დაურ ბუავას საქმე: ეჭვები, რომლებიც არსებობს - კვირის პალიტრა

დაურ ბუავას საქმე: ეჭვები, რომლებიც არსებობს

31 წლის აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2 სექტემბერს მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს. ბოლო გზაზე ის ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარდა უცნობმა ადამიანებმაც გააცილეს. მისი ცხედარი 27 აგვისტოს იპოვეს, სავარაუდოდ, გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ახალგაზრდა ბლოგერის სიკვდილის გარემოებები დღემდე საბოლოოდ გარკვეული არ არის.

"მე კარგად აღზრდილი შვილი მყავდა, სუფთა, კეთილი გულის.…ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობდა. ვერ მივიღებ მასზე ცუდს", - დაკრძალვის დღეს განაცხადა ბლოგერის დედამ. პროკურატურის ვერსიას, რომ ახალგაზრდა ბლოგერი ნარკოტიკების მოხმარების გამო გარდაიცვალა, არ ეთანხმებიან მეგობრები, ადვოკატები და საზოგადოების დიდი ნაწილი. მეგობრები ამბობენ, რომ დაურ ბუავა აქტიურად ვარჯიშობდა და ნარკოტიკების ზემოქმედება არასდროს შეუმჩნევიათ. კითხვები აქვთ ადვოკატებსაც და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

რას ამბობს გამოძიება

ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია სამი პირი: უკრაინის მოქალაქე, 22 წლის ვალერია კირილიუკი, 33 წლის გივი გუდაძე და 24 წლის საბა ბოჭორიშვილი. პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეში დევს დაკავებულთა აღიარებითი ჩვენებები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები. სს საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანისა და განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს.

ვალერია კირილიუკი 29 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურა ქალის ჩვენებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქალი 23 აგვი­სტოს გვიან ღამით ბუავასთან მივიდა, მიიტანა ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" და ის ორივემ მოიხმარა. ქალის ჩვენებით, ბუავა ამბობდა, რომ ეს საკმარისი არ იყო და კიდევ უნდოდა მოხმარება. დაახლოებით ღამის 3 საათზე ქალმა გონება დაკარგა. ის გონზე 25 აგვისტოს დილით მოვიდა, დაინახა, რომ ბუავა მძიმედ სუნთქავდა და გონზე არ იყო. კირილიუკის ჩვენებით, თავადაც შეუძლოდ იყო, შეეშინდა, კარი გარედან მეორე გასაღებით ჩაკეტა და ისე წავიდა, რომ ბუავას მდგომარე­ობის შესახებ არავის შეატყობინა. ბუავას ცხედარი 27 აგვისტოს ღამით იპოვეს. მეზობლებმა გაუსაძლისი სუნის გამო 112-ში დარეკეს. პროკურატურის მტკიცებით, ბუავასა და კირილიუკის სისხლში "მეტადონის" კვალია, "მეტადონი" ამოღებულია ბინიდანაც. ქალს ბუავას განსაცდელში მიტოვება ედება ბრალად და 2 წლამდე პატიმრობა ელის. გამოქვეყნდა სადარბაზოს ვიდეოთვალის ჩანაწერიც, სადაც ჩანს, როგორ ადიან ბინაში კირილიუკი და ბუავა 23 აგვისტოს ღამით, 25 აგვისტოს დილით კი ლიფტში ჩანს ქალი, რომელსაც ფეხზე დგომა უჭირს და წამოდგომაში კორპუსის მცხოვრები ეხმარება.

30 აგვისტოს დააკავეს გივი გუდაძე და საბა ბოჭორიშვილი. გამოძიების ცნობით, გივი გუდაძემ კირილიუკს "მეტადონი" უსასყიდლოდ მისცა. დაკავებულების ჩვენებით, მანამდე ნივთიერება თავადაც მოიხმარეს და შეუძლოდ გახდნენ, რის გამოც საბა ბოჭორიშვილი კლინიკაშიც გადაიყვანეს. მათი თქმით, ამის შესახებ დაურ ბუავასა და ვალერია კირილიუკისთვის არ უცნობებიათ.

"რატომ არ გააფრთხილეთ? ჯერ კიდევ იყო შანსი, რომ ადამიანი გადაგერჩინათ", - ამ კითხვით მიმართა პროკურორმა დაკავებულებს. მათ კითხვაზე პასუხი არ გაუციათ.

პროკურორის თქმით, გუდაძემ განაცხადა, რომ "მეტადონი" იპოვა და არ ახსოვს, სად. ჩხრეკისას მის სახლში 6,27 გრამი "მეტადონი" აღმოაჩინეს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალე­ბის უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო გადაცემას ედავებიან, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. საბა ბოჭორიშვილის სახლში კი 0,24 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. მას ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, ორივე მათგანი ნარკოტიკული დანაშაულისთვისაა ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

პროკურორი ბრალდებულების ჩვენებებსა და ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მათ დაურ ბუავა ერთ-ერთ საკვებ ობიექტში გაიცნეს - ერთმა 7-8 თვის წინ, მეორემ კი ერთი თვის წინ. შემდეგ ბუავამ მათ გააცნო ვალერია კირილიუკი. ბრალდებულები ამბობენ, რომ ბუავასთვის მანამდეც არაერთხელ მიუციათ ნარკოტიკები. პროკურორის თქმით, ნარკოტიკების მანამდე ერთად მიღების ფაქტი ფარული მიყურადებითაც დასტურდება. რაც შეეხება კირილიუკს, ის საქართველოში ორი თვის წინ ჩამოვიდა, ბარში გაიცნო ბლოგერი და მალევე დაუახლოვდა. მას ნაქირავები ბინა ბუავას მეზობლად ჰქონდა.

"რატომ ჰქონდა კირილიუკს სახლი მაინცდამაინც დაურის გვერდით ნაქირავები?!"

დაურ ბუავას ინტერესებს ადვოკატები მარიამ თოდუა და ნათია მეზვრიშვილი იცავენ. ისინი მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბუავას საქმიანობიდან გამომდინარე, მას შესაძლოა მტრები ჰყოლოდა, ის ხშირად იღებდა მუქარებს. ბუავას მეგობრისგან აქვთ ინფორმაცია, რომ 7-8 თვის წინ ბლოგერს თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სცემეს და "მოღალატეს" ეძახდნენ. ბუავას პოლიციისთვის არ მიუმართავს. ადვოკატები ეჭვობენ, რომ შესაძლოა ბლოგერის გარდაცვა­ლება სოცქსელებში მის აქტივობას უკავშირდება.

მარიამ თოდუა, ადვოკატი: - ცემის ფაქტზე გამოძიებას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია. დაურის დედას პირველად დაკრძალვაზე შევხვდით. ველოდებით ოჯახის პოზიციას და დედასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება, ჩავერთვებით თუ არა დამოუკიდებელ გამოძიებასა და ალტერნატიულ ექსპერტიზაში. მე და ჩემი კოლეგა ნათია მეზვრიშვილი საქმეში ქალბატონი ეკა ბესელიას მითითებით ჩავერთეთ. ქალბატონ ეკას დაურის მეგობარი დაუკავშირდა, თუმცა ვინ, ინფორმაცია არა მაქვს.

- გაქვთ წვდომა საქმის მასალებზე?

- გამომძიებელსა და პროკურორს შევხვდით, თუმცა, რადგან ოჯახის წევრებისგან ოფიციალურად არ ვიყავით საქმეში ჩართული, საქმის მასალები არ გადმოგვცეს. გვითხრეს, რომ როგორც კი დაურის ოჯახის წევრი უფლებამონაცვლედ იქნება ცნობილი და ჩვენი ჩართულობა ოფიციალურად დადასტურდება, საქმის მასალებს გადმოგვცემენ და დეტალებზე პასუხებსაც მივიღებთ.

ბინა დალუქულია. რამდენიმე მეზობელსა და დაურის მეგობრებს გავესაუბრეთ, თუმცა ბინაში არ შევსულვართ. არ ვიცით, რა ნივთიერებები იქნა აღმოჩენილი. ბევრი კითხვაა. მაგალითად, საიდან გაჩნდა ნარკოტიკები? როგორც მეგობრებმა გვითხრეს, დაური ნარკოტიკებს არ მოიხმარდა. პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე თქვა, დაკავებული ვალერია კირილიუკი ორი თვეა საქართველოში იმყოფებაო და საკითხავია, რატომ ჰქონდა სახლი მაინცდამაინც დაურის გვერდით ნაქირავები? რატომ მივიდა დაურთან გასაცნობად და ასე მოკლე დროში როგორ შეძლო მასთან დაახლოება? ასევე ვნახეთ ჩანაწერი, როგორ გამოდის ქალი ლიფტიდან. თუ შეუძლოდ იყო, როგორ ჩაკეტა კარი გარედან? თუ ჩაკეტა, იყო თუ არა ეს განზრახული ქმედება? რატომ არ დატოვა კარი ღია? ან თუ შესაძლებლობა ჰქონდა, მეზობლებისთვის ტაქსის გამოძახება ეთხოვა, რატომ არ გაუჩნდა სურვილი, ეთქვა, რომ მეხუთე სართულზე ადამიანი ცუდად იყო და "სასწრაფო" გამოეძახებინათ?

- პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული გივი გუდაძე ამბობს, რომ მას ადრეც მიუცია ბუავასთვის ნარკოტიკი და სწორედ დაურმა გააცნო მას ვალერია კირილიუკი.

- ეს მხოლოდ დაკავებულის ჩვენებაა. სხვა მტკიცებულებით თუ მყარდება მისი ნათქვამი, ამაზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს.

"ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს"

მიშა კვატაშიძე, დაურ ბუავას მეგობარი და "ამრას" თანადამფუძნებელი: - დაკრძალვაზე ჩამოსულები იყვნენ დაურის დედა და მამობილი, ვინც გაზარდა დაური. დედა გამომძიებლებს შეხვდა და საქმის მასალებიც გააცნეს, თუმცა, ზუსტად რა ილაპარაკეს, არ ვიცი. როგორც ვატყობ, ალტერნატიული გამოძიების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ რას გადაწყვეტს, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. მე თვითონაც ვცდილობ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას, ინფორმაციას ვაგროვებ. დაურს მეგობრების დიდი წრე ჰყავდა და მათგან ბევრს არ ვიცნობდი. როგორც ახლა გამოჩნდა, მას სამეგობრო გაყოფილი ჰქონდა - ერთი ჰყავდა საქმისთვის, ესენი ვიყავით "ამრას" ჯგუფი, და მეორე - დროის სატარებლად. სამწუხაროდ, ვინც დროის სატარებლად ჰყავდა, მათთან მოუვიდა ეს ამბავი.

მე და ჩემს მეგობრებს არასდროს შეგვიმჩნევია დაური ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. კი, დეპრესია ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო - ხშირად შორდებოდნენ, შემდეგ შერიგდებოდნენ.

ბოლო დროს ჩვენთან ურთიერთობა ნაკლებად ჰქონდა, თუმცა ამას კონკრეტულ მიზეზს ვერ დავუკავშირებ. ზაფხული იყო, ამიტომ ხშირი კონტაქტი არ გვქონია. თუ რამე დასჭირდებოდა, დამირეკავდა, მეც ვეპატიჟებოდი ხოლმე სხვადასხვა ღონისძიებაზე. ბოლოს 22-ში მივწერე, ამ შემთხვევის წინადღეს. "ამრას" მეგობრების შეკრებაზე დავპატიჟე ჩემთან. მითხრა, ტელეფონი მეხუთე სართულიდან გადმომივარდა და გამიფუჭდაო. ტაქსის გამოძახება შევთავაზე, მაგრამ მითხრა, სხვა დროს იყოსო.

- ადვოკატმა განაცხადა, რომ 7 თვის წინ დაურს სცემეს და "მოღალატეს" ეძახდნენ.

- მახსოვს ვიდეო, სადაც დაურს თვალი აქვს ჩაშავებული, შემდეგ სახიდან ამ სიშავეს იშორებს და ამბობს, რომ ტყუილია, არავის ვუცემივარ, ვისაც გაგიხარდათ, სულ ტყუილად და ვინც შეშფოთდით, მადლობაო. ვიფიქრე კიდეც, ამ ვიდეოსთან ხომ არ არის კავშირში თავდასხმაზე რაც ითქვა-მეთქი. თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა, შესაძლოა დაურს ჩვენთვის დაემალა კიდეც.

ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ მისი მეგობრებისთვის დაურის სახელის გვერდით ნარკოტიკების ხსენება მიუღებელია. ასეთი რამ ერთხელ მაინც რომ შეგვემჩნია, განგაშის ზარს შემოვკრავდით. ამიტომ ის გარემოებები, რომლებზეც ახლა გამოძიება საუბრობს, ჩვენ ბევრ კითხვას გვიჩენს.

ეკატერინე ბასილაია