სახიფათო სცენარი ანუ როგორ გამოიყენებს პუტინი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებს?! - Der Spiegel
„პუტინის გამარჯვება“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია გერმანულ ჟურნალ „შპიგელში“ (Der Spiegel), რომელშიც გამოცემის მთავარი რედაქტორი კევინ ჰაგენი კომენტარს უკეთებს საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებს და მის შედეგებს: ვინ სარგებლობს გერმანელი მემარჯვენეების მიერ მოპოვებული წარმატებით? -მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
პრაქტიკულად, ის ყველაფერი, რასაც პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“, აგრეთვე, სარა ვაგენკნეხტი და მისი პარტიული თანამებრძოლები ხმამაღლა ითხოვენ, კრემლის ინტერესებს პასუხობს. საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ არჩევნებში მოპოვებული წარმატება მათ შესაძლებლობას აძლევთ, ღია და შეუნიღბავი პუტინიზმის დემონსტრირება თავისუფლად მოახდინონ.
ვლადიმერ პუტინის მიზნები გერმანიის მიმართ შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ უნდა შეწყვიტოს უკრაინისადმი მხარდაჭერა და ისევ უნდა დაიწყოს რუსული ბუნებრივი გაზის ყიდვა, დიდი მოცულობით. გერმანიამ ხელი უნდა შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის დასუსტებას. კრემლს ასევე მოეწონებოდა, თუ გერმანელები უარს იტყოდნენ ლიბერალურ დემოკრატიაზეც.
თუ მოსკოვის მიზნები განხორციელდება, კრემლისთვის ეს ზედმიწევნით კარგი იქნება: უკრაინა, ალბათ, კრახის წინაშე აღმოჩნდება, რუსეთი გაზის გაყიდვით საკმარის ფულს მიიღებდა ომის გასაგრძელებლად, ბერლინი კი ისევ მოსკოვზე დამოკიდებული გახდებოდა. შეძლებდა დასავლეთი ასეთ სიტუაციაში ძლიერი საპირწონის როლის შესრულებას? - ვერ შეძლებდა: დასავლეთი დანაწევრებული, დასუსტებული და გამოფიტულია.
ზეიმი კრემლში
საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებული ადგილობრივი ლანდტაგის (საკანონმდებლო ორგანოს) არჩევნების შედეგები, ალბათ, კრემლისთვის სასიხარულო ფაქტს წარმოადგენს - გამარჯვება პრორუსულმა პოლიტიკურმა ძალებმა მოიპოვეს: ხმების თითქმის 44% მიიღო პარტიამ - „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AfD), 5,3% - „სარა ვაგენკნეხტის კავშირმა“ (BSW). თუ მსგავსი იდეოლოგიის მქონე ეს ორი პარტია ერთმანეთს ამა თუ იმ ფორმით შეუკავშირდება და მოსკოვზე ორიენტირებულ კოალიციას შექმნის, ისინი ლანსტაგში აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებენ.
როგორ განვითარდება მოვლენები საქსონია-ანჰალტში? რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინის პროექტი შეუძლებელია დემოკრატების ხელით განხორციელდეს - ისინი მეტ-ნაკლებად მაინც წესიერები არიან და უკიდურეს ნაბიჯს არ გადადგამენ. აქედან გამომდინარე, რუსეთი ფსონს დესტაბილიზაციის მოწყობაზე დებს. კრემლის მიზანი გამოიხატება დემოკრატიის დისკრედიტაციაში, ადგილობრივი ინსტიტუტების რეპუტაციის დაცემაში, მოსახლეობაში შიშის დათესვაში - დეზინფორმაციით და ჰიბრიდული შეტევებით, აგრეთვე, გერმანელი უპრინციპო პოლიტიკოსებისადმი მხარდაჭერაში, რომლებიც რუსეთის პროპაგანდის ტირაჟირებას ეწევიან და ხელს უშლიან ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში პასუხისმგებელი და შრომისუნარიანი უმრავლესობის ჩამოყალიბებას.
პარტიები „ალტერნატივა გერმანიისათვის“ და „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ სწორედ ასეთ პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ.
„კომუნისტური შემართებით...“
პოლიტიკა, რომელსაც ყოფილი კომუნისტი, ყოფილ გდრ-ში დაბადებული, 55 წლის სარა ვაგენკნეხტი და მისი ერთგული გუნდი (BSW) გერმანიაში ახორციელებს, სრულად პასუხობს კრემლის ინტერესებს. BSW-ელები თავიანთ მოთხოვნებს უკრაინის მიმართ სამშვიდობო ინიციატივით ნიღბავენ, გამოდიან რუსეთისადმი სანქციების მოხსნისა და უკრაინისათვის იარაღის მიწოდების აკრძალვის მოთხოვნით, სამაგიეროდ კი სურთ, გერმანიის მოსახლეობას ისევ იაფი რუსული გაზი დაუბრუნონ. სარა ვაგენკნეხტს უნდა ნატო ისეთი ახალი სამხედრო ბლოკით ჩანაცვლდეს, რომლის წევრი რუსეთიც იქნებოდა.
როცა გერმანიის მთავრობა ლაიფციგში მომხდარი ინციდენტის გამო რუსეთის მისამართით გამაფრთხილებელი განცხადებით გამოვიდა, სარა ვაგენკნეხტმა აღშფოთება გამოხატა. იმავდროულად მისმა თანაგუნდელმა BSW-ელებმა საქსონია-ანჰალტში უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი გამოხტომები განახორციელეს (ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაულ წარმოშობასთან დაკავშირებით) და მას „ფულზე დახარბებული თაღლითი“ უწოდეს
ტიურინგიაში BSW-ელებმა თავიანთი პოლიტიკის პროპაგანდაში მარცხი განიცადეს - მოსახლეობიდან გარიყულები აღმოჩნდნენ, საქსონია-ანჰალტში კი მათ ნოყიერი ნიადაგი იპოვეს და უკრაინისათვის ზიანის მიყენება დაიწყეს. „ალტერნატივის“ ლიდერთან - ალისა ვაიდელთან ერთად სარა ვაგენკნეხტს სურს, ადგილობრივ პარლამენტში (ლანდტაგში) ისეთი რეზოლუცია მიიღოს, რომლის მიხედვით, საქსონია-ანჰალტის სამხარეო მთავრობა იძულებული იქნება ბუნდესრატში (გერმანიის ფედერალური მხარეების საბჭოში) კიევისათვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უკრაინის დამარცხებისთვის იღწვიან, რუსებთან მეომარ უკრაინელებს დანებებას სთავაზობენ.
შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა მოტივები ამოძრავებთ სარა ვაგენკნეხტს და მის მომხრეებს, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: მათ მიმართ ხელისუფლების ლოიალურმა დამოკიდებულებამ კრახი განიცადა. BSW-ელები სულ უფრო აქტიურად გამოდიან კატალიზატორად, პოლიტიკური ატმოსფეროს მოწამვლაში, რომელშიც „ალტერნატივა“ თავს მტკიცედ გრძნობს.
სახიფათო სცენარი: რა იქნება შემდეგ?
არჩევნების წინ სარა ვაგენკნეხტის პარტია უშვებდა შესაძლებლობას, რომ თუ სამხარეო მთავრობის მეთაურს ორ ტურში ვერ აირჩევდნენ, მესამეში მონაწილეობისაგან თავს შეიკავებდა. ამით ირიბად ხელს შეუწყობდა „ალტერნატივის“ კანდიდატს ულრიხ ზიგმუნდს, ამ პოსტის დაკავებაში.
არჩევნების შემდეგ ძალთა ისეთი განლაგება შეიქმნა, რომ ასეთი სცენარი, როგორც ჩანს, აღარ განიხილება, თუმცა ის გარემოება, რომ პარტია მზად არის გზა გაუკაფოს უკიდურესად მემარჯვენე სამხარეო მთავრობის შექმნას - პირველად მეორე მსოფლიოს ომის დამთავრების შემდეგ - უკვე ანტიდემოკრატიული დღის წესრიგისადმი ხელშეწყობას ნიშნავს. ეს ეხება, აგრეთვე, ზეპარტიული (უპარტიო) მთავრობის შექმნის გეგმასაც, მაგრამ „ალტერნატივის“ შეთავაზებული კანდიდატებით დაკომპლექტებულს.
მოკლედ, გერმანიაში მომხდარი ამბებით ერთი პიროვნება, ალბათ, განსაკუთრებით იქნება გახარებული: ვლადიმერ პუტინი.
მოამზადა სიმონ კილაძემ