რა ხდება უკრაინის ფრონტზე და შეძლებს თუ არა ზელენსკი რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვას?! - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ლ სექტემბერს საერთაშორისო ავიაკომპანიები და სადაზღვევო კომპანიები გააფრთხილა, რომ უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ცა გამოსაყენებლად საშიში გახადა და ის, ფაქტობრივად, დახურულია. მანვე განმარტა, რომ უკრაინა არ ემუქრება სამოქალაქო ავიაციას. ვლადიმირ პუტინმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ავიაკომპანიების გაფრთხილება, რომ უკრაინული დრონები ფაქტობრივად ჩაკეტავენ რუსეთის საჰაერო სივრცეს, "სახელმწიფო ტერორიზმია" და მოსკოვი იპოვის პასუხის გაცემის გზას...
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას განცხადებით, უკრაინამ ოფიციალურად გააფრთხილა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო არ არის. მისი განცხადების მომდევნო, 1-2 სექტემბრის ღამეს თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა უკან დააბრუნა მოსკოვისკენ მიმავალი რამდენიმე თვითმფრინავი და გაუქმდა რეისები სტამბოლიდან, ანთალიიდან, იზმირიდან და დალამანიდან. რამდენიმე რეისი გააუქმა Turkish Airlines-მაც.
აქვს თუ არა უკრაინას რესურსი, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე ჩაკეტოს და რა ზიანს მოუტანს ეს რუსეთს, ამ საკითხებზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება:
- უკრაინას ეს ადრეც უნდა გაეკეთებინა, ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც დრონების საფრთხის გამო იკეტებოდა როგორც მოსკოვის დომოდედოვოს და შერემეტიევოს აეროპორტები, ასევე სანქტ-პეტერბურგის, სოჭის, უკრაინასთან ახლომდებარე კრასნოდარის და ა.შ. აეროპორტები. ზელენსკის განცხადება უფრო პოლიტიკურია და ამით მაქსიმალურად შეზღუდა საჰაერო გადაფრენები და საჰაერო სივრცის გამოყენება რუსეთისთვის. თითოეული რეისის გადადება ძალიან დიდი დარტყმაა რუსეთისთვის. ეს დიდი ზარალია როგორც საჰაერო გადამზიდავებისთვის, ისე უშუალოდ სახელმწიფოსთვისაც.
ახლა რატომღაც ძალიან ბევრი ბალისტიკური რაკეტა გაუჩნდა რუსეთს. ჩანს, ჩრდილოეთი კორეა დაეხმარა. პუტინი რომ მიუშვა, არ დაამთავრებს ომს, ბოლო რუსეთის მოქალაქემდე იომებს, მაგრამ ახლა საუბარია იმაზე, უკრაინა და დასავლეთი თუ აიძულებენ პუტინს, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის ვიზიტი რუსეთში გარკვეულწილად ამასაც ითვალისწინებდა. ყოველ შემთხვევაში, არის ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს იმიტომ ჩავიდა, რომ საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ ნარიშკინსა და ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელ ბორტნიკოვს გააცნოს ამერიკიდან დანახული რეალური სურათი (და არა ის, რასაც პუტინს მოახსენებენ, წინსვლაა ფრონტზეო და სხვა), რათა იფიქრონ საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე.
- პუტინმა ხმებს იმის შესახებ, რომ მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს, "სრული აბსურდი" და რუსეთზე "ინფორმაციული თავდასხმის" ნაწილი უწოდა.
- უწყვეტი მობილიზაცია ისედაც მიმდინარეობს. მობილიზაცია უნდა განვასხვაოთ სავალდებულო გაწვევისგან. სავალდებულო გაწვევა მუდმივად ხდება. მობილიზაცია ნიშნავს იმას, რომ თუნდაც ომგამოვლილი ან სავალდებულო სამსახურის ვადაგადაცილებული პირიც შეიძლება გაიწვიონ სამხედრო სამსახურში. ასე რომ, პერმანენტული მობილიზაცია, ფარული თუ უწყვეტი, მუდმივად მიმდინარეობს. ახლა გამოჩნდა ინფორმაცია, რომ უკვე ბელარუსში მიდის ბელარუსების "დავერბოვკება", კონტრაქტის პირობების შეთავაზება. საწყისი თანხა, რომელსაც ომში წამსვლელი ხელზე მიიღებს, 20 ათასი დოლარია, თან რუსეთის მოქალაქეობას ჰპირდებიან და მოხდება მათი ნასამართლობის (ვისაც აქვს) ანულირება. არა მგონია, ომში ბელარუსი იდეოლოგიური მოსაზრებებით წავიდეს, წავა ფულისთვის და სხვა პირობებისთვის.
ახლა საუბარია, რომ ჩრდილოეთ კორეიდან ელოდებიან დიდ კონტინგენტს. ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე იქნებიან, თუმცა პუტინს რას გაუგებ - თუ იტყვის, რომ დაკავებული ტერიტორიები რუსეთისაა, მაშინ ის კორეელები ჩერთვებიან ბრძოლაში. ასე რომ, ამ მხრივ დადებითი ცვლილებები არ არის. სამაგიერო, დადებითი ცვლილებებია უკრაინის გადაიარაღებაში.
მხოლოდ აგვისტოში უკრაინამ 10 ხელშეკრულება დადო სხვადასხვა ქვეყანასთან. ბოლო ხელშეკრულება იყო ფინეთთან საზღვაო და საჰაერო დრონებისა და სახმელეთო რობოტების ერთობლივად წარმოების შესახებ. ხელშეკრულება გააფორმეს ნორვეგიასთან ანტიდრონულ წარმოებაზე. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მისცა ტექნოლოგია "შტორმ შედოუს" წარმოებისთვის. საუბარია, რომ უკრაინელებს "პატრიოტის" წარმოების ნებართვაც მისცენ და ტექნოლოგია გადასცენ. საფრანგეთი მზად არის AშთEღ-ის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და რადარები მისცეს უკრაინას.
უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად არის მიწვეული და სამუშაო ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ამერიკელებს სთავაზობს, რომ "პატრიოტების" სანაცვლოდ უკრაინა დაეხმარება უპილოტო საფრენი აპარატების არმიის ჩამოყალიბებაში.
სულ ბოლო ინფორმაციაა მასკის მიერ სატელიტური კავშირის ნებართვის გადაცემის შესახებ, რათა უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენონ "სტარლინკი". ამით ძალიან გაიზრდება როგორც დრონების, ასევე ბალისტიკური რაკეტების მოხვედრის სიზუსტე, "სტარლინკი" დაეხმარება მათ, თავი აარიდონ საჰაერო თავდაცვის ზონებს. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ტექნოლოგიის გადაცემა არ ნიშნავს, რომ ხვალვე დაიწყებენ ამის წარმოებას. ამისთვის უნდა აშენდეს საწარმო, მომზადდეს მუშახელი, დაიწყოს აწყობა. დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა მზად არის უკრაინას გამოუყოს საწარმოები, სადაც ისინი შეძლებენ ამ სისტემების წარმოებას.
ახლა რაც შეეხება პუტინის მუქარას ესკალაციის შესახებ. დასავლელი პოლიტიკოსების აზრით, ეს, ძირითადად, გულისხმობს იმას, რომ ნატოს წევრ ქვეყნებზე იქნება ზემოქმედება, მაგრამ ეჭვი მეპარება, რუსეთი ახლა მზად იყოს, რომ პარალელურად დასავლეთისა და ნატოს წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რუსეთი არ გაააქტიურებს პროვოკაციულ მოქმედებებს - მაგალითად, დრონების შეფრენას, საჰაერო სივრცესთან თვითმფრინავების ახლოს გაფრენას, ან ნატოს ქვეყნების საჰაერო აპარატებთან ახლოს მიფრენას. ამის მაგალითები არის.
გერმანიამ უკვე დაადგინა, რომ ლაიფციგში დრონების გამოყენებით პროვოკაცია რუსეთის მოქალაქეების მოწყობილი იყო, დაადგინეს ორი პირიც: ერთია რუსეთის და ბელარუსის ორმაგი მოქალაქე და მეორე - რუსეთის და ლიეტუვის. გერმანიამ უკვე მიიღო დადგენილება, რომ გამკაცრდეს რუსებზე ვიზების გაცემა. ამას დავუმატოთ ახლახან გერმანიაში "უცნობი" პირების მიერ მოწყობილი დივერსია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელექტროსადგურზე. პოლონეთიც აცხადებს, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში გაჩენილ ხანძარში რუსების ხელი ურევია და ა.შ. რა თქმა უნდა, ამით რუსები გარდატეხას ვერ შეიტანენ, მაგრამ ზემოქმედება არის მოსახლეობაზე...
- ბოლო ხანს რუსეთის მცირე უპირატესობაზე საუბრობენ.
- დღეს რუსეთს უპირატესობა აქვს დიდი ქალაქების დაბომბვაში, ბალისტიკის გამოყენებაში, ვინაიდან უკრაინას უჭირს რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები, ძირითადად, ბალისტიკის საწინააღმდეგო საშუალებები და დრონების მასობრივად გამოყენება, "შაჰედი" იქნება ეს, "გერანი", "გერან-4" თუ "გერან-5", რომელიც რეაქტიული დრონია - უკრაინელების საჰაერო საშუალებების მთელი ეს დატვირთვა მიდის ამ დრონების გაუვნებლებაზე და ბალისტიკური რაკეტები ეპარებათ. უკრაინას არა აქვს იმდენი ბალისტიკური რაკეტა, რამდენიც რუსეთს, ყოველ შემთხვევაში, ჯერ იმდენის წარმოებას ვერ ახერხებენ უკრაინელები.