“აუცილებლად შევხდებით! რომანოვის ღალატი დაუსჯელი არ დარჩება" - მამუკა მამულაშვილის პასუხი ფარცხალაძეს
"ჩვენ გიყურებთ, გიმახსოვრებთ და აუცილებლად მოგთხოვთ პასუხს საქართველოს ღალატისთვის", - ამგვარი პასუხი გასცა უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, რომელმაც ჯერ რუსეთის მხარდამჭერი ქართველი მოხალისეების დანაყოფის "გეორგიევსკის“ შექმნა დააანონსა, შემდეგ კი "ქართული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეებად მოიხსენია. როგორც მამულაშვილი ამბობს, ფარცხალაძე-რომანოვი ერთადერთი არ არის, სამშობლოს ღალატში ასევე შემჩნეულია მამუკა ფიფია და პაატა აბულაძე. მისივე თქმით, პაატა აბულაძემ მოსკოვში პირადად ჩაიტანა "ქართული ლეგიონის“ სიები და რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა.
მამუკა მამულაშვილი:
- სამხედრო დამნაშავე არის როგორც აგრესორი ქვეყანა, ისე ის, ვინც აგრესორის მხარეს იბრძვის. ფარცხალაძე-რომანოვი უკვე სამხედრო დამნაშავეა, რადგან თავადვე დაადასტურა, რომ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. რაც შეეხება "ქართულ ლეგიონს", რუსეთმა 2022 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, შესაბამისად, ლეგიონის ყველა წევრი ტერორისტად გამოგვაცხადა. ამიტომ ამაში ახალი არაფერია. ჩვენ პრიმიტიულ დონეზე მუქარებს არ დავიწყებთ, როგორც ნამდვილი სამხედროები, სხვაგვარად ვმოქმედებთ. რაც შეეხება ფარცხალაძე-რომანოვს, გპირდებათ, რომ მისი ღალატი დაუსჯელი არ დარჩება.
- იმედი გაქვთ, რომ მას ფრონტის ხაზზე შეხვდებით?
- ფრონტის ხაზზე ვერ შევხვდებით. ის, რომ მწვანე ფორმით დაჯდა და მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთება დაიწყო, იმას არ ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზზე იმყოფება. მას, უბრალოდ, დავალებული აქვს, შექმნას განწყობები, რომ თითქოს ქართველები მხოლოდ უკრაინის გვერდით არ დგანან ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ ქართველები სულაც არ არიან თავისუფლებისმოყვარე, მებრძოლი ერი. გარუსებული კაცის ბოლო ინტერვიუმ დაადასტურა, რომ სწორედ "ქართული ლეგიონის“ საპირწონედ იქმნება მედია-დანაყოფი - "გიოერგიევსკი“. ამას, სერიოზულ სამხედრო ძალას ვერ დავარქმევთ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. მაგრამ მინდა, იცოდეს, მე მას მივმართავ - "ეს შენთვის მხოლოდ მედია ბრძოლა არ იქნება, აუცილებლად შევხდებით!“
- თუ გაქვთ ინფორმაცია, მამუკა ფიფიას გარდა, კიდევ არიან თუ არა ქართველები, რომლებიც მასთან ერთად რუსული საოკუპაციო რეჟიმის სასარგებლოდ მოქმედებენ?
- მამუკა ფიფია არც ქართველია და არც კაცი, ეგ ადამიანი ნახევრად კაცია. რუსეთში ნამდვილად არიან ე.წ. ქართველების მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც კრემლის დავალებით მოქმედებენ, თუმცა მათი მოქმედება ჯერჯერობით საინფორმაციო ველს არ გასცილებია. მე ვიცი, რომ პაატა აბულაძემ, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის სიძეა, რუსულ მხარეს "ქართული ლეგიონის" მებრძოლთა სია გადასცა. ეს საქმე საქართველოს მოქალაქის მხრიდან მტრულად განწყობილი ქვეყნისთვის ქართველი სამხედროების შესახებ ინფორმაციის გადაცემას ეხება, რაც წესით სამართლებრივი შეფასების საგანი უნდა გახდეს. თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებს ან კრემლის ზეწოლის ქვეშ არ იმყოფება, ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს და კალაძის სიძის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. მე მათ შევახსენებ, რომ საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს რუსეთთან, რუსეთი საქართველოს მიერ ოკუპანტ სახელმწიფოდ არის აღიარებული და კანონით აკრძალულია მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა.