"განათლებაში კარგი შედეგების მიღება მოკლე პერიოდში ილუზიაა!“
ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევა გამოქვეყნდა: პროგრამა PISA-მ მსოფლიოს 91 ქვეყნის (მათ შორის აშშ-ევროპის) მოსწავლეთა მიღწევები შეაფასა. კვლევაში, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და საბუნებისმეტყველო საგნებში, მათემატიკასა და კითხვაში მოსწავლეთა შესაძლებლობებს იკვლევს, 15 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ, მათ შორის საქართველოდან: 265 სკოლა და 6855 მოსწავლე. "2022 წელთან შედარებით საქართველოში ყველა ძირითად სფეროში მოსწავლეთა მიღწევები გაუმჯობესდა. მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (2015-2025) საუკეთესო შედეგები დაფიქსირდა...". ეს მართლაც კარგი ამბავია. თუმცა განათლების სამინისტროს შეფასებით, ჩვენი ბავშვების მიღწევები მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს, წაკითხულის გააზრებაში კი შედეგი არა გვაქვს. კვლევაში ასევე გამოკვეთილია კერძო სკოლების უპირატესობა, რომლითაც საზოგადოების უმრავლესობა ვერ სარგებლობს. კვლევაში არსებულ საგანგაშო მომენტებზე, მათ მიზეზებსა და ზოგადად, სკოლების მდგომარეობაზე განათლების ექსპერტს როლანდ ხოჯანაშვილს ვესაუბრეთ.
- საზოგადოების უმეტესობა კერძო სკოლებში შვილის მიყვანას ვერ ახერხებს და რას აკეთებენ ამ დროს საჯარო სკოლები და მათი მასწავლებლები?
- ამ პროცესში საუკეთესო შედეგების მისაღწევად არ შეიძლება სასკოლო საზოგადოების რომელიმე მხარე იყოს აქტორი, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ მასწავლებელს, მოსწავლეს ან მშობელს. უახლოეს წარსულში, როდესაც მოიშალა საბჭოური სკოლა, ჩვენში დაიწყო სისტემის რეფორმაცია, მაგრამ არ მახსენდება ბოლომდე მიყვანილი შედეგიანი ინიციატივები. გვაქვს კარგი განათლების პოლიტიკის დოკუმენტები, მაგრამ მათ რეალიზებას ზოგჯერ ინფრასტრუქტურის არარსებობა უშლის ხელს, სტერეოტიპული შეხედულებები და ათასი რამ. ზოგადი პრაქტიკა კი ის არის, რომ განათლებაში კარგი შედეგების მიღება მოკლე პერიოდში ილუზიაა! ამასთანავე, ხელფასი, ტექნოლოგია, სახელმძღვანელო, ნებისმიერი სასწავლო რესურსი შესაძლოა იმდენად არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც პასუხისმგებლობებისა და აღიარების მომენტი. პასუხისმგებლობის მაღალი თამასა უნდა ჰქონდეს ყველა მხარეს: მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს, აღიარება კი ესაჭიროება მოსწავლესა და მასწავლებელს. ვისაც არ ეზარება, ყველა მასწავლებელს აბრალებს დაბალ შედეგებს. ამ დროს მასწავლებელი იწყებს ხელისშემშლელი პირობების დასახელებას და გამოდის, რომ შედეგების გაუმჯობესება კი არა, უფრო გაუარესებაც იყო მოსალოდნელი. იაპონელებს კარგი შედეგები მარტო მაღალი დაფინანსების გამო არა აქვთ. Aაქ ამბობენ, რომ პედაგოგებს იმპერატორის მსგავსად მიაგებენ პატივს. ჩვენთან კი მასწავლებლის დისკრიმინაციას ეძღვნება სოციალური ქსელები, მედია და ა.შ. რაც შეეხება კერძო სკოლებს, იქ მეტია მასწავლებლების საქმიანობის, ეფექტიანობის კონტროლი, მცირეა კონტინგენტი... ეს ყველაფერი ხელს უწყობს კერძო სკოლების კარგ შედეგებს.
- ჩვენი ბავშვების უმეტესობას ნაკლებად აქვს სასკოლო განათლების მნიშვნელობის აღქმა და ხშირად აცდენენ სწავლის პროცესს.
- მშობელმა ხომ იცის, რომ შვილი გაკვეთილს აცდენს? რა ქნას მასწავლებელმა, რამდენჯერ მიუბრუნდეს წინა გაკვეთილზე ახსნილსა და განმარტებულს? სწავლა რუტინული პროცესია, ამიტომ მოსწავლეს სჭირდება დისციპლინა და მოტივაცია. სანამ ეს ჩვენს ცნობიერებაში არ იქნება გამჯდარი, გაკვეთილების გაცდენა სწავლების პროცესს ხელს შეუშლის.
- კვლევის მიხედვით, შედეგები გაუმჯობესებულია საბუნებისმეტყველო საგნებში, მაგრამ ამ სფეროში კადრების დეფიციტია.
- როცა მშობელი ეუბნება შვილსა და მასწავლებელს, რომ ქიმია-ბიოლოგია ან ფიზიკა საჭირო არაა, ეს უკვე კატასტროფაა! 21-ე საუკუნეში ეს მეცნიერებები არ არის საჭირო და მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებაა საჭირო? მოსწავლეები ზოგად განათლებას კი არ იღებენ, არამედ თავიდანვე ორიენტირებული არიან მხოლოდ ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზე! დღეს მთავარია, მოვხვდეთ უნივერსიტეტში და მერე მალევე იწყება რეალობისთვის თვალის გასწორება: თითქმის 40 ათასზე მეტი კაცი ამთავრებს ყოველ წელს ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურას, გადავავლოთ თვალი სპეციალობებს… და აღმოჩნდება, რომ ბაზარი მათ არ ითხოვს!
- კვლავ დიდი ჩამორჩენაა კითხვასა და წაკითხულის გააზრებაში.
- რატომ ვერ წერენ ბავშვები კარგად ანალიტიკურ ნაშრომებს? რატომ ვერ გამოჰყავთ ამოცანები? რატომ ვერ წყვეტენ დილემურ დავალებებს? მარტივი მიზეზის გამო - ვერ კითხულობენ გააზრებულად! ყოველ წელს ნახავთ საჯარო სივრცეში განცხადებებს: გასული წლის ტესტების მაღალქულიანი ესეი არა გაქვთ ვინმეს, რომ გამიზიაროთ? - ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სურთ მაღალქულიანი ესეის შესაქმნელად კი არ იშრომონ, მზა წაიკითხონ და დაიმახსოვრონ, მაშინ როცა მომავალ გამოცდაზე ტესტის გამეორება გამორიცხულია!
განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების შესახებ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. მართალია, უნივერსალური სახელმძღვანელო ჯერ არავის შეუქმნია, მაგრამ უარესი რომ არ იყოს წინამორბედებზე, ესაა გადამწყვეტი! …ვერავინ დაწერს ისეთ წიგნს, რომელიც ყველანაირი მზაობისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეს მოერგება! გააჩნია, ნიჭს რა ასპარეზი მიეცემა. წინა წლების მაჩვენებლების გაუმჯობესება ვერ იქნება გამორჩეულად თავის მოწონების შესაძლებლობა. რა სარგებელი მოაქვს ჩვენს უნარებსა და შესაძლებლობებს, როგორ იყიდება ის, ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვაქვს სავალალო გამოცდილება, რომელიც ეფუძნება ნიჭის არარეალიზების ტრაგედიას. ასეთი ფაქტი ძალიან ბევრი გვაქვს და თუნდაც ერთს გავიხსენებ: რამდენიმე წლის წინ ფოთში არასასურველ პირობებში გარდაიცვალა პოლიგლოტი, 48 ენის მცოდნე ანატოლი გვასალია! თუმცა ამავე ქალაქში ნახავთ ადამიანებს, ერთი ენის ცოდნით ბედნიერი ცხოვრება რომ შეიქმნეს, ანატოლი გვასალიას ცოდნა კი, სამწუხაროდ, არ გაიყიდა...