“მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი აშშ-თან ურთიერთობას წყვეტს“ - რას აცხადებს არჩილ გორდულაძე
სამწუხაროდ, ევროკავშირის მმართველ რგოლში არიან ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ანგრევენ ევროკავშირს, მის საფუძვლებს და ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
მისი თქმით, მარტა კოსის ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის პოზიციის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ სამწუხაროდ, „ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირას დგას“.
„მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას წყვეტს. აბა, სხვა რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა აუკრძალო, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ურთიერთობას აგრძელებენ?! ეს განცხადება არის იმისთვის, რომ ხაზი გაესვას იმას, რომ მარტა კოსის მხრიდან სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემა არ ხდება. ევრობიუროკრატები ამბობენ, რომ კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ხმის ამოღების უფლება არ ექნებათ. სანამ ევროკავშირის წევრები გახდებიან, მანამდეც წინაპირობებს უყენებენ, რომ თურმე, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ უნდა აწარმოონ. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის პოზიციის, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირას დგას.