“საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!"“ - მეუფე გიორგი ჯამდელიანი სიმონიანს "უსამშობლოს" უწოდებს
საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.
მეუფე გიორგი მიმართავს რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის Russia Today-ის მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს მის მიერ მეფე ერეკლეს მისამართით ნათქვამი სიტყვების გამო და სიმონიანს "უსამშობლოს" უწოდებს.
"ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა, ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის და მათ შორის რუსეთის წინაშე. ის ისტორიული ფაქტი კი დანამდვილებით ვიცით,თუ როგორ უღალატა რუსეთიდან საქართველოში “დასახმარებლად” გამოგზავნილმა გენერალმა ტოტლებენმა ქართველებს ასპინძის ბრძოლაში და დახმარების ნაცვლად დედაქალაქის დაკავება განიზრახა. ამისათვის,სულმნათმა მეფე ერეკლემ კუდით ქვა ასროლინა!
P.S. საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!", - წერს ჯამდელიანი.
კონტექსტისთვის, მარგარიტა სიმონიანმა გასულ წელს თქვა, რომ მეფე ერეკლე II „მუხლებზე დაჩოქილი“ სთხოვდა რუსეთს, რომ საქართველო რუსეთის იმპერიაში მიეღო.