„ეს პოლიტიკა არ არის, ეს „ვირთხების რბოლაა“, თუ ვინ გადაკვეთს პირველი ფინიშის ხაზს“ - ლევან ლორთქიფანიძის ანალიზი: რა ხდება ოპოზიციაში?!
პოლიტიკური პროცესის იდეებისგან დაცლა, ოპოზიციური ფლანგის უსასრულო ქიშპი, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და საზოგადოებრივი პოლარიზაცია, რომელიც უკვე ისტორიულ მეხსიერებას სცდება - საქართველოს პოლიტიკურ ველზე შექმნილ მძიმე რეალობაზე პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე საუბრობს.
- დღევანდელ პოლიტიკურ ველზე თვალსაჩინოა დაპირისპირებების სიმწვავე. ხელისუფლებაში დაპირისპირება წმინდა წყლის პერსონალურ, პირად პრივილეგიებსა და ძალაუფლებასთან დაკავშირებულ ინტერესებს ატარებს. ნახეთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დაკარგა ძალაუფლება, ახლა ფინანსებისა და ოჯახის უსაფრთხოების დაკარგვის საფრთხეც ემუქრება და ამიტომ "აჯანყდა". ირაკლი კობახიძე ებრძვის ღარიბაშვილს, რადგან ეშინია, ამ უკანასკნელმა თავისი რეიტინგი "ქართული ოცნების" ძველ, კონსერვატიულ ამომრჩეველში მის წინააღმდეგ არ გამოიყენოს. ბიძინა ივანიშვილი კი გარედან აკვირდება ყველაფერს და ცდილობს ამ ორმხრივ დაპირისპირებაში მოამზადოს ნიადაგი ახალი პრემიერ-მინისტრისთვის, რომელიც "ახალი ცოცხის" პრინციპით უკეთ "დაგვის".
რაც შეეხება ოპოზიციას, იქაც ისეთივე ამორფული ვითარებაა. აწუხებთ ამ ოპოზიციონერ ლიდერებს რაიმე იდეა? ვთქვათ, ანი წითლიძე რომ ლანძღავს ნიკა გვარამიას, ნიკა გვარამია კი იაგო ხვიჩიას, რისთვის აკეთებენ ამას? ოპოზიციურ ფლანგზეც ბრძოლა მიდის მეორე ადგილისთვის - ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია. გვარამიასა და "ნაცმოძრაობას" შორის სწორედ ამის გამო გაჩნდა უფსკრული. ეს პოლიტიკა არ არის, ეს უფრო ჰგავს "ვირთხების რბოლას" იმისთვის, თუ ვინ გადაკვეთს პირველი ფინიშის ხაზს. რა თქმა უნდა, პოლიტიკა ბრძოლაა ძალაუფლებისთვის, მაგრამ, იმავდროულად, არის ბრძოლა იდეებისთვის! საქართველოში კი, ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც, იდეები და ღირებულებები გამოთიშული და დამარხულია.
ქართველ პოლიტიკოსს ჰგონია, რომ პოლიტიკა კულუარული გარიგებაა - ისე მალულად შეხვდები ივანიშვილს, რომ საკუთარ პარტიასა და ხალხს არაფერს ეტყვი და საკითხს "დაალაგებ". ასევე ჰგონიათ, რომ პოლიტიკა ერთმანეთის ბოლომდე ჩაძირვაა. საქმე ის კი არ არის, რომ ქართველ ხალხს აქვს სანახაობისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება (თუმცა არც ეს კომპონენტია გამოსარიცხი), მათ არ უნახავთ სხვანაირი პოლიტიკა, გარდა კულუარული ბრძოლებისა და ტალახის სროლისა... მეორე მხრივ, არსებობს ე.წ. ალგორითმის პოლიტიკა. სოცქსელში რა ალგორითმიც ტრიალებს, უმრავლესობაც იმას ადევნებს თვალს, რაც საბოლოოდ აფუჭებს საზოგადოებრივ გემოვნებასა და სტანდარტს.
- ამასობაში საზოგადოებრივი პოლარიზაცია სულ უფრო მწვავდება. ამის ბოლო მაგალითია მარგარიტა სიმონიანის განცხადება ერეკლე II-ზე და ამის გამო დაპირისპირება.
- რუსი პროპაგანდისტი, რომელსაც ეზიზღება დამოუკიდებელი საქართველოს იდეა, ქალბატონი მარგარიტა სიმონიანი, საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავდადებულ მეფეზე, რომელმაც მტერს ქედი არ მოუხარა და 78 ჭრილობით ჩავიდა საფლავში, ამბობს, დაჩოქილი მივიდა რუსეთის იმპერატორთან და დაპყრობა ითხოვა, სხვა ქართველებიც, ახალი "ირაკლებიც" ასე მოფორთხდებიან და შეგვეხვეწებიან მფარველობასო და ამ ყველაფერს რომ აპროტესტებს საქართველოს მოქალაქე "ფეისბუქზე" (არა აქვს მნიშვნელობა, კარგი აქტივისტია თუ ცუდი), მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ! სად არის აქ ლოგიკა? რატომ უნდა ხარჯავდეს საქართველოს სახელმწიფო ამაზე რესურსებს? - გამომძიებლის ხელფასი, სასამართლო სხდომები, ფოსტით ჯარიმების გაგზავნა... ამდენი აქტივობა სახელმწიფომ უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ დაიცვას მარგარიტა სიმონიანი, რომელმაც შეურაცხყო ჩვენი ისტორიული გმირი?! ეს არის სრული სიგიჟე, რომელიც ემსახურება ერთადერთ რამეს: საქართველოს მთავრობას სურს ასიამოვნოს არა მხოლოდ რუსეთის იმპერიასა და მის ლიდერებს, არამედ ყველას, ვინც რუსულ პროპაგანდას წარმოადგენს, მათ შორის ისეთი დაბალი რანგის ფიგურასაც კი, როგორიც სიმონიანია. წესით, ამაზე ირაკლი კობახიძესაც უნდა ჰქონოდა რეაქცია, მან თქვა, სხვა "ირაკლებიც" მოფორთხდებიანო. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რომ გერმანიის ან ამერიკის ელჩს ეთქვა, რა დღეში ჩავარდებოდა?! ჯერ დაანგრიეს ქვეყანა, ერეკლე მეორეზე როგორ ლაპარაკობთო, ძეგლიც კი დადგეს დემონსტრაციულად და ახლა აჯარიმებენ ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ სიმონიანის მიერ მეფის შეურაცხყოფა გააპროტესტა.
- თქვენი შეფასებით, როგორი იქნება ამ საკითხზე "ქართული ოცნების" იმ მხარდამჭერთა პოზიცია, რომლებსაც სჯერათ, რომ ხელისუფლება ეროვნულ ღირებულებებს იცავს?
- არსებობს მხარდამჭერთა კატეგორია (ამას გულისტკივილით ვამბობ), რომელსაც თავისუფალი ნება და საკუთარი აზროვნება აღარ გააჩნია და რასაც ჩასძახებ, ქვევრივით იმას ამოგძახებენ. სხვათა შორის, ერთი რამ უნდა აღვნიშნო ხაზგასმით: ჩემთვის სრულიად ამაზრზენია ტერმინი "ერეკლე პაპა". ეს არის უადგილო ფამილარული გამოთქმა, რომელიც აკნინებს მეფეს. რა შენი პაპაა ამხელა ისტორიული ფიგურა და მოღვაწე?! რა უფლება გაქვს, ასე რომ აუბრალოებ მის მნიშვნელობას?! თუნდაც კახეთში ასე ეძახდნენ, მაინც საშინელი მიმართვაა. მაშინ ილია ჭავჭავაძეს "ბიძია" დავუძახოთ!
- ამ ვითარებაში როგორი სტრატეგია უნდა აირჩიოს ოპოზიციამ, რომ საზოგადოებისთვის მისაღები პოლიტიკური ალტერნატივა შექმნას და მხარდაჭერა მოიპოვოს?
- ყველა ნორმალური ოპოზიციური პარტია ახლა 2028 წლის არჩევნებისთვის უნდა ემზადებოდეს. გამოყოფილი უნდა ჰქონდეთ 5-10 კონკრეტული იდეა, რომელთა ხორცშესხმას აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ამ იდეებით უნდა დადიოდნენ თბილისის გარეუბნებში, ეზოებში, რაიონებში, სოფლებში და ხალხს უხსნიდნენ, თუ რას შეცვლიან განათლებაში, ჯანდაცვაში, საგადასახადო სისტემაში, წამლის ფასებში, მიგრაციაში, მშენებლობების რეგულაციაში თუ გარემოს დაცვაში. ყველა ოპოზიციური პარტია უნდა ცდილობდეს, რომ ლანძღვა-გინებიდან და ჭორაობიდან აქცენტი გადაიტანოს კონკრეტულ ინიციატივებზე. ეს არის "ქართული ოცნების" დამარცხების ერთადერთი გზა. ახლა სალაპარაკოა იმაზე, თუ რას გააკეთებ შენ უკეთესად და რა სიკეთეს მოუტანს ეს რიგით მოქალაქეს.
- ჩვენ უკვე ვხედავთ რეგიონებში სამუშაოდ გასულ პოლიტიკოსებს...
- იცით, როგორ ამახინჯებენ მოქალაქეთა ჯანსაღი მოთხოვნების შინაარს? ხალხი ითხოვს: "მოდით, დაგველაპარაკეთ, გაგვაგებინეთ, რაშია საქმე". ესენი ჩადიან რეგიონებში, ხვდებიან თავიანთ ორ თანაპარტიელს, გადაიღებენ სურათებს და ბრუნდებიან თბილისში. ადამიანები სთხოვენ, გამოსავლის გზები დაანახონ, ესენი კი ჩადიან და წუწუნებენ, "ვაიმე, რა სიღარიბეა, რა უბედურებაა!" და მოდიან უკან. მხოლოდ ვითარების აღწერა საკმარისი არ არის, ხალხმა ისედაც იცის, რა დღეშიცაა. აუცილებელია იმის თქმა, როგორ უნდა დაძლიო ეს სიღარიბე. რეგიონში ძვირად ღირებული ჯიპით ჩასვლას, თანამოაზრეებთან ერთად მწვადის ჭამასა და დაზიანებული გაზის მილისთვის ფოტოს გადაღებას ჯობია მოქალაქეს პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზა შესთავაზო.
რაც შეეხება "ნაციონალებისა" და ყოფილი "ნაციონალების" დაპირისპირებას: ვიღაცები ვერ იტანენ სააკაშვილს, აღარ შეუძლიათ მისი პრეტენზიების, ახირებებისა და აკვიატებების მოსმენა. სააკაშვილის თვისებაა, თავისი გაიტანოს, თუნდაც ეს ქვეყნის დანგრევის ტოლფასი იყოს. ის არავის უსმენს, თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია. ამაში მას ანი წითლიძე ეთანხმება, მაგრამ ნიკა გვარამიას მიაჩნია, რომ მასაც ეთქმის სიტყვა, სააკაშვილი კი ამბობს, რომ მის გარდა არავის აქვს სიტყვის თქმის უფლება...
რაც შეეხება გვარამიას, მან მართლაც მიიღო დიდი დაფინანსება გილაურისგან, და ეს მაშინ, როდესაც სხვებს რამდენიმე ათასი ლარის გადარიცხვის გამოც კი შეიძლება პოლიციაში ახსნა-განმარტება მოსთხოვონ. აი, ასეთი ტიპის ფინანსურ და პერსონალურ ინტერესებთან გვაქვს საქმე.
- თუ ეს მოცემულობა არ შეიცვალა, როგორი იქნება პოლიტიკური ლანდშაფტი 2028 წლის არჩევნებისთვის?
- 2028 წლის არჩევნებზე ჩვენ, ვისაც გვინდა, რომ ქვეყანა გადარჩეს, შეიძლება მხოლოდ ერთი ამოცანა დაგვრჩეს - "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოიპოვოს. სხვა ყველა შესაძლებლობა გაფანტული გვექნება. ოპოზიციის ერთიანობა აუცილებელი არ არის. პირიქით, ოპოზიციურ სივრცეში შეიძლება რამდენიმე მკაფიო პოლიტიკური ბანაკი არსებობდეს. მაგალითად, მიშისტური ბანაკი, პოსტმიშისტური ანუ მიშას გარეშე დარჩენილი ყოფილი მიშისტების ბანაკი, უფრო არამიშისტური ოპოზიცია, სადაც შეიძლება "გახარია - საქართველოსთვის", "ლელო" და სხვა ძალები გაერთიანდნენ. ასევე შეიძლება არსებობდეს მკაფიოდ მემარცხენე, სოციალ-დემოკრატიული და, მეორე მხრივ, კონსერვატიული თუ ნაციონალისტური ფლანგი. ჩემი აზრით, ოპოზიციურ სივრცეში ასეთი 4-5 მკაფიო ბანაკის არსებობა ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე 20-30 პატარა ჯგუფის არსებობა. ოთხმა-ხუთმა განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალამ "ქართულ ოცნებას" სხვადასხვა მიმართულებიდან უნდა გაუწიოს კონკურენცია. ეს არის, ჩემი აზრით, ყველაზე გამართული ფორმულა, რომლითაც "ოცნების" დამარცხება შეიძლება. თუმცა საკითხავია, რამდენად რეალისტურია ეს დღეს.
ხათუნა ბახტურიძე