"ბევრი წელი ისე მაბულინგეს, გვარის შეცვლაზეც კი ვფიქრობდი“
"ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში გვხვდებიან, ჩვენში გარკვეულ ანარეკლს ტოვებენ. მათგან გამორჩეულები ახდენენ უდიდეს შთაბეჭდილებას", - ამბობს მსახიობი გიორგი ყიფშიძე და ამ ნიშნით მისი ცხოვრებიდან 3 მნიშვნელოვან ადამიანს არჩევს.
ირაკლი ჩარკვიანი და ილიკო სუხიშვილი
- ირაკლი მამაჩემის მხრიდან გავიცანი. პირველად მთაწმინდაზე, საფრანგეთის საელჩოში შევხვდი, სადაც მშობლებმა წამიყვანეს. დახურული საღამო იყო, ირაკლის სიმღერის პრეზენტაცია ჰქონდა და გავგიჟდი, ისე მომეწონა. იქ რაც მოვისმინე, ჩემთვის ძალიან უცხო იყო. იმ პერიოდში ყველა ერთნაირად იცვამდა, ყველა ერთნაირად გამოიყურებოდა, რიგი მიზეზების გამო, ადამიანები ჩარჩოებიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ და ირაკლი იყო ის, ვინც ეს ყველაფერი დაანგრია, ჩარჩოები გაარღვია. მან ძალა მომცა, თავდაჯერებულობა შემძინა. თურმე შეიძლება სხვანაირიც იყო, თურმე შეიძლება არ ჰგავდე ყველას და იყო განსხვავებული. შეიძლება ასე იცხოვრო და არ მოგკლან, არ გცემონ, არ დაგძრახონ... ირაკლიმ ჩემში, როგორც თინეიჯერში, უდიდესი ტრანსფორმაცია მოახდინა, ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა. იმ მოცემულობაში თეთრი ყვავი იყო, მან დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ხიბლი დამანახა.
ამის შემდეგ ვაკის პარკში, ალტერნატიული მუსიკის ფესტივალზე მოვუსმინე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მან ჩემში დიდი აფეთქება მოახდინა. როგორც "ბითლზებმა" მოახდინეს გავლენა ადამიანების ცნობიერებაზე, ასე იყო ირაკლის შემთხვევაშიც. მისი სამყარო მხოლოდ მიმზიდველი კი არა, სამაგალითოც აღმოჩნდა.
სანამ ირაკლი გარდაიცვლებოდა, იყო ასეთი გადაცემა - ოჯახს ერთი თვე ტელევიზიის კამერა იღებდა. პირველი ირაკლის ოჯახი გადაიღეს, შემდეგ ესტაფეტა მე გადმომცა და ჩემთან იღებდნენ. თავად ეს ფაქტი იყო მნიშვნელოვანი, პატივად ჩავთვალე.
იყო შემთხვევა, როცა მამაჩემი მანქანით მეგობრებს (მათ შორის ირაკლის) სახლებში არიგებდა და მეც მასთან ერთად ვიყავი... ირაკლი ყველა პრობლემას თავისებურ ახსნას უძებნიდა, აღფრთოვანებული ვუსმენდი, ის მხოლოდ მუსიკით კი არა, ინტელექტითაც ძალზე საინტერესო კაცი იყო. ზოგიერთისთვის მიუღებელიც, მაგრამ ეს მას არანაირად არ აკნინებდა.
მეორე ადამიანი, ვინც ჩემზე ზეგავლენა მოახდინა, ილიკო სუხიშვილია. 17 წლის ვიყავი, როცა პირველად შევხვდი და იმ დღიდან მოვიხიბლე. ილიკო ჩემზე 6 წლით უფროსია, მაგრამ ვეპყრობოდი და ვეპყრობი, როგორც გაცილებით უფროს ადამიანს. როცა ლაპარაკობს, იმდენად საინტერესო აზრები აქვს, სიტყვას ვერ ვაწყვეტინებ. სულ ვცდილობ, მისი ენერგეტიკა შევისრუტო. მომწონს, როგორც წარმოადგენს თავის გვარს და ოჯახს, მომწონს ის, რასაც აკეთებს. ილიკოზე ამის შვილია და იმის შვილიშვილია, ვერ იტყვი, ამ კაცზე გენი არ გაცვეთილა. გამბედავია, თამამი, გემოვნებიანი, ნიჭიერი. ისე გაათანამედროვა ცეკვები, ბევრი ვერ გაბედავდა. არ ეშინია, რომ რაღაც არ გამოუვა.
- ამის გამო ბევრი კრიტიკაც მიიღო.
- მას ხომ ძველი არ გადაუკეთებია, დატოვა და ახალი მოძრაობები დაამატა. გაბედა და "ასსა ფართი" გააკეთა. ეს არ არის ძველის გაფუჭება, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ინტერნეტში მის ცეკვებს რომ ვნახულობ, საქებარ სიტყვებს არ ვიშურებ. იმ ძველ ქართულ ცეკვას ვერავინ გააფუჭებს.
გიორგი მარგველაშვილი
- თეატრალურში თავდაპირველად სარეჟისოროზე ვსწავლობდი. ჩემმა ჯგუფელმა შილერის "ყაჩაღები" დადგა, მსახიობი სჭირდებოდა და დავეხმარე, სპექტაკლში ვითამაშე. გოგი მარგველაშვილმა ნახა და მითხრა, სამსახიობოზე ხომ არ ცდიდიო? მაგრამ იცით რანაირად მითხრა? ეგრევე დავუჯერე, გავყევი და გზაში ისე მელაპარაკა, რომ ეს პროფესია შემაყვარა, გიორგი მარგველაშვილის დამსახურებაა დღეს მსახიობი რომ ვარ. მანამდე ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ამ პროფესიით მოხიბლული არ ვყოფილვარ. ამ კაცმა დამარწმუნა, რომ ჩემში არის რაღაც, რაც ყველას არა აქვს და რაც მსახიობისთვის ძალიან საჭიროა. ეს ყველაფერი კი სწორ დროს, სწორ ადგილას, ისეთი სწორი ფორმით მითხრა, ჩემი მომავალი შეცვალა... სარეჟისოროზე ავთო ვარსიმაშვილთან ვსწავლობდი. იქ იყვნენ ოთარ ეგაძე, ჭოლა და მათაც იგივე მითხრეს. ვიფიქრე, რომ ისინიც ხედავდნენ ჩემში რაღაც მარცვალს და სამსახიობოზე ჩაბარება გადავწყვიტე. თან შემდეგ წელს ჯგუფი გოგი მარგველაშვილს უნდა აეყვანა.
- ეს რომ ოჯახში თქვი, ბატონი ზურას რეაქცია რა იყო?
- მამაჩემმა - ვაიმე, ვაიმე, ვაიმეო... და ოთახიდან გავიდა. არ დამეხმარა. მე არაფერ შუაში არ ვარ, რაც გინდა, ის ქენი, მიდი და შენს საქმეს თავად მიხედეო. თითქოს ერიდებოდა, ეს გზა რომ ავირჩიე, ამბობდა, ახლა დაიწყებენ, ზურას შვილია და მიიღებენ, აბა, რა იქნებაო... მე კი მამაჩემის ამ დამოკიდებულებაზე ძალიან ვბრაზდებოდი.
თეატრალურში მართლაც მიდიოდა საუბრები, ზურას შვილს ჩაუწყვესო, ბევრი წელი ისე მაბულინგეს, გვარის შეცვლაზეც კი ვფიქრობდი. ბებია დადეშქელიანი მყავდა და მინდოდა მისი გვარი მეტარებინა. რაღაცნაირად მაკომპლექსებდა კიდეც ეს ამბავი, არ მინდოდა, რომ ზურას შვილად აღმიქვამდნენ, მინდოდა, ჩემი სახელი ჩემი დამსახურება ყოფილიყო და არ ეთქვათ, ყიფშიძეების შლეიფის უკან ცხოვრება ადვილიაო, ეს დამოკიდებულება "მბრიდავდა".
- ამ თემაზე პედაგოგთან გისაუბრიათ?
- რა თქმა უნდა, გოგი მარგველაშვილი ძალიან დამეხმარა, ყველაფერი მან მასწავლა. შეიძლება ძალიან კარგი რეჟისორი იყო, მაგრამ პედაგოგიკა კიდევ სხვა რამეა. მას ორივე კარგად გამოსდის...
ჩემი პირველი კურსი ტრაგედიით დაიწყო. საშინელება მოხდა, ჩვენი თანაკურსელი თეკლა ღამბაშიძე ჩვენმა ერთმა ჯგუფელმა მოიტაცა. მერე ვიღაც ამ მოტაცებული გოგოს წამოსაყვანად მივიდა. იქ გაისროლეს და თეკლა მოგვიკლეს. მასთან ერთად მოკვდა ის ბიჭიც, ვინც მის წამოსაყვანად მივიდა, მომტაცებელი კი გადარჩა. საშინელება იყო...
პირველი კურსი რომ დავხურეთ, ჩვენი თეკლა დავსაფლავეთ. ყველანი ძალიან ცუდად ვიყავით. გიორგი მარგველაშვილმა ჩვენზე ისე ფაქიზად იმუშავა, რომ შეძლო და ბავშვები ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანა. ეს მარტივი ამბავი არ იყო.
მერე მთელი ცხოვრება სულ სწორ დროს მედგა მხარში. ისეთ დღეებშიც არ მომშორებია, ზოგიერთი ხელს რომ ჩაიქნევდა და დამტოვებდა, ამას არასდროს დავუვიწყებ... ადამიანური თანადგომის ისეთი მაგალითები მახსოვს, ამაზე მეტი და დიდი, რა შეიძლება ისწავლო პედაგოგისგან? ისიც მიფიქრია, რაც გიორგი მარგველაშვილმა შეძლო, მე შევძლებდი თუ არა?
2003 წელს, მამაკაცის როლი საუკეთესო შესრულებისთვის, "ოქროს ნიღაბი" ავიღე. "რომეო და ჯულიეტაში" მერკუციო მან გამაკეთებინა. იმ წელს წინანდლის პრემიაც ავიღე. ასე დაიწყო ჩემი კარიერა. ბატონი გოგი სულ მეუბნებოდა, "ოქროს ნიღაბი" აიღე და ამ როლზე ნაკლების გაკეთების უფლება აღარ გაქვსო, პერიოდულად მახსენებდა, რომ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდი ამ საქმეს. ცოტათი მაპანიკებდა კიდეც. ალბათ, ამის დამსახურება იყო, რომ მე არასდროს არანაირი წარმატება თავში არ ამვარდნია. მაოკებდა, ყველა წარმატებულ ნაბიჯზე მეუბნებოდა, დამშვიდდი, ეს კარგია, მაგრამ წინ მთელი ცხოვრებაა... ძალიან მაგარი კაცია.
რა უცნაურია, სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, შენ რომ შესათანხმებლად დამირეკე და რუბრიკის სახელწოდება მითხარი, შენთვის არ მითქვამს, მაგრამ ეგრევე გავიფიქრე, რომ გიორგი მარგველაშვილზე უნდა მელაპარაკა. 10 წუთიც არ იყო გასული, ბატონმა გოგიმ სოციალურ ქსელში ბებიაჩემის, ლენა ყიფშიძის ფოტო გადმომიგზავნა, აბა, ეს ფოტო იცოდიო? იმდენად იშვიათი ფოტოა, მამაჩემმაც არ იცის, მეც პირველად ვნახე. გიორგის ვუთხარი, რაღაც უხილავი ძალა არსებობს, ცოტა ხანში "კვირის პალიტრასთან" თქვენზე უნდა ვისაუბრო-მეთქი. როგორი დამთხვევაა, არა?
თამუნა კვინიკაძე