აი, რატომ ეშინიათ არაპროგნოზირებადი პუტინის - რუსეთმა გასაშვებად გამზადებული ყველაზე მეტი ბირთვული ქობინი დააგროვა - კვირის პალიტრა

აი, რატომ ეშინიათ არაპროგნოზირებადი პუტინის - რუსეთმა გასაშვებად გამზადებული ყველაზე მეტი ბირთვული ქობინი დააგროვა

ამჟამად პლანეტა დედამიწაზე ორი ბირთვული სახელმწიფო-რუსეთი და აშშ-ები ჩართული არიან საბრძოლო მოქმედებებში,კიდევ ორი,ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა-პაკისტანი და ინდოეთი დროდადრო ერთმანეთს ჩვეულებრივი შეიარაღებით უპირისპირდებიან,ჩრდილოეთ კორეა ხდება „ბირთვული ტრიადის“ კლუბის წევრი,როდესაც ბირთული ქობინების გამოყენება შეუძლია რაკეტების,თვითმფრინავებისა და წყალქვეშა ნავების საშუალებით,ირანსაც თითქოს სურდა ბირთვული იარაღის შექმნა...

ის, რაც გასული წლების მეორე ნახევარში თითქოს შეუძლებლად მოჩანდა ანუ ბირთვული იარაღის შექმნა „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნების მიერ, დღეისათვის დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს ტექნოლოგიების მაღალ დონეზე განვითარების ეპოქაში,მთავარია ბირთვული იარაღის მთავარი კომპონენტის-90%-ზე მეტად გამდიდრებული ურან-235-ის საჭირო რაოდენობის დაგროვება(ერთი მოქმედი ბირთვული მუხტის შესაქმნელად დაახლოებით 27-28 კგ ურან-235-იც კმარა).

ამჟამად „ბირთვულ კლუბში“ მსოფლიოს ცხრა ქვეყანაა „გაწევრიანებული“, მათ შორის აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი და ჩრდილოეთ კორეა, ხოლო ისრელი არც არიარებს და არც უარყოფს ბირთვული იარაღის ქონას, თუმცა ყველა დაწმუნებულია, რომ ისრაელს გააცნია როგორც ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული საავიაციო ბომბები, ისე ბალისტიკურ რაკეტებზე დასაყენებელი ბირთვული ქობინებიც.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი (SIPRI) ათწლეულებია იკვლევს მსოფლიოში ბირთვული იარაღის გავრცელების თემას და მისი კვლევის ბოლო მონაცემები ასე გამოიყურება...

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით , რუსეთმა ბირთვული იარაღის მატარებლებზე განლაგებული ბირთვული ქობინების რაოდენობა ზედიზედ მეოთხე წელია გაზარდა .

SIPRI-ის შეფასებით, 2026 წლის მონაცემებით, რუსეთის ბირთვული არსენალი მოიცავდა 5 420 ქობინს, რომელთაგან 2,604 საწყობში იყო, 1 020 კლასიფიცირებული იყო, როგორც „საბრძოლო მზადყოფნიდან ამოღებული“, ხოლო 1 796 განლაგებული იყო რაკეტებსა და ბომბდამშენებზე.

განლაგებულ ქობინებთა რაოდენობა წლის განმავლობაში 78 ერთეულით გაიზარდა. ამასობაში, შეერთებული შტატები, რომელსაც რუსეთის მსგავსი ბირთვული არსენალი აქვს, უცვლელი დარჩა 1 770-ზე, რაც წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელია. საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ დამატებითი ქობინები არ განათავსეს მათ გადამტან ბალისტიკურ რაკეტებზე და შესაბამისად, ისევ 280 და 170 ერთეული ბირთვული ქობინი დარჩათ.

ჩინეთმა გაზარდა ქობინების განლაგება, თუმცა მათი რაოდენობა მაინც მცირეა: 34, 2025 წლის 24-ის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ინდოეთმა პირველად განალაგა 12 ქობინი. SIPRI-ის შეფასებით, ინდოეთს 190 ქობინი აქვს, ჩინეთს კი - 620.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ განლაგებული ქობინების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება: 2022 წელს 1 588, 2023 წელს 1 674, 2024 წელს 1 710 და 2025 წელს 1 718. 2020 წელთან შედარებით, კრემლმა 14%-ით, ანუ 226 ერთეულით გაზარდა ბირთვული ქობინების რაოდენობა რაკეტებზე, რაც მას 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე აიყვანს, როდესაც SIPRI-ის მონაცემებით, მათი რაოდენობა 1 950 იყო.

რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა იმ ტექნიკურ ნიუანსს,როდესაც ბირთვული ქობინი უკვე დამონტაჟებულია სასტარტოდ გამზადებულ რაკეტაზე?

ბირთვული ქობინის დაცული საწყობიდან გამოტანას,ტრანსპორტირებას,რაკეტის ცხვირის ნაკვეთურში დამონტაჟებას,შემოწმებას,გარკვეული დრო,შეიძლება,რამდენიმე საათიც კი დასჭირდეს,რაც კრიტიკულად დიდი დროა იმასთან შედარებით,როდესაც რუსეთიდან ამერიკამდე და პირიქით,ბირთვულქობინიანი საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტების ფრენის ხანგრძლივობა ნახევარ საათზე ნაკლებია.

აქამდე, ბირთვული დაპირისპირების „დუღილის ტემპერატურას“ არეგულირებდა აშშ-სა და ჯერ საბჭოთა კავშირსა, შემდეგ კი რუსეთს შორის მოქმედი სტრატეგიული შეთანხმებები ბირთვული იარაღისა და მისი გადამტანი საშუალებების(რაკეტები,რაკეტმზიდ-ბომბდამშენები,ატომური წყალქვეშა ნავები) რაოდენობის კონტროლთან დაკავშირებით,რაც დღეისათვის მოშლილია და აღარ მოქმედებს.

ის,რომ პუტინის რუსეთს 1 796 გამოსაყენებლად გამზადებული ბირთვული ქობინი აქვს, ხოლო აშშ-ს მხოლოდ 1 770 ანუ 26-ით ნაკლები,საერთო ჯამში ბევრს არაფერს ცვლის,რადგან ამ ბირთვული არსენალის ნახევარიც კი „თავზე საყრელად“ ეყოფათ რუსეთსაც და ამერიკასაც ერთმანეთის გარანტირებულად გასანადგურებლად.

მაგრამ, აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით,თუ ვინ გაბედავს ბირთვული იარაღის პირველად გამოყენებას...

დასავლეთის გაბედულება ამ მხრივ,ძალიან,ძალიან საეჭვოა,სამაგიეროდ არაპროგნოზირებადი პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელი,მათ შორის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინის დემონსტრაციული აფეთქება მეომარი უკრაინის რომელიმე ნაწილში,კრემლის ცინიკური გამართლებით-უკრაინა ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის შემდეგ ისედაც „რადიოაქტიურია“ და ერთი „პატარა ბირთვული ბომბის“ აფეთქება ბევრს აღარაფერს შეცვლისო...

ფაქტია,რომ დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები დაშინებული არიან კრემლის ამ „ბირთვული შანტაჟით“, რითაც პუტინმა უკვე არაერთხელ ისარგებლა და ეტყობა მომავალშიც გააგრძელებს ამ „ბირთვულ შანტაჟს“...