„ფარცხალაძის ამბავი რომ გავიგე, პირველად იგორ გიორგაძე და სერგო ორჯონიკიძე გამახსენდა...“
11 სექტემბერს თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ბარამიძე. ის "სამშობლოს ღალატის" ბრალდებით დააპატიმრეს: პროკურატურამ გადაცემა "საქართველოს დაბადებაში" ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო სწორედ ამ მუხლით. იმხანად ბარამიძე აღნიშნავდა, რომ არ გაჰკვირვებია "რუსული მარიონეტული რეჟიმის მიერ" მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. მისი თქმით, სიმბოლური იყო, რომ ეს გადაწყვეტილება აგვისტოს ომისა და რუსეთის შემოჭრის დაწყების დღეს დაემთხვა. შეგახსენებთ, გიორგი ბარამიძისთვის დაუსწრებლად 6,5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი რუსეთის მიერ ოკუპირებული, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლოს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" განცხადება პოლიტიკოს იაგო ხვიჩიას გადაცემაში ბარამიძის ნათქვამის გამო "საქართველოს დაბადების" 18 ივლისის გამოშვების იმ ნაწილში, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლას შეეხებოდა. ბარამიძემ თქვა ფრაზა, რომელიც მერე ვირუსულად და როგორც თვითონ ამბობდა, უკონტექსტოდ გავრცელდა: "აფხაზები აღარ გვაძლევდნენ ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ გვყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ", რის შემდეგაც ხვიჩიას დამატებითი კითხვის "რატომ"?საპასუხოდ ის ამბობს: "ხვრეტდნენ", მერე ამაზე მან არაერთი განმარტება გააკეთა, თუმცა პროკურატურის მტკიცებით, ეს ფრაზები საკმარისი აღმოჩნდა "სამშობლოს ღალატში" მის დასადანაშაულებლად. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციაზე ნადირობის ახალი სეზონი გახსნა. სწორედ ამ თემის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- დავიწყოთ იმით, რომ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია იმ განცხადების შინაარსი, რაც ბარამიძისგან იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში მოვისმინეთ. მე არანაკლებ კარგად ვიცნობ იმჟამინდელ ვითარებას როგორც აფხაზეთში, ისე სრულიად საქართველოში და თითოეული ამ პროცესის მონაწილე ვარ. კატეგორიულად ვემიჯნები ასეთ განცხადებებს.
საერთოდ, ასეთი რამ აქამდე ჭორადაც კი არ გამიგონია. მე უშუალოდ მებრძოლი არ ვყოფილვარ, მაგრამ საომარი მოქმედებების დროს არაერთხელ ჩავსულვარ სოხუმში და შეხვედრები მქონია ყველასთან, ვისთანაც კი მაშინ შეიძლებოდა რაღაცის კითხვა და გაგება. ასე რომ, კატეგორიულად მიუღებელია ის განცხადება, რაც გაკეთდა და ამას ვერაფერი შეცვლის. გია ბარამიძე პოლიტიკაში ახალი კაცი არ არის და იმის თქმა, რომ "რაღაც წამოსცდა", ცოტა უხერხულია. ასევე იცით ჩემი დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერი განაყოფის მიმართ - საყოველთაოდ ცნობილია, რომ უარყოფითად ვაფასებ მთელ მათ ცხრაწლიან საქმიანობას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ ბარამიძის დაკავება ამ სიტუაციაში, რა ვითარებაც დღეს საქართველოშია, არა მხოლოდ პოლიტიკური ვითარებიდან, არამედ ზოგადად ოპოზიციისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, უფრო მეტად პოლიტიკური პროცესია, ვიდრე სამართლებრივი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ისევ და ისევ ცდილობს ძალის დემონსტრირებას და აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს. ეს მთლიანად ხელისუფლების პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე გასაგებიც კი არის და სამწუხაროდ, არა მგონია, ბარამიძე უკანასკნელი პოლიტიკოსი იყოს, ვისაც უახლოეს მომავალში დააპატიმრებენ ამ თუ იმ მიზეზით.
- ვიცით, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსზე არაერთი საქმეა აღძრული საბოტაჟის მუხლით, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელია შეტანილი პარტიებთან დაკავშირებით. ეს პროცესი შემოდგომისთვის გადაიდო და იყო მოლოდინი, რომ რაღაც შეიძლება შეცვლილიყო. თუმცა, როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" ისევ ძველი გეგმები აქვს.
- დავიწყოთ პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელით. ამ შემთხვევაში არა მგონია, რომ ხელისუფლებამ ამ საქმეზე რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოს. ხელისუფლებას 2028 წლისთვისაც ისევე სჭირდება "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ყველა წინა არჩევნების დროს, 2012 წლიდან მოყოლებული. ამიტომ შესაძლოა დარტყმები უფრო ცალკეულ პირზე იყოს.

ცალკეული პოლიტიკოსების რეპრესიები გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობაში შიში დამკვიდრდეს. გათვლა იმაზეა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე. აი, ეს არის, მგონი, მთავარი მიზეზი.
ქვეყანაში თანდათანობით მკვიდრდება ავტორიტარული რეჟიმი. როგორც ვხედავთ, ხელისუფლება მარტო ოპოზიციას არ აპატიმრებს - წინა მთავრობიდან, ფაქტობრივად, ვისაც რაიმე სერიოზული თანამდებობა ეჭირა, სხვადასხვა მუხლით - კორუფციული სკანდალებით თუ სხვა ბრალდებებით - ციხეშია გაშვებული. ეს ყველაფერი კეთდება ქვეყანაში შიშის მომგვრელი განწყობის შესაქმნელად. ეს იმდენად აქტივისტებზე არ არის გათვლილი (თუმცა პირდაპირ მათაც უკავშირდება), არამედ შიშის შექმნა სჭირდებათ მთლიანად საზოგადოებაში, რათა რეპრესიების გამო ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე და მარტივად გაინაღდონ გამარჯვება. რაც შეეხება იმას, გააუქმებენ თუ არა პარტიებს, "ქართული ოცნება" რაღაც ფორმით "ნაციონალურ მოძრაობას" აუცილებლად დატოვებს ოპოზიციაში. მას ეს სჭირდება აგერ უკვე 14 წელია, მხოლოდ ამ ნარატივით სულდგმულობს, აი, "ნაცები" როგორები არიანო, და ა.შ. საერთოდ, ეს შიდაპოლიტიკური პროცესი ორგანულად უკავშირდება გარე ფაქტორებს. პირველად აღსანიშნავია, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომი, ასევე ირანთან ურთიერთობები, შეერთებული შტატები და ა.შ. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით რეალობა, ვფიქრობ, ასეთია: "ქართული ოცნება" არ გადადგამს ნაბიჯს, რომ მთლიანად მოასუფთაოს პოლიტიკური ველი. თუმცა ამათგან გამორიცხული არაფერია...
- ბარემ აქვე გკითხავთ... გასულ კვირას კიდევ ერთი სკანდალური დაკავება მოხდა, ახმეტაში დააკავეს ექიმი მაია კოხტაშვილი, რომელსაც, ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ პოლიტიკური მოტივით მიუგზავნეს პროვოკატორი, რის შედეგადაც საქმე აღძრეს რეცეპტის გაყალბების ბრალდებით. შესაძლოა ესეც საზოგადოების დაშინების პროცესის ნაწილად განვიხილოთ?
- კონკრეტულად ამ საქმეზე ლაპარაკი გამიჭირდება, თუმცა ფაქტია, ხელისუფლებას სურს ქვეყანაში იყოს შიში, რისი შექმნაც მხოლოდ რეპრესიებით შეუძლია.
როდესაც რეპრესიული სისტემა ყალიბდება, ის არა მხოლოდ ოპოზიციას ებრძვის, არამედ საკუთარ თავსაც - როგორც უკვე ვთქვი, შიშის დამკვიდრებისთვის აუცილებელი გახდა არა მხოლოდ ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება (აღარაფერს ვამბობ სინდისის პატიმრებზე), არამედ საკუთარ ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლა - ლამის მთელი წინა მთავრობა დააპატიმრეს.
მე ვერ დავდებ თავს, ახმეტაში ვინ ვის რა პროვოკაცია მოუწყო, მაგრამ როდესაც არსებობს ავტორიტარული სისტემა და სასამართლო პოლიტიკურ იარაღად ყალიბდება (ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა და პოლიტიკური შემადგენელი გახდა), მაშინ გამორიცხული არაფერია. სურთ საზოგადოებაში დაუცველობის განცდა გააჩინონ.

- ბატონო ვახტანგ, თქვენ ახსენეთ მთავრობაში მიმდინარე პროცესები - გასულ კვირას ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან უკვე მეექვსე წერილი გამოგზავნა. რას ფიქრობთ მის წერილებზე და იმ პროცესზე, რაც ღარიბაშვილის გარშემო ხდება? რას ცდილობს ის და რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს თავად "ქართული ოცნებისთვის?"
- როდესაც მდინარაძე მოხსნეს სუს-ის უფროსობიდან და ნელ-ნელა მისი ჩაჩოჩება დაიწყეს, ბოლოს კი საერთოდ გაუშვეს პოლიტიკიდან, ვფიქრობ, ღარიბაშვილმა ჩათვალა, რომ უნდა დაეწყო ახალი პროცესი კობახიძე-მდინარაძის გუნდის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მიიჩნია, დრო დადგა შეეხსენებინა ივანიშვილისთვის და რაღაცნაირად მიეღო უფრო შეღავათიანი პირობები. ალბათ, გააგრძელებს ციხიდან წერილების გამოგზავნას. თუმცა მისგან ლაპარაკი, რომ "ზურგში დანა ჩაარტყეს", მთლად ეგრეც არ არის, იმიტომ, რომ თავად აღიარა ბრალდების გარკვეული ნაწილი.
თუ ძალიან მოუნდება ივანიშვილს, ღარიბაშვილს სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ და კიდევ უფრო დაუმძიმებენ სასჯელს. ყოველივე ეს მე უფრო რთული პოლიტიკური თამაში მგონია და მეეჭვება ღარიბაშვილის წერილებმა ივანიშვილზე გავლენა მოახდინოს.
რაც შეეხება სისტემას, იქ ცოტა რთული ვითარებაა, იმიტომ, რომ იმ გუნდს, ვინც ღარიბაშვილთან თანამშრომლობდა, გაუჩნდა შიში იმისა, რომ ღარიბაშვილის შემდეგ შესაძლოა საქმეები მათზეც აღიძრას. ამან მთელი ამ სისტემისა და ვერტიკალის შერყევა გამოიწვია. მოკლედ, ამ ხალხს შიში გაუჩნდა და გარკვეულწილად მათი დამშვიდება გახდა საჭირო. ოღონდ ეს არ არის ისეთი შფოთვა, რომელიც მათ პოლიტიკაში რეალობისკენ მოაბრუნებს, ან ივანიშვილის საწინააღმდეგო განწყობებს შექმნის. პირიქით, ახლა თითოეული მათგანი ცდილობს, თუ რაიმე მექანიზმი შემორჩა, ივანიშვილთან მოძებნოს მისასვლელი გზა და ერთგულება დაუმტკიცოს ან შეჰფიცოს. ასეთი ვითარებაა დღეს, ამიტომ არა მგონია, ღარიბაშვილის ეპისტოლარულმა ჟანრმა მისთვის რაიმე სასარგებლო და მომგებიანი ნაყოფი გამოიღოს. თუმცა ის სხვაგვარად მიიჩნევს, როგორც ჩანს, და ამიტომაც აგრძელებს წერილების გზავნას.
სამწუხაროდ, როდესაც ხელისუფლების საყრდენს აღარ წარმოადგენს მოსახლეობა, არამედ ამ ფუნქციას ასრულებენ მხოლოდ ერთი პარტიის საკუთრებად ქცეული ძალოვანი სტრუქტურები, ხელისუფლებას ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ის ხომ უკვე აღარ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მიიღებს მხარდაჭერას არჩევნებზე - გააყალბებს და, დამთავრდება. საარჩევნო სისტემა უკვე "მოწესრიგებულია", სრულად აკონტროლებენ... არჩევნები იქნება ფორმალური, ისე, როგორც ჩვენს მეზობელ ავტორიტარულ ქვეყნებშია.
- დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ იმჟამად "გირჩის" წარმომადგენლები იაგო ხვიჩია და სანდრო რაქვიაშვილი თურმე 2025 წლის მიწურულს ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ.
- სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე სათქმელი არაფერი მაქვს. ბოლომდე ისიც არ ჩანს სარწმუნოდ, ნამდვილად იყო თუ არა შეხვედრა. თუ შეხვდა კიდეც, გულწრფელად რომ გითხრათ, პოლიტიკურად ეს ხვიჩიასთვის რამდენად მომგებიანი იყო, არ ვიცი. ვერ ვხედავ, რომ ამ შეხვედრით მათ რაიმე პოლიტიკური დივიდენდი მიიღეს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამის შემდეგ ივანიშვილმა ხვიჩია მთავარ ოპოზიციურ ლიდერად დანიშნა, ვფიქრობ, ძალიან ცდება.
- "ქართული ოცნების" ყოფილ გენპროკურორზე და წლების განმავლობაში ამ ხელისუფლების "საქმეების დამლაგებლად" ცნობილ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეზეც მინდა გკითხოთ, რომელმაც, როგორც ამბობენ, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში დიდძალი ფული იშოვა, ახლა კი ოკუპანტ ქვეყანას თავშეფარებული იქიდან ეწევა საქართველოს ძირგამომთხრელ საქმიანობას და ამაზე ხელისუფლება ოდნავადაც არ გრძნობს პასუხისმგებლობას. მოგეხსენებათ, ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი "გეორგიევსკი" ჩამოაყალიბა, რომელიც, მისი მტკიცებით, უკრაინაში იბრძოლებს. ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც თურმე "უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში"... ასეთი ფიგურები კრემლს სულ ჰყავდა იგორ გიორგაძიდან მოყოლებული. ახლა რას ცდილობს ოკუპანტი?
- რაღა დაგიმალოთ და, ფარცხალაძის ამბავი რომ გავიგე, პირველად იგორ გიორგაძე და სერგო ორჯონიკიძე გამახსენდა... გეთანხმებით, სულ ჰყავდა ეგეთი ოდიოზური ფიგურები გადანახული კრემლს შემდეგ წლებშიც. ამ ეტაპზე ფარცხალაძე რუსეთს პროპაგანდისთვის სჭირდება. ახლახან პუტინმა განაცხადა, დასავლეთი კავკასიაში ცდილობს ანტირუსული განწყობების შექმნას და იქიდან რუსეთის გაძევებასო. არადა, საქართველოში ანტირუსული განწყობა არავის შეუქმნია თვითონ ოკუპანტის გარდა. რაც მათ მარტო ბოლო 30 წლის განმავლობაში დაგვმართეს, როგორ შეიძლება გონიერ ქართველს პროტესტი არ ჰქონდეს. თუმცა ახლა რუსეთს სურს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ ყველა ქართველი უკრაინის მხარეს კი არ იბრძვის რუსების წინააღმდეგ, აგერ "ქართული ბატალიონიც" კი შეიქმნა თურმე (კაცმა არ იცის, რამდენი იქნება იმ ბატალიონში ფარცხალაძისთანა ქართველი, მაგრამ რეკლამისა და პროპაგანდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია).
როდესაც არსებობს ადამიანი, რომელიც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს არც ისე უმნიშვნელოა. სადღაც წავიკითხე კიდეც, ის შესაძლოა ახალ სერგო ორჯონიკიძედ ჩაუყენონ სათავეში რუსულ არმიას და შემოუშვან საქართველოშიო. სამწუხაროდ, არც მოვლენების ასეთ განვითარებას გამოვრიცხავ, ოღონდ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი - ეს იქნება განმსაზღვრელი.
მოსკოვს სურს წარმოაჩინოს, რომ ქართველებიც იბრძვიან რუსების მხარეს. თუმცა, ალბათ, სხვა ჩანაფიქრიც აქვთ. გამორიცხავთ, რომ ერთ დღეს ფარცხალაძემ თქვას, ჩემი სამშობლო უნდა გავათავისუფლოო და „"გეორგიევსკი" ახალ მე-11 არმიად მოგვევლინოს?! დანგრეული მსოფლიო წესრიგის ფონზე, რამეს მოერიდებიან რუსები თუ ჭკუა დაუშლით?!