მარტა კოსის სკანდალური განცხადება?! - კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ
კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.
„არ უნდა გავრისკოთ ის, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები შეიქმნან, რომელიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება“, - განაცხადა კოსმა „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, ევროკავშირს „ისტორიაში პირველად, გაფართოების პროცესში მოწინააღმდეგეები ჰყავს“.
კითხვაზე, ვინ არის მსგავსი „მოწინააღმდეგე“, კოსმა უპასუხა, რომ „ცხადია, ერთ-ერთი მათგანი რუსეთია“.
ასევე, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „ზეწოლას დასავლეთის, MAGA-ს იდეოლოგების მხრიდანაც“ განიცდის.
„ისინი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ჩვენი ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და შესაფერისი დემოკრატია არ გვაქვს“, - აღნიშნა კოსმა.
ევროკომისარმა ჩინეთის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პეკინი „განსხვავებული შემთხვევაა“, რომელიც ისეთ დეზინფორმაციულ კამპანიებში არ არის ჩართული, როგორსაც რუსეთი კანდიდატ ქვეყნებში აწარმოებს.
"ინტერპრესნიუსი"