გურული ჰერცოგი - კვირის პალიტრა

გურული ჰერცოგი

"აზნაური მიქელა კალმახიძე - ვისაც ახსოვს ეს სურათი, ვერასოდეს დაივიწყებს ქეიფიდან წამოსული აზნაურების სიმღერას "ზესტაფონო, გშორდები", როცა ხინთიბიძის გმირი გზადაგზა ტოვებს ნათხოვარ ტანსაცმელს და შემდეგ როგორი მეფური, ამაყი მიხრა-მოხრით შედის საკუთარ ეზოში", - ამბობს მწერალი, რეჟისორი და სცენარისტი ირაკლი მახარაძე, რომელიც გურულ ჰერცოგს იხსენებს და გულისტკივილს გამოთქვამს, რომ ამ გამორჩეულ მსახიობს კინომცოდნეებიც კი არ ახსენებენ.

- ჩემთვის გამორჩეული და საყვარელი ქართული ფილმი, რომლის ყურება არასოდეს მომწყინდება, დავით რონდელის ,,დაკარგული სამოთხეა". პერსონაჟები, სამსახიობო ანსამბლი, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა, მაგრამ მთავარი მაგნიტი არკადი ხინთიბიძეა მიქელა კალმახიძის როლში. არკადი ხინთიბიძე იმ დროისთვის ცნობილი მსახიობი იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არა ყველასთვის.

1934 წელს ხინთიბიძის მეგობრის სიკო ფალავანდიშვილის ფილმის "ჟუჟუნას მზითევის" გადაღებისას თბილისში ჩამოვიდა სერგეი ეიზენშტეინი და კონსულტაციას უწევდა რეჟისორს. ეიზენშტეინმა მე "დამბრაკაო", იხსენებდა ხინთიბიძე, მაგრამ რეჟისორმა თავისი გაიტანა და ხინთიბიძის განსახიერებული მუნჯი კოლმეურნის სახე გამორჩეული აღმოჩნდა მის კარიერაში. თუმცა, საუკეთესო როლი ჯერ კიდევ წინ იყო - აზნაური მიქელა კალმახიძე. ვისაც ახსოვს ეს სურათი ვერასოდეს დაივიწყებს ქეიფიდან წამოსული აზნაურების სიმღერას "ზესტაფონო, გშორდები", როცა ხინთიბიძის გმირი გზადაგზა ტოვებს ნათხოვარ ტანსაცმელს და შემდეგ როგორი მეფური, ამაყი მიხრა-მოხრით შედის საკუთარ ეზოში; ან რა დაგავიწყებს სცენას, სადაც ორი ძმა ჩექმის გულისთვის ლამის ერთმანეთს დახოცავს, და პატარძალთან შეხვედრა? - ნამდვილი შედევრია.

- არკადი ხინთიბიძის წვლილი სათანადოდ დაფასებულია?

- არ არის და რა დააშავა იმ ადამიანთა მთელმა კოჰორტამ, რომელთაც ქართული კინოს ტრადიციებს ჩაუყარეს საფუძველი? მათი სახელები ჩრდილშია მოქცეული, არ არსებობს არც მათი სახელობის ქუჩა, სკვერი ან თუნდაც ბიუსტი (ძეგლს ვინღა ჩივის). ამ კოჰორტის ერთ-ერთი დავიწყებული წარმომადგენელია არკადი (კაკო) ხინთიბიძე; დღევანდელ და თუნდაც ჩემი თაობის ადამიანებს ეს სახელი ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ მისი შექმნილი ანიმაციური ფილმები: "წუნა და წრუწუნა", "ჩხიკვთა ქორწილი" და "მტრობა" მაყურებელთა უდიდესი ნაწილის საყვარელი ნაწარმოებებია. არკადი ხინთიბიძე იყო ქართული მუნჯი და ხმოვანი კინოს ერთ-ერთი უნიჭიერესი სახასიათო მსახიობი. მისი კოლორიტული და ბობოქარი ტემპერამენტით დაჯილდოებული გმირები - ყარამანი ("ვინ არის დამნაშავე?"), ივანე აზნაური ("ჯანყი გურიაში"), ტიტიკო ("დარიკო"), ენაბლუ ტუსაღი ("უკანასკნელი მასკარადი"), მიქელა ("დაკარგული სამოთხე") და მრავალი სხვა სამსახიობო ოსტატობის ნამდვილი საგანძურია. თუმცა, როდის გასულა ტელევიზიებით დახუნძლულ ჩვენს ტელესივრცეში რომელიმე ეს ფილმი უკანასკნელად, ალბათ, "დარიკოს" გარდა, მე არ მახსენდება...

60 წელზე მეტი გავიდა არკადი ხინთიბიძის ტრაგიკული გარდაცვალებიდან. მან სამსახიობო კარიერა გურიის ერთი სოფლის სცენაზე დაიწყო, მანამდე კი დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და 1918 წელს საომრად წავიდა. თავად იუმორით აღწერდა ამ ამბავს: "ქუთაისში… იმ დროს მოწაფეობას მოქარგული ენით ჯარში იწვევდნენ. ასეთ მიტინგზე მეც მოვხვდი. მე და ჩემსავით გულუბრყვილო ათიოდე მოწაფე გამოვცხადდით მეორე დღეს რკინიგზის სადგურზე, ჩვენ ჩაგვთვალეს მოხალისეებად და გაგვგზავნეს ბათუმში. მე მოვხვდი ტყვიამფრქვეველთა ასეულში. ერთი თვის მომზადების შემდეგ ფრონტზე წაგვიყვანეს და 15 დღის ბრძოლის შემდეგ ჩავაბარეთ ბათუმი და გამოვიქეცი იქიდან უკანასკნელი მატარებლით. დიდი ბრძოლა არ გადამიტანია, მაგრამ შიში კი იმდენი ვჭამე, რომ მოქმედი ჯარი მივატოვე და მეორე მესაზღვრე ბატალიონის შტაბს მივაშურე, სადაც უბრალო მწერლად მოვეწყვე".

788926814-1566790895189947-1402007013078121663-n-1788721592.png

- თეატრს როდის დაუბრუნდა?

- ჯარის შემდეგ ის მასწავლებლად გაამწესეს სოფელ ნაგომარში, სადაც ორი წელი იმუშავა, მაგრამ, მისივე თქმით, ის "ვერაფერი მასწავლებელი" იყო და თეატრს დაუბრუნდა. 1923 წელს დღევანდელი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის შენობაში განლაგებულ "წითელი თეატრის" დასში ჩაირიცხა. ახალგაზრდა მსახიობი რუსეთიდან ახალჩამოსულმა და სტანისლავსკის სისტემის მიმდევარმა ალექსანდრე წუწუნავამ შეამჩნია და სპექტაკლებში "ვინ არის დამნაშავე?" და "ჯანყი გურიაში", ათამაშა. ამ როლებით მან "გურულ აზნაურთა უნიჭიერესი შემსრულებლის" სახელი დაიმკვიდრა, ხოლო სპექტაკლები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ რეჟისო­რმა მათი ეკრანიზაცია გადაწყვიტა. ფილმში "ვინ არის დამნაშავე" (სხვა სახელია "უაილდ ვესტის მხედარი" და მოგვითხრობს გურული მხედრების თავგადასავალზე ამერიკაში) წუწუნავამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - ყარამანის როლი არკადი ხინთიბიძეს მისცა. ამან, მსახიობის თქმით, "დიდი მითქმა-მოთქმა" გამოიწვია, რადგან სცენაზე ამ როლს მშვენივრად ასრულებდა სანდრო ჟორჟოლიანი და ის ითვლებოდა ფავორიტად. მაგრამ რეჟისორმა არჩევანი ახალგაზრდა ხინთიბიძეზე შეაჩერა და არც წააგო. სიხარულისაგან 15 დღე მაინც არ მიძინიაო, იხსენებდა მსახიობი. ამ ფილმში ხინთიბიძე თითქოს არც თამაშობს, არამედ ცხოვრობს. წუწუნავასთან თანამშრომლობამ ბევრი რამ მისცა ხინთიბიძეს და კარი გაუხსნა დიდ კინემატოგრაფში (ის თეატრალურ სცენაზე აღარ დაბრუნებულა). მსახიობი დიდი მოწიწებით იხსენებდა მასწავლებელს: "ბევრ რეჟისორთან მიმუშავია, მაგრამ ისეთი კმაყოფილება, როგორიც ალექსანდრე წუწუნავასგან მიმიღია, კინოში არც ერთთან არ მიგრძნია... მისი კინოზე ჩამოცილება დიდი შეცდომა იყო. ნამდვილი ქართული ფილმების დამდგმელი იყო... უკეთესი ხელოვანი გახდებოდა ის კინემატოგრაფიაში, რომ დასცლოდა"...

კინოსტუდიაში მოღვაწეობის პარალელურად არკადი ხინთიბიძემ 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1941 წელს მსახიობმა თავისი ბოლო როლი შეასრულა სიკო დოლიძის ფილმში "მეგობრობა", რის შემდეგაც რეჟისურაზე გადაერთო. მუშაობდა როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტურ ფილმებზე, მათ შორის "დავით გურამიშვილი" (მეორე რეჟისორად), "საბჭოთა საქართველო", "ჩრდილი გზაზე".

- მულტიპლიკაციაში როდის დაიწყო მუშაობა?

- მულტიპლიკაციაში არკადი ხინთი­ბიძე 50 წელს გადაცილებული მივიდა, მას არც სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და არც სპეციალური განათლება მიღებული, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი მისთვის შეექმნა მსოფლიო შედევრების დონის ფილმები. მან გაამდიდრა ქართული მულტიპლიკაცია ახალი გმირებით, გამომსახველობითი ხერხებით, პლასტიკით, განუმეორებელი ხიბლით, ისე, რომ მის ფილმებს სხვებისგან აუცილებლად გამოარჩევთ. რაც მთავარია, რეჟისორმა მულტიპლიკაცია გადააქცია საინტერესო სანახაობად ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის. კინოსტუდიაში არკადი ხინთიბიძე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა. შინაგანი არისტოკრატულობა გამოარჩევდა ღარიბი გურული გლეხის ოჯახში დაბადებულ კაცს. ამისთვის მას მეტსახელი "ჰერცოგი" შეარქვეს. თურმე დაბადების დღეებს კინოსტუდიაში იხდიდა ხოლმე და ლამის მთელი კოლექტივი იქ იკრიბებოდა. ცდილობდა ყველას დახმარებოდა, განსაკუთრებით კი დამწყებ მულტიპლიკატორებს. ცნობილი ანიმატორი ბონდო შოშიტაიშვილი იხსენებდა, რომ როცა კოლეგებთან ერთად მოსკოვიდან ჩამოვიდა, რეჟისორები მათ გაურბოდნენ და სამუშაოდ არ იწვევდნენ. პირველი ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდები სამუშაოდ აიყ­ვანა, არკადი ხინთიბიძე იყო.

1963 წლის აგვისტოში მისი თვითმკვლელობის ამბავმა თავზარი დასცა ყველას - დღემდე უცნობია, რატომ დაასრულა ასე სიცოცხლე ამ ნიჭიერმა, თვითმყოფადმა და ფართო დიაპაზონის მქონე ხელოვანმა, რომელსაც, ალბათ, კიდევ მრავალი შედევრის შექმნა შეეძლო.