"ბევრი ლაპარაკობს, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი ხათუნას სამსახიობო კარიერის... ეს არ არის სიმართლე" - რას ჰყვება მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის მეუღლე, ვეტერანი ფეხბურთელი დავით გოგია
ყველასათვის საყვარელი მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მან საზოგადოების ყურადღების მიღმა ყოფნა არჩია. ის ჟურნალისტებს ყოველთვის უარს ეუბნებოდა ინტერვიუებზე. მხოლოდ ერთადერთი ინტერვიუ მისცა რამდენიმე წლის წინ “კვირის პალიტრას”( გოგონა ჟღალი თმით...)
არადა, საზოგადოებაში ყოველთვის იყო დიდი ინტერესი იმის შესახებ, როგორ ცხოვრობდა, რას საქმიანობდა და რატომ თქვა უარი ულამაზესმა, წარმატებულმა მსახიობმა სამსახიობო კარიერის გაგრძელებაზე.
ცნობილია, რომ ხათუნა კოტრიკაძემ 15 წლის ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები კინოში. პირველად რეჟისორმა სოსო ჩხაიძემ გადაიღო ის თავის ფილმში - "მეთხუთმეტე გაზაფხული", ამას მოჰყვა ლეილა გორდელაძის ფილმი "მოიტაცეს თამარ ქალი", შემდეგ - არაჩვეულებრივად თამაშობს ეკას როლს ლერი ხოტივარის ფილმში "მხიარული რომანი". მართალია სულ სამ ფილმში ითამაშა, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ისეთი შთამბეჭდავი სახე შექმნა მისმა შესრულებულმა როლებმა, მისმა სილამაზემ, რომ ქართველი მაყურებლის გულში სამუდამოდ დაიდო ბინა. ამ ფილმებმა უდიდესი პოპულარობა მოუტანა ახალგაზრდა გოგონას და ამის შემდეგაც, თურმე, უამრავმა რეჟისორმა შესთავაზა თავის ფილმში გადაღება, მაგრამ რატომღაც ყველას უარს ეუბნებოდა.
დღემდე საზოგადოებაში გავრცელებული იყო აზრი, რომ თითქოს კინოზე უარი მან მისი მეუღლის, ცნობილი ფეხბურთელის, დავით გოგიას თხოვნით თქვა, თუმცა ამას ჭორებს უწოდებს ცნობილი მეკარე, დავით გოგია. მისი მონათხრობიდან ჩანს, რომ თავად ქალბატონი ხათუნასთვის არ აღმოჩნდა ეკრანი მიმზიდველი. ცნობილი ფეხბურთელის ქალიშვილი ხათუნა კოტრიკაძე 17 წლის ასაკში სიყვარულით გათხოვდა ფეხბურთელ დავით გოგიაზე და მას შემდეგ ოჯახთან ერთად სოფელ დიღომში ცხოვრობდა. მსახიობი 2024 წლის 15 თებერვალს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, თასის მფლობელი, დავით გოგია ამ დღეებში სტუმრობდა "სარბიელის" პოდკასტს. მან თავის განვლილ გზაზე ისაუბრა და განსაკუთრებული სიყვარულით გაიხსენა მეუღლე, მისი გაცნობის ისტორია.დავით გოგია აცხადებს, რომ არასდროს აუკრძალავს მეუღლისთვის სამსახიობო კარიერა...
"ხათუნა არასოდეს არავის გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა"
" მხიარული რომანი”, “მოიტაცეს თამარ ქალი”, “მეთექვსმეტე გაზაფხული”, სატელევიზო ფილმი - ეს არის ხათუნას შესრულებული როლები. ბევრი ლაპარაკობს, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი მისი სამსახიობო კარიერის, ეს არ არის სიმართლე. ხათუნა ჰოროსკოპით იყო ლომი, თან გურული ქალი, არასოდეს არავის გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა...
საჯაროობა არ უყვარდა. რომ მოდიოდნენ ჟურნალისტები, უარს ამბობდა. "მხიარული რომანი" რომ გადაიღეს, სანამ გამოვიდოდა ეკრანზე, ფილმის სანახავად წავედით დედამისი, ხათუნა და მე. იმის შემდეგ ხათუნას ის ფილმი არც ეკრანზე უნახავს და არც ტელევიზორში...
ვერ ინატრებს ადამიანი, იმდენი დადებითი თვისებები ჰქონდა ხათუნას, ვერ ჩამოთვლი. თვითონ სულ იძახდა, ჩემი ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ ვარ ჯიუტიო. ის დაბადებული იყო ოჯახისთვის, იმისთვის, რომ შვილს, შვილიშვილებს მოფერებოდა, მოევლო, ყველას ყველაფერს გაუკეთებდა. სერგო კოტრიკაძის ძმისშვილი იყო. სერგო, ალიოშა (ალიოშა კოტრიკაძე - ხათუნა კოტრიკაძის მამა - ავტ.) და ხათუნა ძალიან გვანან ერთმანეთს...
"ხათუნამ მითხრა, მანქანის ტარებას ვერ მასწავლიო?"
ვიცნობდი 1967 წლიდან. როცა გორში წავედი სათამაშოდ, იქ მწვრთნელს, ალიოშას დაჰყავდა ბავშვები არდადეგებზე ბანაკში. ხათუნას ძმა ორი წლით უმცროსია მასზე. ეს ბიჭი სულ ჩემთან მორბოდა და თავისუფალი დრო რომ მქონდა, ვყიდულობდი მისთვის ნაყინს... მერე გავიცანი პატარა გოგო. მერე მოხდა ისე, რომ თბილისში გადმომიყვანეს ქუთაისიდან, ვითამაშე 1972 წელს, მთელი წელი, 1973 წელს ალიოშა მოიყვანეს მთავარ მწვრთნელად, მაშინ ხათუნას ფილმი "მხიარული რომანი" გადაღებული იყო და ერთად ვნახეთ კინოსტუდიაში. მაშინ ახალი გამოყვანილი მყავდა მანქანა, ჟიგული 02, ხათუნამ მითხრა, მანქანის ტარებას ვერ მასწავლიო? ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ორთაჭალაში ცხოვრობდნენ, მივდიოდი იქ და ვასწავლიდი მანქანის ტარებას. არასდროს მომსვლია აზრად, რომ ამ ბავშვისთვის სხვანაირად შემეხედა. თან ჩემი მთავარი მწვრთნელის გოგოსთვის შემეხედა სხვა თვალით. მაგრამ მოხდა ისე, რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი და 1973 წელს მოვიყვანე ცოლად", - ამბობს დავით გოგია.
"ხათუნა აკეთებდა ხაჭოს, არაჟანს, ნადუღს და ახლობლებში ვარიგებდით"
დავით გოგიამ იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ ცხოვრობდნენ 90-იან წლებში
" განსხვავებული სილამაზე ჰქონდა. არაფერი აკლდა.. ყველაფერი გამოსდიოდა. ქსოვა ისწავლა, ქსოვდა იდეალურად, მე რომ მეთქვა, ეს ჭიქა ასე გადასწიე, არ გადაწევდა, თუ მას არ უნდოდა...
1991 წელია, რუსები ტოვებენ საქართველოს. ერთ გენერალს ვიცნობდი და მან სუფრაზე თქვა, ჰოლანდიური ჯიშის 6 ძროხა მყავს, აქედან სამი მაკეა, ახლა "თეთრი არწივის” ხალხი მოდის ჩვენს ნაცვლად, დაკლავენ ამ საქონელს, ჯიშიანი ჰოლანდიური ძროხებია და ვინმეს არ უნდაო? მივედი სახლში და ხათუნას მოვუყევი ეს ამბავი, მან მითხრა, მოდი, ვიყიდოთო. დიღომში სახლი გვაქვს. მითხრა, მამაჩემს ავაშენებინებ აქ ძროხის ბაგას და იქ შევიყვანოთო. ამას მოვლა უნდა-მეთქი... გადაწყდა და ასე მოვიყვანეთ 6 ძროხა, ფერმასავით გვქონდა. მოიგო ერთმა ძროხამ ხბო, მოწველა ხომ უნდოდა?! ასაკოვანი ქალები ცხოვრობდნენ მეზობლად და ისინი ასწავლიდნენ მოწველას - მოწველა და ხელი გაუშეშდა... 17 წელი სამტრედიაში გავიზარდე, მაგრამ მეც არ მქონია ძროხასთან შეხება. 80 ლიტრს იწველიდა სამი ძროხა...
1991-92 წლებში ხათუნა აკეთებდა ხაჭოს, არაჟანს, ნადუღს და ახლობლებში ვარიგებდით. ყველაზე მეტად უყვარდა, ბოსელში რომ შევიდოდა, ყველა ძროხას ეფერებოდა. ხელით რომ ვერ მოწველა ძროხები, თურქეთში საწველი აპარატის საყიდლად წავედი. სტამბოლში ძლივს ვიშოვე ელექტროაპარატი და ჩამოვუტანე, მაგრამ შუქები არ იყო და ვუყიდე გენერატორი. შუქი რომ არ იყო, გენერატორს რთავდა და ასე წველიდა ძროხებს. უყვარდა ქათმები... ინდაურისხელა კვერცხებს დებდნენ. სიმინდს რომ გამოიტანდა ქათმებისთვის, კალთაში ჩაუსხდებოდნენ და ასე ეფერებოდა. კატებიც გვყავდა...
საოცარი ბოსტანი ჰქონდა გაკეთებული. კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, მარწყვი, მწვანილები... თავისი ხელით მოყვანილი ბოსტნეული გვქონდა სახლში, ხეხილიც - სხვადასხვანაირი...
"ფეხბურთი არ უყვარდა..."
ხათუნას ფეხბურთი მაინცდამაინც არ უყვარდა. ერთი ფოტო მაქვს, სადაც მე არ ვთამაშობდი, ფეხი მტკიოდა და ტრიბუნაზე ვარ მეუღლესთან და შვილთან ერთად. ერთხელ იყო, მეტად არ ყოფილა სტადიონზე...
17 წლის ვიყავი, სკოლა რომ დავამთავრე, მშობლებს უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ 1965 წელს სამედიცინოზე რომ მოხვედრილიყავი, მაგრად უნდა გცოდნოდა ყველა საგანი. კორუფციაც იყო მაშინ... დაურეკა დედამ დეიდაშვილს ორჯონიკიძეში (ამჟამინდელი ვლადიკავკაზი), რომელიც მოსამართლე იყო და ქმარი ჰყავდა პროკურორი. ჩვენთან ჩამოვიდეს, თუ იცის, მოვაწყობთო. სამოთახიანი ბინა ჰქონდათ და ჩვენთან იცხოვრებსო, მაგრამ მე უარი ვთქვი სხვის სახლში ცხოვრებაზე და ჩავაბარე პოლიტექნიკურში, საინჟინრო გეოლოგიაზე... იქ ვიყიდეთ ჯგუფელებმა ბურთი და დავიწყეთ თამაში... ლექციის შემდეგ ბურთის სათამაშოდ დავდიოდით, კარში დამაყენეს, კარგი ნახტომი მქონდა... მოვიდნენ და მკითხეს, რამდენი წლის ხარო? წამიყვანეს სინჯებზე...
თავიდან მეოთხე მეკარე ვიყავი, ოთხ თვეში გავხდი მეორე მეკარე. წავედით ნახევარფინალის სათამაშოდ უკრაინაში და დამასახელეს მეკარედ (ძირითად შემადგენლობაში).
საუკეთესო მეკარის პრიზიორი რომ გავხდი, სულ სამი თვის დაწყებული მქონდა ფეხბურთის თამაში... ჩემი ცხოვრება არის ზღაპარი, უფლის იღბლიანი შვილი ვარ. ვინ იფიქრებდა, რომ თბილისის "დინამოში" მოვხვდებოდი და გავხდებოდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი", - ამბობს დავით გოგია.
(სპეციალურად საიტისთვის)