"მიხარია, რომ საქართველოს ისტორია ინახავს გიორგი კვინიტაძის სახელს და დღესაც ამაყობენ ჩემი ბაბუით“
1921 წლიდან გიორგი კვინიტაძე მეუღლესთან, მარიამ მაყაშვილთან, მცირეწლოვან შვილებთან (ივდითი, თამარი, ნინო) და ბავშვების ძიძასთან, თელაველ ბაბალე მრელაშვილთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა - ჯერ კონსტანტინოპოლში, 1922 წლიდან კი საფრანგეთში... სწორედ პარიზიდან იწყება გიორგი კვინიტაძის შვილიშვილის, მსახიობ მარიამ დ’აბოს მოგონებები.
სამშობლოსთან მრავალწლიანი განშორების შემდეგ, 2021 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 103-ე წლისთავზე გენერალი კვინიტაძე საქართველოს დაუბრუნდა - საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მთაწმინდის პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით სამხედრო პატივით დაკრძალეს. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოვიდნენ მისი შთამომავლები, მათ შორის მსოფლიო კინოვარსკვლავი მარიამ დ’აბო, რომელიც თავისი ოჯახისა და შემოქმედების შესახებ საუბრობს:
"ჩვენთვის, ჩემთვის და ჩემი ბიძაშვილებისთვის ძალიან ემოციური იყო თბილისში ჩამოსვლა და ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრება საქართველოს დამოუკიდებლობის 103-ე წლის იუბილეზე. ბაბუა ყოველთვის ნატრობდა სამშობლოში დაბრუნებას, მისი სანუკვარი ოცნება იყო დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოში დაბრუნება. არ ველოდი, რომ მის პატივსაცემად ასეთი დიდი ზეიმი და ცერემონია გაიმართებოდა. რამდენიმე ახალგაზრდა ქართველ ჯარისკაცს ვესაუბრე, რომლებიც მისით იყვნენ შთაგონებულნი და ამიტომ გადაწყვიტეს არმიაში გაწევრება. ეს ძალიან ემოციური დღე იყო. საქართველო ყოველთვის იყო ჩემს წარმოსახვაში, როგორც პოეტური, თვალწარმტაცი, ულამაზესი ლანდშაფტის ქვეყანა, ბევრი სიმწვანით და საუკუნოვანი ტაძრებით".
მარიამ დ’აბო საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ, 2021 წელს ჩამოვიდა. მსოფლიო კინოინდუსტრია მას კარგად იცნობს მრავალი ფილმიდან, მათ შორის ჯეიმზ ბონდის სერიიდან სახელწოდებით The Living Daylights. ფილმში დ’აბო განასახიერებს ჩელისტს, რომელსაც ბონდი შეუყვარდება.
2002 წელს მარიამ დ’აბომ ჯონ ქორკთან თანაავტორობით გამოსცა წიგნი "Bond Girls Are Forever", ქალები, როგორც ძალაუფლებისა და სტილის სიმბოლოები...

"ახლახან ვიმუშავე ფილმზე "Memories to Cherish", რეჟისორია დიტო ცინცაძე. ძალიან მომეწონა ის როლი, რომელიც მან შემომთავაზა და დიდი სიამოვნებით შევასრულე". კითხვაზე, რომელი ქართული ფილმია მისთვის გამორჩეული, მსახიობი ასე უპასუხებს: "ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოთარ იოსელიანის ფილმების უმეტესობა გამორჩეულია. მას აქვს უნიკალური და თავისუფალი თხრობა, სავსე იუმორით, სიურრეალიზმითა და ადამიანის ქცევაზე შესანიშნავი დაკვირვებით... ახლახან ვუყურე ნანა ექვთიმიშვილის ფილმს "ჩემი ბედნიერი ოჯახი". ვფიქრობ, მან საოცრად გადმოსცა ქართული ოჯახის ისტორია, რომლის წევრებიც პატარა ბინაში ცხოვრობენ. ფილმს შესანიშნავი სცენარი აქვს, ასევე შესანიშნავია მსახიობების შესრულება და დადგმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქართული ამბავია, ყველას შეუძლია გაიგოს და თანაუგრძნოს პერსონაჟებს. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი ისტორია უნივერსალური გახდეს და სხვადასხვა კულტურის მაყურებელს შეეხოს.
გეგმები? აუცილებლად ისევ ჩამოვალ საქართველოში, ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან. იმედია, მალე დავასრულებ მუშაობას დოკუმენტურ ფილმზე ბაბუის შესახებ. ბაბუას უსაზღვროდ უყვარდა თავისი ქვეყანა და თავდაუზოგავად ზრუნავდა მასზე. ბოლომდე იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მან ეს ყველაფერი ემიგრაციაში ყოფნისას თავის მემუარებში აღწერა. ძალიან განიცდიდა საბჭოთა მმართველობის გაბატონებას საქართველოში. სამწუხაროა, რომ ვერ მოესწრო, თავისი ქვეყანა დამოუკიდებელი ენახა; სამწუხაროა, რომ ვერ შეძლო, სიცოცხლეში დაბრუნებულიყო სანუკვარ დამოუკიდებელ საქართველოში და ენახა, როგორ შეიცვალა მმართველობა. მიხარია, რომ საქართველოს ისტორია ინახავს გიორგი კვინიტაძის სახელს და დღესაც ამაყობენ ჩემი ბაბუით. ის საქართველოს ნაწილია".