“მისიის ფარგლებში ეხმარებოდა იქაურ გლეხებს მიწის დამუშავებაში და სწავლობდა ჰინდის“ - მიხეილ სააკაშვილი უმცროს ვაჟს მიმართავს
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, მისი უმცროსი ვაჟის, ნიკოლოზის წარმატების შესახებ წერს:
"ჩემმა შვილმა ნიკოლოზმა სწავლა დაიწყო ამერიკის ერთ-ერთ კარგ უნივერსიტეტში. ის ამ მხრივ აგრძელებს ჩემი და ედუარდის გზას. მას სწავლის საფასურს თავად უნივერსიტეტი უფარავს, რაც ამ უნივერსიტეტის არჩევისას გადამწყვეტი ფაქტორი იყო.
თბილისში სკოლის დამთავრების შემდეგ, ნიკუშამ აიღო ორ წლიანი პაუზა ჯერ თბილისში 6 თვე იმუშავა "ბოლტის" კურიერად, ველოსიპედით დაჰქონდა ვაკე-საბურთალო-მთაწმინდაზე შეკვეთები, შემდეგ ორი თვე მეგობართან ერთად მოიარა მთელი საქართველო - 80% ფეხით და 20% გამვლელი მანქანებით, ამის შემდეგ იაპონიის საელჩოს დახმარებით გაემგზავრა ტოკიოში, თბილისში სკოლის დროს ნასწავლი იაპონურის დასახვეწად.
ბოლო 1 წელი კი გაატარა ინდოეთში, საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში ეხმარებოდა იქაურ გლეხებს მიწის დამუშავებაში და სწავლობდა ჰინდის. ბოლოს კი ძალიან გვანერვიულა, იმიტომ რომ მაინცდამაინც ნეპალ-ტიბეტის უბედურების დროს, გადასული იყო ტიბეტში და რაღაც ხნით კავშირზე არ გამოდიოდა.