ზურაბ მხეიძე: წიგნის ადგილი ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის იქნება, მას ვერაფერი ჩაანაცვლებს - კვირის პალიტრა

ზურაბ მხეიძე: წიგნის ადგილი ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის იქნება, მას ვერაფერი ჩაანაცვლებს

კარგი წიგნი სინათლის სხივს ჰგავს, რომელიც ჩვენს გულში შემოდის და სამუდამო ადგილს იმკვიდრებს. ის გვეხმარება, საგნები და მოვლენები სულ სხვა თვალით დავინახოთ. ადამიანს შეიძლება დაავიწყდეს სიუჟეტის დეტალები, მაგრამ ის ემოცია, რომელიც წიგნის კითხვის პროცესში განიცადა, მისი პიროვნების ნაწილი ხდება. ამ საკითხზე ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე გვესაუბრება:

- ჯერ ჩემი გამოცდილებით დავიწყებ: წიგნი ჩემს ცხოვრებაში ადრეული ბავშვობიდან შემოვიდა. ძირითადად, ბებია მიკითხავდა. ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ნათლად მახსოვს, წიგნით ხელში, მის გამოჩენას როგორ ველოდი. როცა წამოვიზარდე, ჯერ საბავშვო წიგნების კითხვა დავიწყე, მერე კლასიკოსებზეც გადავედი და მათი ხელოვნებით მოვიხიბლე. ასე დაიწყო ჩემი ზიარება ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროსთან.

- რომელმა მწერალმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული გავლენა?

- ყველა კარგი წიგნი, რომელიც წამიკითხავს, დაუვიწყარია, მაგრამ აუცილებლად უნდა დავასახელო „პატარა უფლისწული“, რომელიც 12-ჯერ მაქვს წაკითხული. პირველად რომ წავიკითხე, 7 წლისა ვიყავი, მერე კი, ყოველ წაკითხვაზე რაღაც ახალს აღმოვაჩენდი ხოლმე. ეს არის არაჩვეულებრივი ნაწარმოები, რომლის წაკითხვაც ნებისმიერ ასაკში კარგია და რა ასაკშიც კითხულობ, თითქოს, იმ ასაკის შესაბამისი ხდება. ძალიან მიყვარს ქართული მწერლობა. ცხადია, არ მოგიყვებით შოთა რუსთაველზე, ილია ჭავჭავაძეზე და სხვა კლასიკოსებზე, რადგან მათზე ისედაც ბევრი რამ თქმულა... თანამედროვე მწერლებს შორის კი, ჩემთვის ყველაზე ახლობელი გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებაა. შეუდარებელია „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ და კარცერ-ლუქსის იდეა: ეს არის წიგნებით სავსე, კომფორტული სივრცე, რომელშიც მთავარი გმირი უსაქმური ახალგაზრდების ჩასმას აპირებს. ვიდრე ყველა წიგნს არ წაიკითხავს, გარეთ არც ერთი უნდა გამოუშვაო, ამბობს პერსონაჟი. რატომ? - მან შესანიშნავად იცის, რომ წიგნი ადამიანის ფსიქიკას, მის აზროვნებას რადიკალურად ცვლის.

- ბ-ნო ზურაბ, ალბათ, თქვენთვისაც საწყენია, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი წიგნებს აღარ კითხულობს...

- რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო მოვლენაა - ისინი ციფრულ სამყაროს უფრო დიდ დროს უთმობენ, ვინაიდან თანამედროვე ადამიანის მთავარი მისწრაფება ინფორმაციის მაქსიმალურად სწრაფად მიღებაა. არის ხალხი, რომელსაც 300 გვერდის კი არა, 20-30 გვერდის წაკითხვაც არ შეუძლია, წიგნის დასაწყისს წაიკითხავს, მერე ბოლო გვერდს და ჰგონია, რომ უკვე წაკითხული აქვს. სინამდვილეში, ეს წიგნის კითხვა არ არის - ეს უფრო ინფორმაციის მიღებაა. ეს იგივეა, კინოთეატრში შეხვიდე, პირველ ხუთ წუთს უყურო, მერე სხვა რამ აკეთო, სხვა რამეზე იფიქრო და დასასრული ნახო იმის გასაგებად თუ რა მოხდა. ამ ხალხს წიგნის, ან ფილმის სიუჟეტი კი არა, ინფორმაციის სწრაფად მიღება აინტერესებს და ეს თანამედროვე ეპოქის სენია. მე დიდ პატივს ვცემ სამეცნიერო ლიტერატურას, რომლის გარეშე პროფესიას სათანადოდ ვერ დაეუფლები. ეს არის სპეციალური ლიტერატურა, რომელიც ადამიანის პროფესიულ განვითარებას ემსახურება. ამიტომ, ის უნდა წაიკითხო, მაგრამ მხატვრული ლიტერატურა პიროვნების არჩევანია - შენ უნდა გადაწყვიტო, რას წაიკითხავ და რას - არა. როდესაც მხატვრულ ლიტერატურას კითხულობ, სულიერად მდიდრდები და ბევრად უკეთესი ხდები. ამის გამო სერტიფიკატს არავინ მოგცემს, მაგრამ როცა კითხულობ, მაინც კმაყოფილი ხარ. წიგნის კითხვა ადამიანს შეუმჩნევლად, მაგრამ ძირეულად ცვლის. სამწუხაროა, რომ თანამედროვე ადამიანების ერთი ნაწილი წიგნებისთვის ვერ იცლის.

- ბევრი ამას უდროობას აბრალებს

- უდროობა არაფერ შუაშია: თუ ადამიანს შეუძლია საათები გაატაროს სოციალურ ქსელში და რაღაც სისულელეები იკითხოს, ისიც შეუძლია, რომ თავისი დროის ნაწილი წიგნებს დაუთმოს. ვიმეროებ, ეს მათი არჩევანია: მათ გადაწყვიტეს, რომ სმარტფონებს უფრო დიდი დრო დაუთმონ, ვიდრე კარგ ლიტერატურას. უდროობის მომიზეზება ბლეფია, ეს არ არის ნამდვილი მიზეზი. 600-გვერდიან წიგნს მთელი დღე, გადაბმულად ხომ არ ვკითხულობთ? შეიძლება ის ნელ-ნელა წაიკითხო, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში, რაღაც დრო მაინც დაუთმო. მგონი, ზრდასრულმა ადამიანმა უნდა შეძლოს, რომ დრო წიგნისთვისაც გამოყოს.

- როგორ მოქმედებს წიგნი მოზარდის ფსიქიკაზე?

- ჯერ ერთი, მოთმინების და კონცენტრაციის უნარს ავითარებს. კითხვის პროცესი ინტელექტუალური პროცესია, რომელიც ადამიანში ემპათიას აღვიძებს, კითხვისას, ადამიანის გულში უნებლიეთ ჩნდება თანაგანცდა და მეორე ადამიანის გაგების უნარი. როდესაც კარგ წიგნს კითხულობ, მისი პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრობ და მათ ბედს საკუთარივით განიცდი. ცხადია, ეს ყველაფერი მოზარდის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს, მით უმეტეს, რომ კითხვა აზროვნების უნარსაც ავითარებს. კითხვის პროცესში ადამიანი აცნობიერებს, რომ სამყაროში ყველაფერი მარტივად არ არის მოწყობილი, რომ შავისა და თეთრის გარდა, სხვა ფერებიც არსებობს, რომ სამყარო გაცილებით რთული და მრავალფეროვანია. როცა წიგნს კითხულობ, შენც ამ ისტორიის თანამონაწილე ხდები. წიგნი მკითხველს საკუთარი თავის შეცნობაშიც ეხმარება. ლიტერატურაში ყოველთვის შეიძლება ნახო რაღაც ისეთი, რაც თავად გამოგიცდია, მაგრამ სახელი ვერ დაგირქმევია. წიგნებთან სიახლოვე მარტოობის ილუზიასაც ამსხვრევს: ადამიანი ხშირად ფიქრობს, რომ ის რთულ მდგომარეობაშია, რომ ვერავინ გაუგებს, მაგრამ უცებ, რომელიღაც გვერდზე, ზუსტად იმ სიტყვებს პოულობს, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხვდება, რომ მარტო არ არის. ლიტერატურა გვაიძულებს, ერთი საათით მაინც ვიცხოვროთ სხვისი ცხოვრებით და სხვისი ბედი გავიზიაროთ, ეს მოზარდის ემოციურ ინტელექტსაც ზრდის და ამავდროულად, სამყაროს აღქმის ჰორიზონტს უფართოებს. წიგნის კითხვა თავისებური გასართობიც არის, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ხალხი, ვისაც ეს წამება ჰგონია და რაც ყველაზე მთავარია: წიგნის კითხვა მორალურ ღირებულებებს აყალიბებს, რასაც ინტერნეტი ვერასდროს მოახერხებს.

- თანამედროვე მშობლები ხშირად ჩივიან, რომ მათ შვილებს წიგნის გარდა, ყველაფერი აინტერესებთ. რას ეტყოდით მათ?

- ბავშვმა კითხვის ჩვევა უნდა გამოიმუშაოს და თუ ამის მიღწევა გვინდა, მისთვის შესაფერისი ლიტერატურა უნდა შევურჩიოთ. ხომ წარმოუდგენელია, რომ მეორეკლასელს ჯეიმს ჯოისი დაუდო და უთხრა, ეს წაიკითხეო? ამიტომ, სასურველია, ჯერ მშობელმა ურჩიოს რა შეიძლება წაიკითხოს და რა - არა. აქ იკვეთება თანამედროვეობის კიდევ ერთი მწვავე პრობლემა: ხშირად, კითხვისთვის თავად მშობლებს არ სცალიათ და შვილს ეუბნებიან, წიგნები უნდა წაიკითხოო. არადა, ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევითი მოდელია. ეს რას ნიშნავს? - თუ ხედავს, რომ უფროსებიც კითხულობენ, ისიც ცდილობს, მათი ქცევა გადაიღოს. საერთოდ, ბავშვები იმ ადამიანებს ბაძავენ, ვინც მათ თვალში ავტორიტეტს წარმოადგენს. ამიტომ, მოზარდი მიბაძვით სწავლობს და არა შეგონებით. როცა ვინმე საყვედურობს, რომ ამ თაობას წიგნები არ უყვარს, მე ვსვამ შეკითხვას - საიდან მოვიდა ეს თაობა და ვისგან იღებს მაგალითს?

- ძალიან ბევრი ადამიანი გადავიდა აუდიოწიგნებზე, ამის თაობაზე რას ფიქრობთ?

- აუდიოწიგნის მოსმენა ცუდი არ არის, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ასე მხატვრული ლიტერატურის მადლს ბოლომდე ვერ შეიგრძნობ. თუმცა, ისიც უნდა გავითვალსიწინოთ, რომ სტრესულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველა სადღაც მიიჩქარის... ამიტომ, აუდიოწიგნის მოსმენა შეიძლება თუნდაც, საცობში, ან როცა წაკითხვის საშუალება არ გაქვს. ეს სულაც არ არის ახალი მოვლენა: წლების წინ, რადიოში იყო გადაცემა „რადიოპიესები“, რომელშიც არაჩვეულებრივი მსახიობები მონაწილეობდნენ. ამ გადაცემას დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, მაგრამ წიგნთან განმარტოება და მისი წაკითხვა სულ სხვა მოვლენაა. ჩემი აზრით, წიგნს ვერაფერი ჩაანაცვლებს. ამაში ის ახალგაზრდები მარწმუნებენ, რომლებიც ძალიან ნაკითხები და განათლებულნი არიან. კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ ადამიანი სამყაროს სხვა თვალით ხედავს, წიგნს შეუძლია გამოგვაფხიზლოს და გვაჩვენოს, როგორი უნდა იყოს ადამიანი, ან პირიქით - როგორი არ უნდა იყოს... სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ წიგნის ადგილი ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)