"საუკეთესო ბიჭი აღარ ჰყავს დედას“, - "უჩხუბიათ რაღაც სადღეგრძელოს გამო, შენ ფეხზე რატომ არ ადექიო და დაუწყია ჩხუბი“ - რას ჰყვებიან 17 წლის ბიჭზე, რომელიც არასრულწლოვანმა მოკლა
წუხელ თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული და ახლა არკვევენ ამ შემზარავი მკვლელობის დეტალებს.ფაქტი უმძიმესია, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტი სისხლისღვრით დასრულდა. მოკლულია 17 წლის დავით ნარიმანიძე. არსებული ინფორმაციით, მას თანატოლმა დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, დაჭრილი ახალგაზრდა გამთენიას ქუჩაში მოკლული ნახეს. ბრალდებულიც არასრულწლოვანია.დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.
როგორც ირკვევა, გუშინ საღამოს არასრულწლოვნები ლოტკინზე, ერთ-ერთ "დრაივზე" იყვნენ შეკრებილები და იქ მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ამბობენ, რომ ადგილზე ათამდე ახალგაზრდა იმყოფებოდა. დაპირისპირება თურმე სადღეგრძელოს მოყვა, რის გამოც დათუნას ასე სადისტურად გაუსწორდა თანატოლი. არასრულწლოვანს დანით ჭრილობები ყელის არეშიც ჰქონია მიყენებული, რამაც სიკვდილი გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით:
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს".
"უჩხუბიათ რაღაც სადღეგრძელოს გამო, შენ ფეხზე რატომ არ ადექიო და დაუწყია ჩხუბი, მერე დაჭრა დანით და გაიქცა. დანარჩენებიც გაიქცნენ იქიდანო, ასე ამბობენ. დანით ჭრილობები მიაყენეს ბავშვს, ყელიც გამოუჭრია დამნაშავეს. არ ვიცი პოლიციაში ვინ დარეკა, ფაქტი ის არის რომ კიდევ ერთი ოჯახი ასე გამწარდა. შვილი აღარ ჰყავს, ვერც მეგობრებმა დაიცვეს," - ამბობს მოქალაქე.
სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს. ეს მასალა ალბათ დაეხმარება გამოძიებას ფაქტის თვითმხილველთა იდენტიფიცირებაში.
როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, დავით ნარიმანიძემ სკოლა წელს დაამთავრა. ის წლების მანძილზე თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. თუმცა როგორც 23-ე სკოლაში გვითხრეს, დათუნა ორი წელია, რაც ამ სკოლიდან გავიდა. დირექტორმა ვერ გვითხრა სად გადავიდა სასწავლებლად ორი წლის წინ დავით ნარიმანიძე.
“საშინელი ტრაგედიაა, სამწუხაროდ ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეა მოკლული, ჩვენთან აღარ სწავლობს ორი წელია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, რა მოხდა, დეტალები არ ვიცი, ძალიან განვიცდი მომხდარს,”- მითხრა თბილისის 23-ე საჯარო სკოლის დირექტორმა.
მოკლული ბიჭის დედა, ეკა მხატვრიშვილი პედაგოგია, ის გლდანში, ბრიტანულ აკადემიაში პედაგოგად მუშაობს. ძალიან განიცდიან მომხდარს მისი კოლეგებიც. “შეძრულები ვართ მომხდარით, დათუნა არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. წელს დაამთავრა სკოლა. ძალიან დიდი ტრაგედიაა. მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს, ახლა მივდივართ ჩვენ ოჯახში სამძიმარზე, უდიდესი ტრაგედიაა, ვუსამძიმრებთ მის ოჯახის წევრებს. არაფერი არ ვიცით ჯერჯერობით, ვინ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ. ანგელოზივით ბიჭი იყო, ძალიან დადებითად შემიძლია მისი დახასიათება. ვერავინ ამ ბავშვზე ძვირს ვერ გეტყვით. არაჩვეულებრივი ბავშვები ჰყავდა ეკას, ორივე ძმები ძალიან კარგები. დათომ სკოლა წელს დაამთავრა და როგორც ვიცი, კოლეჯში აპირებდა სწავლის გაგრძელებას. უნიჭიერესი ბიჭი იყო”,- ამბობს ჩვენთან საუბარში დედამისის კოლეგა და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.
“ყველა კარგს ამბობს ბავშვზე. სრულიად საქართველოს ახალგაზრდობა მტკივა. რატომ ხდება ასე, რატომ იმეტებენ თან ასეთი პატარები ერთმანეთს ასე სასიკვდილოდ. გული მტკივა ძალიან, რამდენი ახალგაზრდა უნდა მოკლან ასე უაზროდ, მართლა გასკდა გული, უკვე ამდენი ტრაგედიების მოსმენაც აღარ შემიძლია. კარგი დედის გაზრდილი შვილია დათუნა. არაჩვეულებრივი ბავშვი იყო. უკარგესი ბავშვი. რატომ მოუკლეს დედას შვილი? ვინ უნდა აგოს ახლა ამაზე პასუხი? დედას შვილს ხომ ვერ გაუცოცხლებენ. რა უნდა ქნას დედამ? საკადრისად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. მთელი ქვეყანა დააყენა ფეხზე გიგა ავალიანის დედამ, ამდენი იბრძოლა და ამდენი ახალგაზრდა დაიჭირეს იმ სასტიკ საქმეზე, მაგრამ როგორც ჩანს, არც ეს შველის ამ ახალგაზრდობას. ისევ ხდება ადამიანის მკვლელობა. ისევ მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, ისევ არასრულწლოვნებმა. საკადრისად უნდა დაისაჯოს დათუნას მკვლელი. ასეთი ღიმილიანი ბავშვი ვის რას დაუშავებდა. საუკეთესო ბიჭი აღარ ჰყავს დედას. რატომ გახდნენ ეს ბავშვები ასე ცივსისხლიანები, რომ პატარა შელაპარაკებაზე დანას ურტყამენ ერთმანეთს.ან რატომ აქვთ დანა საერთოდ ამ ბავშვებს. ამას რატომ არ ამოწმებს არავინ? იქ პატრულმა გაიარაო, ამბობენ, ერთად შეგროვილი ბავშვები უნახავს, მათ უპასუხიათ მშვიდობააო, მაგრამ რატომ არ დაშალა ეს ბავშვები, ან რატომ არ დაელოდნენ მათ წასვლას. ან რატომ არ გაჩხრიკეს ისინი, ხომ ნახავდნენ იმ დანას და ხომ გადარჩებოდა ბავშვი. იმასაც ამბობენ, დილით ნახესო. გამოდის მიატოვეს თანატოლებმა? თუ ეს ასეა, კიდევ უფრო მეტი დანაშაულია ეს. იქნებ გადარჩენილიყო ბავშვი. რამდენად საშიშია ეს აგრესია, საიდან მოდის ასეთი აგრესია ამ მოზარდებში? უბრალო კონფლიქტის გამო როგორ შეუძლიათ ადამიანი მოკლან? ხომ განადგურდა ოჯახი, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს, სიტყვები არ მაქვს. არ ვიცი რა უნდა ვუთხრა მის დედას, როგორ ვუთხრა სამძიმარი, ჯერ იქამდე ვერ მივდივარ”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ახლობელი.
სოციალურ ქსელში უკვე დევს უამრავი ტკივილიანი სტატუსი.
“ჩემი მამიდაშვილი (მამას დეიდაშვილის შვილი), 17 წლის უწყინარი და უთბილესი ბიჭი მოუკლავთ წუხელ თბილისში. დანარჩენს საინფორმაციოშიც ნახავთ. ვის დასდევთ ქუჩა-ქუჩა და კომენტარ-კომენტარ, თქვე უმსგავსებო, როცა ქუჩები მოძალადე მკვლელებითაა სავსე?! გამძლეობა ჩემებს. ყველას მოეკითხება!”- წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.
“ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ’, - დაწერა სოციალურ ქსელში მოკლული ბიჭის დედამ ეკა მხატვირშვილმა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რა გაირკვევა გამოძიებით, ეს და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. “კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს მოკლული ახალგაზრდის ოჯახს.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)