"ნია იმნაძე ალექსანდრე გაბაშვილს დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, იმიტომ, რომ ის იყო მისი შეყვარებული - გაბაშვილი თავმოყვარე ბიჭი იყო და..." - პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე
ნია იმნაძე, მის შეყვარებულს [ალექსანდრე გაბაშვილს] დაჟინებით აწვდიდა ინფორმაციას და დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, მაგალითად პოლიციას ან პროკურორს. ემოქმედა სწორედ მას, იმიტომ, რომ ის იყო ალექსანდრე გაბაშვილი და იყო ნია იმნაძის შეყვარებული. ის იყო თავმოყვარე ბიჭი და გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა,- ეს განცხადება მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურორმა, ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომელმაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და ახლა უკვე წინა სასამართლო სხდომაზე, უკვე უფრო მაღალი სტანდარტით დაადასტურა, ნია იმნაძის ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულში.
პროკურორის თქმით, მტკიცებულებების ნაწილში საუბარია როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებულ ინფორმაციაზე, ასევე მობილურ ტელეფონში შემავალ-გამავალ ზარებზე, ბრალდებულთა შორის არსებულ მიმოწერებზე. გარდა ამისა, პროკურორის თქმით, საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ადასტურებს ნია იმნაძის მოტივსა და მიზანს, ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით.
„ალექსანდრე გაბაშვილის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში არის ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსიანი წინადადება, რა დროსაც, ალექსანდრე გაბაშვილი თავის მეგობარს და კლასელს, ანი ნასყიდაშვილს ეუბნება - „ორი კვირაა მეუბნება, რომ მასწავლებელი მავიწროებს, მაწუხებსო და რას იფიქრებს ჩემზე, რომ მე არაფერს ვმოქმედებო". ამ წინადადებას სწორედ ის შინაარსობრივი დატვირთვა აქვს, რომ ნია იმნაძე იმიტომ აწვდიდა გიგა ავალიანის შესახებ არასასურველ ინფორმაციას ალექსანდრე გაბაშვილს, რომ გაბაშვილი შემდგომ ფიზიკურად გასწორებოდა და შური ეძია მასზე და ეს ალექსანდრე გაბაშვილის თავმოყვარეობაზე მოქმედებდა. სწორედ ამ მიმოწერით დასტურდება ის, რომ ალექსანდრე გაბაშვილი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გაეკეთებინა ის, რაც ნია იმნაძეს სურდა. ალექსანდრე გაბაშვილი წერს მეგობარს, „ორი კვირაა მეუბნებაო". ანუ [ნია იმნაძე, მის შეყვარებულ ალექსანდრე გაბაშვილს] დაჟინებით აწვდიდა ინფორმაციას და დაჟინებით ეუბნებოდა, რომ ასე ხდებოდა და მას ემოქმედა და არა სხვას, მაგალითად პოლიციას ან პროკურორს. ემოქმედა სწორედ მას იმიტომ, რომ ის იყო ალექსანდრე გაბაშვილი და იყო ნია იმნაძის შეყვარებული. ის იყო თავმოყვარე ბიჭი და გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. ის რომ ნია იმნაძე კმაყოფილი იყო უკვე ჩადენილი ქმედებით, თავის ემოციურ დამოკიდებულებას ავლენს მამამისთან, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით ჩატარებულ საუბრებში”,- განაცხადა ქეთევან სონიძემ.
პროკურორის თქმით, ნია იმნაძემაც და ანასტასია ბერუაშვილმაც იცოდნენ, რომ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე იყვნენ დაჯგუფების წევრი. პროკურორის თქმით, ეს მტკიცებულებებით დასტურდება.
"ინტერპრესნიუსი"