თარგმანი და ფსიქოლინგვისტიკა - გონებრვი ძალისხმევის ზეპირი დემონსტრაცია
ზეპირი თარგმანი, განსაკუთრებით კი სინქრონული რეჟიმი, ადამიანის კოგნიტური შესაძლებლობების ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს. მთარგმნელს ერთდროულად უწევს უცხო ენის მოსმენა, ინფორმაციის გაანალიზება, აზრის დამუშავება, შესაბამისი სიტყვებისა და კონსტრუქციების შერჩევა, სამიზნე ენაზე წინადადების ფორმირება და პარალელურად საკუთარი მეტყველების კონტროლი. ეს ყველაფერი წამებში ხდება და მთარგმნელს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გამომსვლელის თითოეულ წინადადებას დაელოდოს, შემდეგ იფიქროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი.
სწორედ ამ რთული ფსიქიკური და ენობრივი პროცესების შესწავლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქოლინგვისტიკა. თარგმანი სიტყვების ერთი ენიდან მეორეში მექანიკური ჩანაცვლება არ არის. ეს არის ინფორმაციის გადამუშავების რთული კოგნიტური პროცესი, რომლის დროსაც მთარგმნელმა უნდა შეძლოს არა მხოლოდ მოსმენილი სიტყვების აღქმა, არამედ მათი მნიშვნელობის სწრაფად გააზრება და სხვა ენაზე ბუნებრივად გადმოცემა.
ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ოპერატიულ მეხსიერებას. სინქრონული თარგმანის დროს მთარგმნელმა რამდენიმე წამის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს უკვე მოსმენილი ინფორმაცია, იმავდროულად კი ახალი ინფორმაცია კვლავ შემოდის. მაგალითად, როდესაც გამომსვლელი იწყებს წინადადებას, მთარგმნელი უკვე ამუშავებს მის პირველ ნაწილს, მაგრამ ამავე დროს აგრძელებს მომდევნო სიტყვების მოსმენას და წინასწარ ფიქრობს, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს აზრი სამიზნე ენაზე. ამიტომ კარგი მთარგმნელის მეხსიერება მხოლოდ ბევრი ინფორმაციის დამახსოვრების უნარი არ არის, მნიშვნელოვანია მისი სწრაფად დამუშავებისა და საჭირო მომენტში გამოყენების შესაძლებლობაც.
სინქრონული თარგმანის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი წინასწარჭვრეტაა. იმის გამო, რომ მთარგმნელს წინადადების დასრულების ლოდინის დრო ხშირად არ აქვს. ის მუდმივად ცდილობს მომდევნო აზრის პროგნოზირებას. ამისთვის იყენებს კონტექსტს, გრამატიკულ სტრუქტურას, ინტონაციას, უკვე ნათქვამ ინფორმაციასა და საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას. ზოგიერთ ენაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც წინადადების მთავარი ელემენტი, მაგალითად ზმნა, შედარებით გვიან ჩნდება. გამოცდილ მთარგმნელს შეუძლია კონტექსტიდან და წინადადების სტრუქტურიდან გარკვეული ალბათობით ივარაუდოს, რა მიმართულებით განვითარდება აზრი და ამით შეამციროს ის დრო, რომელიც ინფორმაციის მოსმენასა და მის თარგმნას შორის სჭირდება.
სწორედ ამიტომ სინქრონული მთარგმნელის მუშაობა მუდმივი ბალანსის დაცვაა. ერთი მხრივ, მან უნდა მოუსმინოს გამომსვლელს, მეორე მხრივ, დაამუშაოს უკვე მოსმენილი ინფორმაცია და ამავე დროს ისაუბროს. ამას ემატება საკუთარი მეტყველების მონიტორინგი: სწორად წარმოთქვა თუ არა ტერმინი, გამოტოვა თუ არა ინფორმაცია, სწორად გადმოსცა თუ არა აზრი და რამდენად ბუნებრივად ჟღერს მისი ნათქვამი. დანიელ ჟილის მიერ შემუშავებული „ძალისხმევის მოდელი“ სწორედ ამ პროცესის ერთ-ერთ ცნობილ ახსნას გვთავაზობს და აჩვენებს, რომ მთარგმნელის კოგნიტური რესურსები შეზღუდულია და მათი ეფექტური განაწილება თარგმანის ხარისხისთვის გადამწყვეტია.
ამ დატვირთვას ემატება კიდევ ერთი სირთულე, ორი ენობრივი სისტემის მუდმივი კონტროლი. მთარგმნელს ერთდროულად უწევს ორი ენის გააქტიურება, თუმცა საჭიროა, რომ ერთი ენის სტრუქტურამ მეორეში უნებლიე ჩარევა არ გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ პროფესიონალ მთარგმნელს მხოლოდ სიტყვების ცოდნა არ ჰყოფნის. მან უნდა შეძლოს აზრის, სტილის, ტერმინოლოგიისა და წინადადების სტრუქტურის სწრაფად მართვა ისე, რომ საბოლოო ტექსტი მსმენელისთვის ბუნებრივად ჟღერდეს და არა სიტყვასიტყვით გადმოტანილ თარგმანად.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით რთულდება მაშინ, როდესაც თარგმანი სტრესულ გარემოში მიმდინარეობს. დროის დეფიციტი, მაღალი პასუხისმგებლობა, რთული თემატიკა და აუდიტორიის წინაშე მუშაობა მთარგმნელის კოგნიტურ დატვირთვას ზრდის. ხანგრძლივი ინტენსიური კონცენტრაცია კი ბუნებრივად იწვევს დაღლას, რაც საბოლოოდ შეიძლება სიზუსტეზეც აისახოს. სწორედ ამიტომ პროფესიულ სინქრონულ თარგმანში მთარგმნელების მონაცვლეობა ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ორი სპეციალისტის მუშაობა საშუალებას იძლევა, მაღალი კონცენტრაცია და თარგმანის ხარისხი მთელი ღონისძიების განმავლობაში შენარჩუნდეს.
თუმცა ყველა ზეპირი თარგმანი ერთნაირ კოგნიტურ და ტექნიკურ მოთხოვნებს არ მოიცავს. პრაქტიკაში ძირითადად ორი ფორმა გამოიყენება — თანმიმდევრული და სინქრონული თარგმანი. მათი განსხვავება მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ ერთი „პაუზებით“, მეორე კი „ერთდროულად“ მიმდინარეობს. განსხვავებულია ისიც, თუ როგორ ანაწილებს მთარგმნელი საკუთარ ყურადღებას, მეხსიერებასა და დროს.
თანმიმდევრული თარგმანის დროს გამომსვლელი გარკვეული აზრობრივი მონაკვეთის შემდეგ ჩერდება და მთარგმნელს საშუალებას აძლევს, მოსმენილი ინფორმაცია სამიზნე ენაზე გადაიტანოს. აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩანაწერების ტექნიკა. პროფესიონალი მთარგმნელი, როგორც წესი, არ იწერს მთელ წინადადებებს სიტყვასიტყვით. ის იყენებს სპეციალურ სიმბოლოებსა და ნიშნებს, რათა რამდენიმე წუთის განმავლობაში მოსმენილი ინფორმაციის ლოგიკური სტრუქტურა დაიმახსოვროს და შემდეგ ზუსტად აღადგინოს. შესაბამისად, თანმიმდევრული თარგმანი მეტ დროს იკავებს, თუმცა მთარგმნელს აზრის უფრო მშვიდად დამუშავებისა და ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.
სინქრონული თარგმანის შემთხვევაში კი მთავარი პრინციპი სრულიად განსხვავებულია, კომუნიკაცია არ უნდა შეჩერდეს. მთარგმნელი სპეციალური აპარატურის საშუალებით იღებს გამომსვლელის ხმას და თითქმის რეალურ დროში გადასცემს ინფორმაციას მსმენელს. სწორედ ეს ხდის სინქრონულ თარგმანს განსაკუთრებით ეფექტურს დიდ კონფერენციებზე, საერთაშორისო ფორუმებზე, სამიტებზე, სემინარებსა და მრავალენოვან ღონისძიებებზე, სადაც დროის ეკონომია და უწყვეტი კომუნიკაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
სწორედ ამიტომ, როდესაც ღონისძიებისთვის ზეპირი თარგმანის ფორმატის არჩევა ხდება, გადაწყვეტილება მხოლოდ ბიუჯეტზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მნიშვნელოვანია თავად ღონისძიების ფორმატი, მონაწილეთა რაოდენობა, ენების რაოდენობა, თემატიკის სირთულე და ისიც, რამდენად მნიშვნელოვანია პროცესის უწყვეტობა. მცირე შეხვედრის, მოლაპარაკების ან ინტერვიუს შემთხვევაში თანმიმდევრული თარგმანი ხშირად უფრო პრაქტიკული არჩევანია. მაშინ როდესაც დიდი, მრავალენოვანი კონფერენციისთვის სინქრონული თარგმანი საშუალებას იძლევა, კომუნიკაცია სწრაფი და შეუფერხებელი დარჩეს.
საბოლოოდ, ზეპირი თარგმანის პროფესიონალიზმი მხოლოდ უცხო ენის კარგად ცოდნით არ განისაზღვრება. მას სჭირდება სწრაფი აზროვნება, ძლიერი ოპერატიული მეხსიერება, ყურადღების მართვა, წინასწარჭვრეტის უნარი, დარგობრივი ცოდნა, სტრესის კონტროლი და მრავალენოვან გარემოში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ტექნიკური აღჭურვილობა კი ამ პროფესიული უნარების მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. სინქრონული თარგმანის უკან პირველ რიგში ადამიანი დგას, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა კოგნიტურ პროცესს ერთდროულად მართავს.
ალბათ სწორედ ამიტომ არის ზეპირი თარგმანი ერთ-ერთი იმ პროფესიათაგანი, რომლის ხარისხი ხშირად მაშინ არის ყველაზე მაღალი, როდესაც მსმენელი საერთოდ ვერ ამჩნევს, რამდენად რთული სამუშაო დგას მის მიერ მოსმენილი თითოეული წინადადების უკან. როცა თარგმანი ბუნებრივად ჟღერს, ღონისძიება შეუფერხებლად მიმდინარეობს და სხვადასხვა ენის ადამიანები ერთმანეთის გაგებას ყოველგვარი შეფერხების გარეშე ახერხებენ, უხილავი სამუშაო უკვე შესრულებულია.
ზეპირი თარგმანი სწორედ ეს არის - ენებს შორის არა მხოლოდ სიტყვების, არამედ აზრის, ცოდნისა და ადამიანების დაკავშირება.
NS