„ეს კატასტროფაა - ქვეყანა მოსახლეობისგან იცლება!“
ქართველების ემიგრაცია ბოლო წლებში ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. "საქსტატის" ოფიციალური მონაცემებით, მარტო გასულ 2025 წელს ქვეყნიდან 114 374 კაცი წავიდა, რომელთა შორის 38 363 ახალგაზრდაა. გრძელვადიან პერსპექტივაში (2015-2025 წლებში) საქართველო გაცილებით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე უკან დაბრუნდა. ყველაზე კრიტიკული მაჩვენებელი კი 2023 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყნიდან ემიგრირება რეკორდულად გაიზარდა.
მოქალაქეების ემიგრაციაში წასვლის მიზეზები სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებსა და უკეთესი მომავლის ძიებას უკავშირდება. ემიგრაციაში წასულთა უმრავლესობა შრომისუნარიანი და ახალგაზრდაა, რაც ქვეყნისთვის სერიოზულ დემოგრაფიულ პრობლემას და სამუშაო ძალის დეფიციტის ქმნის.
"რაც საქართველოში ხდება, ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია. ჩვენ არც ერთი ახალგაზრდა არა გვყავს დასაკარგი. პრაქტიკულად, ჩვენთან მოსახლეობის ზრდა ემიგრანტების შემოსვლით ხდება. და ვინ შემოდის? - უმეტესად უცხოელი", - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი ლელა მენაბდიშვილი.
- "საქსტატის" მონაცემებით, 2022-2025 წლებში 185 218 ახალგაზრდა (15-29 წლის) წავიდა ემიგრაციაში. მარტო გასულ წელს, მათი რიცხვი 38 363-ს შეადგენდა. შემიძლია დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული კვლევა დაგისახელოთ, რომელიც სტუდენტებში ჩავატარეთ. მათ უმრავლესობას სურვილი აქვს, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ გავიდეს ქვეყნიდან. როცა ვეკითხებით, რატომ? პასუხობენ, რომ უცხოეთში სწავლადამთავრებულს უფრო მეტი დაფასება აქვს, ურჩევნიათ იქვე დასაქმდნენ, გარკვეული პრაქტიკა გაიარონ და მერე ჩამოვიდნენ. ზოგი ფიქრობს, რომ საერთოდ წავიდეს, იმუშაოს და ფული დააგროვოს.
- აღწერის მიხედვით, მოსახლეობა იზრდება, ვის და რის ხარჯზე ხდება ეს?
- ამ საკითხებზე ვმუშაობთ - რის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა? ახალი, XXI საუკუნე რაც დაიწყო, ბუნებრივი კლება ანუ გარდაცვალება უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე შობადობა, ანუ მოსახლეობა ბუნებრივი გზით არ იზრდება და იკლებს. ჩვენმა ქვეყანამ ორი ეტაპი გაიარა: პირველი იყო 2000-დან 2007 წლამდე. 2008 წლიდან პატრიარქ ილია II-ის ინიციატივამ ცოტა გამოაცოცხლა და გაზარდა შობადობა - მესამე და მომდევნო ბავშვის გაჩენა. დიაგრამას რომ შეხედოთ, ზუსტად ასეა: პირველი და მეორე ბავშვი იკლებს, ქვევით მოდის და მესამე ბავშვის ზრდის ტემპი იზრდება, ანუ ზევით მიდის. 2020 წლიდან კიდევ მეორე ტალღა დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. დღემდე-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ 2026 წლის მონაცემებით, საქართველოში ბუნებრივი კლებაა 4 715 კაცით, ანუ უფრო ნაკლები დაიბადა. წინა წლებში ბუნებრივი მატება ფიქსირდებოდა თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში (დააკვირდით, ძირითადად ის რეგიონებია, სადაც განსხვავებული სარწმუნოების ხალხი ცხოვრობს). თბილისში მთელი მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს და თავკომბალად არის გადაქცეული, შესაბამისად, აქ ბუნებრივი მატება იქნება, დანარჩენ რეგიონებში კი ბუნებრივი კლება გვაქვს.
განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა წლევანდელი მონაცემები საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლის დარეგისტრირებული პირველკლასელების შესახებ და აღმოჩნდა, რომ 188 სკოლაში პირველკლასელი არ მივიდა. 727 სკოლაში ხუთი ან უფრო ნაკლები პირველკლასელია. ეს ნიშნავს, რომ მომავალში იქაც აღარ გვეყოლება პირველკლასელი. პირველ კლასში შედის ექვსი წლის ბავშვი და ექვსი წლის წინ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში? - ბუნებრივი კლება გვქონდა, ანუ ახალშობილთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მცირდება. ქვეყანაში დემოგრაფიული კოლაფსი გვაქვს. მოსახლეობა იზრდება დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, მაგრამ იზრდება მიგრაციით. იმიგრირებული ქართველი თუ შემოდის, არც ერთი არ არის იმ ასაკის, რომელსაც შეუძლია ბავშვის გაჩენა - შემოდის ხანდაზმული, უფრო მოხუცი, რომელიც კიდევ უფრო მძიმედ აწვება ჩვენს ჯანდაცვას (თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეობა ან ორმაგი მოქალაქეობა აქვს). საქართველოში ძირითადად შემოდიან უცხოელები. გადახედეთ თბილისის ნებისმიერ რაიონს (შოვინისტი არ გეგონოთ, უბრალოდ, ჩემს ქვეყანაზე მტკივა გული), უამრავ რუსს, ინდუსს, არაბს და სხვას შეხვდებით... სასტუმროები აქვთ საკუთარი. ქართველი გარბის და სხვა შემოდის, ქართველს არ ექმნება ის წამახალისებელი პირობები სახელმწიფოსგან, თუნდაც ბიზნესისგან, რომ შექმნას ოჯახი.
წლის დასაწყისში გამოვკითხე 120 დაოჯახებული და დასაქმებული ქალი, მაინტერესებდა, უშლის თუ არა ხელს სამსახური ბავშვების აღზრდაში. რომ ვეკითხები, რა არის თქვენი ოჯახის პრობლემა, მპასუხობენ, რომ ოჯახში და ბავშვებთან გატარებული დროის სიმცირე, რომ საბავშვო ბაღებში მიყვანისა და წამოყვანის დრო არ ემთხვევა სამსახურში მისვლისა და წამოსვლის დროს. დეკრეტული შვებულება უნდა იყოს არა ექვსთვიანი, არამედ ერთწლიანი, წლინახევრიანი, რათა ბავშვები ცოტა მოვზარდოთ. განსაკუთრებით უჭირს კერძო სექტორში დასაქმებულს, რადგან კერძო სექტორი ერთ წელიწადს ადგილს არ შეუნახავს თანამშრომელს.
როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე მდგომარეობაა, როცა ხალხს ტვირთად აწევს საბანკო ვალები, ხომ შეიძლება ცოტა ნაკლები პროცენტით გასცენ ახალგაზრდა ოჯახებზე კრედიტები. ამით ეროვნული საქმე გაკეთდება, დემოგრაფიული უსაფრთხოება ხომ იგივე ეროვნული უსაფრთხოებაა, თუ ჯარი გვინდა გვყავდეს, ახალგაზრდობა გვჭირდება. ასევე, სოფლები თუ დაცარიელდა, იქ ვიღა იცხოვრებს? ხომ შეიძლება გამოვყოთ სოფლის დახმარების პროექტები, ან ვთქვათ, ახალგაზრდებს დავპირდეთ, თუ დასახლდება ამა და ამ სოფელში, გამოვუყოფთ თანხას თუნდაც გრანტის სახით და ფეხს რომ მოიკიდებს, მეურნეობას შექმნის, მერე ის იქიდან აღარ წამოვა. ხომ შეიძლება სახელმწიფო ბაღების გაკეთება, ისეთის, რომ გაახანგრძლივოს დრო და დედამ გამოიყვანოს ბავშვი, პიკის საათში რომ არ მოხვდეს და ბავშვი, ვთქვათ, ყარაულთან არ დარჩეს? ან ამდენი ბინა რომ შენდება თბილისში, ხომ შეიძლება წავახალისოთ ოჯახები და ახალდაქორწინებულ წყვილს, ვისაც საკუთარი ბინა არა აქვს, იმ 25-სართულიანში ერთი ბინა გამოვუყოთ? ბიზნესმა განა რა წაგება უნდა ნახოს ისეთი, რომ ერთი ბინა ვერ გამოყოს? წავახალისოთ, დავაინტერესოთ ახალგაზრდობა და აღარ გაიქცევიან ქვეყნიდან.
- მაინც რა არის მიზეზი, რომ ემიგრაცია იზრდება და ახალგაზრდობა გარბის ქვეყნიდან?
- ამის მიზეზი უპირველესად პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაციაა. არანაირი გარანტიები და მომავლის იმედი ახალგაზრდებს არა აქვთ. ასევე, არის ნეპოტიზმი. ბევრგან მინახავს, ისეთები უფრო წინ მიდიან, ვისაც პატრონი ჰყავთ.
მე თუ მკითხავთ, რეფორმა სკოლიდან უნდა დაეწყოთ და არა უმაღლესიდან. უმაღლესში რომ აბარებს, ძალიან ბევრისთვის სულერთია, გეოლოგიურს დაამთავრებს, ფიზიკურს, ქიმიურს თუ სხვას... ოღონდ სადღაც მოხვდეს და, სპეციალობით არც იმუშავებს. ნამდვილად არ გვინდა ამდენი უმაღლესდამთავრებული. ჩვენ გვინდა პროფესიონალი, საქმის კარგად მცოდნე ხელოსანი, ელექტრიკოსი. ამას წინათ თბილისში მთა ჩამოიშალა და გერმანიიდან ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები, ვინაიდან გეოლოგები არა გვყავდა. სკოლიდანვე უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ გავზარდოთ კარგი სპეციალისტები და აქვე დავასაქმოთ.
ნამდვილად მიხარია, რომ ვიღაც მოეწყო გერმანიაში, ვიღაცა მოხვდა კემბრიჯში, ვიღაცამ დაამთავრა ჰარვარდი, მაგრამ მინდა სამშობლოშDი დაბრუნდნენ; მინდა ჩვენთან არა ბუნებრივი კლება, არამედ ბუნებრივი მატება იყოს.
ქვეყნიდან პერმანენტულად გაედინება ფიზიკური თუ ინტელექტუალური რესურსი. კი ბატონო, წავიდეს, ისწავლოს, მაგრამ უკან მობრუნდეს და იზრუნოს, რომ მის სამშობლოს არგოს რაღაც, ქართველი ამრავლოს. ადრე ვთქვი, პატრიოტიზმი არ ისწავლება სკოლაში-მეთქი. პატრიოტიზმი ის არის, რომ შენს ქვეყანაზე ზრუნავ. ძალიან ბევრი რამ მეც არ მომწონს, ბევრ რამეს მეც შევცვლიდი, მაგრამ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და უიმისოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ვერ გამიგია, ახალგაზრდა დედები რომ მიდიან და ოჯახს ტოვებენ. იცით, შვილებთან როგორი გაუცხოება ხდება? დედა არ არის ფულის სალარო, რომელიც ყოველთვიურად რაღაცას გამოგიგზავნის, დედა და დედობა უფრო მეტია. ემიგრაციაში წასული ქალები კი ახერხებენ ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფას, მაგრამ ძალიან ბევრი აკლდებათ შვილებს.
ჩვენთან კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც სოციალურიც არის, დემოგრაფიულიც და ტრაგიკულიც - ნარკომანია. ახალგაზრდები იხოცებიან. ქუჩაშიც ხოცავენ ერთმანეთს, აგრესიამ იმატა. ამიტომ ვამბობ, რომ სკოლიდან დავიწყოთ რეფორმა, რათა უფრო ჰუმანურები, მეგობრულები და პატრიოტები გავზარდოთ, რომ მიხვდნენ, ეს ქვეყანა მათია, ეს ქვეყანა მათი ასაშენებელია. სახელმწიფომ რაც შეიძლება მეტად უნდა წაახალისოს ახალგაზრდობა.