„კრემლი ფარცხალაძესა და მის ჯგუფს საქართველოში ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად განიხილავს“ - კვირის პალიტრა

„კრემლი ფარცხალაძესა და მის ჯგუფს საქართველოში ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად განიხილავს“

"კრემლისთვის ხელშეუხებელი მოკავშირეები არ არსებობენ", - ამბობს პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა ძებისაშვილი, რომელიც ოთარ ფარცხა­ლაძე-რომანოვის გააქტიურებას "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვან სიგნალად მიიჩნევს. "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ის საუბრობს, რა როლს შეიძლება ამზა­დებდეს მოსკოვი რუსეთში მყოფი ყოფილი გენპროკურორისთვის და რა ვითარებაში შეიძლება ფარცხალაძე "ქართული ოცნების" ალტერნატივად განიხილოს კრემლმა.

- რუსეთს საქართველოში დიდი ხანია მრავალმხრივი თამაში აქვს დაწყებული. ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენპროკურორი იყო, თავისთავად ბევრ კითხვას აჩენს. მისი დანიშვნა "გეორგიევსკის" სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელად კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს, რომ ის კრემლის ინტერესებით მოქმედებს და მზად არის შეასრულოს მისი დავალებები. რაც შეეხება უშუალოდ "გეორგიევსკს", ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას რეალური სამხედრო ფუნქცია ჰქონდეს, ან მის შემადგენლობაში ქართველთა ანგარიშგასაწევი რაოდენობა გაწევრდეს. წარმოუდგენელია, ქართველები ნებით შეუერთდნენ ასეთ ფორმირებას. შესაძლოა რუსეთთან იდეოლოგიურად თუ ფინანსური ინტერესებით დაკავშირებული მცირერიცხოვანი ჯგუფი აღმოჩნდეს, თუმცა დანაყოფის დანიშნულება მაინც საინფორმაციო-პროპაგანდისტული იქნება. რუსეთს სჭირდება ნარატივი, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებასა და ქართველ ხალხს აჩვენებს, თითქოს მკვეთრად პროევროპული განწყობების მიუხედავად, არსებობენ ქართველები, რომლებიც მზად არიან უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოლონ. ეს ტაქტიკა რუსეთისთვის ახალი არ არის, ამის მაგალითია "ახმატის" ბატალიონი. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს მთელი ჩეჩნეთი დაირაზმა უკრაინაში საბრძოლველად, თუმცა რეალურად "ახმატი" ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებში იშვიათად მონაწილეობს და მის შემადგენლობაშიც ჩეჩნები უმრავლესობას არ წარმოადგენენ. კადიროვს საკუთარი სამხედრო რესურსი უკრაინის "ხორცსაკეპ მანქანაში" გასანადგურებლად არ ემეტება. "ახმატის" მსგავსად, "გეორგიევსკიც", სავარაუდოდ, შეზღუდული, მაგრამ მკაფიოდ საინფორმაციო ფუნქციის იქნება. ამ პროპაგანდისტულ გზავნილს ორი სამიზნე აუდი­ტორია ჰყავს: საქართველოს საზოგადოება - მიზანია შოკის, დაბნეულობისა და მორა­ლური დაუცველობის განცდის დათესვა, თითქოს არსებობს ქართველთა დიდი ჯგუფი, რომელიც მზად არის "დედა რუსეთისთვის" სიცოცხლე გაწიროს; და საერთაშორისო საზოგადოება - რუსეთს სურს შექმნას სურათი, თითქოს ქართველი საზოგადოება ერთგვაროვანი არ არის და ქვეყანაში პრორუსულ ძალებს მნიშვნელოვანი დასაყრდენი აქვთ...

რუსეთი საქართველოსთან ჰიბრიდული და პროპაგანდისტული ომის აქტიურ ფაზაშია, თუმცა აშკარაა, რომ ანტიევროპულმა ნარატივმა მაქსიმუმს მიაღწია და სარგებელი აღარ მოაქვს. გარდა ამისა, რუსეთი შეეცდება "გეორგიევსკის" თემის გამოყენებას საინფორმაციო ეფექტისთვის. შესაძლოა ამ დანაყოფის კადრები ოკუპირებულ აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონშიც ვიხილოთ. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი "ქართული ოცნებით" უკმაყოფილო იყოს და ალტერნატივებზე ფიქრობდეს. ამ პროცესის ლაკმუსის ქაღალდი ოთარ ფარცხალაძის აქტიურობა იქნება. რაც უფრო ხშირად გამოჩნდება ის რუსულ მედიაში "გეორგიევსკის" დანაყოფთან ერთად არა უკრაინის ფრონტზე, არამედ საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კომენტარებით, მით უფრო ნათელი გახდება, რომ კრემლი მას და მის ჯგუფს ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად განიხილავს. ამიტომ ფარცხალაძის ჯგუფის გავლენების ზრდას რუსეთში, პირველ რიგში, "ქართულმა ოცნებამ" უნდა მიაქციოს ყურადღება. ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული წარმოდგენა, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოკავშირე, რა არის ქვეყნისთვის სიკეთე და რა საფრთხე. "ქართული ოცნება" კი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ პოზიციაშია და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით დიდ რისკებს ეთამაშება. ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ კრემლი "სანდო მოკავშირეებსაც" კი უპრობლემოდ გაწირავს, როდესაც დასჭირდება. შორეულ წარსულში რომ არ გადავიდეთ, საკმარისია ყარაბაღის მაგალითის გახსენება: ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთმა სომხეთი არ დაიცვა და პასუხისმგებლობა ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებას დააკისრა. რუსეთ­თან ლავირება შესაძლოა გარკვეულ ეტაპამდე მუშაობდეს, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" უნდა გააცნობიეროს: კრემლისთვის ხელშეუხებელი მოკავშირეები არ არსებობენ და საჭიროების შემთხვევაში ის ნებისმიერ ხელისუფლებას მოუძებნის ალტერნატივას.

- შეიძლება თუ არა ოთარ ფარცხალაძე თანამედროვე "იგორ გიორგაძედ" იქცეს?

- არაფერია გამოსარიცხი. გასაგებია, რომ ოთარ ფარცხალაძეს ვერ ექნება გიორგაძის მასშტაბის გავლენა, თუმცა მასაც აქვს საკუთარი რესურსი. მით უფრო, რომ საქართველოს გენპროკურორი იყო და ქვეყანაში გარკვეული კავშირები დღემდე შემორჩა. ის ახლა "გიორგაძე-2" გახდება თუ მასთან შეამხანაგდება, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ის არის, რომ ფარცხალაძე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ძებნილად გამოაცხადა და თავისი მმართველობის მტრად შერაცხა, რუსეთმა შეიფარა და ახალი როლი მოუძებნა. ახლა უნდა დავაკვირდეთ, თუ მისი აქტივობა და კრემლიდან დაფინანსება გაიზრდება, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ მოსკოვი მასში უფრო დიდ პოლიტიკურ რესურსს ხედავს და უფრო მნიშვნელოვან ფუნქციას აკისრებს...

- აქვს თუ არა საქართველოს საკმარისი კონტრდაზვერვითი თუ უსაფრთხოების მექანიზმები მოსალოდნელი პროვოკაციების აღსაკვეთად?

- ქართულ სპეცსამსახურებს შესწევთ უნარი დროულად აღკვეთონ მსგავსი საქმიანობა, თუმცა რუსულმა ინფილტრაციამ ქართულ პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და სპეცსამსახურებში უკვე დიდი ხანია შეაღწია. მართალია, სპეცსამსახურებს ხშირად შესწევთ უნარი ვითარება გამოასწორონ და საფრთხეებზე რეაგირება მოახდინონ, თუმცა ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა ეს ამოცანა გაართულა. ამ პერიოდში რუსეთის მოწინააღმდეგედ მოხსენიება პრაქტიკულად აკრძალული იყო. სწორედ ამის შედეგია ის, რაც ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში ვიხილეთ: გენპროკურორი ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა; ქართულმა სპეცსამსახურებმა მას, პრობლემის ნეიტრალიზების სანაცვლოდ, ფაქტობრივად, მფარველობა გაუწიეს, ეროვნულმა ბანკმა რეგულაციებში ცვლილებები შეიტანა, რათა ეს პირი საერთაშორისო სანქციებისგან დაეცვა...

რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი კომპლექსურია და სახელმწიფოს ყველა მიმართულებით უქმნის საფრთხეს. დღეს მაქსიმალურად ამოქმედებული არიან გავლენის აგენტები. თუმცა, როდესაც დგება კრიტიკული მომენტები და ცალსახად იკვეთება, ვინ არის მტერი და ვინ მეგობარი, რუსული პროპაგანდა მარცხდება. ვერც "გეი-ევროპის" ნარატივმა, ვერც ეკონომიკური შიშების დათესვამ და ვერც "ბრიუსელის დიქტატზე" საუბარმა ვერ შეცვალა მთავარი განწყობა: საქართველოს მოსახლეობის 75-80% ჯიუტად ინარჩუნებს პროევროპულ არჩევანს. მათ ესმის, რომ ევროპა არის სივრცე, სადაც ინდივიდის უფლებები ყველაზე უკეთ არის დაცული.

ასეთ დროს მოსკოვი ახალ ტაქტიკას იგონებს, საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩას, დეზორიენტაციასა და შიდა დაპირისპირებას. სწორედ ამ სცენარის ნაწილია ოთარ ფარცხალაძის გააქტიურება.

- არსებობს რისკი, რომ ფარცხალაძის შესაძლო გაძლიერების შიშით "ქართულმა ოცნებამ" მკაფიოდ თქვას უარი ევროინტეგრაციის კურსზე და სანაცვლოდ მიიღოს ტერი­ტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება, მაგალითად, ე.წ. კონფედერაციული მოდელი?

- "ქართული ოცნება" ნამდვილად ორ ცეცხლშუაა. არსებობს წითელი ხაზები, რომლებსაც მმართველი გუნდი ვერ გადააბიჯებს. მათი მთავარი დასაყრდენი მომხრეებში ეკონომიკური სტაბილურობის დაპირება იყო. თუ რუსულ ორბიტაზე გადასვლას მოჰყვა სამოქალაქო დაპირისპირება, სანქციები და ეკონომიკური კოლაფსი, ამას შეეწირება მთელი ქვეყნის, მათ შორის, მმართველი ელიტის კეთილდღეობაც. დააკვირდით: "ოცნების" ჩინოვნიკებსა და ბიზნესელიტას შვილები დასავლეთში ჰყავთ გაგზავნილი სასწავლებლად, უყვართ ევროპაში მოგზაურობა და ცხოვრება. მათ არ სურთ საბჭოთა ტიპის იზოლაციაში აღმოჩენა. შესაბამისად, ისეთი ელიტა, რომელიც ლიდერს ჯოჯოხეთშიც ბრმად გაჰყვება, ამ პარტიას არა ჰყავს.

ხათუნა ბახტურიძე