"უფლის პირითაც დამელოცებით... თქვენი თეკლე ბებო!“
თეკლე ბადრიშვილი მთიანი ფშავის ულამაზესი სოფლის - შუაფხოს უხუცესი და უკანაფშავის სახელგანთქმული ხევისბერის, ბიჭური ბადრიშვილის ქალიშვილია. თეკლა ბებო დღეებს ქსოვასა და წიგნის კითხვაში ატარებს, ძალიან უყვარს ლიტერატურა, შუაფხო არ ეთმობა და მხოლოდ ზამთარში თუ ემშვიდობება სოფელს.
"ადრე იცოდნენ თქმა, წიგნი შრომის დროს აგურია და ბრძოლის დროს ტყვიით სავსე ყუმბარაო... სწავლა-განათლება ყველაზე ძვირფასია. ღალატი და შური ერთმანეთის მიმართ გულსაკლავია, ადამიანებს რაც უნდა ეწყინოთ, ჩხუბსა და დავიდარაბას ერიდონ, ტკბილად იყვნენ ერთმანეთთანა. შევთხოვ ხელისუფალთ, წაღმა აბრუნონ ცხოვრების ჩარხი, "დალაღდეს ერი, დამარცხდეს მტერი, ქვეყანა იქნას ბარაქიანი, ხალხი შეიქნას ხალისიანი". საქართველო ძალიან კარგი იყო, მაგრამ ახლა ცოტა კოჭლობს... საქართველო უნდა გამთლიანდეს და გაბრწყინდეს, ყველამ საქართველოსთვის უნდა იშრომოს და იბრძოლოს", - ამბობს ქალბატონი თეკლე სიბრძნითა და სიყვარულით სავსე მონოლოგში.
"შუაფხო ჩემი სახლია"
- 97 წლისა შევსრულდი... დილით ავდგები, ლოცვებს წავიკითხავ, მერე წინდას ავიღებ, ხან ვკითხულობ... ახლა ერთი კახეთელი სტუმარი მყავს, წასულია სასეირნოდ...
შუაფხოში სულ ოთხი კომლია, ზამთარში ორნიღა რჩებიან. მე თვალივში მყავს უმცროსი ვაჟი და იქ მივდივარ ხოლმე, ზაფხულში კიდევ ვუვლი ჩემს თავსა და ზამთარში ისინი მპატრონობენ. მარტო ცხოვრება რთულია. ცხოვრება ბრძოლაა, ომია სიცოცხლე, მაგრამ გულზე ხელები არ უნდა დაიკრიფო, რაც გინდა გაჭირვება გქონდეს, უნდა გაუძლო... კაცი ჩავარდა ჭაშია და ღმერთო, მიშველეო. ღმერთმა უთხრა, ხელი გაანძრიე და გეშველებაო. საჭმელი ან რაღაცა რო მინდა და არ შემიძლია, თავს ძალას ვატან, ვჭამო და თავსაც მოვუარო, შვილები რომ არ დავაღონო. ორი წელია აღარც ძროხა მყავ, არც ცხვარი, არც ქათამი, აღარ შემიძლია მოვლა. ხან წინდებსა ვქსოვ, ხან წიგნს ვკითხულობ, ეგრე ვატარებ დროს, მაგრამ ძალიან მძიმე ყოფილა სიბერე. რო ვერა მოძრაობ და ისე ვეღარ დადიხარ, თანდათან დუნდება ორგანიზმი, სისხლძარღვები იკუმშება... თავს ძალას ვატან, რაც შეიძლება ბევრი ვიარო, მთლად არ დავჩაჩანაკდე.
ორი ბიჭი მყავს, მაგათ სამსახურები და ოჯახები აქვთ. როცა შუაფხოში არ ვარ, ძალიან ვიტანჯები, ეს ჩემი სახლია, ჩემი სამშობლო, თავს ძალას ვატან, რომ მოვიდე და აქაობას ყურადღება მივაქციო. აქამდე რომ მოვატანე და მხნედ ვარ, ეს მთაში ცხოვრების დამსახურებაა. ჩემსობაში მანანას ვეძახდით, წვიმა წვეთებით რომ ჩამოდიოდა, ფოთლებს ესხმებოდა როგორც თაფლ- წყალი... ეხლა მანანა აღარ არის, მოწამლულია ჰაერი.
ჩემი ბავშვობა
- შუაფხოში საშუალო სკოლა არ იყო, შვიდწლედში ვსწავლობდი, ძალიან მიყვარდა დაბადებიდანვე წიგნი, სულ ხელში მეჭირა. კარგად ვსწავლობდი და მასაჩუქრებდნენ სკოლაში. 6 დედმამიშვილი ვიყავით, 4 და და 2 ძმა, მე მეხუთე ვიყავ. ახლა ყველა მკვდარია, მე ვარ მარტო ცოცხალი, დავამარცხე სიკვდილი... აქ რომ დავამთავრე შვიდწლედი, მერე წავედი ბარისახოს სკოლა-ინტერნატში. მამაჩემი ყოველთვის ყურადღებას მაქცევდა, დირექტორთანაც კარგად იყო, მამაჩემთან ამოდიოდნენ ბიბლიოთეკის გამგე და ყოფილი რაიაღმასკომის თავმჯდომარე, მაშინ აკრძალული იყო ხატი, მაგრამ ჩუმად ანთებინებდნენ მამას სანთლებს, ალოცინებდნენ. კაი ბინა გვქონდა, ორსართულიანი და მამას ხშირად მოჰყავდა სტუმარი. ერთხელაც ვუთხარ, მამა, დავიღალე ამდენი სტუმრებით, რაღას მოგყავს ესენი აქა-თქო და რა მითხრა? "პურადსა ჰკითხეს, პურადო, პურადობისა რა გერგოო, პურადმა უთხრა: ნეტავი, ჩემი სასახლე შუა შარაში ამეგო, გაყინულ ცეცხლით გამეთბო, მშიერა პურით გამეძღო, ამდენა ცოდვის მომქმედსა, სული მით მაინც მამეგო". პურადი სტუმართმოყვარეს ნიშნავს. ადამიანი ძროხას რომ გაუჯავრდება, ისიც ცოდვაა, ჭიანჭველას რომ ფეხს დაადგამს, ისიც, დიდცოდვიანები ვართ და ეგებ სტუმართმოყვარეობით მაინც სული მამეგოო.
მამისგან ბევრი არ მისწავლია, არ მქონდა ჭკუა-გონება, თორემ ის ძალიან ბრძენი კაცი იყო, წინასწარმეტყველი.
"უმაღლესში ჩავირიცხე, მაგრამ ვინ მაცალა?"
- საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ მამაჩემმა თბილისში წამიყვანა, ომის პერიოდი იყო. გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და ქართულ ფილოლოგიურზე ჩავირიცხე პედაგოგიურში, მაგრამ ვინ მაცალა, 19 წლისა მომიტაცა ვიღაცა კაცმა და წამიყვანა, ვეღარ გავეშვი იმასა, გავთხოვდი, მერე მეყოლა ორი შვილი. სწავლა მინდოდა, მაგრამ არ მაძლევდა საშუალებას. მემრე მაინც გავცილდი - მშობლებმა წამამიყვანეს შუაფხოში და დავრჩი აქა, ბავშვები მშობლებთან გავზარდე. 30 წლისა ვიყავ, ქმარი რო მოკვდა, ხელახლა ჩავაბარე ინსტიტუტში. თან ვმუშაობდი, თან ვსწავლობდი და შვილებსაც ვზრდიდი. 21 წელი ვიმუშავე აღმზრდელ-მასწავლებლად ბარისახოს სკოლა-ინტერნატში. შემდეგ აქ საშუალო სკოლა გაიხსნა და მეც შუაფხოში გადმოვედი. ორი შვილი მყავს, სამი შვილიშვილი და შვილთაშვილიც სამი.
ლიტერატურა მიყვარს, ხშირად გადმოვიღებ და ვკითხულობ ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას, დავით გურამიშვილს... პოეტი მარიამ წიკლაური გუშინაცა მყავდა, დამავლო თვალი, ისიც მიზიდავს წიგნებს, ძმისშვილი ბექაც.
ლექსებსაც ვწერ, ვმღერი, ვუკრავ, ფანდური მიყვარს, როცა დაღონებული ვარ, მაშინ უფრო ვმღერი. ეეჰ, რა მაღონებს და, და-ძმა მყავდა ძალიან კარგი, მაგრამ აღარ არიან, აღარც მშობლები... ჩემი უფროსი ძმა 32 წლისა მომიკვდა. კოლექტივის თავმჯდომარე იყო, ცხვართან წავიდა მთაში და ქოხში დამჯდარს მეხი დაეცა და მოკლა. მადლობა ღმერთსა, შვილები ცოცხალი მყავს და ვეხვეწები კიდევაც სალოცავებსა, ჩემი შვილები ბედნიერები მყვანდნენ. შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები ნიჭიერები არიან, სწავლობენ, მადლობა ღმერთს, ამაგი დამიფასეს.
მამა - იახსრის ხევისბერი
- მამა იახსრის ხევისბერი იყო, ლაშარშიც დადიოდა. ანგელოზი რო გამოეცხადებოდა, გაქადაგდებოდა. ხევისბერს ყველასთვის სიკეთე უნდა ეთქვა. გახდებოდა ვიღაცა ცუდათა, მამაჩემთან მოიდოდა, აანთებდა მამა სანთელს და ეტყოდა, აი, ესე გააკეთეთ და მორჩებაო. მამას გამაეცხადებოდა ანგელოზი, იმას ელაპარაკებოდა ხოლმე და მე რომ ამას ვუყურებდი, ძალიან მწამდა ღმერთი. ერთხელ მე გამიხდა ბიჭი ცუდად, სანადიროდ წავიდა იხვებზე და წყალში გაცივდა, სიცხეები ჰქონდა, ერთი თვე მეწვა დუშეთის საავადმყოფოში, მაგრამ ვერ დაუწიეს. სამ პროფესორს გავასინჯე, სამივემ სხვადასხვა დიაგნოზი დასვა. მამამ მითხრა, შვილო, წამაიყვანე ეგ ბალღიო. მოვედი და მეორე დღეს არც სიცხე და არც არაფერი, ბიჭი ჯანმრთელი იყო. ერთი ქალი მამამ მალარიისგან განკურნა, აი, მაგას რომ ვუყურებდი, როგორ არ ვიწამებდი?!
მამა 105 წლისა მოკვდა, 1980-ში ხატის გვერდით დავკრძალეთ...
მჟავანაძის საჩუქარი
- მჟავანაძე რომ იყო, ცეკას მდივანი, ის მოდიოდა ბარისახოში და მამაჩემი წაიყვანეს იქ, მეც გავყე. ჩატარდა კრება და ხევსურებს ეკითხება მჟავანაძე: აბა, რა გინდათო? ვის რა გაჭირება ჰქონდა, იმას ეუბნებოდა. მაშინ დუშეთში შადური იყო რაიკომის მდივანი, მოუბრუნდა მამას და უთხრა, აბა რა გინდა, ბიჭუროო? მამამ უპასუხა, თუ საშუალება გექნებათ, შუაფხოში ხიდი გაგვიკეთეთ, წყალი როცა ადიდდება, ხალხი ცხენებით გავდივართო და ბევრი მოკვდა იქაო, ხიდს თუ გაგვიკეთებთ, მთაბარის სალოცავებს შევეხვეწები, რომ ბედნიერები იყოთო... მალე ეს ხიდი გაკეთდა.
ერთხელაც მამა თბილისში წავიყვანე თვალის ექიმთან, მარშრუტკას ველოდებით და წინ მანქანა გაჩერდა, ვიღაცა კაცი გადმოვიდა, ბიჭურო, რა გინდა აქაო? უთხრა, თვალის ექიმთან ვიყავო. ჩაგვისვა მანქანაში და მივყავართ. ეს კაცი აღმოჩნდა მჟავანაძის მოადგილე. გზაში ჰკითხა, რა გჭირდება, ბიჭურო, რით დაგეხმაროთო? თან ჩემი დისშვილი გვახლდა და მან უთხრა, პაპა, არიქა, სახლი უთხარო. გაიგო ამ კაცმა და ჰკითხა, სახლი გინდაო? კიო, მამამ. მჟავანაძის მოადგილემ მეორე თუ მესამე დღეს მამას ოროთახიანი ბინა აჩუქა თბილისში.
"კომკავშირში არ მინდოდა შესვლა, ღმერთს არ ვუღალატო-მეთქი"
- შუაფხო ჩემი სამშობლოა, მე ხო აქ ავიდგი ენა, აქა ვცხოვრობ, აქ ვიყავი მშობლებთან. შუაფხოში რომ ვარ, ისა მგონია, რომ იმათთან ვარ. ძალიან მიყვარდა დედა, კარგი და ერთგული ქალი იყო. მამა გვეტყოდა ხოლმე, შვილო, ცუდი მეზობელი მზის წინ სანახავია და კარგი რა იქნებაო... სულ გვასწავლიდა, მეზობელთან იყავით კარგადო... ძროხა, ცხენი ან ცხვარი თუ დაიკარგებოდა, გვეტყოდა, ჯერ მაგას უპატრონეთ, სხვისია, ჩავაბაროთ პატრონს და მერე თქვენსას მიხედეთო. ახლა პირში გატყუებენ და ცდილობენ, რაც შეიძლება ფული გამოგძალონ... ვითომ ლაპარაკით გვეფერებიან და გულში ფიქრობენ შურსა და ღალატს. ხატი და ღმერთი აღარა სწამთ, შვილო, უფალ ღმერთს, ვინაც ქვეყანა და სამყარო გააჩინა, დიდი ძალა აქვს და ის რასაც არ გვარგებს, არას დაგვიშავებს. კომკავშირში არ მინდოდა შესვლა, ღმერთს არ ვუღალატო-მეთქი, დირექტორმა მითხრა, ეხლავე მოემზადე, შემოდი კომკავშირშიო. ძალად შემიყვანეს.
"იცლება სოფლები"...
- ზამთარში სოფელში ორი კომლიღა რჩება. სოფლების დაცლასთან ერთად, მთაში ბევრი ტრადიცია გაქრა. ადრე შუაფხოში 60 კომლი იყო, ეხლა ოთხიღაა. ადრე მძიმე ზამთარი იცოდა, ორი მეტრა თოვლი მოდიოდა, ნიჩბებით ვხვეტავდით. სახნავ-სათესი იყო, მოგვყავდა ხორბალი, ოსპი, ქერი და სვია. მარტიდან უკვე ვიწყებდით ხვნასა. ხატობა რომ მთავრდებოდა, მერე ვიწყებდით მკასა. ეხლა აღარაფერი ითესება, ყველაფერს ყიდულობენ, იყიდი ფქვილს, გამააცხობ და პურია.
"შევთხოვ ხელისუფალთ, წაღმა აბრუნონ ცხოვრების ჩარხი"
- ცხოვრება ომია, ახლა ფულის აღებაა მოდაში, ცოტა ღალატიანი გახდა ყოფა. მარტო ფული ჩაიდვან ჯიბეში...
ვოცნებობ, საქართველო გამთლიანდეს, ვეხვეწები მფარველ ანგელოზს, დედა ღვთისმშობელს, მამა უფალსაც და მთაბარის სალოცავებსაც, რომ ქართველი გამრავლდეს როგორც ცაში ვარსკვლავი და ზღვაში ქვიშანი. ბედნიერზე ბედნიერი იყავით, დაგაფაროთ წმინდა კალთა მთაბარის სალოცავებმა, იახსარმა, კოპალამ, ლაშარის ჯვარმა, თამარ მეფემ... გფარავდეთ ყველგან, ყოველთვის! საქართველო ახლა ცოტა კოჭლობს... შევთხოვ ხელისუფალთ, წაღმა აბრუნონ ცხოვრების ჩარხი...
"ახალგაზრდა თაობას გთხოვთ მუხლმოდრეკილი, ჩოქვით..."
- ღმერთმა რომ შექმნა ადამიანი, ყველა სიკეთე ზედ დაანათლა, მაგრამ ეშმაკმა, ჩასაფრებულმა, სცადა აცდუნოს იგი: ლოთობშფოთობა, შური, ღალატი, მკვლელობა, დაუნდობლობა, ნიკოტინი და ნარკომანია–- ეს ყველაფერი სატანის ხრიკებია. ამიტომ ახალგაზრდა თაობას გთხოვთ მუხლმოდრეკილი, რომ ამ ყველაფერს ფეხი ჰკარით, უკუაქციეთ, არ დაემონოთ სატანას. ტკბილი და საამო ცხოვრება გექნებათ მარადიული. გლოცავთ და უფლის პირითაც დამელოცებით... თქვენი თეკლე ბებო.