"პუტინი მისთვის მისაღებ შედეგამდე ომის გაჩერებას არ აპირებს“
ვაშინგტონის სტრატეგია უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად კომუნიკაციისთვის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი იყო ჩართული, თუმცა შემდგომ ტრამპმა მოსკოვში მომლაპარაკებლად უიტკოფი და კუშნერი გაგზავნა, რომლებიც, წინა ვიზიტისგან განსხვავებით, მოსკოვიდან კიევში ჩავიდნენ, რაც დასავლურ პოლიტიკურ წრეებსა და მედიაში შეფასდა, როგორც ამერიკის მიდგომის შეცვალა და კონფლიქტის ბიზნესგარიგების პრინციპით გადაჭრის ცდა - გაჩნდა მოსაზრება, რომ უიტკოფისა და კუშნერის მისია, როგორც ბიზნესწრეების წარმომადგენლების, სწორედ ეკონომიკურ და ფინანსურ შეთავაზებებზე იყო აგებული და მიზანი იყო, მხარეები ომის შემდგომი აღდგენის ინვესტიციებითა და ფინანსური სარგებლით დაეინტერესებინათ. თუმცა ეს რეალობას აცდენილი აღმოჩნდა. ამ დიპლომატიური ცდების პარალელურად, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმები გააძლიერა. პუტინი მაქსიმალური სამხედრო ზეწოლით ცდილობს აჩვენოს, რომ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. მეტიც, უკვე პირდაპირ ევროპასაც ემუქრება. ამ ფონზე კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში მესამედ ისევ რეტკლიფი გაემგზავრება. პროცესში დაზვერვის ხელმძღვანელის დაბრუნება ნიშნავს, რომ ეკონომიკური დაპირებების ნაცვლად, ვაშინგტონი ისევ უსაფრთხოების ფაქტორებსა და რეალურ ბერკეტებზე გააკეთებს აქცენტს. რა პერსპექტივა აქვს ამ მოლაპარაკებას და როგორი იქნება ევროპის როლი, რომელსაც პუტინი ისევ ემუქრება, მაშინ, როდესაც ტრამპი ევროპას, რბილად რომ ვთქვათ, კონკურენტად განიხილავს, ამ საკითხებზე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, თსუ-ს პროფესორ კორნელი კაკაჩიას ვესაუბრებით.
- ფაქტია, ომი შევიდა იმ ფაზაში, რომელსაც უკვე "გამოფიტვის ომი" უწოდეს - ანუ მთავარი იქნება, რომელი მხარე გამოიფიტება პირველი. ახლა რუსეთს უფრო დიდი სამხედრო უპირატესობა აქვს, რადგან საწარმოები და მთელი ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადააწყო. უკრაინა მცირე რესურსებს ინოვაციებითა და სამხედრო ტექნოლოგიებით, განსაკუთრებით დრონებით აბალანსებდა, რითაც ბოლო თვეებში დიდ უპირატესობასაც მიაღწია. თუმცა ამ ომში ტექნოლოგიური უპირატესობა დროებითია, რადგან მტრის ადაპტაცია მალევე ხდება. მაგალითად, რუსეთმა უკვე დაიწყო "სტარლინკის" ანალოგის შექმნა და ომში ახალი, გაცილებით სწრაფი დრონები ჩართო. ამან, ფაქტობრივად, გაანულა უკრაინის გაზაფხულ-ზაფხულის უპირატესობა - ძველი სისტემები ახალ რუსულ დრონებს ვეღარ იჭერს. ეს ტექნოლოგიური ომი უზარმაზარ ფინანსებს მოითხოვს. უკრაინას დასავლეთი ეხმარება და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი რუსეთის ეკონომიკისთვისაც მძიმეა, პუტინი მისთვის მისაღები შედეგის მიღებამდე ომის გაჩერებას არ აპირებს. აშშ-ც ხედავს ამას და ასე ვთქვათ, ძალა მოსინჯა, ხომ არ არიან მხარეები მისული იმ კონდიციამდე, რომ გამოიკვეთოს, თუ რა უნდათ მათ დღევანდელ ეტაპზე. ძველ პირობებზე არც უკრაინა წამოვა და არც რუსეთი, ამიტომ საჭიროა შუამავალი, რომელიც თეორიულად მაინც გაიგებს მხარეების სურვილს. ჯერჯერობით რუსეთისა და უკრაინის ინტერესები იმდენად შეუთავსებელი და წინააღმდეგობრივია, რომ უახლოეს ხანში რაიმეს გარკვევა ნაკლებად სავარაუდოა, თუ, რა თქმა უნდა, სიტუაცია არ შეიცვალა. ამასთან, უკრაინის მდგომარეობაც დამძიმდა. ანტიბალისტიკური სისტემები და "პეტრიოტები" ფიზიკურად აღარ არის, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ეს შეიარაღება თავად ამერიკასა და ისრაელს დასჭირდათ. აქედან გამომდინარე, უკრაინისთვის ძალიან მძიმე ზამთარს პროგნოზირებენ. შესაბამისად, ახლა საჭიროა გაცილებით მეტი დასავლური დახმარება, განსაკუთრებით ტექნოლოგიური უპირატესობის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მისი მთავარი აზრი ნიადაგის მოსინჯვაა. უნდა გამოიკვეთოს ის საკითხები, რაზეც შესაძლებელია შეთანხმება და რაც სამომავლოდ ხელჩასაჭიდი იქნება. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს მოლაპარაკება დაიწყო და მაშინვე დამთავრდება. ეს გრძელვადიანი პროცესია, შეიძლება წლები დასჭირდეს, რომ მხარეები მისაღებ შეთანხმებამდე მივიდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამერიკული დელეგაცია პირველად ჩავიდა კიევში. აქამდე ისინი უმეტესად რუსეთში მიდიოდნენ.

- რუსეთში ძალიან მალე არჩევნებია და მოლაპარაკებების დაწყებას ამ არჩევნების წინ რა მნიშვნელობა აქვს?
- პუტინის რეჟიმს სერიოზული პრობლემები ექმნება, რადგან ომმა ჩვეულებრივი რუსების სახლებამდე მიაღწია. რუსი საზოგადოება სულ უფრო ხშირად ფიქრობს, თუ კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი. ომი მწვავედ აისახა ეკონომიკასა და სოციალურ ცხოვრებაზე, რუსეთის მოქალაქეებს სტაბილურობის ძველი შეგრძნება დაეკარგათ. მართალია, რეჟიმის შეცვლის შანსი მცირეა, თუმცა მოსახლეობაში უკმაყოფილება აშკარად იზრდება. ამიტომ, ერთ-ერთი მოსაზრებით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს შეიქმნას იმიჯი, თითქოს თავადაც სურს ომის შეჩერება. თუმცა როგორც ომის დასაწყისში პუტინი აცხადებდა, დღესაც დაახლოებით ისე წარმოუდგენიათ ვითარების დასრულება - უკრაინის სრული კაპიტულაციით, ეს კი შეუძლებელია. ამას არც დასავლეთი დაუშვებს და არც თავად უკრაინა მიიღებს.
- ტრამპს ომების დამამთავრებლის სტატუსი და ნობელის პრემიის მიღება სურს, მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკებების გააქტიურებაში ირანთან ომი რა როლს ასრულებს?
- ტრამპსაც წინ არჩევნები აქვს, ამიტომ სჭირდება კონკრეტული შედეგი და მშვიდობისმყოფლის მანტიის მოსხმა. მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას და რუსეთ-უკრაინის ომი დაასრულოს. ეს, ერთი მხრივ, შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება, მეორე მხრივ, მისი პიროვნული ამბიციაცაა, იყოს მნიშვნელოვანი მომლაპარაკებელი საერთაშორისო პოლიტიკაში.
რაც შეეხება ირანს, იქ ისეთი შედეგი ვერ მიიღეს, როგორსაც ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებდა. აღმოჩნდა, რომ სრულმასშტაბიანი ომისთვის ამერიკა მზად არ არის. შეიქმნა გაურკვეველი, ე.წ. ცუგცვანგის მდგომარეობა, როდესაც მოქმედების გაგრძელება აღარ გიღირს.
ირანის ოპერაცია ვენესუელის შემთხვევასავით წარმატებული ვერ გამოდგა, რასაც ამომრჩეველი, ბუნებრივია, ხედავს. მოახლოებული არჩევნების გამო ტრამპი თავს იკავებს ზედმეტი აქტიურობისგან, რათა საინფორმაციო ველში ნეგატიური ცნობები აღარ მოხვდეს. ადმინისტრაცია მთლიანად არჩევნებზეა კონცენტრირებული და შიდა მოხმარებისთვის პოზიტიური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს - ძველი ნეგატიური მესიჯების ნიველირებას და ტრამპის ისეთ ლიდერად წარმოჩენას, რომელიც ომს კი არ იწყებს, არამედ მთავარი მომლაპარაკებელია და მშვიდობისთვის იბრძვის.
- ამ ახალი მოლაპარაკების, ასე ვთქვათ, პირველი რაუნდის დროს, როდესაც რეტკლიფი ჩავიდა მოსკოვში, ერთ-ერთ ვერსიად დასახელდა ირანის და უკრაინის საკითხის გაცვლა...
- ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნო მგონია. რა თქმა უნდა, აშშ დაინტერესებულია, რომ რუსეთმა ირანს თანამედროვე ტექნოლოგიები არ მიაწოდოს და სანაცვლოდ შეიძლება თავადაც შესთავაზოს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების მიწოდების შეჩერება. თუმცა რეალურად ამაზე საუბარი გაჭირდება, რადგან რასაც ახლა ამერიკა აწვდის, უკრაინა ყველაფერს ევროპული ფულით ყიდულობს. ახლა უკრაინის მთავარი და პირდაპირი დამხმარე ევროპაა. ამიტომ მსგავსი პირდაპირი გაცვლა ნაკლებად მოსალოდნელია... მიუხედავად ამისა, შესაძლოა მხარეები შეთანხმდნენ გარკვეულ წესებსა და "წითელ ხაზებზე", თუ რა შეიძლება მიეწოდოს ერთ ან მეორე მხარეს, რათა ზღვარს არ გადააბიჯონ. მაგალითად, თუ რუსეთი ირანს ისეთ შეიარაღებას მისცემს, რაც ბრძოლის ველზე სიტუაციას რადიკალურად შეცვლის, ამერიკაც იძულებული გახდება უკრაინისთვისაც იგივე გააკეთოს. ამიტომ ამ საფრთხეებზე, ალბათ, ზოგადი საუბარი გაიმართებოდა. საბოლოო ჯამში ეს იყო ნიადაგის მოსინჯვა იმის გასაგებად, თუ რამდენად არის რუსეთი მზად სხვადასხვა საკითხზე აშშ-სთან ითანამშრომლოს.
- ამ მოლაპარაკებებს დაემთხვა გერმანიაში რუსული სამხედრო დრონების გამოჩენა. აქვს რუსეთს დღეს იმის უნარი, რომ რეალურად დატესტოს ნატო, თუ ეს იყო რუსეთის მუქარა, როგორც ინსტრუმენტი, რომ უკრაინის საკითხში მიიღოს ის, რაც სურს?
- დასავლეთ ევროპაში გაჩნდა განცდა, რომ რუსეთი ბალტიისპირეთსა და პოლონეთზე შესაძლო ჰიბრიდული თავდასხმის მეთოდებს განიხილავს, გერმანიის ბოლო ინცინდენტიც სწორედ ამის გამოძახილია. მათი უპირველესი ამოცანა ნატოს რეაქციის ტესტირებაა, ექნება თუ არა ალიანსს პასუხი და როგორი. ამიტომ ამ ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი გზავნილი და სავარაუდო შედეგი სწორედ ის გახლდათ, რომ მათ პირდაპირ განუცხადეს - ნატოს ნებისმიერ წევრზე თავდასხმას მკაცრი პასუხი მოჰყვება და ამაზე არც უნდა იფიქრონ. ნატოს რეაქციის მოსინჯვით რუსეთი ცდილობს როგორმე შეარყიოს უკრაინისთვის ევროპული მხარდაჭერის საფუძველი და დაშალოს ევროკავშირის ერთიანობა.
- მოსკოვში მოსალაპარაკებლად ისევ რეტკლიფი ჩავა. ყველა ჯერზე მომლაპარაკებლის შეცვლა რას ნიშნავს?
- აშშ-ს მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი სტრატეგიული ინტერესები აქვს და ცდილობს ამ პროცესებში რუსეთიც ჩართოს. მაგალითად, მიაღწიოს იმას, რომ რუსეთმა ირანს არ მიაწოდოს ისეთი იარაღი, რაც იქ სიტუაციას უფრო გაართულებს. იმავეს აკეთებენ ჩინეთთან - ჩადიან პეკინში და ელაპარაკებიან, რათა ჩინეთმა არ მისცეს რუსეთს ისეთი იარაღი, რაც ბრძოლის ველზე ვითარებას რადიკალურად შეცვლის.
ევროკავშირის ლიდერები პუტინს ფაქტობრივად აღარ ელაპარაკებიან, შუამავალი კი ვიღაც აუცილებლად უნდა იყოს. ტრამპის ადმინისტრაცია ევროპას მეტოქედ და მეორეხარისხოვან მოთამაშედ მიიჩნევს. ამის საპასუხოდ ევროკავშირი, ბრიტანეთი და კანადა გაერთიანდნენ, რათა გლობალური პროცესები მათი ჩართულობის გარეშე არ წარიმართოს და ტრამპის ამბიციებს ერთობლივი წინააღმდეგობა გაუწიონ. აშშ-ისგან განსხვავებით, ევროპისთვის ჩინეთი სასიცოცხლო საფრთხეს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ევროკავშირი ცდილობს პეკინთან ეკონომიკური კავშირები შეინარჩუნოს და ამერიკის ინტერესებს არ გადაჰყვეს. თუმცა ფაქტია, რომ ევროპის გარეშე არაფერი მოგვარდება და სწორედ ამიტომ ითხოვენ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილს. საბოლოო ჯამში, მართალია, ეს გლობალური გამოწვევაცაა, მაგრამ უპირველესად ევროპის უსაფრთხოებას ეხება. ეს ქვეყნები უკრაინას სწორედ იმიტომ უჭერენ მხარს, რომ ის ევროპის ნაწილია და იქ მიმდინარე მოვლენები პირდაპირ აისახება მათ უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ევროპის გარეშე ამ საკითხის განხილვა გამორიცხულია.
რუსა მაჩაიძე