გიორგი სააკაძის ქალიშვილის უცნობი ისტორია - ქალი, რომლის სახელიც თურქეთის ქალაქ ერზრუმში დღემდე შემორჩა
თურქეთის ქალაქ ერზრუმში მდებარე რამდენიმე საუკუნის წინანდელი მავზოლეუმი ქართველი ისტორიული მოღვაწის ოჯახის ისტორიას ინახავს. მურატფაშას მეჩეთის ეზოში მდებარე საფლავში, ისტორიული წყაროების მიხედვით, დაკრძალულია გიორგი სააკაძის ქალიშვილი - ანა სააკაძე, იგივე ანე ხათუნი.
მავზოლეუმის მარმარილოს წარწერა 1649 წლით თარიღდება და მასში დაკრძალული ქალის შესახებ ემოციური ტექსტია შემონახული. წარწერის მიხედვით, ანე ხათუნი იყო „მოურავ ხანის“ ქალიშვილი.
წარწერაში ნათქვამია, რომ ლამაზი ქალი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ტექსტი მისი გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს და მთავრდება სიტყვებით:
„ჩემი ნაზი სატრფო, ანე ხათუნი, ძალიან ადრე გარდაიცვალა, ვაი!“
ვინ იყო ანე ხათუნი?
თურქული ისტორიული წყაროების მიხედვით, ანე ხათუნი იყო გიორგი სააკაძის ქალიშვილი - ანა სააკაძე. გიორგი სააკაძე XVII საუკუნის ცნობილი ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის მოურავი იყო.
ანე ხათუნის შესახებ ცნობები ძირითადად ისტორიულ წყაროებსა და მის საფლავზე შემორჩენილ წარწერას ეყრდნობა. თავად მავზოლეუმის წარწერა მას „მოურავ ხანის ქალიშვილად“ მოიხსენიებს. ისტორიულ კვლევებში „მოურავ ხანი“ გიორგი სააკაძესთან არის დაკავშირებული.
1649 წელს აგებული მავზოლეუმი
ანე ხათუნის თურბე 1649 წელს, ოსმალეთის სულთან მეჰმედ IV-ის მმართველობის პერიოდშია აგებული.
ნაგებობა მურატფაშას მეჩეთის ეზოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ოთხივე მხრიდან ღიაა, კვადრატული ფორმა აქვს და გუმბათითაა გადახურული.
შიგნით სამი საფლავია - ერთი დიდი და ორი პატარა. დიდი საფლავი ანე ხათუნს ეკუთვნის. დანარჩენი ორი საფლავის ვინაობა ზუსტად დადგენილი არ არის, რადგან მათი წარწერები დროთა განმავლობაში წაიშალა.