწევ-გამოწევაც რომ ვიხილეთ სულ რამდენიმე თვის წინ სასამართლოში, ამაზე აღარ შევჩერდებით...

2007 წლის 22 ნოემბერს პრემიერად დაინიშნა ლადო გურგენიძე. კარგი მენეჯერი, მაგრამ პოლიტიკა არ ესმოდა (თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით). თავი იმით გამოიჩინა, რომ აგვისტოს ომის დროს ვაზიანის ბაზაზე შეკრებილ რეზერვისტებს უყვებოდა< - ნუ ნერვიულობთ, რუსეთთან დალაგებულია ყველაფერიო. გურგენიძემ პრემიერის სავარძელი 2008 წლის 1-ლ ნოემბერს დატოვა. არც მანამდე და არც შემდეგ, მას სასიამოვნო თუ უსიამოვნო პრეტენზიები არ შეუთავაზებია სააკაშვილისთვის.

დადგა დრო საქართველოს ისტორიაში ყველაზე "მცირევადიანი" პრემიერის. გრიგოლ მგალობლიშვილი ამ თანამდებობას 2008 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2009 წლის 6 თებერვლამდე იკავებდა. მისი მთავარი შეცდომა იყო, რომ ვერ გაერკვა მაშინდელი ხელისუფლების ქვედინებებში. მაგალითად იმაში, რომ დავით კეზერაშვილი ყველა პრემიერზე პრემიერია. "კეზერასთან" კონფლიქტი მგალობლიშვილს თანამდებობად დაუჯდა...

სააკაშვილის ხელისუფლებაში კიდევ უნდა ეპოვათ კარგი მენეჯერი და პოლიტიკური ამბიციების არმქონე და იპოვეს ნიკა გილაური - პრემიერი 2009 წლის 6 თებერვლიდან. ის პრემიერობიდან 2012 წლის 30 ივნისს წავიდა და კიდევ 12 წელი პოლიტიკური ამბიციები არ გამოუვლენია, სანამ... 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "კოალიცია ცვლილებებისთვის" სპონსორად არ მოგვევლინა. დღეს ციხეში მყოფი სააკაშვილი ლამის ყოველ მეორე პოსტში ახსენებს თავის ყოფილ პრემიერს, როგორც "ოცნების" აგენტს და ოპოზიციის მომსყიდველს.

pageprem3-1788718843.jpg

მივედით პირველ პრემიერამდე, რომელიც ციხეში იჯდა. ვანო მერაბიშვილს პრემიერობა არ უნდოდა (2012 წლის 4 ივლისი). იმიტომ, რომ თმობდა რეალურ ძალაუფლებას შს სამინისტროს სახით და ამ ძალაუფლებას ხელში იგდებდა მისი დაუძინებელი მტერი ბაჩო ახალია. თუ შსს-ს ვერ აკონტროლებ, გინდ პრემიერი გერქვას და გინდ იმპერატორი... ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და 2012 წლის 25 ოქტომბერს ვანო მერაბიშვილი თანამდებობას გამოემშვიდობა. ერთ წელიწადში ციხეშიც წავიდა ვალერი გელაშვილის ცემისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. "ატ ზვანკა - დო ზვანკა" 6 წელი და 9 თვე მოიხადა.

ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 20 ნოემბრამდე, როდესაც ის ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა. ივანიშვილმა ღარიბაშვილი 2015 წლის 30 დეკემბერს მკვეთრი ფორმით მოხსნა თანამდებობიდან...

2015 წლის 30 დეკემბერს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდა. ანალიტიკოსები მას უღრუბლო პრემიერობას ჰპირდებოდნენ (პირველ რიგში იმიტომ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მათ შორის, ოპოზიციურად განწყობილებისთვისაც მისაღები ფიგურა იყო), მაგრამ... ივანიშვილთან უთანხმოება მას თანამდებობასთან გამომშვიდობებად დაუჯდა - 2018 წლის 13 ივნისი. კვირიკაშვილი პოლიტიკას აღარ გაჰკარებია. ხანდახან სოცქსელით გამოეხმაურება ხოლმე მნიშვნელოვან მოვლენებს და ხელისუფლებისადმი კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს.

2018 წლის 20 ივნისს პრემიერად დაინიშნა მამუკა ბახტაძე. მან თავი საზოგადოებას იმით დაამახსოვრა, რომ 2019 წლის 2 სექტემბერს მოულოდნელად მოიწვია პრესკონფერენცია და თქვა - ჩემი მისია შევასრულე, განათლების რეფორმა განვახორციელე და აბა, კარგად იყავითო... იყო პრემიერი, რომელიც ყველაზე "ლამაზად წავიდა".

გიორგი გახარია პრემიერად 2019 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა. მასზე ამბობდნენ, აი, ეგ კი ნამდვილად ფლობს რეალურ ძალაუფლებასო, თუმცა... 2021 წლის 18 თებერვალს სკანდალურად გადადგა თანამდებობიდან - ნიკა მელიას დაკავებამ შესაძლოა, პოლიტიკური ესკალაცია გამოიწვიოს და მე ამაზე უთანხმოება მაქვს თანაგუნდელებთანო (თუმცა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გადადგომის სხვა მიზეზი დაასახელა). გახარია ოპოზიციაში გადავიდა და საქართველოში რომ ყოფილიყო, ალბათ, ციხეში იჯდებოდა. მაგრამ დროზე წავიდა და ჯერჯერობით იძებნება ჩორჩანას საგუშაგოსა და 20 ივნისის მოვლენების საქმეებზე.

ირაკლი ღარიბაშვილი არის მეორე პრემიერი, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ორჯერ იყო და ასევე, მეორე პრემიერი, რომელიც ციხეში ზის/იჯდა. პრემიერად მეორედ დაინიშნა 2021 წლის 22 თებერვალს, გადადგა 2024 წლის 29 იანვარს, დააკავეს (ფულის გათეთრების საქმე) 2026 წლის 12 იანვარს... ღარიბაშვილი ივანიშვილის ოპოზიციაში არ გადასულა, თუმცა ციხიდან წერილებს გზავნის და მძიმე ბრალდებებს უყენებს მოქმედ პრემიერ ირაკლი კობახიძეს და აწ უკვე პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეს.

ირაკლი კობახიძე პრემიერად 2024 წლის 8 თებერვალს დაინიშნა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მის თავზეც იღრუბლება ცაო, თუმცა...

გიორგი კვიტაშვილი