ომის ორი რეკორდი უკრაინული კამიკაძე-დრონებისგან - 3 300 კილომეტრის სიღრმეში დარტყმა და 24 საათი რუსეთის ცაში უპრობლემოდ ფრენა
უკრაინელებმა რუსეთთან ომში კიდევ ორი საომარი რეკორდი დაამყარეს, როდესაც 9 სექტემბერს რუსეთის იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში ორ ენერგეტიკულ ობიექტზე ზუსტი საჰაერო დარტყმები განახორციელეს...
უკრაინული კამიკაძე-დრონები ისედაც ყოველღამ ერთ-ორ რუსულ ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ქარხანას უტევენ და ამაში დიდი სიახლე არაფერი იქნებოდა, რომ არა თავად ის გარემოება, რომ ეს ორივე ქარხანა უკრაინის საზღვრიდან პირდაპირი ხაზით არანაკლებ 2 800 კმ-ის დაშორებით, ურალის ქედის მიღმა მდებარეობს...
ამ სიშორეზე უკრაინულ დრონებს აქამდეც შეუტევიათ, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი დეტალი - უკრაინული კამიკაძე-დრონების გაშვება რუსეთისკენ, რა თქმა უნდა, არ ხდება უშუალოდ რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან. მათ უკრაინის ტერიტორიის 100-200 კმ-ის სიღრმიდან უშვებენ და მეორეც -უკრაინული დრონები არასოდეს მიფრინავენ უმოკლესი გზით, ისინი გვერდს უვლიან რუსული საჰაერო თავდაცვის სტაციონალურ საზენიტო-სარაკეტო საცეცხლე პოზიციებს...
ცნობილმა უკრაინულმა დრონების მწარმოებელმა კომპანიამ Fire Point-მა ოპერატიულად „აღიარა“, რომ რუსეთის ტერიტორიის რეკორდულ სიღრმეში ორ ქარხანაზე ზუსტი დარტყმები განახორციელეს მისმა FP-1 ტიპის კამიკაძე-დრონებმა.
ცოტა ხნის წინ Fire Point-მა FP-1 ტიპის კამიკაძე-დრონებს მოდერნიზაცია ჩაუტარა -შეუცვალა ფრთის კონსტრუქცია და მის შიგნით საწვავის (ბენზინის) დამატებით ავზები განათავსა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ამ ტიპის დრონების ფრენის სიშორე.
მეორე საომარ რეკორდს უკრაინული კამიკაძე-დრონებისთვის კი ის წარმოადგენს, რომ მათი კრეისერული სიჩქარე მხოლოდ 150 კმ/სთ-მდეა და 3 300 კმ-ზე მეტი მანძილის დასაფარად მათ არანაკლებ 22-24 სთ-ი მაინც უნდა ეფრინათ უშუალოდ რუსეთის ცაში...
ანუ მთელი დღე-ღამე რუსეთის საჰაერო სივრცეში დაუბრკოლებლად მიფრინავდნენ უკრაინული კამიკაძე-დრონები და მათი ჩამოგდება ასე „ნაქებმა“ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ვერ შესძლო, უფრო მეტიც, ვერც აღმოაჩინა...
ჩვენ უკვე ვწერდით იმის თაობაზე, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ენერგეტიკული ობიექტების - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ნავთობტერმინალების, ბუნებრივი აირის გამანაწილებელი სადგურების საჰაერო თავდაცვა მინიმალურია ან საერთოდ დაუცველია, მათ შორის იმიტომაც, რომ კრემლის ბრძანებით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დიდი რაოდენობა მოიხსნა რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან და გადასროლილი იქნა მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ზღუდეების გასაძლიერებლად.
თუ რა დონის ზიანი მიაყენეს ასეთ რეკორდულ მანძილზე უკრაინულმა საჰაერო დარტყმებმა ორ რუსულ ქარხანას, მალე გამოჩნდება თანამგზავრულ ფოტოებზე, თუმცა ის კი ცნობილია,რომ ეს ქარხნები უდიდეს მნიშვნელობას წარმოადგენენ რუსეთის ენერგეტიკისთვის, რადგან წელიწადში 19,5 მლნ ტონა აირკონდენსატს გადაამუშავებენ...