ვინ თქვა, ირანს ბალისტიკური რაკეტები სულ გავუნადგურეთო? - "სარაკეტო ფოირვერკი“ ამერიკელებისთვის - კვირის პალიტრა

ვინ თქვა, ირანს ბალისტიკური რაკეტები სულ გავუნადგურეთო? - "სარაკეტო ფოირვერკი“ ამერიკელებისთვის

ვინ თქვა, ირანს ბალისტიკური რაკეტები სულ გავუნადგურეთო? აბა, ვინ მოუწყო ამერიკელებს „სარაკეტო ფოირვერკი“?

ამერიკა-ირანის შეიარაღებული დაპირისპირება ისევ გააქტიურდა და „სატანკერო ომი“ „სარაკეტო ომში“ გადაიზარდა...

ჯერ იყო და, გუშინ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ხუთი ირანული ნედლი ნავთობის გადამზიდი ტანკერი გაანადგურეს, მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდებზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ორჯერ სცადა.

„აშშ-ის სამხედრო ხომალდმა წარმატებით აირიდა ირანის თავდასხმის მცდელობები და რეგიონული წყლების პატრულირება განაგრძო“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკული სამხედრო პერსონალი არ დაშავებულა.

1-ior-1788935955.png
იორდანიის „ალ აზრაკის“ სამხედრო-საჰაერო ბაზამდე, სადაც იორდანული და ამერიკული F-16-ები გვერდიგვერდ დგანან, ირანის დასავლეთ საზღვრიდან 900 კმ-მდეა, თუმცა ირანული ბალისტიკური რაკეტები თავისუფლად წვდებიან...

ამ ღამით კი ირანმა თავისი „სარაკეტო ბრჭყალები“ ისევ გამოაჩინა...

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანულ ტანკერებზე თავდასხმის საპასუხოდ, იორდანიაში „ალ აზრაკის“ სამხედრო ბაზას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ასევე, ირანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ორ სამხედრო გემს დაარტყეს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბაჰრეინთან და ქუვეითთან მყოფი ნავთობტანკერები გააფრთხილა.

„ვაფრთხილებთ ქუვეითისა და ბაჰრეინის პორტების მახლობლად მყოფი ნავთობტანკერების ეკიპაჟის წევრებს, დაუყოვნებლივ დატოვონ გემები“, - განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

თავის მხრივ, იორდანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ გაშვებული 20 ბალისტიკური რაკეტიდან 18 ჩამოაგდო, ხოლო ორი რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. იორდანიაში ირანის იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

2-ior-1788935954.png
ირანელებს ჯერ კიდევ ბევრი ბალისტიკური რაკეტა შემორჩათ...

თუმცა იორდანელი თვითმხილველების მიერ გადაღებულ, ძალზე შთამბეჭდავ ვიდეოკადრებში კარგად მოჩანს, თუ როგორ ეცემიან ირანული ბალისტიკური რაკეტების ქობინები ღამისეულ ცაში და როგორ ცდილობენ მათ გადაჭერას სამხედრო ბაზიდან გაშვებული „პეტრიოტის“ ანტირაკეტები...

ამ ვიდეოკადრების შემხედვარე, როდესაც თითოეული ირანული ბალისტიკური რაკეტის გადაჭერას არანაკლებ 5-6 ანტირაკეტა ცდილობს და ეს ყველას არ გამოსდის, ადვილი მისახვედრი ხდება, რომ „პეტრიოტის“ ანტირაკეტები ტრამპს უკრაინის მისაცემად კი არა, სპარსეთის ყურეში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავადაც კი აღარ დარჩება მალე...

საგულისხმოა, რომ ირანი იყენებს კასეტური ქობინის მქონე ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც მიწიდან რამდენიმე კმ-ში ხსნიან ქობინებს და საბრძოლო ელემენტებს „ფანტავენ“-ასეთი „გაფანტული“ საბრძოლო ელემენტების სათითაოდ გადასაჭერად კი ბევრად მეტი ანტირაკეტაა საჭირო...

3 ნოემბრის აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში მისი მომხრე რესპუბლიკელების გასამარჯვებლად, პრეზიდენტ ტრამპს აუცილებლად სჭირდება, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მიმოსვლა თავისუფალი იყოს, რასაც თეირანშიც კარგად ხვდებიან და ყველანაირად ეცდებიან, დარჩენილ ორ თვეში ჰორმუზის სრუტე სრულად დაბლოკონ...

ამას კი მოყვება ამერიკული წერტილოვანი საჰაერო დარტყმები ირანის პორტებში ბლოკირებულ ტანკერებსა და სხვა სავაჭრო გემებზე, ხოლო საპასუხოდ კი თეირანი ისევ ბალისტიკური რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით შეუტევს სპარსეთის ყურის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს...

და, ამ ყველაფრის ფონზე, ბენზინის მსოფლიო ფასი ისევ ზევით ავარდება...

ვიდეო: იორდანიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ირანული ბალისტიკური რაკეტების შეტევისა და ამერიკული „პეტრიოტის“ ანტირაკეტებით მათი გადაჭერის მცდელობების ვიდეოკადრები...