რატომ დაიბარეს გამოკითხვაზე გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე მაია ჭეიშვილი?! - კვირის პალიტრა

რატომ დაიბარეს გამოკითხვაზე გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე მაია ჭეიშვილი?!

თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მისი მეუღლე, მაია ჭეიშვილი იკითხება.

ჭეიშვილი დაცვის მხარის მოწმეა და მან ლილუაშვილის კუთვნილ ქონებაზე უნდა ისაუბროს. ამასთან, სასამართლოში ჩვენებას სუს-ის ყოფილი თანამშრომლებიც მისცემენ.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვას მოწმეები ჰყავს წარმოდგენილი, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები. ჩვენი ძირითადი მიზანია, გავაბათილოთ ყველა ის, თუნდაც, მინიმალური დონის უარყოფითი ინფორმაცია, რასაც ბრალდების მხარე წარმოაჩენს, რომ თითქოს, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამ დრომდე, ყველა იმ მოწმის, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, გაჟღერებული ინფორმაცია მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი უდანაშაულოა. ჩვენ აბსოლუტური გაბათილება და ანულირება მოვახდინეთ რომეო მიქაუტაძის ცრუ ჩვენების, რომელიც მან სასამართლოს მიაწოდა. დარწმუნებული ვარ, სამომავლოდაც, ის პირები, რომლებიც ჩვენს დასაკითხ პირთა სიაში იმყოფებიან, აღნიშნულ მიზანს მოემსახურებიან იქიდან გამომდინარე, რომ ისინი საუბრობენ იმ სიმართლეს, რომელიც გადამოწმებადია.

გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე ერთადერთი მიზნით იკითხება სასამართლოში, როდესაც ლილუაშვილთან ჩხრეკა ჩატარდა, არანაირი სახის ფულადი თანხა, ძვირფასეულობა და მსგავსი სახის ნივთები მისგან ამოღებული არ ყოფილა. ერთადერთი, რაც ოჯახს გააჩნია, ის საცხოვრისია, სადაც დღეის მდგომარეობით ცხოვრობს მისი მეუღლე მათ შორის, არასრულწლოვან შვილთან ერთად. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქონება შეძენილია იმ პერიოდის ფინანსებით, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილს მოპოვებული აქვს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის საერთოდ საჯარო სისტემაში დასაქმდებოდა. ეს ინფორმაცია გვინდა მისმა მეუღლემ სასამართლოს მიაწოდოს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა