როგორ გადააბარა ელცინმა პუტინს პრეზიდენტის სავარძელი
როგორ მოვიდა რუსეთის ხელისუფლებაში დღეს მსოფლიოს ნომერ პირველ პრობლემად წოდებული ვლადიმირ პუტინი და შეუწყო თუ არა ხელი მის აღზევებას წინამორბედის, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის ალკოჰოლდამოკიდებულებამ - ისტორიული წყაროების, მათ შორის ელცინის გარემოცვის წევრების, მემუარებისა და დასავლური სადაზვერვო ანგარიშების მიხედვით, ეს პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა...
ალკოჰოლი, როგორც სტრესთან გამკლავების საშუალება
1990-იან წლებში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება რუსეთის პრეზიდენტისთვის სტრესთან გამკლავების საშუალება გახდა. მოგვიანებით თავად ელცინმაც საკუთარ მემუარებში ("პრეზიდენტობის მარათონი") ეს პრობლემა აღიარა. მისი ალკოჰოლდამოკიდებულების შესახებ ყველამ იცოდა, თუმცა პრეზიდენტობის პერიოდში მისი მდგომარეობა დამძიმდა და 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გულის მძიმე შეტევაც გადაიტანა. ქვეყანაში არსებული სოციალური ქაოსის, ჩეჩნეთის პირველი ომისა და შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამო პრეზიდენტი ნუგეშს ალკოჰოლში ეძებდა.
მსოფლიომ იხილა ელცინის კურიოზებიც: 1992 წელს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, ოფიციალური ბანკეტის დროს, ალკოჰოლით გახალისებულმა ელცინმა სადილის კოვზებით დაკვრა დაიწყო - ჯერ საკუთარ მუხლებზე, შემდეგ კი ყირგიზეთის პრეზიდენტის, ასკარ აკაევის თავზე... ბანკეტის დასრულებისას კი ფეხზე ძლივს იდგა და დაცვამ გაჭირვებით გაიყვანა.
1994 წელი, ბერლინი, საბჭოთა ჯარების გერმანიიდან გაყვანის ცერემონიალი: სადილზე მიღებული დიდი რაოდენობით წითელი ღვინის შემდეგ ელცინი მოულოდნელად მივარდა გერმანული პოლიციის ორკესტრს, ხელში ჩაიგდო დირიჟორის ჯოხი და დაიწყო "კალინკას"„შესრულება, რამაც საზოგადოება და დიპლომატები შოკში ჩააგდო.
1994 წელი, შენონის აეროპორტი (ირლანდია): ელცინის თვითმფრინავი ირლანდიის აეროპორტში დაეშვა, სადაც მას ოფიციალური შეხვედრისთვის ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ალბერტ რეინოლდსი ელოდა. თუმცა ელცინი თვითმფრინავიდან საერთოდ არ გამოსულა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ფრენის დროს ისე დათვრა, დაცვამ მისი გაღვიძება ვერ შეძლო.
დასავლურ მედიაში იმასაც წერდნენ, რომ 1995 წელს, აშშ-ში ვიზიტისას, ელცინი "ბლერ ჰაუსის" სამთავრობო რეზიდენციიდან ღამით დაცვას გაეპარა და აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტებმა ვაშინგტონის ქუჩებში მხოლოდ ქვედა საცვლების ამარა იპოვეს. რუსეთის პრეზიდენტი ქუჩაში ფეხით მისეირნობდა და ცდილობდა ტაქსი გაეჩერებინა, რათა პიცა ეყიდა...
საყოველთაოდ ცნობილია 1995 წელს ჰაიდ-პარკში ბილ კლინტონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მომხდარი ინციდენტი - როცა ჟურნალისტებმა რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ჰკითხეს, ელცინმა ისეთი აბსურდული და უცნაური პასუხი გასცა, აშშ-ის პრეზიდენტს სიცილი აუტყდა, თარჯიმნებს კი სათარგმნელად შესაფერისი სიტყვების შერჩევა გაუჭირდათ...
ჯანმრთელობის პრობლემები
ალექსანდრ კორჟაკოვი (კგბ-ს ყოფილი გენერალი, რომელიც თერთმეტი წლის განმავლობაში ბორის ელცინის მცველად, ნდობით აღჭურვილ პირად და მრჩევლად მუშაობდა) თავის მემუარებში წერს, რომ ელცინს განსაკუთრებით უყვარდა სომხური სამვარსკვლავიანი და ფრანგული კონიაკები. კორჟაკოვისვე ცნობით, ხშირად ისინი ერთად სვამდნენ და დალევას დილის შვიდი საათიდან იწყებდნენ. ალკოჰოლმა უმძიმესი ზიანი მიაყენა მის გულს და 1995-96 წლებში ელცინმა რამდენიმე მძიმე ინფარქტი გადაიტანა. 1996 წლის არჩევნების წინ კი მას გულის შუნტირების რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმების მკაცრი მოთხოვნითა და ოჯახის, განსაკუთრებით კი ქალიშვილის, ტატიანას ზეწოლით, ალკოჰოლის მიღება მკვეთრად შეზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები (მაგალითად, ბილ კლინტონი და ჯონ მეიჯორი) პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხშირად ხუჭავდნენ თვალს ელცინის ამ პრობლემაზე და მას "დემოკრატიის მთავარ გარანტად" მოიხსენიებდნენ, რუსეთის პრეზიდენტის ცხოვრების წესმა და საჯაროდ ცნობილმა კურიოზებმა, რუსეთის სახელმწიფოს იმიჯზე ღრმა კვალი დატოვა...
1999 წლისთვის ელცინის რეიტინგი თითქმის განულდა. მისმა უახლოესმა გარემოცვამ, ე.წ. ოჯახმა (რომელშიც შედიოდნენ მისი ქალიშვილი ტატიანა იუმაშევა, სიძე ვალენტინ იუმაშევი და ადმინისტრაციის სხვა გავლენიანი წევრები) იცოდა, რომ ძალაუფლების შენარჩუნება და, რაც მთავარია, უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ სანდო მემკვიდრის პოვნის გზით შეიძლებოდა. ელცინსა და მის ოჯახს კორუფციის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის ეშინოდა და პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად სჭირდებოდათ პირი, რომელიც მათ სრულ ხელშეუხებლობას უზრუნველყოფდა.
პუტინის ფენომენი და სწრაფი აღზევება
მემკვიდრის ძიების პროცესში რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, არჩევანი საბოლოოდ ვლადიმირ პუტინზე შეჩერდა, რომელიც იმ დროისთვის ქვეყნის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ხელმძღვანელი და უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. პუტინის კანდიდატურა წამოაყენა ბორის ბერეზოვსკიმ. მას მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ელცინის ქალიშვილმა ტატიანა იუმაშევამ. იმ დროისთვის პუტინი აღიქმებოდა, როგორც მკაცრი, დისციპლინირებული და მართვადი ფიგურა.
1990-იანების დასაწყისში პუტინი სანკტ-პეტერბურგის მერის, ანატოლი სობჩაკის მარჯვენა ხელი და მოადგილე იყო. სობჩაკი კი პრეზიდენტ ელცინის ახლო მოკავშირე და 1993 წლის რუსეთის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ. შესაბამისად, პუტინი ხშირად ხვდებოდა მოსკოვურ ელიტას და თავად ელცინსაც.
1996 წელს ანატოლი სობჩაკმა სანკტ-პეტერბურგის მერის არჩევნები წააგო და პუტინი უმუშევარი დარჩა. სწორედ მაშინ, ელცინის საქმეთა მმართველის, პაველ ბოროდინის მიწვევით ის მოსკოვში გადავიდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქმეთა მმართველის მოადგილის პოსტი დაიკავა. ამ თანამდებობამ პუტინს ელცინის წრესთან დაახლოებაში შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) შეფი ვლადიმირ პუტინი ფართო საზოგადოებისთვის პრაქტიკულად უცნობი ფიგურა იყო, კრემლის შიდა წრეებში ის სწრაფად დაწინაურდა. მან თავი გამოიჩინა, როგორც უკიდურესად დისციპლინირებულმა, უსიტყვო შემსრულებელმა და ეფექტურმა მენეჯერმა, რომელსაც რთული სახელმწიფო მექანიზმის მართვა შეეძლო. ელცინმა პუტინში დაინახა პირი, რომელიც გადადგომის შემდეგ მის უსაფრთხოებასა და მისი ოჯახის ინტერესებს არამხოლოდ დაიცავდა, არამედ ქვეყანაში წესრიგსაც დაამყარებდა.
1999 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრად დანიშნული პუტინი ელცინის ოფიციალურ მემკვიდრედ დასახელდა.
ისტორიული გადაწყვეტილება
1999 წლის 31 დეკემბრის დილას, ახალი საუკუნის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ელცინმა მოულოდნელად გადადგომის შესახებ განაცხადა და საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულება ვლადიმირ პუტინს გადააბარა. თავის ცნობილ საახალწლო მიმართვაში მან რუს ხალხს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მოლოდინი გაუცრუა...
პუტინის პირველივე ხელმოწერილი ბრძანებულება იყო დოკუმენტი, რომელიც ელცინსა და მისი ოჯახის წევრებს ყოველგვარი სისხლის სამართლებრივი დევნისგან ათავისუფლებდა. ამით დასრულდა ელცინის და დაიწყო პუტინის ხანგრძლივი ეპოქა. ელცინის გარემოცვას გულწრფელად სჯეროდა, რომ პუტინი ქვეყანას დემოკრატიული განვითარების გზაზე დააბრუნებდა და საბაზრო ეკონომიკურ რეფორმებს არ გადაუხვევდა. თუმცა დრომ აჩვენა, რომ "ოჯახმა" ხელისუფლების სათავეში მოიყვანა კაცი, რომელმაც შეძლო ათწლეულების განმავლობაში შეენარჩუნებინა სრული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კონტროლი...
შორენა ბიწაძე