რა შანსი აქვს კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოსაგებად - კვირის პალიტრა

რა შანსი აქვს კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოსაგებად

პსჟ-მ ბრატისლავის "სლოვანი" შინ დაამარცხა, მატჩის დაწყების წინ კი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა. მას ამ მატჩში არ უთამაშია.

ლუის ენრიკე: "25 წლის ფეხბურთელი საქართველოდან. "ოქროს ბურთის" მესამე ნომინაცია. რა შეიძლება იყოს უკეთესი?! ალბათ, ყველა ვხვდებით...

კვარა უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელსაც "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია. იგივე ითქმის ვიტინიაზე, ფაბიანსა და უსმანზეც!"

ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტების ოფიციალურ 30-კაციან სიაში მოხვდა.

მან "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად გამორჩეული სეზონი ჩაატარა:

მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა

დასახელდა 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად

გაიტანა 10 გოლი

გააკეთა 6 საგოლე გადაცემა

ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტ საუკეთესო 30 ფეხბურთელს შორის - ისტორიული მიღწევა ქართული ფეხბურთისთვის!

როგორც ჟურნალმა "ფრანს ფუტბოლმა" აღნიშნა, წლეულს საკლუბო დონეზე გადამწყვეტ მატჩებში გოლებს ან ასისტებს დიდი მნიშვნელობა ექნება და ამით თითქოს მიგვანიშნეს, რომ დიდი შანსია, სწორედ საკლუბო დონის წარმატება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ფაქტორი წლევანდელ "ოქროს ბურთზე".

მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტორი

როგორც გაზეთი "ეკიპი" აღნიშნავს, ხვიჩა კვარაცხელია არის ერთადერთი ფეხბურთელი ნომინანტთა 30-კაციან სიაში, რომელსაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია, რადგან საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გასვლა ვერ მოახერხა.

მის თანაგუნდელ უსმან დემბელესთან, ლამინ იამალსა და კილიან მბაპესთან ერთად, ხვიჩაც "ოქროს ბურთის" ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი კანდიდატია. მისი განსაკუთრებით ძლიერი გამოსვლები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მის შანსებს კიდევ უფრო აძლიერებს.

1. ტიტულები

ხვიჩამ "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად მოიგო როგორც "ლიგა 1", ისე უეფას ჩემპიონთა ლიგა, რაც მის კანდიდატურას მნიშვნელოვნად ამყარებს.

2. ინდივიდუალური აღიარება

ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. მან ტურნირზე შესანიშნავი პლეი-ოფი ჩაატარა და 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დააგროვა.

3. დიდ მატჩებში გავლენა

მისმა მნიშვნელოვანმა გამოსვლებმა ევროპის ყველაზე დიდ მატჩებში ყურადღება მიიქცია. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე, სადაც ხვიჩამ არაერთ მნიშვნელოვან მომენტში მოახდინა გავლენა თამაშზე.

4. ნაკრების ფაქტორი

საქართველოს ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლამ ხვიჩას მნიშვნელოვანი საერთაშორისო სცენა წაართვა. შესაბამისად, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, მსოფლიო ჩემპიონატზე ძლიერი გამოსვლით კიდევ უფრო გაემყარებინა "ოქროს ბურთის" კანდიდატურა.

ამ მხრივ ხვიჩა, სხვა კანდიდატებთან შედარებით, გარკვეულწილად ჩამორჩება, რადგან მათ მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ჰქონდათ.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი შანსები დაბალია.

ხვიჩას მთავარი უპირატესობები არის ჩემპიონთა ლიგის მოგება, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, 10 გოლი და 6 ასისტი და განსაკუთრებით ძლიერი პლეი-ოფი.

ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაშია - მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფით.

* * *

კიდევ ერთმა ჯადოსნურმა მომენტმა - როცა უეფას სუპერთასი მოიგო - ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთთან" კიდევ უფრო დააახლოვა, თუმცა რეიტინგის იერარქიის შესაცვლელად ეს ჯერ საკმარისი არ აღმოჩნდა.

სუპერთასის ეს ტიტული ოფიციალურად არ ითვლება "ოქროს ბურთის" შეფასების კრიტერიუმებში, თუმცა "ასტონ ვილასთან" მატჩში გატანილმა შესანიშნავმა გოლმა შესაძლოა "ნაპოლის" ყოფილ ფეხბურთელს ჯილდოსთვის ბრძოლის იმედი კვლავ გაუღვივოს, მით უმეტეს, მან სეზონში "ლიგა 1" და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ორივე ტურნირში გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.

Bეტტერ-ისა და Bეტპასსიონ-ის ბუკმეიკერული ანალიტიკოსების მიხედვით, ხვიჩას "ოქროს ბურთის" მოგების კოეფიციენტი 5.00-8.00-მდე შემცირდა - ანუ მოგების შანსი გაიზარდა, მაშინ როცა რამდენიმე კვირის წინ ის 12.00-ს შეადგენდა.

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თუმცა საერთო სურათსა და ფავორიტთა იერარქიას ჯერ არ ცვლის.

ჰარი კეინი კვლავ აშკარა ფავორიტია - 1.90 კოეფიციენტით.

მის უკან კი მთავარი პრეტენდენტები არიან:

ხვიჩა კვარაცხელია,

ლამინ იამალი - 4.00

როდრი - 6.00

კილიან მბაპე - 7.50

ამრიგად, ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და მისი შანსები ბოლო კვირებში საგრძნობლად გაიზარდა.

ნიკოლოზ თევდორაშვილი