შოკი ფოტო-ლაბორატორიაში: როგორ აღმოაჩინეს მაცხოვრის სახე? - NASA-ს აღმოჩენილი სამგანზომილებიანი (3D) კოდით ტილოზე
რატომ გამოაცხადეს ტურინის სუდარა ნაყალბევად და რას ამბობს თანამედროვე მეცნიერება?
რატომ შეცდნენ მეცნიერები წმინდა ტილოს ასაკის დადგენისას - ტურინის სუდარა - მაცხოვრის ჯვარცმის და აღდგომის მოწმე!
ტურინის სუდარა ძველი სელის ქსოვილია, რომელშიც, გადმოცემის თანახმად, ჯვარცმიდან გარდამოხსნილი იესო ქრისტეს სხეული გაახვიეს.
საუკუნეების მანძილზე ადამიანები ამ წმინდა ტილოზე მხოლოდ ბუნდოვან, მოყვითალო ლაქებს ხედავდნენ. მაგრამ ნამდვილი საოცრება მაშინ მოხდა, როცა საქმეში ფოტოგრაფია, კრიმინალისტიკა და კოსმოსური მეცნიერება ჩაერთო.
შოკი ფოტო-ლაბორატორიაში: როგორ აღმოაჩინეს მაცხოვრის სახე?
ყველაფერი 1898 წლის 28 მაისს დაიწყო. იტალიელმა ფოტოგრაფმა, სეკონდო პიამ, სიწმინდეს ფოტო გადაუღო. როდესაც მან გადაღებული ფირი სპეციალურ ხსნარში ჩაუშვა გამოსაჩენად, გაოცებისგან ხელები აუკანკალდა: ნეგატივზე, ბუნდოვანი ლაქების ნაცვლად, გამოისახა საოცრად მშვიდი, დიდებული და რეალური სახე მამაკაცისა, რომელსაც თვალები დახუჭული ჰქონდა.
ეს ნიშნავს ერთ მარტივ ფაქტს: თავად სუდარა ფოტოგრაფიული ნეგატივია. წარმოიდგინეთ, ფოტოგრაფიის გამოგონებამდე 19 საუკუნით ადრე შექმნილ ქსოვილზე გამოსახულება ისეთი პრინციპითაა დატანილი, რომლის შესახებაც კაცობრიობამ მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს შეიტყო. შუა საუკუნეების ვერცერთი მხატვარი ამას ფიზიკურად ვერ დახატავდა - მათ უბრალოდ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა იყო ნეგატივი.
NASA-ს აღმოჩენა: სამგანზომილებიანი (3D) კოდი ტილოზე
1970-იან წლებში ამერიკელმა მეცნიერებმა სუდარის გამოსახულება სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში (VP-8 იმიჯ-ანალიზატორი) გაატარეს, რომელსაც NASA კოსმოსში, სხვა პლანეტების მთებისა და კრატერების შესასწავლად იყენებდა.
თუ პროგრამაში ჩვეულებრივ, ბრტყელ ფოტოს შევიყვანთ, გამოსახულება დამახინჯდება. მაგრამ სუდარის შემთხვევაში, კომპიუტერმა სრულყოფილი, სამგანზომილებიანი (3D) მოდელი აჩვენა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გამოსახულების სიმკვრივე ტილოზე იცვლება იმის მიხედვით, თუ რა მანძილი იყო ქსოვილსა და სხეულს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, ქსოვილმა „დაიმახსოვრა“ სხეულის მოცულობა, რისი მიღწევაც საღებავითა და ფუნჯით ფიზიკურად შეუძლებელია.

პილატეს მონეტები და იერუსალიმური მიწა (არქეოლოგიური კვალი)
კრიმინალისტებმა და არქეოლოგებმა წმინდა ტილოზე ისეთი უმცირესი სამხილები იპოვეს, რომელთა გაყალბებაზე საუკუნეების წინ ვერავინ იფიქრებდა:
მონეტები თვალებზე: ძველი ებრაული ტრადიციით, მიცვალებულს თვალებზე მონეტებს ადებდნენ. სუდარის კომპიუტერული დამუშავებისას, მარჯვენა თვალის არეში აღმოაჩინეს პატარა მონეტის ანაბეჭდი. ეს არის ზუსტად პონტოელი პილატეს დროს (ახ. წ. 29-30 წლებში) მოჭრილი ლეპტა. საინტერესოა, რომ მონეტაზე ბერძნულ წარწერაში მცირე ორთოგრაფიული შეცდომაა დაშვებული - ზუსტად ისეთი, როგორიც იმ პერიოდის რეალურ, არქეოლოგების მიერ ნაპოვნ მონეტებზე გვხვდება.
გოლგოთას თიხა: მაცხოვრის ცხვირის წვერზე, მუხლებსა და ქუსლებზე მეცნიერებმა უნიკალური თიხის (ტრავერტინის) ნაწილაკები აღმოაჩინეს. ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ზუსტად ამ ტიპის ქიმიური შემადგენლობის თიხა დედამიწაზე მხოლოდ ერთ ადგილას - იერუსალიმის შემოგარენსა და გოლგოთას გამოქვაბულებში გვხვდება. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ტილოში გახვეული ადამიანი ნამდვილად დაეცა იერუსალიმის მიწაზე ჯვრის ზიდვისას.
ყვავილის მტვერი და უნიკალური ნაკერები - სუდარის ბიოლოგიური პასპორტი
ცნობილმა ექსპერტმა, მაქს ფრეიმ, სპეციალური წებოვანი ლენტით ტურინის სუდარიდან მიკროსკოპული ნაწილაკები აიღო. კვლევისას ქსოვილზე 49 სხვადასხვა მცენარის ყვავილის მტვერი აღმოჩნდა. ბოტანიკოსებმა დაადასტურეს, რომ ამ მცენარეების უმრავლესობა მხოლოდ სამხრეთ პალესტინაში, იერუსალიმის შემოგარენში იზრდება. თანაც, ეს მცენარეები სწორედ მარტსა და აპრილში ყვავილობენ, რაც ზუსტად ემთხვევა სახარებისეულ აღდგომის პერიოდს.
თავად ქსოვილიც განსაკუთრებულია: ის დამზადებულია ძვირფასი თეთრი სელისგან, ქსოვის სპეციალური სტილით, რომელსაც „თევზის ფარფლს“ უწოდებენ. პირველ საუკუნეში ასეთი ძვირადღირებული ქსოვილის ყიდვა მხოლოდ ძალიან მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ, რაც ზუსტად ამყარებს სახარების სიტყვებს მდიდარ იოსებ არიმათიელზე.
უფრო მეტიც, ექსპერტებმა სუდარაზე აღმოაჩინეს ხელით შესრულებული ნაკერი, რომელიც იმდენად იშვიათი ტექნიკითაა ნაკერი, რომ მისი ანალოგი მსოფლიოში თითქმის არ მოიპოვება. ტექსტილის ისტორიკოსებმა დაადგინეს, რომ ზუსტად ასეთი სპეციფიკური ნაკერები დედამიწაზე მხოლოდ ერთ ადგილასაა ნაპოვნი - პირველი საუკუნის იუდეაში, მასადას ციხესიმაგრის არქეოლოგიური გათხრებისას. ეს კიდევ ერთი უტყუარი სამხილია, რომ ქსოვილი ნამდვილად ქრისტეს ეპოქისაა და ის მოგვიანებით, ვინმეს მიერ სპეციალურად დამზადებული ნაყალბევი არ არის.

ვნების ქრონიკა - მაცხოვრის სისხლით დაწერილი ჭეშმარიტება
სუდარა უმაღლესი სამედიცინო და ანატომიური სიზუსტით გვიჩვენებს იმ საშინელ ტანჯვას, რაც უფალმა გაიარა:
ჯვარცმის პოზა: ტილოზე სხეული ფიქსირდება ზუსტად სიკვდილისშემდგომი გაშეშების იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის ჯვარზე იმყოფებოდა.
მათრახის კვალი: მთელ სხეულზე აღბეჭდილია რომაული მათრახის (ფლაგრუმის) 100-ზე მეტი ჭრილობა.
მაჯები და ცერა თითები: ხელისგულების ნაცვლად, ლურსმნები გაყრილია მაჯებში. ანატომიამ მხოლოდ მე-20 საუკუნეში დაამტკიცა, რომ ხელისგულები სხეულის წონას ვერ გაუძლებდა. მაჯაში ლურსმნის გაყრისას კი ზიანდება მთავარი ნერვი, რის გამოც ცერა თითი ავტომატურად ხელისგულისკენ იკეცება. სუდარაზეც ზუსტად ასეა - ცერა თითები არ ჩანს. ეს დეტალი არცერთმა შუა საუკუნეების მხატვარმა არ იცოდა.
რომაული შუბის კვალი: მკერდის არეში არსებული ჭრილობა, საიდანაც სისხლი და წყალი გადმოედინა (როგორც იოანეს სახარებაშია), შესწავლილია სამხედრო არქეოლოგების მიერ. ჭრილობის ზომა და ფორმა მილიამეტრის სიზუსტით შეესაბამება იმ პერიოდის რომაული მძიმე შუბის (Lancea) წვერის პარამეტრებს.
ნამდვილი სისხლი და დნმ: ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ტილოზე საღებავი კი არა, ნამდვილი ადამიანის სისხლია - IV ჯგუფი (AB). გენეტიკოსებმა სისხლის ნიმუშებიდან ადამიანის დნმ-ის ფრაგმენტებიც კი აღადგინეს, რომელმაც გამოკვეთილი ახლოაღმოსავლური (სემიტური) პროფილი აჩვენა. გარდა ამისა, სისხლის ნიმუშებში აღმოჩნდა ბილირუბინის უაღრესად მაღალი შემცველობა, რაც უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ადამიანი სიკვდილამდე უმძიმესი წამების, ფიზიკური ტრავმისა და შოკის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორ შეიქმნა გამოსახულება? „ცეცხლოვანი სხეულის თეორია“
იტალიის ენერგეტიკის ნაციონალური სააგენტოს (ENEA) ფიზიკოსებმა უამრავი ექსპერიმენტის შემდეგ დაასკვნეს, რომ სუდარაზე არსებული ანაბეჭდი არის ძლიერი, წამიერი ენერგიული გამოსხივების ეფექტი.
ეს ჰგავს უმძლავრეს სინათლის აფეთქებას, რომელმაც ქსოვილის ბოჭკოების მხოლოდ ზედაპირული დაჟანგვა (შეფერილობის შეცვლა) გამოიწვია. მაცხოვრის სხეული აღდგომის მომენტში თითქოს სინათლედ გარდაისახა და სუდარიდან ისე გავიდა, რომ ქსოვილს არ შეხებია და მიმხმარი სისხლის ლაქები არ დაუზიანებია. ეს არის პროცესი, რომელიც ფიზიკის ნაცნობ კანონებს სცილდება.
ტურინის სუდარა ხელთუქმნელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩვენი რწმენა დროსა და მეცნიერებაზე მაღლა დგას. მცხეთაში დაცული უფლის კვართი და ტურინის სუდარა ერთი დიდი საიდუმლოს ორი მხარეა - სიცოცხლისა და აღდგომის უტყუარი ბეჭედი.
1532 წლის ხანძარი და მონაზვნების ჩაკერებული ძაფები
ტურინის სუდარის გარშემო ატეხილი ყველაზე დიდი სამეცნიერო სკანდალი 1532 წელს, საფრანგეთის ქალაქ შამბერიში დაიწყო. ღამით ეკლესიაში გაჩენილმა ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა ვერცხლის კიდობანი, რომელშიც ქრისტეს წმინდა ტილო ინახებოდა. გამდნარი ლითონის რამდენიმე გავარვარებულმა წვეთმა დაკეცილი ქსოვილი სიმეტრიულად გახვრიტა. დაზიანებული რელიქვიის სასწრაფო გადარჩენა ადგილობრივ მონაზვნებს მიანდეს. მათ აიღეს იმ ეპოქის ჩვეულებრივი ბამბის ძაფები და დამწვარი ადგილები საგულდაგულოდ დაკემსეს, ისე რომ დამწვრობის კვალიც არ ჩანდა.
მონაზვნებმა თავიანთი საქმე კეთილსინდისიერად შეასრულეს, თუმცა სწორედ ამ ხელსაქმემ დაუსვა ოთხი საუკუნის შემდეგ უდიდესი კითხვის ნიშანი სუდარის ნამდვილობას.
1988 წელს ვატიკანმა ნება დაართო ოქსფორდის, არიზონასა და ციურიხის ლაბორატორიებს, გამოეკვლიათ სუდარის ასაკი რადიონახშირბადული (C14) მეთოდით. მეცნიერებმა ტილოს სულ პატარა ნაჭერი მოაჭრეს. მათ საკვლევად შეარჩიეს ზუსტად ის გვერდითა კიდე, რომელიც თავის დროზე მონაზვნებმა შუა საუკუნეების ძაფებით აღადგინეს.
ლაბორატორიებმა თავიანთი საქმე უზადოდ შეასრულეს - მათ გაზომეს ძაფების ასაკი, რაც ხელში ეჭირათ. შედეგმა მსოფლიო შოკში ჩააგდო: ქსოვილი 1260–1390 წლებს შორის იყო დამზადებული. კვლევა ავტორიტეტულ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა და სუდარის ნამდვილობა ოფიციალურად დადგა ეჭვქვეშ - ის ოსტატურად შექმნილ ნაყალბევად გამოაცხადეს.
ეპისკოპოსის ეჭვები
ამ ვერსიას დაემთხვა ერთი ისტორიული დოკუმენტიც - 1389 წლით დათარიღებული მემორანდუმი (რომელიც დღეს პარიზის ეროვნულ არქივში ინახება). მასში ფრანგი ეპისკოპოსი პიერ დ'არსი რომის პაპს სწერდა, რომ სუდარა ნაყალბევი იყო და ის იცნობდა მხატვარსაც კი, ვინც ის დახატა.
ამ ორმა ფაქტმა - 1389 წლის წერილმა და 1988 წლის ლაბორატორიულმა პასუხმა - სუდარის ავთენტურობა დიდი ხნით დაასამარა.
როგორ გაცოცხლდა საიდუმლო თავიდან?
თუმცა, ამით ამბავი არ დასრულებულა. 2005 წელს ცნობილმა ქიმიკოსმა რეიმონდ როჯერსმა დაამტკიცა, რომ 1988 წელს კვლევისთვის აღებული ნიმუში ქიმიურად სულ სხვა რამ იყო - ის შეიცავდა ბამბასა და საღებავის ნარჩენებს, რომელიც ორიგინალ ტილოზე საერთოდ არ არსებობს. ლაბორატორიებმა უბრალოდ მონაზვნების მიერ ჩაქსოვილი შუა საუკუნეების საკერებელი დაათარიღეს და არა თავად სუდარა!
2022 წელს, იტალიელმა მეცნიერებმა რენტგენის სხივებით თავიდან შეისწავლეს ძირითადი, დაუზიანებელი ქსოვილის სტრუქტურა. ბოჭკოების ბუნებრივი დაძველების ანალიზმა აჩვენა, რომ წმინდა ტილო იდეალურად შეესაბამება 2000 წლის წინანდელ ეპოქას - ზუსტად იესო ქრისტეს დროინდელ პალესტინას.
აღმოჩნდა, რომ რელიქვიის გადასარჩენად გაკეთებულმა უწყინარმა რესტავრაციამ სუდარის ნამდვილობა საუკუნის მთავარ სამეცნიერო დეტექტივად აქცია...
შორენა მერკვილაძე
(სპეციალურად საიტისთვის)