ჰეი, ვინ მოდის მანდ გერმანიიდან?! - კვირის პალიტრა

ჰეი, ვინ მოდის მანდ გერმანიიდან?!

გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებული ადგილობრივი ლანდტაგის (საკანონმდებლო ორგანოს) არჩევნებში ხმების თითქმის 44% მიიღო პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), ხოლო 5,3% - "სარა ვაგენკნეხტის კავშირმა" (BSW). ამ არჩევნებს გერმანიაში სკანდალური უწოდეს. შეგახსენებთ, რომ ასევე სენსაციურად დასრულდა გერმანიის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს, ბუნდესტაგის არჩევნები - პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" მეორე ადგილი დაიკავა.

ალბათ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესოა, ბოლოს და ბოლოს, რას წარმოადგენს "ალტერნატივა გერმანიისთვის". ეს ორგანიზაცია 2013 წელს დაფუძნდა. მის ხელმძღვანელებად აირჩიეს ეკონომიკის პროფესორი ბერნდ ლუკე, ბიზნესმენი ფრაუკე პეტრი და ჟურნალისტი კონრად ადამი. პარტიას ]მჭიდრო კავშირი აქვს ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებთან, მაგალითად, ნეონაცისტებსა და ჰოლოკოსტის უარმყოფებთან.

2025 წლის მაისში გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა "ალტერნატივა გერმანიისთვის" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. თუმცა ეს გერმანიაში პარტიის აკრძალვას არ ნიშნავს. უბრალოდ, ამ სამსახურს ლეგალურად შეუძლია უთვალთვალოს პარტიის წევრებს, მოისმინოს მათი სატელეფონო საუბრები და ა.შ. "ალტერნატივა გერმანიისთვის" ერთ­-ერთი მთავარი მიზანია, რომ ამ ქვეყანამ შეწყვიტოს ევროზონის შედარებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნების დახმარება. დიახ, გერმანიის მოსახლეობის არცთუ ისე მცირე ნაწილში პოპულარობით სარგებლობს ამ პარტიის ლიდერების განცხადებები, რომ რატომ უნდა დახარჯოს გერმანიამ მილიარდები კვიპროსის ან საბერძნეთის დასახმარებლად. კიდევ ერთი მიზანია ევროზე უარის თქმა და გერმანული მარკის აღორძინება.

ენერგომატარებლების მაღალი ფასები და მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა (ეთნიკურად გერმანელებში შობადობა ძალიან შემცირებულია) "ალტერნატივა გერმანიისთვის" ერთ-ერთი საყვარელი თემაა. თუმცა მათი ერთ-ერთი კოზირი საიმიგრაციო პოლიტიკის კრიტიკაა. კერძოდ, პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ გაუნათლებელი უცხოელების გერმანიაში შეშვება არ შეიძლება, რადგან ისინი მაინც ვერ შეძლებენ ადაპტაციას და ვერ იშოვიან ნორმალურ სამსახურს.

2024 წლის იანვარში პოსტდამში ულტრამემარჯვენე ორგანიზაციებისა და ბიზნესმენების ფარული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს "რეემიგრაციის გეგმა", რომლის მიხედვით, ორი მილიონი უცხოელი (მათ შორის ისინი, რომლებსაც გერმანიაში ლეგალურად ცხოვრების უფლება ჰქონდათ) ჩრდილოეთ აფრიკაში უნდა გადაესახლებინათ. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ამ ფარული შეხვედრის დეტალები გამოაქვეყნეს, ქვეყანაში დიდი სკანდალი ატყდა და საპროტესტო აქციებიც გაიმართა.

აქვს თუ არა ნოყიერი ნიადაგი ამგვარ განცხადებებს? სამწუხაროდ, აქვს. გერმანიაში ბოლო წლებში აღმოსავლეთიდან ათიათასობით ემიგრანტი შევიდა და ბევრი მათგანი ისევ ისეთი წესებით ცხოვრობს (ცუდი გაგებით), როგორც საკუთარ ქვეყანაში იყო მიჩვეული, რაც, ბუნებრივია, გერმანელებს აღიზიანებს.

images-2-1789333823.jpg

კავშირები რუსეთთან

"ალტერნატივა გერმანიისთვის" პოლიტ­ი­კ­ური პოზიცია ასეთია - რუსეთს უნდა მოეხსნას სანქციები და გერმანიამ უნდა მიიღოს იაფი რუსული გაზი. პოლიტიკური პოზიციის გარდა, გერმანელმა ჟურნალისტებმა უფრო შავბნელი ფაქტებიც გამოავლინეს. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, "ალტერნატივამ გერმანიისთვის" სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, გერმანიის მთავრობას უნდა აკრძალოდა უკრაინისთვის იარაღით დახმარება. გერმანელი ჟურნალისტების გამოძიების მიხედვით, ეს ეფ-ეს-ბეს დავა­ლებით გაკეთდა და მოსკოვმა ამისთვის შესაბამისი თანხებიც გამოყო. 2024 წელს "ალტერნატივა გერმანიისთვის" დეპუტატებმა წერილი მისწერეს რომის პაპს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინელები "ქრისტიანებს დევნიდნენ" - გულისხმობდნენ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვას. ასევე, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, წერილი ეფ-ეს-ბეს თანამშრომლების კარნახით დაიწერა და შავი ვარიანტი მოსკოვში გაიგზავნა.

რაც შეეხება "სარა ვაგენკნეხტის კავში­რს", მან პოლიტიკური კარიერა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნისტურ პარტიაში დაიწყო. ღიად უჭერდა მხარს პუტინის მიერ ყირიმის ანექსიას, რუსეთის უკრაინაში შეჭრას კი იმით ამართლებდა, თითქოსდა მოსკოვი თავის ეროვნულ ინტერესებს იცავდა და ა.შ.

ამ თემაზე გერმანულ ჟურნალ "შპიგელში" საინტერესო სტატია გამოქვეყნდა KVIRISPA­LITRA.GE-ზე, რომლის ეპიზოდსაც გთავაზობთ.

პუტინის გამარჯვება?!

"პრაქტიკულად, ის ყველაფერი, რასაც პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის", აგრეთვე, სარა ვაგენკნეხტი და მისი პარტიული თანამებრძოლები ითხოვენ, კრემლის ინტერესებს პასუხობს. საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ არჩევნებში მოპოვებული წარმატება მათ პუტინიზმის შეუნიღბავად, თავისუფლად დემონსტრირების შესაძლებლობას აძლევს.

ვლადიმირ პუტინის მიზნები გერმანიის მიმართ შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა და ისევ უნდა დაიწყოს რუსული ბუნებრივი გაზის­ დიდი მოცულობით ყიდვა; გერმანიამ ხელი უნდა შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის დასუსტებას; კრემლს ასევე მოეწონებოდა, თუ გერმანელები უარს იტყოდნენ ლიბერალურ დემოკრატიაზეც.

თუ მოსკოვმა მიზანს მიაღწია, კრემლისთვის ეს ზედმიწევნით კარგი იქნება: უკრაინა, ალბათ, კრახის წინაშე აღმოჩნდება, რუსეთი გაზის გაყიდვით საკმარის ფულს მიიღებს ომის გასაგრძელებლად, ბერლინი კი ისევ მოსკოვზე დამოკიდებული გახდება. შეძლებს დასავლეთი ასეთ სიტუაციაში ძლიერი საპირწონის როლის შესრულებას? - ვერ შეძლებს: დასავლეთი დანაწევრებული, დასუსტებული და გამოფიტულია.

რასაკვირველია, ვლადიმირ პუტინის პროექტი შეუძლებელია დემოკრატების ხელით განხორციელდეს - ისინი მეტ-ნაკლებად მაინც წესიერები არიან და უკიდურეს ნაბიჯს არ გადადგამენ. აქედან გამომდინარე, რუსეთი ფსონს დესტაბილიზაციაზე დებს. კრემლის მიზანია დემოკრატიის დისკრედიტაცია, ადგილობრივი ინსტიტუტების რეპუტაციის დაცემა, მოსახლეობაში შიშის დათესვა დეზინფორმაციითა და ჰიბრიდული შეტევებით, აგრეთვე, იმ გერმანელი უპრინციპო პოლიტიკოსების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის პროპაგანდის ტირაჟირებას ეწევიან და ხელს უშლიან ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში პასუხისმგებელი და შრომისუნარიანი უმრავლესობის ჩამოყალიბებას.

პარტიები "ალტერნატივა გერმანიისთ­ვის" და "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" სწორედ ასეთ პოლიტიკურ ძალებს წარმოადგე­ნენ. პოლიტიკა, რომელსაც ყოფილი კომუ­ნი­სტი, ყოფილ გდრ-ში დაბადებული, 55 წლის სარა ვაგენკნეხტი და მისი ერთგული გუნდი (BSW) გერმანიაში ახორციელებს, სრულად პასუხობს კრემლის ინტერესებს. BSW-ელები თავიანთ მოთხოვნებს უკრაინის მიმართ სამშვიდობო ინიციატივით ნიღბავენ, გამოდიან რუსეთისთვის სანქციების მოხსნისა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის მოთხოვნით, სამაგიეროდ კი სურთ გერმანიის მოსახლეობას ისევ იაფი რუსული გაზი დაუბრუნონ. სარა ვაგენკნეხტს სურს ნატო ისეთი ახალი სამხედრო ბლოკით ჩანაცვლდეს, რომლის წევრი რუსეთიც იქნება.

როცა გერმანიის მთავრობა ლაიფციგში მომხდარი ინციდენტის გამო რუსეთის გამაფრთხილებელი განცხადებით გამოვიდა, სარა ვაგენკნეხტმა აღშფოთება გამოხატა. იმავდროულად, საქსონია-ანჰალტში იყო მისი თანაგუნდელი BSW-ელების უკრაინის პრეზიდენტის საწინააღმდეგო შეურაცხმყოფელი გამოხდომები (დაკავშირებული ვოლო­დიმირ ზელენსკის ებრაულ წარმოშობასთან) და მას "ფულზე დახარბებული თაღლითი" უწოდეს.

ტიურინგიაში BSW-ელებმა თავიანთი პოლიტიკის პროპაგანდაში მარცხი განიცადეს - მოსახლეობისგან გარიყულები აღმოჩნდნენ, საქსონია-ანჰალტში კი მათ ნოყიერი ნიადაგი იპოვეს და უკრაინისათვის ზიანის მიყენება დაიწყეს.

"ალტერნატივის" ლიდერ ალისა ვაიდე­ლთან ერთად სარა ვაგენკნეხტს სურს ადგი­ლობრივ პარლამენტში (ლანდტაგში) ისეთი რეზოლუცია მიიღოს, რომლის მიხედვით, საქსონია-ანჰალტის სამხარეო მთავრობა იძულებული იქნება ბუნდესრა­ტში (გერმანიის ფედერალური მხარეების საბჭოში) კიევისთვის სამხედრო დახმარე­ბის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უკრაი­ნის დამარცხებისთვის იღვწიან, რუსებთან მეომარ უკრაინელებს დანებებას სთავაზობენ.

შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა მოტივები ამოძრავებთ სარა ვაგენკნეხტს და მის მომ­ხრეებს, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: მათ მიმართ ხელისუფლების ლოიალურმა დამოკიდებულებამ კრახი განიცადა. BSW-ელები სულ უფრო აქტიურად გამოდიან კატალიზატორად პოლიტიკური ატმოსფეროს მოწამვლაში, რომელშიც "ალტერნატივა" თავს მყარად გრძნობს.

არჩევნების წინ სარა ვაგენკნეხტის პარტია უშვებდა შესაძლებლობას, თუ სამხარეო მთავრობის მეთაურს ორ ტურში ვერ აირჩევდნენ, მესამეში მონაწილეობისგან თავს შეიკავებდა. ამით ირიბად ხელს შეუწყობდა "ალტერნატივის" კანდიდატ ულრიხ ზიგმუნდს ამ პოსტის დაკავებაში.

არჩევნების შემდეგ ძალთა ისეთი განლაგება შეიქმნა, რომ ასეთი სცენარი, როგორც ჩანს, აღარ განიხილება, თუმცა ის გარემოება, რომ პარტია მზად არის გზა გაუკაფოს უკიდურესად მემარჯვენე სამხარეო მთავრობის შექმნას - პირველად მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ - უკვე ანტიდემოკრატიული დღის წესრიგისთვის ხელშეწყობას ნიშნავს.

ეს ეხება, აგრეთვე, ზეპარტიული (უპარტიო) მთავრობის შექმნის გეგმასაც, მაგრამ "ალტერნატივის" შეთავაზებული კანდიდატებით დაკომპლექტებულს. მოკლედ, გერმანიაში მომხდარი ამბებით ერთი პიროვნება, ალბათ, განსაკუთრებით იქნება გახარებული - ვლადიმირ პუტინი", - აღნიშნულია სტატიაში.

გიორგი კვიტაშვილი