როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის ვადა გასულია
შეკითხვებს უპასუხებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.
რას ნიშნავს იპოთეკა-ნასყიდობით ხელშეკრულება და რა რისკს შეიცავს? ბინის გაყიდვას ვაპირებ და რამდენად სარისკოა, რომ თანხა არ ჩამირიცხონ.
- მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თქვენს კითხვაში მოიაზრებთ უძრავი ქონების გაყიდვას და მხარე გთავაზობთ მის შეძენას იპოთეკური სესხით, თუ გულისხმობთ იპოთეკის ნაცვლად ნასყიდობას გამოსყიდვის უფლებით. ვინაიდან თქვენ მიუთითებთ, რომ ბინის გაყიდვა გინდათ, ივარაუდება, რომ მყიდველი გთავაზობთ იპოთეკური სესხით მის შეძენას. "იპოთეკა-ნასყიდობის" სქემა, როგორც წესი, ნიშნავს, რომ მყიდველი ქონებას ყიდულობს საბანკო სესხით, რომელიც სწორედ შესაძენ ბინაზე რეგისტრირებული იპოთეკით არის უზრუნველყოფილი - ნასყიდობა და იპოთეკის რეგისტრაცია ერთდროულად/ერთმანეთთან დაკავშირებულად ფორმდება ნოტარიუსთან და საჯარო რეესტრში. გამყიდველისთვის მთავარი რისკი სწორედ ის არის, რომ საკუთრება დარეგისტრირდეს მყიდველზე ადრე, ვიდრე თანხა რეალურად ჩაირიცხება მის ანგარიშზე. ამ რისკის შესამცირებლად ბინის გაყიდვისას ჯერ უნდა დაიტვირთოს ბინა იპოთეკური სესხით, სესხის თანხა თქვენ, გამყიდველს უნდა გადმოგირიცხოთ ბანკმა და აღნიშნულის შემდგომ გადაუფორმოთ იპოთეკით დატვირთული ბინა ახალ მესაკუთრეს, რომელიც ეტაპობრივად დაფარავს სესხის თანხას.
ვცხოვრობდი გირაოდ აღებულ ბინაში, გაფორმებული მქონდა იპოთეკის ხელშეკრულება. შენობა ამორტიზებულია. მერიისგან სამშენებლო კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ კომპანია არ მიხდის ქირას იმ მიზეზით, არა ხარ მესაკუთრეო. ბინის მესაკუთრე, ვისთანაც ხელშეკრულება მქონდა დადებული, ვერც თანხას მიბრუნებს, არც ქირას მიხდის. სხვა უძრავი ქონება არა აქვს. აღსრულებაში რომ შევიტანოთ საბუთები, აქვს აზრი?
- ეს კითხვა რამდენიმე დამოუკიდებელ სამართლებრივ ურთიერთობას აერთიანებს თქვენსა და ბინის მესაკუთრეს შორის: საგირავნო/საიპოთეკო ურთიერთობას, მუნიციპალიტეტსა და სამშენებლო კომპანიას შორის პასუხისმგებლობის გადაცემას და კომპანიასა და მესაკუთრეს შორის ქირის ვალდებულებას, ამიტომ ზუსტი პასუხისთვის საჭიროა ყველა შესაბამისი დოკუმენტის (საგირავნო ხელშეკრულება, მერიის გადაწყვეტილება/ხელშეკრულება კომპანიასთან) ერთობლივი შესწავლა. თუ თქვენ გაქვთ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება/სააღსრულებო ფურცელი, თანხის დაბრუნების პასუხისმგებელი პირის (მესაკუთრის) მიმართ აღსრულება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით, "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. აღსრულება არ შემოიფარგლება მხოლოდ უძრავი ქონებით, თუ მოვალეს არა აქვს რეგისტრირებული სხვა უძრავი ქონება, აღმასრულებელს შეუძლია მოძებნოს და დააყადაღოს მოვალის საბანკო ანგარიშები, ხელფასი/შემოსავალი, მოძრავი ქონება და სხვა აქტივები. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოიძიოს მოვალის ქონება (საჯარო რეესტრში, ბანკებში, შემოსავლების სამსახურის მონაცემები). ცალკე უნდა გაირკვეს, თავად სადავო ბინაზე თქვენ, როგორც გირავნობის/იპოთეკის მხარეს, რა უფლება გაქვთ დარჩენილი. ეს დამოკიდებულია იმაზე, ხართ თქვენ თავად უზრუნველყოფილი კრედიტორი (გირავნობის მიმღები) ამ ბინაზე, თუ უბრალოდ დამქირავებელი მესამე პირის ქონებაზე, რაც კითხვიდან ნათლად არ ირკვევა.
- წლების წინ შევიძინე იარაღი, რომელიც მქონდა გაფორმებული შენახვის უფლებით, ვადა უკვე გასულია, არ ვიყავი საქართველოში, ახლა საჭიროა თავიდან რეგისტრაცია, თუ შეიძლება იყოს ასე? მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში არის თუ არა ჯარიმა?
- ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება (რეგისტრაცია) გაიცემა განსაზღვრული ვადით და საჭიროებს პერიოდულ განახლებას სააგენტოში. თუ ვადა გასულია, კანონმდებლობა არ კრძალავს განმეორებით რეგისტრაციას - საჭიროა მიმართოთ სსიპ "მომსახურების სააგენტოს", წარადგინოთ იარაღი, საჭირო დოკუმენტაცია და გაიაროთ ხელახალი რეგისტრაცია. პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, იარაღის შენახვის წესების დარღვევა (მათ შორის ვადაგასული ან არარეგისტრირებული იარაღის შენახვა) შესაძლოა ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და გამოიწვიოს პასუხისმგებლობა (ჯარიმა, განმეორებით დარღვევებზე კი - იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვაც კი, გარკვეულ შემთხვევებში 5 წლამდე ვადით. ამასთან, პრაქტიკაში პირის კეთილსინდისიერი და დამოუკიდებელი მიმართვა ხელახალი რეგისტრაციისთვის (და არა შემოწმებისას იარაღის ვადაგასულობის აღმოჩენა) მნიშვნელოვნად ამცირებს სანქციის დაკისრების რისკს, თუმცა ეს დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე (რამდენი ხანია ვადა გასული, იარაღის კატეგორია და სხვ.). უმჯობესია მიმართოთ მომსახურების სააგენტოს და მათთან გაარკვიოთ ხელახალი რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები და საფასური.