ფინანსური პირამიდები საქართველოში და ათასობით გატყავებული მოქალაქე - რა შეცდომას უშვებენ დაზარალებულები?! - კვირის პალიტრა

ფინანსური პირამიდები საქართველოში და ათასობით გატყავებული მოქალაქე - რა შეცდომას უშვებენ დაზარალებულები?!

ბოლო პერიოდში საქართველოში ე.წ. თაღლითურმა ფინანსურმა პირამიდამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ ეროვნულ ბანკს საგანგებო განცხადების გაკეთებამ მოუწია, რათა მოსახლეობა ამ თაღლითურ სქემებში არ გაებას. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა არ არის ახალი და ამიტომაც გაჩნდა კითხვა, რა მასშტაბს მიაღწია, პრევენციისთვის საჭირო ზომები ტარდება თუ არა და საერთოდ, რისი გაკეთებაა აუცილებელი, ამ საკითხებზე ვესაუბრებით ალექს სუდაძეს, კრიპტოვალუტების სერტიფიცირებულ ექსპერტს.

- ფინანსური პირამიდები ახალი მოვლენა არ არის, ის უკვე ასი წელია არსებობს და განსაკუთრებით მაშინ აქტიურდება, როცა ქვეყანაში დიდი კრიზისია. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მძიმე ეკონომიკური ფონის გამო ეს სქემები ევროპასა და ამერიკაში ძალიან აქტუალური გახდა.

როდესაც მოსახლეობას ეკონომიკურად უჭირს და დასაქმების პრობლემაა, სწორედ მაშინ იჩენს თავს მსგავსი თაღლითური სქემები. ამ დროს სამსახურდაკარგულ ადამიანებს, რომლებსაც მცირე დანაზოგი აქვთ და მომდევნო თვეში ვალები აქვთ გასასტუმრებელი, გამოსავლის პოვნა უჭირთ. ამიტომ ისინი მარტივად თანხმდებიან უეცრად გამოჩენილ "შემოსავლიან" შეთავაზებებს.

სწორედ მოსახლეობის ამ მოწყვლადი მდგომარეობით სარგებლობენ ქსელური მარკეტინგის წარმომადგენლები თუ ფინანსური პირამიდის სპეციალისტები. ეს პირები ქვეყანაში შემთხვევით არ შემოდიან. თავდაპირველად რამდენიმე მათგანი წინასწარ, საფუძვლიანად სწავლობს არსებულ ფონს, იწყებენ ბაზრის კვლევას - აანალიზებენ ქვეყნის მოსახლეობასა და პოტენციურ მსხვერპლთა რაოდენობას. მაგალითად, თუ საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონია, გამოთვლიან, რომ აქედან თაღლითურ სქემაში პირობითად 250 000 კაცის ჩართვაა შესაძლებელი. ამის შემდეგ ფასდება "საშუალო ჩეკი" - რა თანხის მიღებას შეძლებენ თითოეული პირისგან, იქნება ეს 100, 1000 თუ 1500 დოლარი.

საქართველოში ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თბილისსა და ბათუმშია თავმოყრილი, მაგრამ ფინანსური პირამიდების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ აქტიურად გავიდნენ რეგიონებშიც. ბოლო, "ტი-ეს-ქიუს" (TSQ) სქემაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სხვადასხვა რეგიონი. სიტუაცია იქამდეც კი მივიდა, რომ ხალხი ფულის საშოვნელად ძროხებს აგირავებდა.

- მაინცდამაინც რეგიონები რატომ, ეს ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება?

- ფინანსური პირამიდების ორგანიზატორები მასობრივად დარტყმისთვის მიზანმიმართულად იყენებენ ე.წ. რეგიონულ ეფექტსა და ნათესაურ კავშირებს. როდესაც რაიონში მცხოვრები ნაცნობი მოულოდნელად მდიდრდება და ახალ მანქანას ყიდულობს, ეს ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და დედაქალაქის მოსახლეობაზეც უძლიერესად მოქმედებს. უხერხულობისა და შელახული ეგოს გამო, მძიმე შრომაში ჩაბმული, 1500-ლარიანი ხელფასის მქონე მოქალაქეებიც კი მარტივად ებმებიან მახეში.

მსხვერპლის მოსაზიდად თაღლითები ასევე აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და ცნობილი ადამიანების მონაწილეობით ყალბ ვიდეოებს ქმნიან, რის ამოცნობაც ხალხს უჭირს.

სქემაში ჩართული ადამიანი მოგვიანებით თავისიანებსაც ითრევს, რასაც ორი მიზეზი აქვს: სხვების ხარჯზე ფულის დაბრუნების სურვილი და ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომ მარტო თვითონ არ აღმოჩნდეს სულელის როლში.

რეალურად, წლების განმავლობაში პირამიდების მუშაობის მთავარი პრინციპი უცვლელია და მხოლოდ მათი სახელები იცვლება. ერთადერთი სიახლე ტექნოლოგიების განვითარება და სქემაში კრიპტოვალუტის დამატებაა, რომელსაც მხოლოდ ქვეყნიდან ფულის გასატანად იყენებენ.

ვინაიდან რეგიონებში კრიპტოვალუტას ნაკლებად იცნობენ, თაღლითები P2P (პეოპლე ტო პეოპლე) ვაჭრობაში რთავენ ე.წ. დროპერებს. ამ როლს ძირითადად ფინანსურ რისკებში გაუთვითცნობიერებელი სტუდენტები ან ექსპატები (ანუ ექსპატრიანტი - სხვა ქვეყანაში საკუთარი ნებით მომუშავე ან დროებით მცხოვრები პირი) ასრულებენ. მცირე საკომისიოს სანაცვლოდ ისინი საკუთარ ანგარიშებზე დაზარალებულებისგან თანხას იღებენ, ყიდულობენ კრიპტოვალუტას და თაღლითებს უგზავნიან. ბანკი მხოლოდ ადგილობრივ ჩარიცხვას ხედავს, კრიპტოს შემდგომი მისამართი კი მისთვის უხილავია. შესაბამისად, როცა მოტყუებული მსხვერპლი ჩივის, გამოძიება პირველ რიგში სწორედ ამ უნებლიე მონაწილე "დროპერებთან" მიდის.

ზოგადად, კრიპტოვალუტის გამოყენება თაღლითებს საშუალებას აძლევს მითვისებული ფული მომენტალურად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაიტანონ.

კრიპტოსაფულეს გეოგრაფია არ გააჩნია, რაც ფულის კვალის პოვნას ართულებს. სანამ ადგილობრივი გამოძიება ტრანზაქციებს მიაკვლევს და საქმეში საერთაშორისო სამძებრო სამსახურებს ჩართავს, ფასდაუდებელი დრო იკარგება და პროცესი ხშირად 2-3 წელიწადს ჭიანურდება.

- რატომ ვერ ხერხდება ან პრევენცია, ან ადეკვატური რეაგირება?

- სამწუხაროდ, მოსახლეობას უჭირს გააზრება, რომ შეუძლებელია 100 ან 400 ლარით საქმის დაწყება და მოკლე დროში 10.000 ლარის მოგება. ეს არარეალურია. მსგავსი სქემები წლებია არსებობს, თუმცა დღეს ტექნოლოგიების განვითარებამ ისინი უფრო დამაჯერებელი გახადა. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტით (AI) შექმნილი და გახმოვანებული ყალბი ვიდეოები ძალიან რეალისტურად გამოიყურება. პარალელურად კი, კრიპტოვალუტა თაღლითებს თანხების სწრაფად გატანის საშუალებას აძლევს.

კომერციულმა ბანკმა შეიძლება შეამჩნიოს საეჭვო ტრანზაქციები, მაგალითად, თუ პირს სხვადასხვა ქალაქიდან პერიოდულად ერიცხება თანხები. ასეთ დროს ბანკს მონიტორინგის მექანიზმები აქვს და საგამოძიებო სამსახურის ჩარევის შემთხვევაში ანგარიში შეიძლება დაიბლოკოს. კრიპტოვალუტის შემთხვევაში კი ანგარიშს ვერავინ გაყინავს, სანამ საგამოძიებო უწყება მას ოფიციალურად არ მონიშნავს თაღლითურად. როგორც კი კრიპტობირჟა ხედავს, რომ მისამართი მარკირებულია, ის ყინავს ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს, რაც გამოძიებას საქმეს უადვილებს. თუმცა ბირჟა ვერასდროს მიხვდება, კონკრეტული ტრანზაქცია საქართველოს თაღლითური სქემიდან მომდინარეობს თუ, მაგალითად, ვიეტნამის კორუფციული გარიგებიდან, რადგან კრიპტომისამართებს გეოგრაფია არ უწერია. შესაბამისად, ფული "სუფთად" ითვლება მანამ, სანამ მომჩივანი არ გამოჩნდება. საგამოძიებო სამსახური მისამართების მარკირებას მხოლოდ საჩივრის საფუძველზე იწყებს. პრობლემა კი ისაა, რომ მოტყუებული ადამიანები ხშირად დუმილს ამჯობინებენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ დაზარალებულები ხშირად ვერ აცნობიერებენ კოლექტიური სარჩელის ძალას. როდესაც მხოლოდ ერთი პირი ჩივის, გამოძიებისთვის რთულია თაღლითობის დამტკიცება. მართალია, ადამიანმა თანხა მოტყუებით გადარიცხა, მაგრამ ფაქტის იურიდიულად დასაბუთება და თაღლითობის მუხლის მისადაგება რთულია. ერთ ინდივიდზე შეიძლება იფიქრონ, რომ უბრალოდ პირადი, ნეგატიური განწყობის გამო ჩივის, მაგრამ, როცა საჩივარს 100 ან 200 კაცი ერთობლივად აწერს ხელს, საქმე იცვლება. 100 კაცი ერთსა და იმავე ისტორიას ვერ მოიგონებს. ასეთ დროს თაღლითობის ფაქტი აშკარა ხდება და ბრალის წაყენებაც გაცილებით მარტივია.

- კონკრეტულად საქართველოზე რომ გავაკეთოთ ფოკუსირება, არის რამე აქ განსხვავებული ფაქტორი?

- ბოლო წლებში, ტექნოლოგიური პროგრესისა და ავტომატიზაციის გამო გაზრდილმა უმუშევრობამ ადამიანები მსგავსი სქემების მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა. თაღლითები იყენებენ ფსიქოლოგიურ მანიპულაციასა და აგრესიულ ზეწოლას, მაგალითად, ფულის დროულად არმიტანის შემთხვევაში "გუნდიდან გაგდების" მუქარას. ისინი მსხვერპლს მარტივი გამდიდრების ილუზიას უქმნიან, იქნება ეს, მაგალითად, მუსიკის ასაკოვანი პედაგოგის უეცრად "ფინანსურ ანალიტიკოსად" გადაქცევა თუ პენსიონერის დარწმუნება, რომ მცირე ინვესტიციით უზარმაზარ მოგებას ნახავს.

ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ფინანსური განათლების ნაკლებობაა.

საზოგადოებაში დამკვიდრებულია ტენდენცია, რომ მოგებას ყველა საჯაროდ აპიარებს, ხოლო თანხის დაკარგვისას დუმილს ამჯობინებს, რაც მეზობლებისა და ნაცნობებისთვის წარმატების ყალბ სურათს ინარჩუნებს.

ამის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა. აუცილებელია მასობრივი, უწყვეტი საინფორმაციო კამპანიები. მოსახლეობას მკაფიოდ უნდა ავუხსნათ, რომ ფული და დოვლათი თავისით, რეალური აქტივის შექმნის გარეშე არ ჩნდება.

- ეროვნული ბანკის განცხადება რამდენად დროულია, თუ უფრო ადრე რეაგირება იყო საჭირო?

- ეროვნული ბანკის დაგვიანებული და ერთჯერადი განცხადებები სრულიად უშედეგოა. ჯერ კიდევ მაისში, როდესაც პრობლემამ იჩინა თავი, უნდა დაწყებულიყო აქტიური, მასშტაბური სახელმწიფო საინფორმაციო კამპანია. მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფორმაცია არც მიუღია, დანარჩენებმა კი, ეიფორიაში ყოფნის გამო, გაფრთხილება, უბრალოდ, "შურიანობად" აღიქვეს. ჯანსაღი ეჭვი რომ გაჩნდეს ადამიანებში, საჭიროა აგრესიული და სისტემატური კამპანია ყველა მედიასაშუალებით - ტელევიზია, სოციალური ქსელები. რეგულარულად უნდა ხდებოდეს თაღლითური სქემების გაშიფვრა კონკრეტული მაგალითებით. ამ უწყვეტ პროცესს სათავეში უნდა ედგას მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე ინსტიტუტი, უპირველესად - ეროვნული ბანკი.

- კოლექტიური სარჩელი ახსენეთ და, დაზარალებულებმა რომ ამის შესახებ გაიგონ, ალბათ, ამისთვისაც კომპეტენტური ორგანოების კამპანიაა საჭირო, ასეა?

- პირველ რიგში ისიც უნდა ვთქვა, რომ ფინანსურ პირამიდებს თან სდევს მეორე, ე.წ. მსხვერპლის მოფერების თაღლითური სქემა. მას შემდეგ, რაც ადამიანი ფულს დაკარგავს, მას უკავშირდებიან და ეუბნებიან: "ჩვენ იურიდიული კომპანია ვართ და ფულის დაბრუნებაში დაგეხმარებით, ოღონდ ჩვენი მომსახურება 8000 დოლარი ღირს და წინასწარ 10% უნდა ჩარიცხოთ". დაზარალებული, რომელიც ხავსს ეჭიდება და მაშველს ეძებს, რიცხავს ფულს, ვითომ დამხმარე კი 800 დოლარს იღებს და ქრება. თაღლითები ხშირად იყენებენ პოლიციის, გამომძიებლებისა და ადვოკატების სახელს. ისინი "დარკნეტში" (DarkNet) 25 დოლარად აყალბებენ დოკუმენტებს და მსხვერპლს აჯერებენ, თითქოს 15-წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული იურიდიული კომპანია არიან, რომელმაც სადღაც ბრაზილიასა და ნიგერიაში უამრავი ადამიანის ფული გადაარჩინა. ამიტომ ასეთ შემთხვევაშიც განსაკუთრებული სიფრთხილე და ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია.

რაც შეეხება კოლექტიურ სარჩელებს, დაზარალებულებმა ისინი არა ხვალ ან ზეგ, არამედ დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ. ყოველი დაკარგული საათი თაღლითებს ეხმარება, მოპარული აქტივები სხვადასხვა მისამართზე გადაანაწილონ და კვალი საბოლოოდ გააქრონ. ამ პროცესის ინიციატორები თავად მსხვერპლები უნდა იყვნენ, მათ სწრაფად უნდა მოახდინონ ერთმანეთის მობილიზება და იმოქმედონ, სანამ თანხები გაქრება. თუმცა, რადგან ბევრმა არ იცის საკუთარი სამართლებრივი უფლებების შესახებ, გადამწყვეტი როლი მედიას ეკისრება. სწორედ პრესამ უნდა აუხსნას მოსახლეობას, რომ პოლიციაში კოლექტიური საჩივრის დროულად შეტანა მათი უფლება და თანხების გადარჩენის ერთადერთი გზაა.

რუსა მაჩაიძე