"ქორწილიდან მოდიოდნენ, მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა" - მცხეთასთან მომხდარი ავარიის დეტალები, რომელსაც ორი ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ქორწილიდან მოდიოდნენ, მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა" - მცხეთასთან მომხდარი ავარიის დეტალები, რომელსაც ორი ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

13 სექტემბერს, საღამოს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ნათია კვინტრაძე და მარიამ იმერლიშვილი, სამი დაშავებული კი კლინიკებშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ჩვენი ინფორმაციით, გოგონები ქორწილში იყვნენ და იქიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს საშინელი ავარია მოხდა. დაღუპული გოგონები ერთმანეთის მეგობრები არიან. კონკრეტულად რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.

გარდაცვლილების ახლობლები და მეგობრები შოკში არიან.

"მაპატიეთ, ისე ცუდად ვარ, ვერ ვიაზრებ, გული მიჩერდება, ისე განვიცდი მომხდარს. ნათია საუკეთესო პიროვნება იყო, საუკეთესო მეგობარი, რომელიც ძალიან მიყვარს და ვერ ვაანალიზებ, რომ ვეღარასოდეს ვნახავ, ვეღარასოდეს გამიღიმებს. საოცარი გოგონა იყო. სიცოცხლით სავსე, ბედნიერებას ასხივებდა", - ამბობს ნათია კვინტრაძის ერთ-ერთი ახლობელი.

"წეროვნის დასახლებასთან, დიდ ტრიალ მინდორზე არის რესტორანი "შუაგული". როგორც ვიცი, იქ იყვნენ და თბილისში ბრუნდებოდნენ. ძალიან მიხვეულ-მოხვეული გზებია. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცით. შესაძლოა, გზა აებნათ და მანქანა თხრილში გადავარდა. ვინც საჭესთან იჯდა, ისიც დაიღუპა. ქორწილიდან მოდიოდნენ, მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა", - ამბობს გარდაცვლილების ერთ-ერთი ახლობელი.

ქართული სპორტის ქომაგების ფეისბუქგვერდზეც გამოქვეყნდა ნათია კვინტრაძის გამოსათხოვარი წერილი:

“ ყველაზე მძიმე დღე დაგვიდგა... ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, დავკარგეთ ჩვენთვის უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი. სიტყვები ვერ გამოხატავს ჩვენ მწუხარებას. უამრავი მოგონება, სითბო და სიყვარული დაგვიტოვა გულში და თვითონ გაგვიფრინდა. ძალიან, ძალიან გვიყვარხარ ჩვენო ლამაზო გოგო”.

ჩვენ მარიამ იმერლიშვილის თანაკლასელ გოგონას დავუკავშირდით.

„ჩვენი მარი, ჩვენი სიცოცხლით სავსე, რომ შემოიქროლებდა, სულ რომ ბედნიერი იყო. ძალიან გვატკინე გული, მარი არასოდეს დაგივიწყებთ", - ემშვიდობება მარიამ იმერლიშვილს ახლობელი.

მომხდარით შეძრული კიდევ ერთი ახლობელი მარიამზე წერს:’”ნეტა თუ ვინმეს შეუძლია მაგხელა სიყვარული ატაროს გულით, რამხელასაც შენ ატარებდი”.

"სკოლა 2004 წელს დავამთავრეთ. მას შემდეგ არ მყავდა ნანახი. 2 წლის წინ შემხვდა თიანეთში, თიანეთობაზე. ისევ ისეთი ბედნიერი, სიცოცხლითა და დადებითი ემოციებით სავსე იყო. თითქოს მთელი ის დრო არც იყო გასული და მარი ისევ ის მარი იყო, მე ისევ ის ანა ვიყავი. თითქოს ამ მრავალ წელს ჩვენს შორის არც კი გაუვლია, თითქოს ისევ ის სკოლის მოსწავლე, გიჟი და ცელქი გოგოები ვიყავით. გავიხსენეთ კლასელები, მოვიკითხეთ ყველა, ვინმესთან თუ რამე წვდომა გვქონდა, ის ისეთი მხიარული, ლამაზი, კეთილი, სიცოცხლით სავსე იყო, ენერგიით აბრდღვიალებული თვალებით, ზუსტად ისევ ისე, როგორც სკოლაში - უბრალოდ მოუსვენარი გოგონები. გული მაქვს ჩაწყვეტილი", - გვითხრა მისმა თანაკლასელმა გოგონამ, ანა ხუციშვილმა.

"კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს ნათია კვიტრაძისა და მარიამ იმერლიშვილის ოჯახებს.