"გოგოს, რომელიც მიყვარდა, მერვე სართულზე ამწით ავაკითხე“ - კვირის პალიტრა

"გოგოს, რომელიც მიყვარდა, მერვე სართულზე ამწით ავაკითხე“

"ისეთი გამარჯობის თქმა უნდა შეგეძლოს, თავის მოსაკლავად წასული კაცი მოაბრუნო და სიცოცხლე მოანდომო", - იხსენებს მამის დარიგებას პოეტი გაგა გომართელი. რა სათქმელი აქვს თავის თაობასთან, რა არის მისი სავიზიტო ბარათი და რა განსაცდელები ჰქონდა ცხოვრებაში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 1978 წლის 1-ლი დეკემბერი.

- პროფესიით ვარ...

- დიპლომატი და სამართალმცოდნე.

- პოეზია...

- ჩემი ხვედრია. ლექსებს 9 წლის ასაკიდან ვწერ.

- ჩემი მუზაა...

- ადამიანური განცდები და ემოციები - ჩუმი, ცოტა მძიმე და სევდიანი.

- ვწერ, როცა...

- სათქმელი შემაწუხებს...

- ჩემზე ამბობენ...

- რომ ვარ ბავშვი. ინფანტილური ვარ, ჩემი სამყარო მაქვს. ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

1-1789333330.jpg

- არ იქნებოდა ურიგო, ცოტა რამეს შევცვლიდი, მაგრამ ისევ პოეტი ვიქნებოდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ჩემი შვილები და საყვარელი ადამიანები კარგად არიან. ბედნიერებას ცოტა სხვაგვარად მოვიაზრებ - შეიძლება წამის მეასედშიც კი მთელი ცხოვრების საკმარისი ბედნიერება განიცადო...

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ლექსი "ჩემს მომავალ თაობას". ჭაბუა ამირეჯიბმა დაწერა, ადამიანი ფიქრისთვის იბადებაო. მე ძალიან მიდრეკილი ვარ ფიქრისკენ. ცხოვრების ფინიშზეც არაერთხელ მიფიქრია. ამ ფიქრების შეჯამებაა, დაღვინებაა ლექსი "ჩემს მომავალ თაობას". ეს ჩემი აღსარებაც არის, თხოვნაც და ანდერძიც!

- ამ ლექსით მომავალ თაობას მიმართა­ვთ. რა გაქვთ სათქმელი თქვენი თაობისთვის?

- ჩვენ განსაკუთრებული თაობა ვართ, არა იმიტომ, რომ ვინმეზე უკეთესები ან უარესები ვართ, ჩვენ გარდამავალი ხიდი ვართ, რომელზეც მომავალმა თაობამ უნდა გადაიაროს. ავკარგიანი თაობა ვართ. ჩემს თაობას ვეტყვი, რომ მეტი ფიქრია საჭირო. ვისურვებდი, ღმერთთან მეტი სიახლოვე გვქონდეს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ვიმღერო, კარგ ხასიათზე ვიყო და ჩემი განწყობა სხვებს გადავდო. მინდა, ვინც მიყვარს, ყველა ჩემზე კარგად იყოს.

- თვისება, რომელიც ჩემში არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- მრისხანება... უნებისყოფოც ვარ, ზარმაციც.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- თმენა. ვისწავლე, რომ სამყაროს მხოლოდ შენი პრიზმიდან არ უნდა უყურო. შენი აზრები სხვას არ უნდა მოახვიო და არც ბევრის აზრი არ უნდა მიიღო შენს სამყაროში. ამას ხან ვახერხებ, ხან ვერა.

- პატიება შემიძლია...

- ყველა ვარიანტში, თუმცა წყენა არ მავიწყდება.

- ეგ პატიებად ითვლება?

- არ ვიცი. როცა ვპატიობ, გულისტკენა გამდის, მაგრამ ყოველთვის მახსოვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის ცუდი მინდა. ვცდილობ, ნაკლები გადაკვეთა მქონდეს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ღმერთთან ერთი სათხოვარი მაქვს. როცა საქართველო წელში გაიმართება, როცა ამ ქვეყანაში ჩემზე კარგი ადამია­ნები იცხოვრებენ, მინდა მაგ დროს, სადაც ვიქნები, იქ გავიგო. ჩემს ქვეყანას რომ ბედნიერი მომავალი ექნება, ამის გულწრფელად მჯერა.

- ვნანობ...

- ბევრ რამეს, ძალიან ვიზარმაცე სიყვარულში, ბევრი ტკივილი მივაყენე ადამიანებს. ხან ეგო მჯობნიდა, ხან არეული ვიყავი, ზოგჯერ არაფხიზელიც, გაბრაზებულიც და... თურმე ირგვლივ ისეთებიც ყოფილან, ძალიან რომ ვუყვარდი და ვერ შევამჩნიე.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- იმ პერიოდში, როცა მაშველი ვიყავი. ეს ჩემს ახალგაზრდობაში იყო. დღეს რატომ მომინდა? ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სამყაროს რაღაცას ვაკლებ, იქნებ მომცემოდა საშუალება, დავხმარებოდი, მივშველებოდი, გადამერჩინა ადამიანები, იქნებ ასე გამომესყიდა ჩემი დანაშაულები...

- ადამიანი გადაგირჩენიათ?

- კი, 2 წლის ბავშვი ზღვის ტალღამ გაიტაცა, მოულოდნელად შეითრია და გამო­ვიყვანე. პატარა გადარჩა, მადლობა უფალს! ადამიანებს მეც გადავურჩენივარ.

- თქვენ რა განსაცდელი გქონდათ?

- იმ წლებიდან გამომდინარე, რაც ჩემმა თაობამ გამოიარა, არ ამცდენია ქუჩა, დაპირისპირება, ჩხუბი, ტყვია... არასდროს ამისკენ მიდრეკილი არ ვიყავი, მაგრამ გარემოებების გამო მიწევდა. მამა აბრამის ბატკანი არც მე ვარ...

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- უსამართლობას, უტიფრობას.

- მეზარება...

- ბევრი რამ. ხანდახან ლოცვაც მეზარება, ლექსის წერაც, მაგრამ შიგნიდან რაღაც მღრღნის, არ მასვენებს...

- სიყვარული ეს...

- "თვალებში მეწვის მთვარის უდაბნო,/ გული მიჭირავს, როგორც ნადავლი,/ არაფერია ქვეყნად უბადლო, მხოლოდ სიყვარულს არ ჰყავს ბადალი.../ უსიყვარულოდ სულში წყლულია,/ ღმერთის დაწყებულს არ აქვს სასრული,/ ოთხივე დრო თუ გაზაფხულია,/ სიყვარულია ის გაზაფხულიც..."

- პირველად რომ შემიყვარდა...

- რა საოცარი განცდა იყო, ბავშვი ვიყავი. შინ პატარა მუსიკალური ყუთი მქონდა, რომ გახსნიდი, მუსიკას უკრავდა. ეს სიყვარული იმ ყუთთან დავაკავშირე, ორივე ბედნიერებას მგვრიდა. კიდევ იცით, რა მახსოვს? ღამე გაღიმებული ვიძინებდი.

- შეყვარებულს სიგიჟეები ჩაგიდენიათ?

- მაგის მეტი არაფერი მიკეთებია. გოგო, რომელიც მიყვარდა, გეოგრაფიის მასწავლებელთან დადიოდა მოსამზადებლად და გაკვეთილზე მყოფს, მერვე სართულზე ამწით ავაკითხე. ფანჯარაში რომ დამინახა, ლამის გული გაუსკდა. მაშინ თბილისში მიშენებების ბუმი იყო, იმ კორპუსსაც მიშნებებას უკეთებდნენ, ეს შემთხვევა გამოვიყენე და ამწით ავძვერი.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- გიტარიანი ქეიფი, ქართული მოლხენა მიყვარს, ასე გავიზარდე, მამაჩემს სულ თან დავყვებოდი. სუფრასთან ზაურ ბოლქვაძესაც შევხვედრივარ, "ქართული ხმების" ბიჭებთან ვმეგობრობ. მათთან სიმღერაა ჩემი სიხარული.

- მაკვირვებს...

- დიდსულოვანი ადამიანი რომ მხვდება, სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩები და პირიქით, უსალმო ადამიანები მაკვირვებენ. სალამს რომ კაცი ვერ ამბობს, იმას ძალიან უჭირს. ამპარტავნება ბევრი სიმახინჯის თავია, ადამიანს ღუპავს, ამას საკუთარ თავში ყველა უნდა ებრძოდეს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ალკოჰოლთან ვმეგობრობ, თუმცა ახლა ექიმებმა ეს მეგობრობა შემიზღუდეს. არადა, ეს მაძლევს საშუალებას, რაც მაწუხებს, სხვას არ დავანახო, თუმცა ლექსებში თავისებურ ფორმას მაინც იძენს. ალკოჰოლი კარიბჭეა ამ სამყაროსა და ჩემს სამყაროს შორის, სადაც ყველაფერი კარგადაა.

- ბოლოს ვიტირე...

- დღეს დილით, მუსიკალური კომპოზიციის გამო...

- მეშინია...

- ღმერთის წინაშე წარდგომის. უფრო სწორად იმის, რასაც მკითხავს... ეს "იქაური" შიშებია. აქ კი იმის მეშინია, რომ დადგება დრო და ეს სილამაზე, რასაც სიცოცხლე ჰქვია, ოდესღაც უჩემოდ გაგრძელდება.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ბერობა მინდოდა, მონასტერში ცხოვრება. როგორც ჩანს, ჩემი სურვილი ძლიერი არ აღმოჩნდა.

- ვიტყუები...

- არც ისე იშვიათად. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა დაძაბულობაა და მინდა განვმუხტო, ვინმემ რომ არ ინერვიულოს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ფერარიანი პოეტი არ არსებობს. ბევრი ფული არასდროს მექნება, მაგრამ ამისკენ ფიქრები გამქცევია... ალბათ, ლიტერა­ტურული კაფე მექნებოდა, კონიაკი, ჩამოვ­ჯდებოდი და ხალხს დავაკვირდებოდი. პირველ რიგში, რასაც ვიზამდი, ახალგაზრდებს წიგნს შევაყვარებდი, ამაში დიდ თანხას დაუნანებლად ჩავდებდი. სოფელში (საჩხერის რაიონი, სოფელი გორისა), სადაც ჩემი ფესვებია, სახლს ავიშენებდი, ეს ჩემი ოცნებაა.

- მენატრება...

- მამა. მას ჩემი ყველაზე კარგად ესმოდა, ძალიან მაკლია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- მამა მეუბნებოდა, - შვილო, შეიძლება სახლიდან ისე გახვიდე, ფული არ გქონდეს, მაგრამ ადამიანის გულში ჩახუტება ყოველთვის შეგიძლიაო.

მეორე დარიგებაც მახსოვს: ისეთი გამარჯობის თქმა უნდა შეგეძლოს, თავის მოსაკლავად წასული კაცი მოაბრუნო და სიცოცხლე მოანდომოო.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ლექსია ყველაფრის წამალი. ვცდილობ, ასეთ დროს სახლში ვიყო.

- დაბოლოს...

- რა მაქვს სათქმელი? მე თქვენ ყველას სიყვარულს გითვლით. "...ღრიალით სცემენ ქარნი ლამადებს,/ ბუნებაც ახლა გრიგალს უგალობს/ ბოლოს უბრალო ლოდი დამადეთ/ და დააწერეთ: "კაცი უბრალო".

თამუნა კვინიკაძე