Anthropic-ის წამყვანი მკვლევრის საგანგაშო განცხადება: "ისინი მალე ზეადამიანური სისტემები გახდებიან... ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ყველა დაგვხოცოს"
ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის მკვლევარმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და საჯაროდ განაცხადა, რომ AI ტექნოლოგიამ "შესაძლოა ათწლეულის ბოლოსთვის ყველა დაგვხოცოს".

ჯეიკობ კოქსონმა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში Anthropic-სა და OpenAI-ში AI-ის პირველადი სწავლების (pre-training) მიმართულებით მუშაობდა, სოციალურ ქსელ X-ში პოსტების ვირუსული სერია გამოაქვეყნა.
"არცერთი კომპანია არ მოქმედებს პასუხისმგებლობით. ისინი პირდაპირ თვით გაუმჯობესებადი სუპერინტელექტის შექმნისკენ მიისწრაფვიან და ჩვენი სიცოცხლით რისკავენ, ნუ ეცდებით შეაფასოთ ამ ტექნოლოგიის ძალა დღეს, ისინი მალე ზეადამიანური სისტემები გახდებიან, რომელთაც ნებისმიერი რამის "დაჰაკვა", ნებისმიერი სფეროს ერთ ღამეში რევოლუციურად გარდაქმნა და რეალური ძალაუფლებისა თუ რესურსების ხელში ჩაგდება შეეძლებათ. ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ადამიანებს გულწრფელად სჯერათ, რომ მას ათწლეულის ბოლომდე ჩვენი განადგურება შეუძლია", - წერს ჯეიკობი თავის განცხადებებში.
კოქსონმა ასევე აღნიშნა, რომ OpenAI-ში ბევრს ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული საკუთარი საქმიანობის "ცივილიზაციური მასშტაბის პასუხისმგებლობა". თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ Anthropic-ში არსებულ რისკებს უკეთ აცნობიერებენ, კომპანია ასევე ჩაბმულია მწვავე კონკურენტულ რბოლაში.