აფხაზების ანტიქართული ტრაგიკომედია: "ბადრა გუნბა­ აფხაზურ ტელე­ვი­ზიაში იყო მისული და სტუდიის მაგიდას საქართველოს რუკის ფორმა ჰქონდა....ატყდა ერთი ამბავი..." - რას ჰყვება მამუკა არეშიძე - კვირის პალიტრა

აფხაზების ანტიქართული ტრაგიკომედია: "ბადრა გუნბა­ აფხაზურ ტელე­ვი­ზიაში იყო მისული და სტუდიის მაგიდას საქართველოს რუკის ფორმა ჰქონდა....ატყდა ერთი ამბავი..." - რას ჰყვება მამუკა არეშიძე

ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს გაგრის სოფელ ალახაძის მცხოვრები რომან დარსალია შარშან უკრაინელ ბლოგერთან ნათქვამი სიტყვების გამო, რომ აფხაზეთის ომის დროს "ქართველი ხალხის გენოციდი იყო". იმავე ვიდეოში დარსალიამ ასევე გააკრიტიკა რუსეთი და აგინა ვლადიმირ პუტინს. დაკავების შემდეგ დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა დარსალიას საჯაროდ ბოდიში მოახდევინა... დარსალიას ვიდეო უკრაინელმა ბლოგერმა ანდრეი პოპიკმა 2025 წლის 28 სექტემბერს იუთუბარხზე გამოაქვეყნა სახელწოდებით: "კაცი აფხაზეთიდან". ვიდეოს ფრაგმენტი წელს, 2 სექტემბერს, აფხაზურმა ტელეგრამარხმა "აიაშა­რამ" გაავრცელა და ამის შემდეგ ატყდა ხმაური აფხაზ სეპარატისტებში...

"რომან დარსალიამ დაადასტურა უკრაინული ვერსია, რომ აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის დროს აფხაზებმა "ჩაიდინეს გენოციდი ქართველების წინააღმდეგ". დარსალია ძალიან უარყოფითად საუბრობს ჩვენზე და აფხაზებს მოიხსენიებს "ისინი". როგორც ჩანს, თავს აფხაზეთის მოქალაქედ არ მიიჩნევს... ჩნდება კითხვა: კიდევ რა უნდა გააკეთოს რომან დარსალიამ, რომ მოქალაქეობა ჩამოერთვას?" - წერს "აიაშარა".

ვიდეოს სრული ვერსია ამჟამად წაშლილია, თუმცა გავრცელებული ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ პოპიკი დარსალიას ეუბნება, რომ თავადაც გაგრაში დაიბადა, მაგრამ ომის დროს ოჯახს გაქცევამ მოუწია, "როდესაც ქართველი ხალხის გენოციდი იყო, ყველა განდევნეს". დარსალია პასუხობს: "იყო ასეთი რამ, იყო"... დარსალია ამბობს, რომ თავად გაგრელია, მეგრელი, მისი მშობლები აფხაზეთში დაიბადნენ, ხოლო ბაბუა "საქართველოდან იყო". ვიდეოში ის ასევე საუბრობს აფხაზეთში რუსეთის გავლენაზე: "აქ რუსეთი უყვართ, მაგრამ არ უნდათ, რომ აქ შემო­ვიდნენ - ჩამოდით, ფული ხარჯეთ და წადით. აქ ძალიან დიდი რუსული ფული შემოდის, თუმცა ყველაფერს ზედა ეშელონები ჭამენ. რუსებს რომ უკრაინაში არაფერი გამოსდით, გადაწყვიტეს, აფხაზეთი იყიდონ".

დარსალია აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას და უცენზურო სიტყვებით აგინებს პუტინს. ასევე საუბრობს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე: "გუდაუთაში სახმელეთო ბაზაა, სოხუმშიც, ოჩამჩირეში კი ახლა საზღვაო ფლოტს აკეთებენ... ძალაუფლება რომ მქონდეს, ამ პუტინს დედას ვუტირებდი... ომის წინააღმდეგი ვარ, პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგი ვარ... ყველა ადეკვატური რუსი რუსეთიდან წავიდა".

ვიდეოს ფრაგმენტების გავრცელებას აფხაზურ სოცქსელებში აღშფოთება მოჰყვა, ისინი დარსალიას აფხაზეთიდან გაძევებას ან "ღალატის" მუხლით გასამართლებას ითხოვენ.

დე ფაქტო სახელისუფლებო არხმა "სუხუმსკი სვეტილნიკმა" განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო ფიზიკურ ლიკვიდაციაზეც საუბრობდა. "სუხუმსკი სვეტილნიკის" ცნობით, დარსალია 1989 წელს გაგრაში დაიბადა, სოფელ ალახაძში ცხოვრობს, ეთნიკურად მეგრელია და სადურგლო სახელოსნო აქვს. მას რუსეთისა და "აფხაზეთის მოქალაქეობა" აქვს, მისი მეუღლე კი უკრაინელია და მასაც "ორმაგი მოქალაქეობა" აქვს.

ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ დარსალია უკრაინელ ბლოგერთან საუბრისას ამბობდა, თითქოს აფხაზებმა ქართველების გენოციდი მოაწყვეს. უწყებამ გაავრცელა ვიდეო, სადაც დარსალია ბოდიშს იხდის: "გაუცნობიერებლად შევეხე აფხაზი ხალხის გრძნობებს, რისთვისაც დიდ ბოდი­შს ვიხდი.…ყველამ ვიცით, რომ ქართველი ხალხის გენოციდი არ მომხდარა, პირიქით - იყო აფხაზი ხალხის გენოციდი. მე ეს უკრაინელ ბლოგერს ვუთხარი, მაგრამ მან რედაქტირება მოახდინა... მე ასევე გამოვთქვი ნეგატიური შეხედულებები რუსეთის მთავრობისა და რუსი ხალხის შესახებ, რასაც ასევე ძალიან ვნანობ და გულწრფელად გიხდით ბოდიშს. მაპატიეთ", - ამბობს დარსალია ვიდეოში.

ბოლო წლებში აფხაზეთში არაერთ ადამიანს მოუწია საჯაროდ ბოდიშის მოხდა. წელს, ივნისში, რუსეთის მოქალაქე ქსენია ალიპოვამ ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც გაგრაში ქართული სიმბოლიკის გამომსახველი პანამით გამოჩნდა; აპრილში რუსეთის მოქალაქეები, დედა და მისი 18 წლის შვილი, სოჭიდან გაგრაში ჩასვლის შემდეგ საქართველოს დროშასთან გადაღებული ფოტოს გამო დააკავეს და შემდეგ აფხაზეთის ტერიტორია დაატოვებინეს. გავრცელებულ ვიდეოში ისინი ბოდიშს იხდიან და აცხადებენ, რომ აფხაზი ხალხის შეურაცხყოფა არ სურდათ. 2023 წელს საჯაროდ ბოდიში მოიხადა მამაკაცმა, რომლის ავტომობილშიც საქართველოს დროშა გამოჩნდა, 2021 წელს კი 19 წლის ალიონა ტანიამ მილიციის შენობაში განაცხადა, რომ ნანობდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ამბობდა: "აფხაზეთი საქართველოა".

qq-1789332586.jpg

"იცით, რამდენი აფხაზი იყო ჩამოსული პატრიარქის დაკრძალვაზე?"

მამუკა არეშიძე, კონფლიქტოლოგი: - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში ძალიან კარგად იციან, რომ ის ანტიქართული პროპაგანდა, რომელსაც წლებია მიმართავენ, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა თაობები მაინც ამ ნარატივზე იზრდებიან და ის რუსებსაც ძალიან მოსწონთ. გარკვეულწილად, სწორედ რუსეთის რჩევით ხდება ამ "გენერალური ხაზის" შენარჩუნება. ამიტომ დარსალიას გამონათქვამები მათთვის "ოფიციალური ხაზის" შეურაცხყოფის ცდა იყო და ამიტომაც დასაჯეს. მიანიშნეს, რომ ის მეგრელია. როცა სჭირდებოდათ, აფხაზი იყო, ახლა მეგრელია. თითქოს აფხაზური პოლიტიკური ელიტა ასეთი გვარებით სავსე არ იყოს - ბოლოს და ბოლოს, ბიგვავა ჰყავთ ე.წ. ვიცე-პრეზიდენტად.

პროპაგანდა განსაკუთრებით ახალგაზრდებში მუშაობს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც თავად შეესწრნენ ომს, ვისაც ოჯახის წევრები დაეღუპათ... არის მესამე კატეგორიაც - ვინც ხედავდა, როგორ ხდებოდა ომის პროვოცირება აფხაზების მხრიდან და რა დღეში იყვნენ თავად აფხაზები. ზოგიერთი ამბობს, - ქართული პოლიტიკა არ იყო სწორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი საშინელი შედეგი უნდა მიგვეღოო. ამის გამო დღესაც არსებობს ფარული დაპირისპირება გუდაუთელ და სამხრეთის, ანუ ოჩამჩირის აფხაზებს შორის. ეს ზედაპირზე არ გამოდის, თუმცა პირად საუბრებსა და ხანდახან სოცქსელებში ჩანს. ოჩამჩირის აფხაზები იმასაც აპროტესტებენ, რომ დღეს გაგრა სომხებისაა და ამაში გუდაუთელებს ადანაშაულებენ. ამავე დროს, მოაზროვნე ნაწილში დიდი განგაშია რუსე­თის ქმედებების გამო. ისინი უკვე გრძნობენ, რომ რუსეთს აფხაზეთი აფხაზებიანად კი არა, მხოლოდ ტერიტორია სჭირდება... აფხაზების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთის გავლენის განეიტრალება აფხაზეთის სტატუსის ამაღლებით არის შესაძლებელი. მიაჩნიათ, რომ ასეთ შემთხვევაში რუსებსაც სხვანაირად დაელაპარაკებიან. გარკვეული სტატუსის მიცემა კი, მათი აზრით, მხოლოდ თბილისს შეუძლია. ფსიქოლოგიური ფონი დღეს ასეთია: აფხაზეთი კვაზისახელმწიფოა და შეზღუდულ რეჟიმში არსებობს, მის უკან კი მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერა და მასზე დამოკიდებულება დგას. მოსახლეობა უკვე სხვადასხვა კატეგორიად იყოფა. ნაწილი მხოლოდ ფულის კეთებაზეა გადასული და რუსეთთან ურთიერთობა მისთვის მომგებიანია, მეორე კატეგორიამ კი ფსევდოდამოუკიდებლობის ეიფორიის ეტაპი გაიარა და ახლა იმაზე ფიქრობს, როგორ მოაშოროს ამ "დამოუკიდებლობას" სიტყვა "ფსევდო". აფხაზებში გამოჩნდნენ ადამიანებიც, ვისაც ურჩევნია, საქართველოსთან ფედერაციულ სახელმწიფოში იყვნენ, ვიდრე საერთოდ არ იყვნენ არაფერი, თუმცა ამას ჯერ საჯაროდ არ აღიარებენ. ქართველების გენოციდსაც არ აღიარებენ არასოდეს, მაგრამ ის, რომ შეცდომები დაუშვეს, გარკვეულ პირებს აჰყვნენ და ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ, ამაზე უკვე ვიღაცები ფრთხილად საუბრობენ, ლაპარაკობენ ქართველების შეცდომებზეც. სანამ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ, რა ხდებოდა 1970-80-იან წლებში, საქართველოდანაც უნდა იყოს გარკვეული აქტივობები. ეს თემა უპატრონოდ არ უნდა დავტოვოთ...

იცით, რამდენი აფხაზი იყო ჩამოსული პატრიარქის დაკრძალვაზე? ცოტა ნამდვილად არა. ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2024 წლიდან, ურთიერთობები გააქტიურდა. გაახსენდათ ქართული სანათესავო, რომლებთანაც 30 წელია ურთიერთობა არ ჰქონიათ. ბევრი ჩამოდის და ნათესავებს ხვდება. იღებენ დოკუმენტს, თითქოს სამკურნალოდ მოდიან. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც აფხაზ საზოგადოე­ბაში ავტორიტეტი აქვთ. ამ ზაფხულსაც იყვნენ თბილისში საკმაოდ გავლენიანი პირე­ბი და მეც შევხვდი. ვინაობის დასახელება არ შემიძლია. მათ ეკონომიკური მიზანი ჰქონდათ... დაახლოებით 1200 კაცს სხვადასხვა ტიპის ქართული საბუთი აქვს მიღებული, უამრავი უკვე მკურნალობის გარეშეც ითხოვს საბუთს, რათა ევროპაში იმოგზაუროს. სოხუმიდან, მოსკოვიდან, კრასნოდარის მხარიდან ურეკავენ ქართველ ნათესავებს და სთხოვენ, საბუთი გამიკეთეთო. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პროქართულად არიან განწყობილი, უბრალოდ, გამოსავალს ეძებენ...

ახლა რომ ბენზინის შეტანაზე ერთი ამბავია ატეხილი, მინდა გითხრათ, სავა­ჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა არძინბას შემდეგ განახლდა და ერთი წამით არ შეწყვეტილა. მაგალითად, აფხაზური ღვინის ქარხანა, რომლითაც თავს იწონებენ და მთელი რუსეთი აიღეს, ძირითადად აქედან შეტანილი ყურძნით მუშაობს. თბილისის ცენტრში კი არის მეგრული რესტორანი, სადაც სოხუმიდან ორ კვირაში ერთხელ ჩამოდის განსაკუთრებული პროდუქტი - აფხაზური წესით ცეცხლზე გამოყვანილი ხორცი. აფხაზეთში ცოტა ხნის წინ სკანდალიც იყო, რომ თურმე ქართული ლიმონათი იყიდება სოხუმში.

არადა, ეს ლიმონათი 5-6 წელია იყიდება, მაგრამ სკანდალი გამოიწვია იმან, რომ კომპანიამ ეტიკეტზე საქართვე­ლოს გერბი და რუკა დაახატა და ატყდა ყვირილი... ახლახან კი ბადრა გუნბა­ აფხაზურ არასამთავრობო ტელე­ვი­ზიაში იყო მისული და მაგიდას, რომელთანაც გუნბა და ჟურნალისტი ისხდნენ, საქართველოს რუკის ფორმა ჰქონდა. ეს მაყურებელმა აღმოაჩინა და მაშინაც ატყდა ერთი ამბავი...

განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებენ ქართულ თემატიკაზე, რაც არის პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც, ძირითადად, კრემლიდან მოდის - აფხაზებს ქართველებზე გული არ უნდა მოუბრუნდეთ.

ეკატერინე ბასილაია