"გზავნილია ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელი უფრო მართალია ამ ორი ჯგუფიდან, ისინი ცდილობენ, რომ თავის სიმართლე დაუმტკიცონ ბიძინას" - მამუკა არეშიძე პოლიტ - კვირის პალიტრა

"გზავნილია ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელი უფრო მართალია ამ ორი ჯგუფიდან, ისინი ცდილობენ, რომ თავის სიმართლე დაუმტკიცონ ბიძინას" - მამუკა არეშიძე პოლიტიკურ პროცესებზე

კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ ლაზარე ჯორბენაძის მიერ დასახელებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც დავით გარეჯში 4 000 მ2 მიწა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა, „ბუნებაში არ არსებობს“

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ თუ ასეთი ტიპის დოკუმენტი მართლა არსებობს, მაშინ მას შესაბამისი ქმედებებიც უნდა მოჰყოლოდა აზერბაიჯანის მხრიდან.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადე, მინდა გითხრათ, რომ მე ვერსად ვერ მივაკვლიე ამ ტიპის დოკუმენტს, რომელშიც ამ ტიპის შინაარსი იქნებოდა, რაც იყო ნათქვამი. შემიძლია, მიგითითოთ, ჩვენ ქვეყანაში არ ვეძებდი, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით ვეძებდი, ეს ნახევრად ხუმრობით. ობიექტური რომ ვიყო, გეტყვით, რომ ვერც იმ დოკუმენტს ვერ მივაგენი ვერასოდეს და ვერსად, მიხეილ სააკაშვილი რომ გამოვიდა 2007 წლის 12 მაისს და გამოაცხადა, რომ სტრატეგიული სიმაღლეები დავუთმეთ აზერბაიჯანსო. ამდენი ხნის განმავლობაში ეს დოკუმენტიც არ ამოტივტივებულა. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არცერთი ასეთი დოკუმენტი არ არსებობს, ეს არის უბრალოდ გარკვეულწილად სიტყვიერი შეთანხმება ან მოლაპარაკების თემა, რაც გაბუქებულია და სხვა ჟღერადობა მიეცა. ჯორბენაძეს რომ ეკითხებიან, რატომ არ გადაუღე დოკუმენტსო, ამბობს, რომ ვერ გადაუღო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა დოკუმენტის არსზე გაემახვილებინა ყურადღება. რა ტიპის დოკუმენტია, ეს არის გადაწყვეტილებათა ნააზრევი, დოკუმენტის პროექტის მაკეტია თუ რა არის. მე მგონია, რომ ასეთი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს.

ამ ტიპისა და ამ შინაარსის დოკუმენტის შესაბამისის ქმედებები არ არის, მაგრამ მე გეტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ქმედება მოყვა, მომლოცველები ვერ ადიოდნენ ქედის გარკვეულ ნაწილში და ჩიჩხიტურის კოშკთან ვერ მიდიოდნენ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ახლა მდგომარეობა შეცვლილია. იქ, სადაც იდგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, ახლა დგანან ჩვენი მესაზღვრეები.

ეს არის ჩემი შთაბეჭდილება, ჩემი ვერსი და მე ამას თავს არავის ვახვევ, მაგრამ მაინც ვიტყვი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ თემის გარშემო გარკვეული ვაჭრობა მიმდინარეობს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აზერბაიჯანის მხარე არ არის მაინც და მაინც დაინტერესებული ჩიჩხიტურის ჩრდილში გაივლის თუ არა მათი მესაზღვრე, მაგრამ ეს სჭირდება იმისთვის, რომ გარკვეული ზეწოლის მექანიზმი მუდმივად ჰქონდეს ქართულ მხარესთან“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

გარდა ჯორბენაძისა და დავით გარეჯის კონტექსტისა არეშიძემ ისაუბრა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებზე და მის პოზიციაზე.

არეშიძის თქმით, ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ დისტანცირებულია, თუმცა მას „ბიძინა ივანიშვილისგან განსაკუთრებულად დისტანცირებულს მაინც ვერ ხედავს“.

არეშიძის თქმით, დაპირისპირებული ორივე მხარისგან არის მცდელობა, რომ ბიძინას დაუმტკიცონ, რომ მართლები არიან.

„ირაკლი ღარიბაშვილს ამ პოლიტიკური ძალისგან დისტანცირებულს ვხედავ, თვალდახუჭულმა შეგიძლია დაინახო უკვე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისგან განსაკუთრებულად დისტანცირებულს მაინც ვერ ვხედავ. მე მაინც მგონია, რომ ის, რაც ხდება, ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, ეს გზავნილია ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელი უფრო მართალია ამ ორი ჯგუფიდან, ისინი ცდილობენ, რომ თავის სიმართლე დაუმტკიცონ ბიძინას“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.